მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წინაგანსაზღვრულობის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
წინაგანსაზღვრულობის თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე1-01-2024, 08:00 |
მართლმადიდებელი ეკლესიის (წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის) საერთო დოგმატური განსაზღვრება საღმრთო მადლის ადამიანზე მოქმედების შესახებ, შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ყველა ცხონებული ცხონდება მხოლოდ იმიტომ, რომ მადლი ღვთისა წინ უძღვის მათ, ე.ი. მადლი იწყებს მოქმედებას მანამდე, ვიდრე ადამიანი აღმოაჩენს საკუთარ თავში ღვთის, ჭეშმარიტი სარწმუნოების რაიმე სახის ძიებას. ამ მოსაზრების გასამყარებლად წმ. წერილიდან და ეკლესიის კრებსითი ცნობიერებიდან რამდენიმე დამადასტურებელ ამონარიდს მოვიშველიებთ. 1. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: „რამეთუ რომელნი-იგი წინასწარ იცნნა, წინასწარცა განაჩინნა თანამსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა, რაითა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა. ხოლო რომელნი-იგი წინასწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა" (რომ. 8. 29). 2. ღირსი იოანე დამასკელის საყოველთაოდ აღიარებული, ავტორიტეტული განსაზღვრება: „საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინასწარგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, რადგან არ ნებავს მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამრიგად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინასწარ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთის და სამართლიანობის შესაბამისად. საჭიროა ვიცოდეთ, რომ სათნოება ღვთისაგან ებოძა ბუნებას, რომ ღმერთი თავად არის ყველა სიკეთის დასაბამი და მიზეზი, რომლის თანამოქმედებისა და შემწეობის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელია, ჩვენ არ ძალგვიძს კეთილის ნებება და ქმნა. ჩვენზე ისაა დამოკიდებული, რომ ან დავმკვიდრდეთ სათნოებაში და შევუდგეთ ღმერთს, რომელიც ამისკენ გვიხმობს, ანდა გავემიჯნოთ სათნოებას, რაც ნიშნავს მოვხვდეთ ბოროტებაში და შევუდგეთ ეშმაკს, რომელიც მისკენ გვიხმობს იძულების გარეშე. რადგან ბოროტება სხვა არაფერია თუ არა კეთილის განშორება, ისევე როგორც სიბნელე - არის სინათლის განშორება. ამრიგად, თუკი იმაში ვმკვიდრობთ, ხოლო ბუნებისეულს, ანუ სათნოებას გადავუხვევთ, ბუნების გარეგანისკენ წავალთ და ბოროტებაში აღმოვჩნდებით".1 3. აღმოსავლეთის პატრიარქების მრგვლივმოცული ეპისტოლე ამბობს: „საიმისოდ, რომ აღორძინებულმა ადამიანმა შეძლოს სულიერი სიკეთის ქმნა, საჭიროა, მადლი წინაუძღოდეს და მიჰყავდეს ის, როგორც ნათქვამია წინაგანსაზღვრულებზე. ამრიგად: მას თავისით არ შეუძლია განახორციელოს ქრისტეს ცხოვრების ღირსი საქმე, არამედ შეუძლია მხოლოდ ისურვოს ან არ ისურვოს, იმოქმედოს მადლის თანახმად".2 აღნიშნული სწავლების იდენტურია მადლისა და წინაგანსაზღრულობის შესახებ ნეტარი ავგუსტინესეული განსაზღვრება. თუმცა ეს სწავლება მოდერნისტი თეოლოგების კრიტიკის საგანი გახდა. ამაზეც გვექნება საუბარი. მანამდე თავად განსაზღვრებას მოვუსმინოთ: „განსხვავება მადლსა და წინაგანსაზღვრულობას შორის იმაში მდგომარეობს, რომ წინაგანსაზღვრულობა არის მადლის მიღების წინასამზადისი (предуготовление). ხოლო მადლი - ეს თავად წყალობაა (რომელიც აღესრულება თავად ღვთის მიერ). წინასწარმცოდნეობას წინაგანსაზღვრულობის გარეშე არსებობა შეუძლია, ვინაიდან წინაგანსაზღვრულობით ღმერთმა წინასწარ უწყის, რის კეთებასაც ინებებს მომავალში, ამიტომაც თქვა: „მან შექმნა ის, რაც იქნება" (ის. 45. 11). მაგრამ წინასწარ შეუძლია იცოდეს ისიც, რასაც თავად არ ქმნის, მაგალითად რომელიმე ცოდვას. ამიტომ ღვთაებრივი წინაგანსაზღვრულობა სიკეთისაკენ, ესაა წინაგანსაზღვრულობა ცხონებისაკენ, ეს კი, როგორც ვთქვით, მადლის მიღების სამზადისია, ხოლო მადლი - ესაა შედეგი ამ წინაგანსაზღვრულობისა".3 ამრიგად, ღვთის მადლისა და წინაგანსაზღვრულობის ერთგვარი გაიგივება ერთმანეთთან, გახლავთ საკითხის ორთოდოქსული გააზრება, რაც გამორიცხავს „ორგვარ" წინაგანსაზღვრულობას (ზოგის ცხონებისა და ზოგის წარწყმედისა), რასაც აბრალებენ ნეტარ ავგუსტინეს. მადლი უთუოდ არის ღვთის წინაგასაზღვრულობა სათნოებებისაკენ (სიკეთისკენ). ნეტარი ავგუსტინეს სწავლება სულაც არ უარყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას, რისი ბრალდებაც განიზრახეს მოდერნისტებმა. ღვთისმეტყველი საუბრობს მართებულ თანმიმდევრულობაზე, ვინაიდან „მადლი ყოველთვის წინაუძღვის ადამიანის ნებას".4 გავრცელებულია წინაგანსაზღვრულობის სწავლების სხვადასხვა ვერსიები. შედეგ თავში სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ და უფრო თვალსაჩინო გახდება ნეტარი ავგუსტინეს შეხედულებათა ორთოდოქსულობა. (გაგრძელება...)
1 ღირსი იოანე დამასკელი. მართლმადიდებლობის ზედმიწევნითი გადმოცემა. მცოდნეობასა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ. თ. 44. 2 Послания Восточных патриархов о православной вере. 1723. §14. 3 Блж. Августин. О предопределении святых. М. 2008.с. 345. Антипелагианские сочинения позднего периода. 4 იქვე. ავგუსტინესთან. О предопределении святых.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |