მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მამებისეული მიდგომა და „კონსტრუქციული გაურკვევლობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მამებისეული მიდგომა და „კონსტრუქციული გაურკვევლობა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე6-03-2023, 16:13 |
მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ოფიციალური საღვთისმეტყველო დოკუმენტების უმრავლესობას აშკარად დაეტყო მამებისეული, მსოფლიო და ავტორიტეტულ ადგილობრივ კრებათა სულისკვეთებისაგან ეტაპობრივი დაშორება. თუკი წმ. მამათა დოგმატურ განსაზღვრებებში ტექსტი არის მკაფიო, ღვთისმეტყველურად გამართული, სარწმუნოებრივად უკომპრომისო და ყველა ერეტიკულ სწავლებას თავისი სახელი ჰქვია, მოდერნისტულ-ეკუმენისტურ საღვთისმეტყველო ტექსტებში საპირისპირო მოვლენის მომსწრენი ვხდებით. რა თქმა უნდა, ისეთი საკითხების განხილვისას, როგორიცაა ეკლესია, მისი წევრობა, ერესი, ეკლესიის დამოკიდებულება მწვალებლებთან და ა.შ., დაუშვებელია ორაზროვნება და ბუნდოვანება. არადა სწორედ ამ პრობლემას ვაწყდებით ბოლოდროინდელ საღვთისმეტყველო განსაზღვრებებში. საქმე ისაა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან დაშორებულ საზოგადოებას, არამარტო რელიგიური, იდეოლოგიური, არამედ პოლიტიკური ნიშნითაც აქვს ერთი და იგივე პრობლემა, გნოსტიკური (რელიგიურ-იდეოლოგიური აღრევის) ნიშან-თვისება. როგორც პოლიტიკური მოლაპარაკებების, ისე რელიგიათაშორისი დიალოგის დროს რთული კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების მიზნით არა ჭეშმარიტი ორიენტირის, არამედ რაიმენაირად გამოსავალის მოძიებაა პრიორიტეტი. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიის ავტორი გახლავთ ჰ. კესინჯერი, რომელმაც დიპლომატიაში „კონსტრუქციული გაურკვევლობის" (ინგლ. „Constructive ambiguity”, რუსულად „Конструктивная неопределенность") ცნება შემოიღო. მისი თეზის თანახმად, დელიკატურ საკითხებზე საუბრისას, მიზნის მისაღწევად წინასწარგანსაზღვრული ორაზროვანი ტერმინებით გამოიყენება. ამგვარი მიდგომა ერთი მხრივ ხელსაყრელია, რათა: 1) შეინიღბოს უუნარობა სადავო საკითხის გადაჭრის პროცესში; 2) ცალკეულმა მხარეებმა კომპრომისების გზით გარკვეული სარგებელი მოიპოვონ მოლაპარაკებებში. მსგავსი დამოკიდებულება ტოვებს იმედს, რომ გადაუჭრელი საკითხის გადავადების შემთხვევაში მხარეებს შორის არ შეიქმნება რაიმენაირი დისკომფორტი. ამასთან, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაღწიონ პროგრესს სხვა საკითხებთან მიმართებაში. თუკი მეორეხარისხოვანი საკითხების გადაწყვეტის გზებზე შეთანხმდნენ, გადაუჭრელ საკითხსაც, შესაძლოა დაუბრუნდნენ მომავალში. ამგვარი მიდგომა, უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე მკაფიო ტერმინებით საკითხის განხილვა, რაც ისტორიკოსების განსჯის თემად დარჩება.1 ამრიგად, პოსტმოდერნისტულ სამყაროში „მკაფიო ტერმინებზე უარის თქმა", როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური უთანხმოებების გადაჭრის მიზნით ხელსაყრელი მეთოდია. ეკუმენისტურ მოძრაობაშიც ხომ ანალოგიური მიდგომებია თვალშისაცემი. ყველა მონაწილე მხარემ შესანიშნავად უწყის, რომ შეთანხმების მიღწევა მკაფიო დოგმატურ განსაზღვრებათა მიხედვით შეუძლებელია! რატომ? იმიტომ რომ, მსოფლიო კრებებზე ეს საკითხები უმკაცრესადაა განსაზღვრული. სწორედ ამიტომაა მათთვის ხელსაყრელი ქრისტიანული კონფესიების „დოგმატური მინიმალიზმის" პრინციპით გაერთიანება. ეს კი „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" მხრიდან კომპრომისებს მოითხოვს, რაც არსებითად მართლმადიდებლობის ღალატს ნიშნავს. ორთოდოქსული ცნობიერების მქონე ეკლესიის წევრებში ეს ფაქტი სერიოზულ შეშფოთებასა და პროტესტს იწვევს. ამიტომ ეკუმენისტები იძულებულები ხდებიან თან დამალონ, ორაზროვანი ტერმინებით შენიღბონ საკუთარი შეხედულება, თან გაავრცელონ ის, როგორც კი ხელსაყრელი მომენტი ჩაუვარდებათ ხელში. სახარებისეული მცნებაა: „იყავნ სიტყუა თქუენი ჰე ჰე და არაჲ არა, ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს" (მათ. 5. 37). ისმის კითხვა: „მართლმადიდებელი ეკუმენისტების" მიერ ორაზროვანი ტერმინებით საუბარი ვისგან არს?!
1 Academic. com. Constructive ambiguity.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |