მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ორთოდოქსული და სინერგიული კონცეფციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ორთოდოქსული და სინერგიული კონცეფციები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


29-12-2023, 20:53

 

 

   მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, მცნებების დარღვევა, ბოროტი საქმეების კეთება, როგორც დაცემული ბუნებისთვის დამახასიათებელი მოქმედება, ადამიანის კუთვნილებაა. ცხონების ღირსი სარწმუნოებრივი საქმეების აღსრულება კი პრეროგატივაა მხოლოდ საღმრთო მადლისა, რომელიც მოქმედებს ცოდვილში და წმინდანად გადააქცევს მას.

   სინერგიის კონცეფციის აპოლოგეტები ირწმუნებიან, რომ არსებობს არა მარტო ორი მოქმედება (საღმრთო მადლი და კაცობრივი ნება), არამედ სწორედ რომ ორი სოტერეოლოგიური, ანუ ორი მაცხოვნებელი, ერთმანეთის თანასწორი ქმედება: ღვთაებრივი და კაცობრივი, რაც ნამდვილი საღვთისმეტყველო კაზუსია. ამ კონცეფციის თანახმად, კაცობრივი ბუნებაც (ნება) ანხორციელებს ცხონებას, მინიმუმ თანამონაწილეა ღვთაებრივი, ზებუნებრივი მოქმედებისა.

   გამოჩენილი მოდერნისტი მიტრ. კალისტ უერი წერს: „ნებისმიერი ადამიანის პიროვნება, არის რა ხატება ღვთისა, უკიდურესად ცოდვილიც რომ იყოს, უსაზღვროდ ძვირფასია ღვთისთვის... ევაგრე ასწავლიდა: „ღვთის შემდეგ ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა ადამიანს, ვით თავად ღმერთს"... მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს ნებისმიერ სწავლებას მადლის შესახებ, რომელიც თრგუნავს ადამიანის ნებას (თავისუფლებას). საღმრთო მადლსა და კაცობრივ ნებას შორის ურთიერთობას მართლმადიდებელი ეკლესია სინერგიის მეშვეობით აღასრულებს".1

   1. დავიწყოთ იმით, რომ წმ. წერილი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს პავლე მოციქულის ბაგით:

   „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყვარა მე, მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2. 20).

   ნეტარი ავგუსტინეს პერიოდში დაწყებული და ბოლო საუკუნეებში გაგრძელებული (აღორძინებული) ნეოპელაგიური პოლემიკა ცხადყოფს, რომ ეს დავა არ იყო შიდა სისტემური, ე.ი. ეკლესიის შიდა შეხედულებათა დამარეგულირებელი, არამედ ორი განსხვავებული აღქმა - ორთოდოქსული (ავგუსტინეული) და სინერგიული (ნეოპელაგიური, მოდერნისტული).

   ორთოდოქსული (ავგუსტინეული) სწავლება, რომ ადამიანის მიერ ჩადენილი სიკეთე არის მარტოოდენ საღმრთო მადლის დამსახურება, დასტურდება სხვა საეკლესიო ეპოქის, კერძოდ, ისიხაზმისა და ვარლამიზმის პოლემიკითაც. აქაც წმ. გრიგოლ პალამა ასწავლიდა, რომ სწორედ „ღვთაებრივი ენერგიები" მსჭვალავენ ისიხასტებს (იესოს ლოცვის მოღვაწეებს), რომ მარტოოდენ ეს ხელთუქმნელი მადლი და არა კაცობრივი ნება (ღვაწლი) იძლევა სათანადო (მადლმოსილი ლოცვის, თაბორის ნათელის) შედეგს.

   ვარლამისტებისთვის (ისევე როგორც თავის დროზე პელაგიანელებისთვის) ღვთაებრივი ენერგია ქმნილებაა. ამდენად, განღმრთობის პერიოდში ქმნილება ქმნილებას ერწყმის. შედეგად ღმერთსა და ადამიანს შორის სინერგიული კავშირი სუფთა დისკუსიურ საკითხად რჩება.

   საქმე ისაა, რომ საღმრთო მადლი, ვით ხელთუქმნელი ძალა, ღვთაებრივი ენერგია, არის მიზეზი ადამიანის ცხონებისა. წმ. გრიგოლ პალამამ მას „ჰიპოსტასირებული" (Воипостасированный) მადლი უწოდა, მაგრამ არა როგორც „თვითჰიპოსტასირებული" (ე.ი. წმ. სამების პირებთან გაიგივებული), არამედ როგოც დავანებული მასში, ვისშიც ივანებს, ვისშიც გაბრწყინდება და ანიჭებს მუდმივ და განუწყვეტელ ნათელს".2

   დაუშვებელია საღმრთო ენერგია, ხელთუქმნელი მადლის მოქმედება კაცობრივ ძალისხმევას, ანუ ქმნილ ბუნებას მიაწერო. ასევე დაუშვებელია ადამიანის მიერ სიკეთის კეთება არა ღვთის მადლის მოქმედებას, არამედ საკუთრივ ადამიანის ნებელობას, ძალისხმევას მიაწერო. მსგავს მოსაზრებას აკი თავგანწირვით ეწინააღმდეგებოდა ჯერ ნეტარი ავგუსტინე პელაგისთან პოლემიკაში, ხოლო შემდეგ წმ. გრიგოლ პალამა ვარლამ კალამბრიელთან დავაში.

   2. მიტროპოლიტი კალისტი (უერი) საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად ევაგრეს სწავლებას ეყდრნობა.

   ცნობილია, რომ ევაგრე პონტოელის ასკეტური ღვთისმეტყველება ალექსანდრიის სკოლის გამოჩენილ წარმომადგენლებთან - ორიგენესა და კლიმენტის სახელებთანაა დაკავშირებული. სწორედ „ქრისტიანული პლატონიზმის" შეხედულებებზე ჰქონდა მას აგებული თავისი თეოლოგია.

   ევაგრეს თანახმად, „სიყვარული ბუნებრივია იმ სულისთვის, რომელიც განთავისუფლებულია გაფანტულობისა და ვნებებისაგან". ამგვარი განმარტება რადიკალურად განსხვავდება ავგუსტინეული ხედვისაგან, რომლის თანახმადაც „სიყვარული - სულიწმინდის დავანების შედეგია". ევაგრეს ხედვა, თითქოს სიყვარული დამახასიათებელია ადამიანის ბუნებისთვის, ორიგენიზმისა და პელაგიანობის საერთო მოსაზრება გახლავთ. ასკეტურ ცხოვრებაში ამის განხორციელება, როგორც ადამიანის თვითგანწმენდის პროცედურა, რომლითაც გარკვეული შედეგი - „მდგომარეობა" მიიღწევა, წარმოუდგენელი იყო ნეტარი ავგუსტინესთვის. ამიტომაც მასზე გალილეელი მონაზვნები ამბობდნენ, რომ უარყოფდა ასკეტურ ღვაწლს. სინამდვილეში კი საუბარია განსხვავებულ მიდგომებზე, თუ როგორ იყო ეს შესაძლებელი.

   1) პელაგიელ-ვარლამისტ-მოდერნისტების აზრით, ადამიანის სულის ბუნებრივი თვისებებით.

   2) ავგუსტინეს (პავლე, პალამა) აზრით - მხოლოდ და მხოლოდ საღმრთო მადლით.

   ამდენად, ნახევრადპელაგიური, სინერგიული კონცეფციის საფუძვლები „აღმოსავლურ ორიგენიზმში" უნდა ვეძიოთ, ე.ი. ქრისტიანიზებულ ნეოპლატონიზმში, ელინურ კულტურაში; ხოლო „დასავლურ", „სქოლასტურ" სწავლებად სახელდებული ნეტარი ავგუსტინეს კონცეფცია, წმინდა აღმოსავლურია (ისიხასტური, ორთოდოქსული).

   ადამიანის ნება, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი მასში, საჭიროებს განღმრთობას. ამიტომ მას არ შეუძლია ადამიანის, ანუ საკუთარი თავის ცხონება. ხოლო სინერგიული ტრადიცია, რომელსაც საფუძვლები ორიგენემ და ევაგრემ ჩაუყარეს, აქცენტს აკეთებდა საკუთარი ნების ვარჯიშზე, რომლითაც თითქოს მიიღწევა შედეგი. მაგრამ ნეტარი ავგუსტინე ამბობდა: „ვინც ეცემა, ეცემა საკუთარი ნებით, ხოლო ვინც მყარად დგას ღვაწლში, დგას ღვთის ნებით".(გაგრძელება...)




1 Митр. Каллист (Уэр). Бог и человечество. М. 2012. С. 228.

2 Св. Григорий Палама. Собеседование православного с варламитом, подборно опровергшее варламитское заблуждение. Трактаты. С. 149.

3 Блж. Августин. О даре пребывания. С. 397.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება