მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პირველქმნილი ცოდვა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პირველქმნილი ცოდვა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


22-12-2023, 07:33

პირველქმნილი ცოდვა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   თავად ტერმინი „პირველქმნილი ცოდვა" (ლათ. Peccatum originale) ნეტარმა ავგუსტინემ შემოიღო. საღვთისმეტყველო ტრაქტატში („О различных вопросах к Симплициану") პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს შესანიშნავი განმარტება, რომელსაც მსოფლიო ეკლესიის ანთროპოლოგიის საფუძველთასაფუძველი შეგვიძლია ვუწოდოთ.

   „რამეთუ უწყი, ამბობს მოციქული - ვითარმედ არღარა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ხორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაი იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ" (რომ. 7. 18). ამით ამბობს, რომ ეთანხმება კანონს, ხოლო საქმით ცოდვას უთმობს ადგილს. რატომ ამბობს ამას მოციქული? რა არის ამის მიზეზი თუ არა მოკვდავობისა და ცოდვილი მიდრეკილებების განუწყვეტელი გადაცემა? პირველი სასჯელია პირველქმნილი ცოდვის გამო, ხოლო მეორე - ცოდვების ხშირი ჩადენის გამო. პირველით ვიბადებით ჩვენ ამ ქვეყანაზე, მეორეს ვიმატებთ ცხოვრებით. ორივე საგანი - ბუნება და ჩვევა თითქოს განუყრელნი არიან და ქმნიან უძლიერეს და დაუმარცხებელ სურვილს, რასაც მოციქულმა ცოდვა უწოდა. თან დასძენს, რომ ეს უკანასკნელი (ცოდვა) მყოფობს მის „ხორცში", ანუ ფლობს ერთგვარ ძალაუფლებას".1

   სხვა ნაშრომში (Первородный грех) ნეტარი ავგუსტინე თვით პირველქმნილი ცოდვის არსს განმარტავს და დასძენს:

   „პირველქმნილ ცოდვას შედეგად ადამიანის ბუნების საყოველთაო დაზიანება, დაცემა მოჰყვა. პირველქმნილი ცოდვა (peccatum natural) არის ბუნებითი ცოდვა, ე.ი. ბუნების დაზიანება. ამ ცოდვისმიერ კანონში ადამიანის ბუნების მემკვიდრეობითი მოშლილობა (რღვევა) ან დანაშაულებრივი ხრწნადობა ვლინდება. ე.ი. შედეგი, დამდგარი პირველქმნილი უწმინდურებით ყველა ადამიანში არსებობს (vitrum originalis) შთამომავლობითი სნეულება, ე.ი. დაზიანებული ბუნებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა".2

   ამრიგად, ნეტარი ავგუსტინეს ძალისხმევით პელაგიანობა საბოლოოდ იქნა ბრალდებული ერესში.

   საკითხი, პირველყოვლისა, ეხებოდა პირველქმნილი ცოდვის დოგმატის გააზრებას. კართაგენის (418 წ.) კრებაზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ნეტარი ავგუსტინეს სწავლება, რომ ადამის ყველა შთამომავალზე გარდამოდის არა მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის შედეგები (ვნება, ხრწნადობა, სიკვდილი) ე.ი. ბოროტებისკენ შეუქცევადი მიდრეკილება და მისთ., არამედ მემკვიდრეობით გადმოეცემა თავად ადამის ცოდვის ბრალეულობა. ეს დოგმატური სწავლება ლაიტმოტივად გასდევს მთელ პატრისტიკულ შემოქმედებას და ის წმინდა მამების ერთიანი სწავლება გახლავთ. ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ სხვა ნაშრომებში. (პარიზის სკოლის კვალი თანამედროვე ღვთისმეტყველებაში. ადამის ცოდვა).

   სამწუხაროდ, XX-XXI ს.ს. მოდერნისტულ ღვთისმეტყველებაში თავი იჩინა ნახევრად პელაგიურმა ტენდენციებმა - მემკვიდრეობითი ცოდვა განიმარტება, როგორც მარტოოდენ „დაზიანებული ბუნება", ხოლო მემკვიდრეობითი ბრალეულობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება შეინიშნება.

   მართალია, ნახევრადპელაგიური შინაარსის მოსაზრებანი ავგუსტინეს პერიოდის საღვთისმეტყველო პოლემიკასაც ახასიათებდა, მაგრამ ის არ გასცდენია ძირითად დოგმატურ სწავლებას, არამედ კერძო შეხედულებად დარჩა. ბოლო დროს კი მოდერნისტულ თეოლოგიაში პელაგიურმა (ნახევრადპელაგიურმა) შეხედულებებმა პრინციპული სწავლების ხასიათი მიიღო. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლების (მეინდორფი, კალის უერი და სხვა) „ავტორიტეტზე" დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, პელაგიანობამ რეაბილიტაცია განიცადა და სახეცვლილი ფორმით მოგვევლინა ჩვენს დროში.

   კართაგენის (418 წ.) მსოფლიო მნიშვნელობის კრებისადმი ფარული უნდობლობა და საღვთისმეტყველო პოლემიკა უნათლავად გარდაცვლილი ჩვილების საკითხში გამოვლინდა. მათი (ჩვილების) პირველქმნილი (და არა პირად) მემკვიდრეობით ცოდვაში მყოფობა დაცემული ადამიანური ბუნების ატრიბუტად იქცა. სხვაგვარად ეს სასჯელი (ჩვილების შემთხვევაში მხოლოდ პირველქმნილი ცოდვით გამოწვეული) ბრალის არქონით იქნებოდა განპირობებული, რაც აბსურდული და გაუგებარია.

   ნეტარი ავგუსტინეს აზრით, პირველქმნილ ცოდვაში ყველა ადამიანის ბრალეულობას მოჰყვა ღვთის მიერ ადამიანის გადარჩენის აღქმა, რაც ახალი ადამის (ქრისტეს) მსხვერპლგაღების, გამოსიდვის შედეგად უნდა განხორციელებულიყო. ამიტომ ნახევრადპელაგიური სწავლება - („მემკვიდრეობითი ბრალეულობის უარყოფა") პირველქმნილი ცოდვის უარყოფაში გადადის. ეს უკვე თავად პელაგის ერესია და კართაგენის კრების ანათემას ექვემდებარება.

   „ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად.

   ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას, ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობას, საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი: „როგორც ერთი ადამინის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5. 12) - ეს უნდა გავიგოთ ისე, როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან" (ადამისაგან)".3

   ამრიგად: პირველქმნილ ცოდვაში ყველას ბრალეულობა რომ გვეეჭვება, რომ მზად ვართ ვაღიაროთ მარტოოდენ „ბუნების მემკვიდრეობითი დაზიანება", ეს არსებითად პელაგიური (ან ნახევრადპელაგიური) სწავლების აღიარების ტოლფასია. მსგავს დამოკიდებულებას მოსდევს დამახინჯებული გააზრება მთლიანად კართაგენის კრების კანონებისა, რომელშიც ჭეშმარიტად დაცულია ერთიანი მართლმადიდებლური სწავლება.

   ავგუსტინეული (იგივე კართაგენული) საღვთისმეტყველო ლოგიკის თანახმად, მაცხოვნებელია მხოლოდ მადლის მიერ განხორციელებული საქმეები. ე.ი. აღმოსავლური ტრადიციის თანახმად ტერმინ „ღმერთში" იგულისხმება „ქრისტეში" ყოფნა. ამიტომ უნათლავ ჩვილებს, თუმც არ გააჩნიათ არანაირი პირადი ცოდვა, მაგრამ რაკი არ მიეცათ მაცხოვნებელი მადლის მოქმედება, ვერ განდიდდებიან ღვთის წინაშე. ისინი არ ირიცხებიან მათ რიცხვში, ვისაც „ქრისტესნი" ეწოდებათ. ამ დროს ნათელღებულს, რომელმაც ნათლისღების შემდგომ ჩაიდინა მძიმე ცოდვები, სინანულის შედეგად ცხონების შესაძლებლობა ეძლევა. რატომაა „ასეთი უსამართლობა?" - აღშფოთებით იკითხავს პელაგიელი (მოდერნისტი) - იმიტომ, რომ მაცხოვნებელია მხოლოდ მადლმოსილი და არა მარტოოდენ ადამიანის ნებელობითი მოქმედებები. ამიტომ მხოლოდ ნათლისღების საიდუმლო, ვით ღვთის ზებუნებრივი მადლმოსილი მოქმედება, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ადამიანის ცხონებისათვის. გარდა ამისა: მათი ცხონებაც, ვინც ნათლისღების შემდგომ იღვაწა ეკლესიის წიაღში, შესაძლოა ასევე მხოლოდ მადლის, „ღვთის მოწყალების" (და არა პირადი დამსახურების) შედეგად.

   ამრიგად: ნათელღებულთა განსხვავება უნათლავთაგან, ვით „ქრისტეს საფუძვლის" მქონეთა - არმქონეთაგან, არაპრინციპული საკითხი აღმოჩნდა პელაგისათვის (მოდერნისტებისათვის) და მეტად პრინციპული - ავგუსტინესა და კართაგენისათვის, შესაბამისად, ეკლესიის სისავსისათვის.

   ამიტომ ბრძანებს წმ. წერილი: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5). (გაგრძელება...)







1 Блж. Августин. О различных вопросах к симплициану. Трактатх различных вопросах. М. 2005. С. 218.

2 Первородный грех по учению Блаженого Августина Иппоского. Кремлевский. А. С. П. с. 127

3 დიდი სჯულისკანონი. კართაგენის კრება. N110. გვ. 124.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება