მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების მოქმედებაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების მოქმედებაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


28-12-2023, 19:12

საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების მოქმედებაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   კართაგენის კრებაზე (418 წ.) დაწყებული საღვთისმეტყველო დავა ნეტარ ავგუსტინესა და პელაგის შორის, ამ უკანასკნელის ერესში ბრალდების შემდეგ, კვლავ განახლდა „სინერგიული" (ნახევრადპელაგიური) კონცეფციის მომხრეთა (სამხრეთ გალიის მონაზვნები) მიერ. ამას მოჰყვა მეორე არავსიონის (529 წ. საფრანგეთი) კრება, რომელმაც ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო განსაზღვრება ჩამოაყალიბა, კერძოდ: როგორია საღმრთო მადლისა და კაცობრივი ნების მნიშვნელობა ადამიანის ცხონების საქმეში. ამავე კრებამ დაადასტურა კართაგენისა (418 წ.) და ეფესოს (431 წ.) მსოფლიო კრებათა ანათემები.

   მეორე არავსიონის კრების (Второй Аравсионский) ავტორიტეტს უფრო მეტად ამყარებს მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი) აკადემიური ნაშრომი დოგმატურ ღვთისმეტყველებაში. ავტორი ერესში პელაგის ბრალდების განხილვისას სწორედ ხსენებული კრების დადგენილებებს მიმართავს.

   „თუკი ვინმე ამბობს, რომ ცოდვებისაგან გასანთავისუფლებლად ღმერთი ელოდება ჩვენს ნებას და არ აღიარებს, რომ თავად ნებელობის განწმენდა ჩვენში სულიწმინდის მადლითა და შეწევნით ხორციელდება, ის ეწინააღმდეგება სულიწმინდას". (IV კანონი).

   „თუკი ვინმე ამბობს, რომ ადამიანს საკუთარი ბუნებრივი ძალებით შეუძლია იმსჯელოს სათანდოდ, ან აირჩიოს რაიმე კეთილი, რაც ცხონების საქმეს ეხება და დაეთანხმო მის მაცხოვნებლობას, ე.ი. სახარების შემეცნებისა და სულიწმინდის შთაგონების გარეშე, ის მოხიბლულია ერეტიკული სულით" (VII კანონი).1

   აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რას გულისხმობს, რას ნიშნავს ღვთის მადლის მოქმედება ადამიანში? როგორც აღნიშნული კანონებიდან ირკვევა, მადლის მოქმედება ვლინდება არა იმაში, რომ ვიღაც შრომობს თავისი ცხონებისათვის, არამედ თავად ის, რომ მუშაკი მუშაკობს, არის მადლის მოქმედების ნიშანი, შედეგი, „მცნებებით ცხოვრება", „ცოდვებისაგან განწმენდა", „უმაღლესი სათნოებების დაუფლება" და ა.შ. - ყოველივე ეს ღვთაებრივი მადლის მოქმედებაა და არა საკუთრივ ადამიანის სულიერი ღვაწლი, ეს არის ის, რისთვისაც მოგვეცა მადლი ღვთისა. 

   როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „ხოლო თქუენ არა ხართ ხორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისა დამკვიდრებულ არს თქუენ შორის, უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი". (რომ. 8. 9).

   ამრიგად, საკითხი ასე დგას: რა რის შემდეგაა? ჯერ კაცობრივი ძალისხმევა და შემდეგ მადლი, თუ პირიქით.

   ნეტარი ავგუსტინესთვის ყველაფერი უცხადესი იყო: „ვინც ამბობს, რომ კაცობრივი სათნოებები წინ უძღვის საღმრთო მადლის მოქმედებას, ეს ახალი ერეტიკოსების - პელაგიანელების შეხედულებაა; ამ ერესში ვარდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ თითქოს ღვთის მადლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით ათავისუფლებს ადამიანს, ვითომ რაიმე ადამიანური დამსახურებების გამო მიეცა".2

   ნეტარი ავგუსტინეს აზრით, თუკი კაცობრივი ინიციატივა წინუძღვის მადლს, გამოდის, რომ მადლი კარგავს თავის თვისებებს და გარდაიქმნება ადამიანის დამსახურებათა ჯილდოდ... „მადლი აყალიბებს ადამიანის მართებულ მოქმედებას. კაცობრივ მოღვაწეობაზე სწორედ ღვთაებრივი ზემოქმედება და არა სახელდობრ კაცობრივი მოქმედება აყალიბებს ადამიანის საბოლოო ხვედრს".3

   მოდით, მოვისმინოთ, რას გვასწავლის წმ. წერილი პავლე მოციქულის ბაგით:

   „ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ეს კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან" (2 კორ. 4. 7).

   „ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა" (ეფ. 4. 7).

   „რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (რომ. 3. 23-24).

   მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების არსი ადამიანის განღმრთობაში მდგომარეობს. ამ განღმრთობაში მოიაზრება ის, რომ ღმერთი იმკვიდრებს ადგილს ადამიანის სულში და ზებუნებრივად მოქმედებს საკუთარი მადლით.

   ორთოდოქსულ ცნობიერებას ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია ეს საკითხი - ე.ი. არასდროს არავინ ხედავდა „მადლის უფლებამოსილებასა" და უპირატესობაში რაიმე „საფრთხეს" „ადამიანურ ღირსებათა" დაკნინების თვალსაზრისით. გამოიკვეთა ორი მიდგომა:

   1) ორთოდოქსიაში: მადლმა (და არა მე) იმუშაკა, რომელიც იმყოფება ჩემთან.

   2) სინერგიის კონცეფციაში: მადლმა იმუშაკა ჩემთან ერთად (ამიტომ მცირე ძალისხმევაც დამიფასდება ცხონების საკითხში).

   ორთოდოქსია ყველაფერს მიაწერს ღმერთს და არაფერს საკუთარ თავს. არ შეიძლება კაცობრივი ზრახვა (თუნდაც რიგით მეორე) გახდეს საწყისი რაიმე სიწმინდისა (ავტონომიურად) ღვთის მადლის გარეშე.

   სინერგიის (ნახევრადპელაგიურ, მოდერნისტულ) კონცეფციაში მიმდინარეობს ერთგვარი „ვაჭრობა": რა დამსახურებები მიეწეროს ღმერთს და რა - ადამიანს?! აშკარაა ერეტიკული ცდომილება, კერძოდ: თავად სინერგია - ღვთის მადლისა და კაცობრივი ქმედების უნისონში წარმოჩენა, ვით ორი ბუნებრივი, რომლებიც ცხონებისათვის ერთნაირად აუცილებელია მოქმედებისა: კაცობრივი და ღვთაებრივი.

   ცხადია, უპირატესობას ღვთაებრივს ანიჭებენ, მაგრამ მათთვის, როგორც ნეოპატრისტიკული სინთეზის, სინერგიის მოტრფიალეთათვის მიუღებელია როგორც ნეტარი ავგუსტინეს, ისე პელაგის სწავლებები, ხოლო საკუთარი სინერგიული კონცეფცია „სამეუფეო გზად" ესახებათ.

   მაგრამ ეკლესიამ წმ. წერილის, წმ. მამათა, ასევე კრებსითი დადგენილებების მეშვეობით უკვე დაადასტურა ჭეშმარიტება - ნეტარი ავგუსტინეს სწავლება პავლე მოციქულის, კართაგენის, ეფესოსა და არავსიონის, აგრეთვე სხვა მსოფლიო კრებათა ერთსულოვნების განუყრელი შემადგენელია. (გაგრძელება...)  






1 Митр. Макарий (Булгаков). Православно-догматическое богословие. Т2. §186. С. 621.

2 Блж. Августин. Письмо N215 (К Валентину Адруметскому. Второе. 2008. С. 140.

3 იქვე. Письмо N215.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება