მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი სიკეთისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჭეშმარიტი სიკეთისათვის - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-12-2023, 09:59

 

   არახალია, რომ თანამედროვე საღვთისმეტყველო მიმართულებებს (მოდერნისტულ ღვთისმეტყველებას რომ ვუწოდებთ), სურთ თავად ქრისტიანული სწავლების საფუძვლები „გაანთავისუფლონ" დოგმატური შინაარსისაგან.

   „ახალი მამები", თეოლოგები ცდილობენ მართლმადიდებლური დოგმატური განსაზღვრებები ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათი კრებსითი ცნობიერება ღვთის მიერ სამყაროს გადასარჩენად კი არ არის მოცემულ-განსაზღვრული, არამედ ვითომ ერთგვარი შემეცნებითი ინსტრუმენტია მხოლოდ, სიკეთის კეთების შესაძლებლობას რომ იძლევა. ისინი ლამობენ, იპოვონ დოგმატებში რაღაც „ზნეობრივი იდეები" და ოდენ ყოფით დონეზე დაიყვანონ მათი მნიშვნელობა.

   ამგვარი გააზრება თუ ჩანაცვლება უცილობლად ამახინჯებს თავად ცხონების საფუძვლებს, რომლის სამართლებრივი შინაარსი დოგმატებშია დაცული.

   „შემოქმედებით" უნარებს მინდობილი მოდერნისტი ფიქრობს, რომ ღმერთთან სინერგიული თანამუშაკობით (ნახევრადპელაგიანობა) ღმერთის თანასწორი შესაძლებლობებით ქმნის ამ სამყაროს, აკეთებს სიკეთეს, საკუთარი ძალისმევით იძენს სათნოებებს და ა.შ. მაგრამ მართლმადიდებლური კრებსითი ცნობიერება, წმ. მამათა ავროტეტული საღვთისმეტყველო ნაშრომები ცხადყოფს, რომ ცოდვილის ღვთისაკენ მოქცევა, მის მიერ სათნოებათა ქმნა, კეთება და მისთანანი, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლითა და შეწევნითაა შესაძლებელი.

   ამ საკითხზე საღვთისმეტყველო პოლემიკა ნეტარი ავგუსტინეს მოღვაწეობის პერიოდში განვითარდა. იმ დროს საკმაოდ გავრცელებული იყო პელაგიური და ნახევრადპელაგიური შეხედულებები: თითქოს ადამიანს დამოუკიდებლად გააჩნდა სათანადო უნარი, ეკეთებინა სიკეთე (პელაგიანობა), ან ღმერთთან სინერგიაში (ნახევრადპელაგიანობა) მოეპოვებინა სათნოებები.

   კართაგენის (418 წ.) ავტორიტეტულმა კრებამ ამასთან დაკავშირებით განაჩინა: „ასევე ვამბობთ, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღვთის მადლი ჩვენ მოგვენიჭა მხოლოდ დამხმარედ, რომ არ შევცოდოთ, და მის მიერ განგვიცხადდება და გვეუწყება ჩვენ ჩვენი ცოდვების შეცნობა, რათა ვიცოდეთ, რისი თხოვნა არის საჭირო და რას უნდა ავუქციოთ გვერდი, და ვინც არ აღიარებს, რომ მისი მეშვეობით გვეძლევა შეძლება და სიყვარული იმისა, რომ რაც გავიგეთ, ის შევასრულოთ საქმით, შეჩვენებულ იყოს".1

   აღნიშნული კანონის შესანიშნავ განმარტებას ვპოულობთ ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომში:

   „ამრიგად, მკურნალი კურნავს ჩვენს სნეულებებს არა მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი აღარ იყოს, არამედ საიმისოდაც, რომ მართებული მოქცევა (მოქმედება) შევძლოთ ყველაფერ დანარჩენშიც, ვინაიდან ვერ შევძლებთ კურნების შენარჩუნებას მისი (ღვთის) შეწევნის გარეშე.

   თავად ღმერთი იესო ქრისტე სულიერად კურნავს სნეულებებს და აღადგენს მკვდრებს, ე.ი. ამართლებს უწმინდურებს და მიჰყავს ადამიანი სრულ კურნებამდე, ანუ მართალ ცხოვრებამდე და არ მიატოვებს მას თუკი თავად ადამიანი არ მიატოვებს ღმერთს, რათა მარადჟამს იცხოვროს მართებულად და კეთილსინდისიერად. როგორც სხეულის თვალი, თუნდაც სრულიად ჯანმრთელი, ვერ დაინახავს, რომ არა სინათლის სიკაშკაშე, ასევე სრულიად გამართლებული ადამიანი ვერ დაინახავს ახალი ცოდვების საფრთხეს, თუკი მას არ შეეწევა ღვთაებრივი სიმართლის მარადიული ნათელი, რის გარეშეც ვერ იცხოვრებს სამართლიანად. ამიტომ ღმერთი კურნავს არა მხოლოდ იმის გამო, რომ შეგვინდოს წარსულში ჩადენილი ცოდვები, არამედ იმისათვის, რომ შემდგომშიც დაგვიცვას ცოდვებისაგან".2

   სხვა ნაშრომში ნეტარი ამბობს:

   „უნდა ვუწყოდეთ, რომ ღვთის მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ეს ის მადლია), რომელიც ერთადერთი ათავისუფლებს ადამიანებს ბოროტებისაგან, და რომლის გარეშეც ადამიანი ვერანაირ სათნოებას, იქნება ეს სურვილი, სიყვარული თუ მოქმედება, ვერ აღასრულებს. ვინაიდან ადამიანი არა მხოლოდ იძენს შემეცნებას ღვთის მეშვეობით, არამედ მიუთითებს, რისი კეთებაც მართებთ, ღვთის წყალობის მკვიდრობით სიამოვნებით აკეთებენ იმას, რაც მართებთ. სწორედ ამ სულისკვეთებას ითხოვდა მოციქული მათთვის, ვისაც ეუბნებოდა: „ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაითა არარაი ბოროტი გიყოს თქუენ, რათა არა ჩვენ გამოცდილად გამოვჩნდეთ, არამედ რათა თქუენ კეთილი ჰქმნეთ, ხოლო ჩვენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ" (2 კორ. 13. 7).3

   წმ. იოანე დამასკელი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დოგმატურ ნაშრომში ამბობს:

   „ის (ღმერთი) - არის საწყისი და მიზეზი ყოველი სათნოებისა და მისი თანადგომისა და შეწევნის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ვისურვოთ ან აღვასრულოთ რაიმე სიკეთე. მაგრამ ჩვენს ხელმწიფებაშია ან ვიყოთ სათნოებაში და მივყვეთ ღმერთს, რომელიც მოგვიწოდებს ამისაკენ, ან მივატოვოთ სათნოებები, რაც ნიშნავს აღმოჩნდე ცოდვაში და დაჰყვე ეშმაკის ნებას".4

   აღმოსავლეთის პატრიარქების კრებსით განსაზღვრებაში ვკითხულობთ:

   „წმ. წერილი გვასწავლის, რომ ყოველი მორწმუნე ცხონდება სარწმუნოებითა და თავისი ღვაწლით. ამასთან, ჩვენი ცხონების ერთადერთ მიზეზად მხოლოდ ღმერთი სახელდება. ვინაიდან ის წინასწარ გვაძლევს განწმენდელ მადლს, რომელიც ანიჭებს ადამიანს ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნების უნარს და ასწავლის, თუ როგორ აკეთოს სიკეთე ღვთივსათნოდ, რათა მოიპოვოს ცხონება. ის (ღმერთი) არ უარყოფს ადამიანის თავისუფალ ნებას, არამედ აძლევს საშუალებას დაემორჩილოს, ან არ დაემორჩილოს მისი (მადლის) მოქმედებას".(გაგრძელება...)







1 დიდი სჯულისკანონი. კართაგენის (418 წ.) კრება. N112. გვ. 125.

2 Блж. Августин. О природе и благодати. §29. Божественная благодать необходима для добрых дел. გვ. 11.

3 Блж. Августин. Об упреке и благодати. М. 2008. С. 218.

4 Преп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православного веры. 2. XXX. (44).

5 Послание восточных патриархов о православной вере. 1723.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 




უკან დაბრუნება