მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „გნომიკური თავისუფლება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„გნომიკური თავისუფლება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-12-2023, 20:48 |
ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება და პირობითად „გნომის" (დაცემის შემდგომის) „თავისუფლება" განსხვავებული ცნებები გახლავთ. 1) ჭეშმარიტი თავისუფლების საწყისი არის მადლის მიერ ადამიანზე მოფენილი ღვთის ნება, რითაც პიროვნება თავისუფლდება ცოდვის მონობისაგან და იძენს ჭეშმარიტ თავისუფლებას. 2) ყალბი თავისუფლება - ეს ილუზიური „თვითკმარობაა", „არჩევანის თავისუფლება", რომლის მიღმა ნამდვილი ტირანია იმალება. (ამის ნათელი მაგალითია თავისუფლების გლობალისტურ-ლიბერალური გააზრება). როგორ განვასხვავოთ ერთი მეორესაგან? 1. წინა თავში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გნომიკური ნება არ არის ჰიპოსტასური, არამედ უცხო ბუნებისაა, სახელდობრ ეს ნება ეკუთვნის დაცემული ტროპოსის, ვით მადლმოკლებულის ბუნებას. როდესაც ქმნილება თავს აღწევს (ეშმაკის ან სხვა ადამიანის) ბოროტ ზრახვას, ადამიანი იწყებს საკუთარი ლოგოსისკენ სწრაფვას. ეს არის ადამიანური ბუნების ლოგოსთან შესატყვისობა, განღმრთობა, ე.ი. თავისუფლება როგორც ასეთი, თავისუფლდება არა მხოლოდ სხვისი ბოროტი ნებისაგან, არამედ თავისუფლდება საკუთარი გნომური ნებისაგან. ეს კი მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „უკუეთუ თქვენ დაადგრეთ სიტყვათა ჩემთა... და სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგანთავისუფლნეს თქუენ" (იონ. 8. 31, 32). აი რას ამბობს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამ სიტყვების განმარტებისას: „სამი თემა შეინიშნება მაცხოვრის ამ სიტყვებში: მისი სიტყვის შესრულება, ჭეშმარიტების შეცნობა და განთავისუფება ჭეშმარიტების მეშვეობით და არა თვითნებობით. აი, თავისუფლება! მონა სადღაა? ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარი ამბობს: „ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვა, მონაი არს იგი ცოდვისა" (იონ. 8. 34). აი ვინაა მონა, ნამდვილი მონა, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი თავის მართვა. შემდეგ მაცხოვარი ამასაც ამბობს: „უკუეთუ ძემან განგანთავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ" (იონ. 8. 36)... ამრიგად, მხოლოდ ჩვენს სწორ არჩევანშია დაცული ჩვენი თვითმყოფადობა. ჯერ უნდა ვისურვოთ მონობისაგან განთავისუფლება, შემდეგ ვიპოვოთ ჩვენი განმათავისუფლებელი - ქრისტე, ხოლო როდესაც ვიპოვით მას, მოვიყაროთ მუხლი მის წინაშე და გამოვითხოვოთ თავისუფლება".1 ამრიგად, ჭეშმარიტი თავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება მოპოვებული საკუთარი ძალისხმევით, თუკი ვერ „ვიპოვეთ ჩვენი განმათავისუფლებელი - ქრისტე". ე.ი. ადამიანი ვერ განიღმრთობა (საკუთარი ნება ლოგოსის შესატყვისი ვერ გახდება) ღვთის მადლის (შეწევნის) გარეშე. ღირსი მაქსიმე აღმსარებელიც ამას ადასტურებს: „განღმრთობა ვერანაირად ვერ იქნება ბუნებრივი ძალების მიერ მოპოვებული, იმიტომ, რომ ბუნებამ ვერ მოიხვეჭა ისეთი ძალა, რომელსაც ძალუძს მოიცვას ზებუნებრივი. არავის ძალუძს თავისით განღმრთობა, ვინაიდან ის ღვთის განგებაშია. მარტოოდენ ღვთის მადლს ზებუნებრივი ნათელითა და დიდების სიჭარბით შეუძლია მიანიჭოს განწმენდის ძალა არსებას, საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულ ადამიანს.2 2. გნომიკური თავისუფლება არაბუნებრივი მდგომარეობაა. ადამიანი რომ გახდეს თავისუფალი, მადლმოსილი, ქრისტესმიერი, მისი ნება აღარ უნდა იყოს გნომური, ვინაიდან დაცემული ადამიანი - ბოროტი, უმადლო „გნომია". ადამიანის ლოგოსში ღვთაებრივი და კაცობრივი ნება სრულიად უნდა ეთანხმებოდეს ერთმანეთს. ამიტომ უნდა დაუთმოთ მადლს და არა საკუთარ ბუნებრივ ნებას, „თავისუფლებას", რომელიც გნომურია. ამაშია ადამიანის ჭეშმარიტი თავისუფლება. გნომიკური ნებით, „მერყეობით" გაკეთებული არჩევანი მოჩვენებითი თავისუფლების მანიშნებელია, ბოროტებასთან ნაზავი ყალბი „სათნოების" გამოვლინებაა. შესაბამისად, გნომიკური „თავისუფალი ნება" - ეს ყალბი არჩევანია, ილუზიაა, რომელშიც იმყოფება დაცემული ადამიანი („გნომი"). ამ მდგომარეობისაგან განთავისუფლებისთვის კი შეიძლება გამოდგეს მხოლოდ ღვთაებრივი მადლი, რომელიც იმორჩილებს, იყოლიებს ნებას. ამით ქმნის მას ჭეშმარიტ (საკუთარი ლოგისის შესატყვის) ადამიანად და ამ გზით ანიჭებს ჭეშმარიტ თავისუფლებასაც. (გაგრძელება...)
1 Св. Свимеон Новый Богослов. Творения. Т. 1. С. 216. 2Преп. Максим Исповедник. Вопросы к Фаласию. XXIII. Творения. М. 1994. Кн. 2. С. 77.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |