მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ფარული უნიატობიდან ღია ერესამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ფარული უნიატობიდან ღია ერესამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


5-02-2024, 20:29

ფარული უნიატობიდან ღია ერესამდე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   წმ. გრიგოლ პალამასა და ვარლამ კალამბრიელის საღვთისმეტყველო პოლემიკა სიღრმისეული მნიშვნელობისაა. ამიტომ გვმართებს მისი ჯეროვანი გააზრება და სათანადო დასკვნის გამოტანაც. ამაში უთუოდ დაგვეხმარება ერთი ისტორიული ანალოგი, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს მართლმადიდებლობით შენიღბული ფარული ერეტიკოსის (ვარლამ კალამბრიელის) მუშაობის პრინციპს. აგრეთვე: ამ ისტორიული მაგალითით ანალოგიური მეთოდოლოგიის, პრინციპებისა თუ მიდგომების უმართებულო ხასიათს აღმოვაჩენთ თანამედროვე მოდერნისტ თეოლოგებში. ისინი ხომ ვარლამ კალამბრიელის მსგავსად არამართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო საფუძვლებზე დაყრდნობით გვევლინებიან დღეს „მართლმადიდებლობის აპოლოგეტებად".

   კათოლიციზმთან საბოლოო დაშორების (1054 წ.) შემდეგ ლათინების სანუკვარი ოცნება იყო რაიმენაირად მოეხერხებინათ მართლმადიდებლებთან თავიანთ დოგმატურ საფუძვლებზე (ფილიოქვე, პრიმატი, უცდომელობა და ა.შ.) გაერთიანება (უნია).

   ამ სურვილს მოჰყვა არაერთი შეუმდგარი „უნია" (ლიონის, ფლორენციის, ბრესტის, უკრაინის და ა.შ.).   

   ამჯერად შევეხებით ჩვენთვის თემატურად საინტერესო ეპოქას. პირველი ყალბი გაერთიანების (უნია) მცდელობა ლიონის უნიის სახელწოდებითაა ცნობილი. „მართლმადიდებლებსა" და ლათინებს შორის შემდგარი (ხელმოწერილი) ყალბი ერთობა (1274 წ.) კონსტანტინოპოლის კრებაზე (1283 წ.) დაგმობილ იქნა, ვით ყოვლად მიუღებელი „გაერთიანება".

   1334 წ. კათოლიკების უნიატური გაერთიანების მცდელობა ახალ ფაზაში გადავიდა. კონსტანტინოპოლში რომის ორი დელეგატი (იტალიელი ეპისკოპოსი ფრანცისკი და ინგლისელი ეპისკოპოსი რიჩარდი) ჩამოვიდა.

   კონსტანტინოპოლმა მათ, იმ პერიოდში მართლმადიდებლად მიჩნეული, ასევე დასავლეთელი (იტალია) ბერძენი ბერი ვარლამ კალამბრიელი (მომავალში გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე) დაუპირისპირა. მაგრამ მართლმადიდებლურ დოგმატს ვარლამ კალამბრიელი არამართლმადიდებლური პრინციპების, ერთგვარი საღვთისმეტყველო აგნოსტიციზმის* საფუძველზე იცავდა. მისი აზრით, ყველა საღვთისმეტყველო სისტემა არის კაცობრივი გონების ლოგიკური სპეკულაციის ნაყოფი, რომელსაც, თავისი შეზღუდულობებისამებრ, არ შეუძლია ზუსტად შეიცნოს და გამოხატოს ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. ცხადია, ამგვარი მიდგომით დოგმატურ ფორმულირებას მხოლოდ ფარდობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვინაიდან მათში (დოგმატებში) მარტოოდენ ქმნილი გონების მოქმედება შეინიშნებოდა და არა საღმრთო გამოცხადების ნაყოფი.

   მოგვიანებით (გრიგოლ პალამასთან პოლემიკაში) მისი „ღვთისმეტყველების" „ქმნილი" და არა ჭეშმარიტი (ხელთუქმნელი მადლის) მართლმადიდებლური სწავლების უარყოფამ მორიგი ერეტიკული სწავლება გააჩინა, რაც, ბუნებრივია, ლათინთა ერესების ნუსხას შეემატა.

   ვარლამ კალამბრიელისთვის საღვთისმეტყველო კომპრომისი გარკვეული პირობით (ლოგიკური თანმიმდევრობით აწყობის საფუძველზე) იყო მისაღები და იპოვა კიდეც ლათინთა სწავლების ამგვარ ფორმულირებაში: „სულიწმინდა მამისაგან და ძისაგან, ვით ერთ საწყისისაგან, გამოდის".1

   ამგვარი ფორმულირებით ლათინი ღვთისმეტყველები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ მათი მისამართით მართლმადიდებლების მხრიდან მოსალოდნელი საყვედური, დადანაშაულება ორსაწყისიანობაში (მამისაგან და ძისაგან გამომავლობა), რაც ეწინააღმდეგება წმ. წერილსა და მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. თავის მხრივ, მართლმადიდებლად მიჩნეული (ფარული უნიატი) ვარლამ კალამბრიელისთვის მიუღებელი ამ ფორმულირებაში არაფერი იყო და ეთანხმებოდა ლათინთა ორსაწყისიანობის თეზას, ოღონდ შენიშვნით - „არა გაყოფილად, არამედ ისე, რომ ერთი მეორესაგან გამომდინარეობს".2

   მართლმადიდებლური ცნობიერების მართებული გააზრებისთვის მსგავსი „კალამბრიელი", თანამედროვე მოდერნისტული მეთოდოლოგიის ყალბი პრინციპების გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია. არ შეიძლება მართლმადიდებლობის დაცვა არამართლმადიდებლური მეთოდებით. ეს შესანიშნავად ესმოდა წმ. გრიგოლ პალამას, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა ვარლამ კალამბრიელის ერესს. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენც „ვარლამისტების" (ახლანდელი მოდერნისტების) ადოგმატური, აგნოსტიკური შინაარსით გაჯერებული „ღვთისმეტყველების" ანალიზისას.

   ამ ნიშნით, წმ. გრიგოლ პალამას სწავლების გამამართლებელი კრებების (1341-1351 წ.წ.) და ეკლესიის შემდგომი კრებსითი განსაზღვრებანი არა მხოლოდ და არა იმდენად ვარლამისტების, არამედ ლათინების (უფრო სწორად, „გალათინირებული ვარლამისტების", ანუ თანამედროვე გაგებით, მოდერნისტების წინააღმდეგ იყო მიმართული). ე.ი. წმ. გრიგოლ პალამა იბრძოდა მადლის შესახებ ანალოგიური (ერეტიკული) სწავლების წინააღმდეგ, როგორც გააჩნდა კათოლიციზმს, სადაც გადავიდა ანათემირებული ვარლამ კალამბრიელი, და საითაც გადასვლა სურთ თანამედროვე მოდერნისტ-ეკუმენისტებსაც.

   მეტიც: აღმოსავლეთში ვარლამის „ქადაგების" ძირითადი მოტივაცია (იგივე ფარული მისია) სწორედაც რომ კათოლიციზმთან (პაპიზმთან) საღვთისმეტყველო უნიის საფუძვლების შემზადება გახლდათ. მომდევნო თავებში შევეცდებით დავანახოთ მკითხველს ანალოგიური მეთოდებით მართლმადიდებლების „უნიაში შეთრევის" თანამედროვე მცდელობა.

   ამას ადასტურებს თავად წმ. გრიგოლ პალამას სიტყვაც: „ნუთუ ეს ფილოსოფოსი ვარლაამის ლათინობრძნული სწავლება (латиномудрствующий), ბრალეული კონსტანტინოპოლის კრებებზე (1341-1351 წ.წ.), არ არის ლათინების ის პირდაპირი სწავლება, რისთვისაც ისინი გაძევებულ იქნენ ეკლესიიდან, რომ არა მადლი, არამედ თავად სულიწმინდა გამოდის ძისაგანაც და იგზავნება (посылается) ძისაგან?3

   იმავე ნაშრომში წმ. გრიგოლ პალამა შენიშნავს:

   „ვინმეს რომ განეზრახა, ჩამოეთვალა დღემდე არსებული ყველა მზაკვრული ერესი, ვით სატანის წიგნი, და დაეყო ის თავებად იმის მიხედვით, თუ რომელი ერესი რამდენად ძლიერ ზემოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე, აღმოვაჩენთ, რომ ამ ლათინოენოვანის ერესს დამაგვირგვინებელი ადგილი უკავია".4

   ამით წმინდა მამას სურს დაგვანახოს ვარლამ კალამბრიელის „ღვთისმეტყველების" მზაკვრული ხასიათი და მასთან ბრძოლის აუცილებლობა. სწორედ ამ მოვალეობის შეგნებამ მიატოვებინა წმიდა მამას ათონის ისიხასტური მოღვაწეობა, რათა განღმრთობის (ცხონების) საშუალება არ დაეკარგა მომავალ თაობას. 

   დღეს მოდერნისტ-ეკუმენისტები ხმამაღლა გაიძახიან: მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. მაგრამ ისმის კითხვა: უარყვეს კათოლიკებმა საკუთარი ერეტიკული სწავლებები? ამის გარეშე, ორთოდოქსულ საღვთისმეტყველო საფუძველზე არანაირ „დიალოგს" არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. (გაგრძელება...)

   

   




* გნოსტიციზმი - ბერძნ. „შეუცნობი", „შეუმეცნებადი" ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას. აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობას ჭეშმარიტების მტკიცებულებისა შემეცნების, განსაკუთრებით მეტაფიზიკასა და თეოლოგიაში.

1 Архимандрит Нектарий (Яшунский). Предисловие переводчика. Лионская уния. С. 7.

2 იქვე. Архимандрит Нектарий (Яшунский).

3 Св. Григорий Палама. Триади III. 1.31.

4 იქვე. Триади. III.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება