მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ნათლისღების მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ნათლისღების მნიშვნელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე5-01-2024, 00:02 |
ჩვენი მოკრძალებული განხილვა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხისა, რომელსაც სოტერეოლოგიური (მაცხოვნებელი) ხასიათი გააჩნია, გახლავთ შემდეგი: 1) ადამიანის ბუნება პირველქმნილი ცოდვის შედეგად უკიდურესად დაზიანდა და გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე ვერავინ (ვერც ჩვილები), ვერ განთავისუფლდება მისგან. 2) დაცემულ მდგომარეობას (პირობითად „გნომს") გნომურ ნებას რეალურად არ შეუძლია ჭეშმარიტი თავისუფლების, მტკიცე ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მიღება, თუკი ადამიანი არ განიღმრთობა, ე.ი. მოიპოვებს სულიწმინდის მადლს. 3) ასევე საჭიროა საღმრთო მადლი ნემბისმიერი სათნოების, სიკეთის აღსრულებისთვის, და ის (მადლი) უცილობლივ წინაუძღვის ადამიანის ნებისმიერ კეთილ ზრახვასა თუ მოქმედებას. ეხლა დაგვრჩა სათქმელი მთავარი: პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა და საღმრთო მადლის მოხვეჭისათვის ადამიანს ესაჭიროება ნათლისღება. მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებები (კართაგენის 418 წ. 110 კანონი, VI მს. კრების მე-2 კანონი; VII მს. კრების 1 კანონი) ამასვე ადასტურებს აღნიშნული კანონების განმარტებებიც; ამასვე ვკითხულობთ „აღმოსავლეთის ეკლესიის აღმსარებლობაში" და „აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეში" (1723, 1848 წ.). ამჯერად წმ. მამათა სწავლებით გავამყაროთ ჩვენი სათქმელი. ნეტარი ავგუსტინე: „ახალშობილი ჩვილით დაწყებული ღრმა მოხუცებულობით დამთავრებული არავინ უნდა დარჩეს ნათლისღების გარეშე, ვინაიდან არავინ რჩება, ვინც ნათლისღების დროს „არ კვდება ცოდვისათვის"; ჩვილები მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის, ხოლო ზრდასრულნი კი ყველა ჩადენილი ცოდვის გამო, რომლებმაც ცოდვები ცუდი ცხოვრების გამო შეიძინეს".1 ღირსი ამბა დოროთე: „ნათლისღება არის ერთდროულად სიკვდილიც და სიცოცხლეც, დაფვლაც და დაბადებაც. ნათლისღების გარეშე ემბაზში შთაფვლით მასში იფვლება და კვდება დაცემული ბუნების ცოდვისმიერი დაზიანება და ემბაზიდან აღდგება განახლებული ბუნება; შთაიფვლება ძველი ადამი, მისგან გამოდის ახალი ადამის შვილი. ნათლისღების დროს ადამიანს ეპატიება პირველმქნილი ცოდვა, წინაპრებისაგან შთამომავლობით მიღებული და საკუთარი ცოდვებიც, ნათლისღებამდე აღსრულებულნი. ნათლისღებით ადამიანს ენიჭება სულიერი თავისუფლება. ის უკვე აღარაა ცოდვის ძალაუფლების მსხვერპლი, არამედ თავისუფალი ნებით შეუძლია აირჩიოს სიკეთე ან ბოროტება. უფალმა წმ. ნათლისღებით განგვათავისუფლა, მოგვმადლა ცოდვათა მიტევება და უნარი თავისუფლად ვაკეთოთ სიკეთე (თუკი ვისურვებთ) და იძულებითად არ გადავიხაროთ ბოროტებისკენ; ვინაიდან ის, ვინც დამონებულია ცოდვას, ისინი ამძიმებენ და აცდუნებენ სულს, როგორც წერია წმ. წერილში (იგავ. 5. 22).2 ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „ნათლისღება კი არ გვართმევს ნების თავისუფლებას, არამედ გვანიჭებს მას, რომლის წყალობითაც ეშმაკი უკვე აღარ ძალადობს ჩვენზე, თუკი ჩვენ თავად არ მივცემთ ამის ნებას. ნათლისღებით გვეძლევა უფლება ან ვიმყოფებოდეთ, ქრისტეში, ღვთის მცნებების აღსრულებაში, ან კვლავ დავუბრუნდეთ მზაკვარ სუპოსტატს და ჩვენს მტერს, ეშმაკს".3 წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ნათლისღებით ყველა ადამიანის დაცემულ ბუნებაში მცხოვრები სატანა განიდევნება. ნათელღებულს ანიჭებს ძალას ან იყოს ღვთის ჭურჭელი და თავისუფალი ეშმაკისაგან, ან განეშოროს ღმერთს და კვლავ გახდეს სატანის საცხოვრებელი".4 როგორც ირკვევა წმინდა მამების სწავლებიდან, ნათლისღებით ქრისტიანი თავისუფლდება ცოდვის მონობისაგან, რომელშიც ტყვეობაში იმყოფებოდა ძველი აღთქმის (მათ შორის მართალი) ადამიანები. თუკი მანამდე (ნათლისღებამდე) ცოდვის ძალა მძლავრობდა ადამიანის ბუნებაზე, ნათლისღების შემდეგ ქრისტიანს უკვე მტკიცედ შეუძლია აირჩიოს სიკეთე და იცხოვროს მადლში, ე.ი. განიღმრთოს, ან არ აირჩიოს ის. მთავარი ისაა, რომ პირველქმნილი ცოდვა აღარ უფლობს ახალ ადამში მცხოვრებ ადამიანს და სასუფეველის დამკვიდრების შესაძლებლობა რეალობა ხდება, რაც არ (ვერ) ექნება მართლმადიდებელი ეკლესიის ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ადამიანს.
1 Блж. Августин. Энхиридион.Гл. 43. С. 115. 2 Преп. Авва Дорофей. 1. Поучение об отверженни мира. 3 Преп. Свимеон Новый Богослов. Добратолюбие. Гл. 109. Т. 1. 4 Св. Игнатий Брианчанинов. Полное собрание Творений. М. 2006. Т. 2. Аскетические опыты. С. 355.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |