მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განღმრთობა როგორც მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

განღმრთობა როგორც მიზანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


14-01-2024, 21:35

 

   წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი (იხ. შექმნ. 1. 26). ეკლესია ასევე გვასწავლის, რომ დაცემის შემდეგ ხატება და მისთვის დამახასიათებელი ნიჭები (გონება, სინდისი, თავისუფალი ნება, შემოქმედებითი უნარი... ყოველივე, რაც ადამიანს სხვა ცოცხალ ქმნილებაზე აღმატებულად წარმოაჩენს) შემორჩენილი აქვს ადამიანს, ხოლო მსგავსება, იგივე განღმრთობა უნდა მოიხვეჭოს მან.

   განღმრთობა მისაღწევი და შესაძლებელი მხოლოდ სიტყვა - ღმერთის განკაცებით გახდა. სწორედ ეს გახლავთ ღვთის განკაცების მიზეზი.

   წმინდა მამები ამბობენ, რომ „ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთი, მადლით" (წმ. ირინეოს ლეონელი). ადამიანი ვერ მიაღწევდა განღმრთობას, ღმერთი რომ არ განკაცებულიყო.

   ამრიგად, განღმრთობა, შეიძლება ითქვას, ადამიანის ცხოვრების მიზანია. მასში იგულისხმება სულიერი ფერისცვალება და სრულყოფა კაცობრივი ბუნებისა ხელთუქმნელი ღვთაებრივი ძალის (ენერგიის) - მადლის მეშვეობით. განღმრთობის გზა უსასრულოა, მას უზენაეს სულიერ სრულყოფამდე აჰყავს ადამიანი. მაგრამ განღმრთობის დროს კაცობრივი ბუნება არ იცვლის თავის ონტოლოგიურ მდგომარეობას. ე.ი. ადამიანი ადამიანად რჩება, არ ხდება ღმერთი, მაგრამ განღმრთობით ნელ-ნელა იცვლება ადამიანის არსებობის საშუალება და მას შეუძლია მიაღწიოს „ღმერთობას მადლით".

   წმ. წერილი მოგვიწოდებს:

   „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს" (მათ. 5. 48).

   მართალია, ადამიანი ბიოლოგიური არსებაა, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, ე.ი. ადამიანიც ქმნილებაა, მაგრამ ის გამოირჩევა სხვა არსებებისაგან - „განღმრთობისკენ მოწოდებით". წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „ის ერთადერთი არსებაა, რომელიც გამოირჩევა სხვა ქმნილებისაგან, რომელსაც შეუძლია გახდეს ღმერთი მადლით".1

   ადამიანი განღმრთობისთვისაა შექმნილი, ე.ი. მიდრეკილი ღმერთთან ურთიერთობისთვის, დაჯილდოებულია უნარით, მიიღოს რაც შეიძლება მეტი მადლი. ღვთაებრივი ენერგია ცენტრალური მამოძრავებელია ადამიანისა. ამ ენერგიის მადლს ადამიანი, ქმნილი და შეზღუდული არსება, შეუძლია ღვთაებრივი ცხოვრების თანამონაწილე ჰყოს. ადამიანის ბუნებას (შეზღუდულობის მიუხედავად) შეუძლია აღიქვას ღვთაებრივი მარადიულობა და ისწრაფოს მისკენ.

   ღირსი იოანე დამასკელი შენიშნავს:

   „ღმერთმა ადამიანი ღვთისკენ მიდრეკილებით შექმნა, რაც საიდუმლოების უზენაეს ზღვარს წარმოადგენს - ღვთაებრივი გასხივოსნების თანაზიარებით „ღმერთად" გარდაიქმნება, მაგრამ არა ღვთაებრივი არსით, არამედ მადლით".2

   ამრიგად, კაცობრივ ბუნებას (არის რა ქმნილი და შეზღუდული) ღვთის მადლით (ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობით) შეუძლია დაიბრუნოს პატივი (ე.ი. მსგავსება) ღმერთთან ერთობით, განღმრთობით.

   რადგან ადამიანი „მოწოდებულია განღმრთობისკენ", ე.ი. იმისთვისაა შექმნილი, რომ გახდეს ღმერთი მადლით, მაშინ გამოდის, რომ განღმრთობის გზის მიღმა მყოფი აცილებულია ჭეშმარიტ გზას, არასწორი მიმართულებებით მიდის, ხოლო საკუთარი სიცარიელე (უმადლო მდგომარეობა) სხვადასხვაგვარი საშუალებებით (საქმეები, გართობა) ნიღბავს, რასაც არ მოაქვს რეალური სიხარული, მეტიც, შესაძლოა მტრად ექცეს ღმერთს და მის ჭეშმარიტ მსახურებს. (გაგრძელება...)






1 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. ციტ. არქ. გიორგი კაფსანისი. განღმრთობა. წიგნ. ნათელი სოფლისა. გვ. 88. 2016 წ.

2 Преп. И. Дамаскин. Точное изложение Православной веры. Кн. 2. Гл. 12. М. 1999. С. 50.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება