მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > გნომიკური ნება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

გნომიკური ნება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


27-10-2024, 10:14

გნომიკური ნება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ადამისა და ევას დაცემის შემდგომ (პირველქმნილი ცოდვა) მათში ცოდვა შემოვიდა და მემკვიდრეობით ყველა შთამომავალს გადაეცა. ე.ი. ეს უცხო თვისება (დაცემულობა) ადამიანის ბუნების განუყრელი ნაწილი გახდა, ვინაიდან ქმნული ბუნებისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა, მერყეობა. ბუნება ცვალებადია სწორედ ნების მეშვეობით. ადამმა და ევამ განიზრახეს ყოფილიყვნენ არა ისეთები, როგორებადაც შექმნა ღმერთმა, წმ. მაქსიმე აღმსარებელის ტერმინით თუ ვიტყვით - საწყისი ლოგოსით (ღვთის მიერ იმთავითვე შექმნილი ბუნება), არამედ გამხდარიყვნენ სხვაგვარები. ადამიანებში გაჩნდა გნომიკური ნება, არა ბუნებითი, არამედ სხვადასხვა სურვილებსა და მოტივებს შორის სასურველის ამრჩევი.

   ისმის კითხვა: 1) რა არის გნომიკური ნება? 2) ადამიანში როდის გაჩნდა გნომიკური ნება და ცოდვით დაცემამდე ჰქონდა თუ არა ის ადამს? 3) არსებობდა თუ არა ქრისტეს ადამიანურ ბუნებაში გნომიკური ნება?

   1. გნომიკური ნება ნიშნავს არსებულ შესაძლებლობათა შორის „არჩევანის", „განზრახვის", „მერყეობის" გამოხატულებას. ეს დაცემული ონტოლოგიური არსების მდგომარეობაა, რომელშიც დაცემის შემდეგ აღმოჩნდა ადამიანი. მაგრამ ამ ცნების მთავარი არსი უნდა დავინახოთ შემდეგში: ცოდვით დაცემის შედეგად ადამიანის აქტუალური ბუნება (ან მისი „тропос" - ი) იმდენად შეიცვალა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ადამიანის „ბუნების დაზიანებასთან", „სნეულებასთან", არამედ არსებითად განსხვავებული ბუნების ჩამოყალიბებასთან, უკვე არა ისეთის, როგორიც იმთავითვე ჩაიფიქრა და შექმნა შემოქმედმა.

   პირველქმნილი ცოდვის შედეგად ცოდვამ მოიცვა ადამიანის მთელი არსება, მისი ყველა შემადგენელი, მათ შორის ბუნებრივი ნებაც. ამიტომ საწყისი ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი „ლოგოსი", დაცემის შემდგომ მისი რეალური ბუნება „ტროპოსი" თვისობრივად სხვაგვარი - ხრწნადი და მოკვდავი გახდა. პავლე მოციქულის სიტყვით რომ ვთქვათ: „არავინ არს მართალ არცაღა ერთ, ... არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა" (რომ. 3, 10. 12).

   2. ცოდვით დაცემამდე ადამს არ ჰქონდა აქტიური გნომიკური ნება, მაგრამ არც მადლის ის სისავსე ჰქონდა, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა არასოდეს ჩაედინა ცოდვა.

   ნეტარი ავგუსტინე ამგვარად განმარტავს პირველი ადამიანის თვისობრივ მდგომარეობას: „პირველი ადამიანი არ ფლობდა სისავსით მადლს, რომლითაც შეძლებდა ბოროტი სურვილების არიდებას, მაგრამ ჭეშმარიტად ფლობდა მეორეს, თუკი ისურვებდა მადლში ყოფნას არასდროს გახდებოდა ბოროტი.

   ადამიანი, „თავისუფალი" გნომიკური გადაწყვეტილებით რომ არ მოშორებოდა მადლს, ყოველთვის დარჩებოდა ნეტარ მდგომარეობაში, მაგრამ მან არ ისურვა ეს და ამიტომაც დატოვა მადლმა. ღმერთმა ადამს მისცა საკმარისი თავისუფლება აერჩია სიკეთე ან ბოროტება და დარჩენილიყო მასში. ამგვარია პირველი მადლი ადამისთვის ბოძებული".1

   რაკი წინაპრების სახით მთელი კაცობრიობა დაეცა, შედეგად თავად ადამიანის „ბუნებრივი ნებაც" შეიცვალა. არანაირი სხვა, გარდა დაცემული („გნომური") ნებისა, ადამიანის ბუნებაში აღარ არსებობს საიმისოდ, რომ მან თავი დააღწიოს ამ (გნომურ) მადგომარეობას და დაუბრუნდეს მადლმოსილს".

   წმ. მაქსიმე აღმსარებელი შენიშნავს: „კაცობრივი ბუნება მასზე ღვთაებრივი ჩანაფიქრით განისაზღვრება, რომლის მიხედვითაც მან (კაცობრივმა ბუნებამ) უნდა იპოვოს თავისი ნავსაყუდელი ღმერთში. ამდენად, ადამიანის ლოგოსის (საწყისი ბუნების) განუყრელი მდგომარეობა არის განღმრთობა".2

   გამოდის, რომ ადამიანის „ბუნება" და მისი „ლოგოსი" იდეაში ერთი და იგივეა. თუკი ქმნილი ბუნება ეკუთვნის თავის ღვთაებრივ ლოგოსს (როგორც ხატება პირველხატებისა), მაშინ ლოგოსი იმთავითვე ღვთისაგან შექმნილი ბუნებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ ლოგოსი არის „არსების საწყისი არსი", „ბუნების ბუნება". საბოლოოდ, ცხონებისათვის საჭიროა, რომ ბუნება და ლოგოსი სრულიად დაემთხვეს ერთმანეთს, ე.ი. უნდა მოხდეს ადამიანის განღმრთობა, როგორც შენიშნავს წმ. მაქსიმე აღმსარებელი.

   3. უცვლელად „ბუნებრივი ნება" შენარჩუნდა მხოლოდ ღვთაებრივ ლოგოსში. ამიტომ ქრისტეში არ იყო „გნომიკური ნება", არა იმიტომ, რომ არ ჰქონდა კაცობრივი ჰიპოსტასი, არამედ იმიტომ, რომ მისი (ქრისტეს) „კაცობრივი ბუნება" განღმრთობილად იყო დაცული და მასში ნების არანაირი მერყეობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ხოლო უყვედრელი ვნებები, მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, ქრისტემ ნებაყოფლობით და არა „აუცილებლობით" მიიღო. ამიტომაც მან მიიღო ადამის დაცემამდელი, სრულიად ურყევი ნება, განღმრთობილი, მადლმოსილი ბუნება. ის გახდა ახალი ადამი.

   თუკი პირველ ადამს შეეძლო დარჩენა მადლში, რომ ენება; მეორე ადამში მადლისმიერი, განღმრთობილი მდგომარეობა იმდენად აღმატებული და ძლიერი გახლდათ, რომ ყოვლად დაუშვებელი იყო მისი ნების მერყეობა.

   ამრიგად, ქრისტეს არ ჰქონდა გნომიკური ნება (დაცემის შემდგომი ბუნება) არა იმიტომ, რომ კაცობრივი ბუნების ნებას ფლობდა, არამედ იმიტომ, რომ კაცობრივ ბუნებასთან ერთად (ერთდროულად) მადლის სრულ სისავსეს ფლობდა, რაც არ იყო დამახასიათებელი ადამიანის კაცობრივი ნებისთვის. ამიტომ პირველ ადამს „შეეძლო" დაცემა, ვინაიდან არ ფლობდა მადლს სისავსით, როგორც მას მეორე ადამი ფლობდა. ამიტომ ადამიანი დაცემის შემდეგ ყველა პარამეტრით გახდა ხრწნადი და მოკვდავი. მისი (ადამიანის) ნებელობა იმდენად დაზიანდა, რომ ეს „გნომი", თუკი მადლით არ განიღმრთობა, ვეღარ აირჩევს თავისთვის სასიკეთოს. (გაგრძელება...)





1 Блж. Августин. Об упреке и блогодати. М. 2008. С. 245.

2 Св. Максим Исповедник. Антропология. Православная Энциклопедия. Т43. С. 52.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება