მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 27 იანვარი (ახ.სტ.) - ხსენება წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისა (IV)
27 იანვარი (ახ.სტ.) - ხსენება წმიდისა დედისა ჩვენისა და მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი, ქართველთა განმანათლებელისა (IV)26-01-2024, 15:49 |
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხდა ქრისტეს კვართი საქართველოში. წმიდა ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი". ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: "როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?" ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: "მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა". გამოღვიძებულ ნინოს, მართლაც, ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა. იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემამეცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ". რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწ და საძაგელ კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლიტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: "მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში".
თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა ორმოცდაათ ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა "მცხეთას წარმართთა ქადაგებისა", თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წამებით მიაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანსაცემად წასულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში. წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა სთხოვეს. "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა", - უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: "ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა". მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა. წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.
ქართველი ერი და ღვაწლი წმინდა ნინოსი
ამ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვდომილს ქვეყანას ღვთისმშობლისავე ლოცვით და კურთხევით მოევლინა ზეგარდამო შთაგონებული წმინდა ქალწული, გადმოლახა თავის უძლურის ფეხითა მთანი და კლდენი, მოვიდა იქ, „სადაცა ღმერთნი ღმერთობდნენ და მეფენი მეფობდნენ", პირქვე დაამხო სალოცავნი კერპთმსახურებისანი და მათს ადგილას აღმართა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი პატიოსანი. ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ეკლის გვირგვინია, მაგრამ თვალმარგალიტით მორთულს გვირგვინს რითი ჩამორჩება? გვირგვინი წამებისა ჭეშმარიტებისათვის, კაცთმოყვარებისათვის, გვირგვინი წამებისა მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა ნუგეშისათვის, გვირგვინი წამებისა ერთმანეთის ძმურად და სიყვარულით განკითხვისათვის. მშიერთა, მწყურვალთა, სნეულთა, საპყართა და პატიმართა შველისა და ხსნისათვის, ობოლთა, ქვრივთა, უპატრონოთა შეწყნარებისათვის, ნუთუ ყოველივე ეს იგივ თვალ-მარგალიტები და უკეთესნიც არ არიან? დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივე დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს. ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდა-ნებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა. ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დი-დებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა. ამ სამართლიან ქება-დიდებისათვის სხვა უკეთესს დღეს ვერ ამოირჩევს ქართველი, თუ არ დღეს, ჩვენის განმანათლების სახსოვრად დაწესებულს. მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა რა რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაცკი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავისდღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა – რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის. ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორცშეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს. აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული – მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა. ამ სამთა უწმინდესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა ის მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ნიჭი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუკი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა. ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა, და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავმოწონებაც და ჯილდოც მოღვაწისა. ამ სახით, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა. ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავისთავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდდღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთასწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |