მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პელაგიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პელაგიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


6-11-2024, 16:46

პელაგიანობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პელაგის ერესი რომში მე-5 საუკუნეში გავრცელდა. ის ასწავლიდა, რომ ადამიანისათვის შესაძლებელი იყო საკუთარი ძალებითა და დამოუკიდებელი მოღვაწეობით გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფილების მიღწევა. პელაგი უარყოფდა პირველქმნილ ცოდვას და, რომ სიკვდილი არის მისი შედეგი. ის არ აღიარებდა მადლის აუცილებლობას ცხონებისათვის. პელაგი მადლში ადამიანის გონივრული ნებისა და სამშვინველის თვისებების სრულყოფას მოიაზრებდა. მისთვის მადლი ქმნილი სათნოებაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მიეცა ადამიანის ბუნებას და ამიტომაც არის განუყრელი, მოუცილებელი ატრიბუტი ადამიანის ბუნებისა. პელაგიანობის ძირითადი არსი გახლავთ ის, რომ არანაირი დამატებითი მოქმედება ღვთისაგან ადამიანის ცხონებისათვის აღარაა საჭირო, ვინაიდან ღმერთს მადლმოსილი საშუალებები ბოძებული აქვს საკუთვრივ ადამიანის ბუნებისათვის. თავის ნაშრომში „ბუნების შესახებ" („О природе"), ასევე სხვა თხზულებებში, პელაგი საერთოდ არ საუბრობს ღვთის მადლზე, არამედ მას აიგივებს ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის მიერ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების უნართან.

   პელაგი ამბობდა: „ვერანაირი ნება ვერ წაგვართმევს იმას, რაც შთანერგილია ადამიანში, ეს მისი განუყრელი ბუნებაა". („О природе"). მაგრამ მაშინ რას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები: „რაითა არა რაი-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ" (გალ. 5. 17); „რამეთუ რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (რომ. 7. 15).

   სად ჩანს აქ ადამიანის ის შესაძლებლობები, რომლებიც განუყრელია მის ბუნებასთან? ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ სურს. პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან ირკვევა საპირისპირო აზრი: დაცემის შემდეგ კაცობრივ ბუნებასთვის განუყრელია ცოდვითი მდგომარეობა, მას საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია არ სცოდოს.

   ასე რომ, პრინციპული ამ საკითხის შეფასებაში გახლავთ შემდეგი: 

   პელაგი უარყოფდა პირველქმნილი ცოდვის ზემოქმედებას ადამიანის ბუნებაზე (გონება, ნება). ეს კი სრულიად შეუთავსებელია მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან, ვინაიდან: თუკი ცოდვის ძალა, გნებავთ მცირე, გადაილახება ადამიანის ძალისმევით, მაშინ გამოსყიდვისა და მადლის საჭიროება ქრება. ამიტომ გაილაშქრა ამ ერესის წინააღმდეგ ნეტარმა ავგუსტინემ, პელაგიანობის მამხილებელი. მისი ღვთისმეტყველება საფუძვლად დაედო კართაგენის (418 წ.) ავტორიტეტული კრების განსაზღვრებებს (110-116 კანონები), ხოლო კართაგენის დოგმატი დადასტურებული იქნა III მს. კრების 1 კანონში.

   „ღვთის მადლი არა მარტო ცოდვების მიტევებას მოგვმადლებს, არამედ იმაშიაც გვეხმარება, რომ აღარ შევცოდოთ.

   ასევე საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი: ვინც იტყვის, რომ ღვთის მადლს, რომლითაც გავმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ წარსული ცოდვების მიტევება შეუძლია და არ მოგვმადლის დახმარებას, რათა აღარ შევცოდოთ შემდეგაც, შეჩვენებულ იყოს" (კართაგენის 111 კანონი).

   ამრიგად, არა მხოლოდ საქმეების, არამედ ყოველი კეთილი ზრახვის საწყისი არის ღმერთის (ღვთის მადლი), რომელიც იმთავითვე შთაგვაგონებს კეთილ ნებას და გვაძლევს ძალას, შესაძლებლობას იმის კეთებისა, რასაც მართებულად ვისურვებთ.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება