მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ეკლესიის უცდომელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მართლმადიდებელი ეკლესიის უცდომელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-11-2023, 20:34

მართლმადიდებელი ეკლესიის უცდომელობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ჩვენ ვამბობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უცდომელია. ის არის სხეული ქრისტესი. „და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიათა" (ეფ. 1.22). წმიდა მამები ამბობენ: ეკლესიის უცდომელობა არის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, ნიშანი კათოლიკე (მსოფლიო, საყოველთაო) სარწმუნოებისა. მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია მყარად იცავს თავის სწავლებას, რომ სწორედ ის (ეკლესია) ფლობს ჭეშმარიტ გამოცხადებას, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გადასცა თავის მოწაფეებს, ხოლო მათ - მთელ ეკლესიას.

   ამ გამოცხადების თანახმად, ეკლესია უცდომლად ასწავლის ყოველივეს ადამიანთა ხსნისათვის. ეკლესია არ შეიძლება შეცდეს ან ჩავარდეს ერესში, ვინაიდან მისი თავი თვით ღმერთკაცია - იესო ქრისტე, ხოლო წყარო, რომლისგანაც ეკლესია იხვეჭს თავის უცდომელობას, სულიწმიდაა: „ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა" (იონ. 16.13).

   ბერძენი ღვთისმეტყველი პონაიოტის ბუმისი ამას შემდეგნაირად განგვიმარტავს: „რადგან ეკლესია არის ქრისტეს სხეული. (ეფ. 5.23; კოლ. 1.8). ეს  ნიშნავს, რომ სხეულს, ეკლესიის ამ ორგანიზმს, ჰყავს თავი - ქრისტე და თუკი ქრისტე, როგორც ღმერთი, უცდომელია, გამოდის, რომ ეკლესიაც, როგორც ერთი მთლიანობა, უცდომელობის მატარებელია, უცდომელია. მაშასადამე, დღეს დედამიწაზე და მთელ მსოფლიოში უცდომელ კანონმდებლად, მასწავლებლად და მსაჯულად გვევლინება ეკლესია - ერთი, წმიდა, კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის ეს ღმერთკაცობრივი სხეული. ამრიგად, როდესაც ეკლესია ლაპარაკობს, როგორც ერთი მთლიანობა, იგი უცდომელია".1

   სხვა ბერძენი ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი კირილე კოსტოპულოსი დასძენს: „მართლმადიდებელი ეკლესია სიტყვითაც და საქმითაც აღიარებს მსოფლიო კრებების უცდომელობას რაც დადასტურებულია წმინდა წერილითა და წმინდა გადმოცემით. მათ (მს. კრებებს) ემორჩილება ყველა ადგილობრივი ეკლესია, პატრიარქები და სხვა ეპისკოპოსები. თავად მოციქულებიც, პეტრეს ჩათვლით, ემორჩილებოდნენ მოციქულთა კრებას იმიტომ, რომ არ არსებობს ინდივიდულაური (კერძო) უცდომელობა".2

   თავის უცდომელ სწავლებას ეკლესია გამოხატავს მსოფლიო და იმ ადგილობრივი საეკლესიო კრებების მეშვეობით, რომლებსაც მიენიჭათ მსოფლიო მნიშვნელობა VI და VII მსოფლიო კრებების მიერ აღიარების შედეგად.

   პირველი საუკუნიდანვე ჩვენი წმიდა ეკლესია ხელმძღვანელობს კრებითობით და კრებითობის გზით წყვეტს თავის დოგმატურ თუ ადმინისტრაციულ საკითხებს. „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩუენცა" (საქმე 15.28) - გვაუწყებს მოციქულთა კრება. ეს სიტყვები კარგად გამოხატავს მსოფლიო კრებების უცდომელობას. მსოფლიო კრებების დადგენილებები მიიღება მთელი ეკლესიის თანხმობით, სისავსით ანუ მთლიანი ეკლესიის სწავლების შესაბამისად.

   ახალმოწამე მ. ნოვესელოვი ამბობს: „ეკლესია თავისი სისავსით აღასრულებს უწყვეტ სწავლებას... მას მართავს უზენაესი გონი, თავად სულიწმიდა, რომელიც იცავს მას ყოველგვარი სენისაგან, რისგანაც არც ერთი ჩვენგანი, ცალკე აღებული, და თვით კრებაც კი, არ არის დაზღვეული, რადგან უცდომელობა არის არა კრების, არამედ ქრისტეს მთელი ეკლესიის კუთვნილება. ეს უცდომელობა თავის თავს ადასტურებს კრებაზე. ყოველი ჩვენგანი იმდენად ფლობს ჭეშმარიტებას, რამდენადაც მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში. ეს მონაწილეობა კი მიიღწევა... საკუთარ აზრზე მაღლა ეკლესიის სხეულთან თანხმობის დაყენებით".3

   ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ ეკლესიის კრებითობით ვლინ-დება ჭეშმარიტება: მთელი ეკლესიის კუთვნილებაა უცდომელობა, რომელიც მსოფლიო კრებების მეშვეობით დადასტურდა.

   დედაეკლესიას გააჩნია უცდომელი კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ, და ვმოქმედებდეთ. ეს უცდომელი კრიტერიუმები უპირველესად არის: წმიდა წერილი - (ძველი და ახალი აღთქმის) წიგნები; მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი (სარწმუნოების განსაზღვრებანი, დოგმატები და კანონები), რომლებიც წმიდა მამებმა დაგვიმტკიცეს.

   სწორედ ეს უცდომელი კრიტერიუმები შეადგენენ ნამდვილ საეკლესიო გადმოცემას. „ეს გადმოცემა არის ეკლესიის მთელ სისავსეში და არა მის რომელიმე ნაწილში. არცერთ დანარჩენ გადმოცემას არა აქვს უფლება ერქვას საეკლესიო (უცდომელი) გადმოცმა, მანამ, სანამ არ იქნება მოწონებული და დამტკიცებული მთელი ეკლესიის მიერ".(გაგრძელება...)

   


1П. Бумис. „Непогрешимость Православия." М. 2001. გვ. 11.

2Арх. Кирил Костопулос. „Папств – это ересь" 1996. გვ. 

3М. А. Новоселов. „Письма к друзьям". M. 1994. გვ. 136.

4П. Бумис. „Непогрешимость Православия." М. 2001. გვ. 13.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება