მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, წმიდათა ცხოვრება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დოსტოევსკის კონცეფციის არამართლმადიდებლური არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დოსტოევსკის კონცეფციის არამართლმადიდებლური არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე7-02-2024, 21:46 |
განღმრთობიდან გაამსოფლიურობისკენ სწრაფი სვლა მრავალი სულიერი პროცესითაა განპირობებული. ერთ-ერთი მეთოდოლოგია, რომელმაც ბოლო საუკუნეებია (XIX-XX ს.ს.) მართლმადიდებლურ სამყაროში იჩინა თავი, გახლავთ ქრისტიანობისა და გერმანული იდეალიზმის იდეათა შერწყმა-გათავისება. ეს მიდგომა, შეიძლება ითქვას, იმ პერიოდის მოდერნისტული ღვთისმეტყველების („პარიზის სკოლა"), იდეოლოგთა საერთო ნიშან-თვისებად იქცა - საღმრთოსა და მატერიალურის, ბუნებრივისა და ზებუნებრივის, განღმრთობისა და გაამსოფლიურობის განურჩევლობა, ერთი და იგივეობა, შეურწყმელის შერწყმის სურვილია, რაც საბოლოო ჯამში გნოსტიკური ქრისტიანობის ჩამოყალიბებას და ჭეშმარიტი ორთოდოქსული სწავლების ოსტატურად ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. დღეს თ. დოსტოევსკის მსოფლმხედველობის ჭრილში გვსურს განვიხილოთ ეს საკითხი. მწერლის რელიგიური ფილოსოფიის მახასიათებლებიც სწორედ გერმანული იდეალიზმის ფილოსოფიითაა (შელინგი, ჰეგელი) ნაკარნახევი. ამიტომ მის კონცეფციაში „მართლმადიდებლობის ბედ-იღბალი არა ღვთის განგებაზე, არამედ რუსეთის დანიშნულების იდეასთან აქვს გაიგივებული".1 მოგეხსენებათ, დოსტოევსკი „სლავიანოფილობისა" და „პოჩვენურობის" იდეოლოგი გახლდათ. (იხ. ჩვენ. წიგნ. „მოდერნიზმის ანატომია". გვ. 35-40). აღნიშნული იდეოლოგია სხვა არაფერია, თუ არა გერმანული იდეალიზმის სლავიანოფილური ვარიანტი. გერმანული კოსმოგენური „მსოფლიო სულის" სანაცვლოდ, რომელშიც მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, სლავიანოფილობაში უპირატესობა სლავურ ტომებს (მეტწილად რუსებს) ენიჭება. შელინგის „ყოველთაერთობის" ფილოსოფია და ჰეგელის „აბსოლუტური იდეალიზმის" კონცეფცია დოსტოევსკის ნაწარმოებების, წერილების განუყრელი ნაწილებია. ის, რომ დოსტოევსკი შესანიშნავად იცნობდა იდეალიზმის ძირითად პრინციპებს, მეტიც, ერთობ დიდი წარმოდგენისაც იყო მათზე, ძმასთან მიმოწერაშიც დასტურდება: „ყოველ მიზეზ გარეშე გამომიგზავნე ჰეგელი, განსაკუთრებით ჰეგელის „ფილოსოფიის ისტორია", მასთანაა დაკავშირებული ჩემი მომავალი".2 საქმე ისაა, რომ გერმანული იდეალიზმის ფილოსოფიის თანახმად შესაძლებელია ღვთაებრივისა და მატერიალურის შერწყმა-გაიგივება. შელინგი წერს: „მატერია სხვა არაფერია, თუ არა ღვთის შეუცნობადი ნაწილი".3 შელინგიზმისა და ჰეგელიანობის იდეოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქმნილებამ (მატერიამ, ქვეყანამ, ხალხმა) შეიგრძნო ძალა ღვთისა თავის არსებაში: „უზენაესი მიზანი და ტენდენცია აბსოლუტისა, მთლიანობისა იმაში მდგომარეობს, რომ ბუნება უნდა გასულიერდეს".4 ამრიგად, როგორც გერმანულ (შელინგი, ჰეგელი), ისე რუსულ (დოსტოევსკი, ხომიაკოვი და სხვა) ფილოსოფიურ სისტემებში ყველაფერი აგებულია „სულის", „სულიერის" შერწყმაში „ბუნებასთან", მატერიასთან. ეს გარემოება იძლევა მეტამორფოზულ შესაძლებლობა ბუნების შემადგენელი სხვა ელემენტებიც (სახელმწიფო, ერი) გაიგივდეს ეკლესიასთან. ზოგადად კაცობრივი - ღვთაებრივთან, ამსოფლიური - არაამსოფლიურთან. როგორც შელინგთან „ქმნილ ბუნებაშია ძალა", ისევეა დოსტოევსკის კონცეფციაშიც. ის წერს: „ვით მართლმადიდებლობის წინამძღოლის, მფარველისა და მისი დამცველის ეს ძალა რუსეთმა თავის თავში გაითავისა, რომ აღასრულოს თავისი დანიშნულება, ფაქტობრივად ის გახდა ჭეშმარიტი და ერთადერთი მფარველი მართლმადიდებლობისა და მისი აღმსარებელი ხალხისა".5 იქვე დოსტოევსკი წერს: „რუსეთის ნიადაგში არის რაღაც საკრალური. ის დაფუძნებულია ქრისტიანული ცხოვრების იდეალზე, ხოლო რუსი ხალხი, რომელმაც გამოიმუშავა რუსული მართლმადიდებლობა, უპირატესია".6 მაგრამ მართლმადიდებლურ სწავლებაში ეკლესია და ადამიანური საზოგადოება (ერი) არსებითად არ იგივდება ერთმანეთთან. წმ. წერილი ხაზს უსვამს „არაამსოფლისაგანობას" და არა საყოველთაო გადარჩენას, ან გნებავთ ერთი ეთნოსის მიერ სხვების ხსნას: „თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ" (ინ. 8. 23). „უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა" (ინ. 15. 19). საღვთისმეტყველო თვალსაზრისითაც ვაწყდებით პრობლემებს: თუკი რომელიმე ეთნოსს შეუძლია მართლმადიდებლური იმპერიის ქვეშ გააერთიანოს (Всеединство) ყველა ერი და „გამოიხსნას" ბოროტისაგან, ე.ი. ხორციელდება გამოსყიდვის დოგმატის პროფანაცია, სადაც მხსნელი არა ქრისტე, არამედ რომელიღაც ეთნოსია, ე.ი. უნდა დაინახო ნაცია, ვით მესია. შელინგის კონცეფციის მიხედვით, საბოლოოდ უნდა შეიქმნას „საყოველთაო ეკლესია", „საყოველთაო საძმო", „მსოფლიო სახელმწიფო", სადაც „ყველა ქრისტეა".7 დოსტოევსკისთვისაც „ღმერთი არის კაცობრიობის, მასების ყველას კრებსითი იდეა". ეს პროცესი გაერთიანებაში საყოველთაო დაბრუნებით უნდა დასრულდეს. ამრიგად, როგორც გერმანულ ფილოსოფიაში, ისე დოსტოევსკის კონცეფციაში მუშაობს ძირითადი პრინციპი: ქრისტეს ჩანაცვლება გნოსტიკური „ქრისტეთი", „ზეადამიანით", ახალი რელიგიით. დოსტოევსკის სოციუმში ყველაფერი იდეალურად სრულდება - ე.ი., ზნეობრივია, სრულყოფილია, უზრუნველყოფილია, დაკმაყოფილებული, აქედან - „ყველა ქრისტეა". ანუ ქრისტეში ყოველივე იდეალური და ღვთაებრივი ცალკეულ ადამიანში, სუბიექტში, ბუნებაში, მთელ კაცობრიობაში უნდა დაბრუნდეს. აქ ქრისტიანობა უკვე გაიგივებულია არა ცალკეულ ეთნოსთან, არამედ მთელ კაცობრიობასთან. ეს ნიშნავს ქრისტესა და კაცობრიობის გნოსტიკურ ერთობას: „ღვთაებრივი ძალები ქმნიან ერთიან, უნივერსალურ და ინდივიდუალურ ორგანიზმს, ცოცხალ ლოგოსს, კრებსით ღმერთს".8 დოსტოევსკისეულ „ერთიან ორგანიზმს", „კრებსით ღმერთს" სოფია ეწოდება. შემთხვევითი არაა, რომ დოსტოევსკის გამოჩენილმა მოწაფეებმა (ვ. სოლოვიოვი, ს. ბულგაკოვი) კიდევ ერთი მოდერნისტული მიმართულება დააარსეს სახელწოდებით - „სოფიოლოგია". ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ მიტროპოლიტმა ანტონიმ (ხრაპოვიცკი) თავისი „ზნეობრივი მონიზმის" მოდერნისტული მიმართულება (როგორც თავად ამბობს) დოსტოევსკის სწავლებაზე დააფუძნა; კიდევ: საკუთარი „სლავიანოფილურ - პოჩვენური" მოდერნისტული მიმართულების მიხედვით, დოსტოევსკი არა მართლმადიდებლობის ბურჯად რუსეთში, არამედ „მოდერნიზმის მამად" უნდა მივიჩნიოთ. ეს არა მარტო ჩვენი, არამედ მრავალი რუსი (და არამხოლოდ რუსი) მოაზროვნის შეხედულებაა. (გაგრძელება...)
1 Ф. Достоевский. Дневник писателя. 1877. Ноябрь. Гл. III. 1. 2 Ф. Достоевский. Дневник писателя. Достоевский. Ф. М. – Достоевскому М. М. 30 Января. 1854. XVIII. 3 Философское наследие Шелинга. М. ,,Мысль". Пер. Гулыгина. 4 იქვე. Шелинг. 5 Ф. Достоевский. Дневник писателя. 1877. Март. Гл. I. 6 იქვე. Достоевский. 7 Шелинг. Философские письма о догматизме и критицизме. Писмо 7. Сочинения. Т. 2. 8 Ф. Достоевский. Социализм и Христианство. Записная тетрадь. 1864. XX. C. 91.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |