მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ანტიმოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > რას ნიშნავს იყო ანტიმოდერნისტი? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რას ნიშნავს იყო ანტიმოდერნისტი? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-01-2023, 12:50

რას ნიშნავს იყო ანტიმოდერნისტი? - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიმოდერნიზმი (ბერძ. anti - წინააღმდეგ, modernism - მოდერნიზმი, განმაახლებლობა) არ გახლავთ ცალკეული რელიგიური დენომინაცია, არც რაიმე მიმართულება მართლმადიდებლობის წიაღში. ის არც მოღვაწეობის რაიმე განსაკუთრებული სახეა. ის არის მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც მოდერნიზმს თავის სახელს არქმევს - ურწმუნოების (ცრურწმენის) კვალიფიკაციას ანიჭებს. ე.ი. ეს არის ერთგვარი რეაგირება მოდერნისტთა მცდელობის წინააღმდეგ, რომლებმაც მართლმადიდებლობის შინაგანი სახეცვლილება განიზრახეს.

   მართლმადიდებლური ანტიმოდერნიზმი იდეური და ქმედითი წინააღმდეგობის გაწევაა მოდერნიზმისთვის. იდეური წინააღმდეგობა გულისხმობს: საღვთისმეტყველო სფეროში - მხილებას, ერეტიკულ შეხედულებათა გაბათილებას, „მოდერნისტული ფილსოფიის" შეუმდგარობის გამოაშკარავებას, ვინაიდან ღვთისმეტყველებაშიც და ფილოსოფიაშიც ის ადოგმატური სულით გამოირჩევა.

   ქმედითი წინააღმდეგობა გულისხმობს: მოდერნისტული ამორალიზმის, ცრუმისტიციზმის, განმაახლებლური რეფორმების ზნეობრივი თვალსაზრისით მხილებას.

   მოდერნიზმი სიცრუეა „მართლმადიდებლობით" შეფუთული. პასუხი სიცრუეზე მხოლოდ ჭეშმარიტების აღიარებაშია. მართლაც, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ ანტიმოდერნისტები, როდესაც ვაღიარებთ ეკლესიაში დაცული ჭეშმარიტების სრულყოფილებასა და უცვალებლობას და უარვყოფთ ნებისმიერ (შინაარსობრივ) ცვალებადობას ეკლესიაში ამასოფელთან შეხმატკბილებული ყოფნის გამო.

   მნიშვნელოვანია, როგორც შეგნებულმა ქრისტიანებმა, ჩვენი ანტიმოდერნიზმიც პირუთვნელად შევაფასოთ, თუ საჭიროა, კრიტიკის ქარცეცხლშიც გავატაროთ. სწორედ ამით დასტურდება, რომ ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი თავის კრიტიკასაც გულისხმობს. ნუ დაგვავიწყდება მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) სიტყვები: „ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლებოდა გამხდარიყო იუდა". ამიტომ ჩვენ პიროვნულად განვსჯით ეკლესიის მტრებს (მოდერნისტებს) და მათ როლს ეკლესიაში, მაგრამ არ გვავიწყდება, რომ თავადაც განვისჯებით მართლმსაჯულის მიერ.

   ძნელია ვერ შეამჩნიო, რომ მართლმადიდებლობის (რწმენის, ზნეობის) ღალატი დაუსჯელად მიმდინარეობს, მეტიც: ხშირად წახალისებულიც კია ეკლესიაში. თავად მოდერნისტები არ გვაძლევენ ამაზე თვალის დახუჭვის საშუალებას. თავიანთი „დაუსჯელობით" მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღშივე ქმნიან ერთგვარ „პარალელურ" ეკლესიას თავიანთი „ახალი მამებითა" და „ახალი ღვთისმეტყველებით".

   ამიტომ ანტიმოდერნიზმის მიზანია დავინახოთ და შეძლებისამებრ სხვასაც დავანახოთ:

   1) ეკლესიაში, როგორც ორგანიზაციაში (და არა როგორც ორგანიზმში) დომინირებენ მოდერნისტები.

   2) ანტიმოდერნისტი აღიარებს: მართლმადიდებლობა არის სრულყოფილი და სისავსის მქონე ჭეშმარიტება.

   მართლმადიდებლობა განცხადებული ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხილულ ეკლესიაში ვერ დაიმკვიდრებენ ადგილს მოდერნისტები.

   ანტიმოდერნიზმის ამოცანაა უკუაგდოს, გამოააშკარავოს ყოველგვარი მოდური ღვთისმეტყველება (დასავლური თუ აღმოსავლური) და ბოლო 150 წლის მანძილზე გაჩენილი ყველა ფსევდოფილოსოფიური ნაკადი, რომელიც ღვთისმეტყველებაში პრეტენზიულად შემოიჭრა. აქ დაუშვებელია შერჩევითობა: შეუძლებელია „შეინარჩუნო" მიტროპოლიტი ი. ვლახოსი და უარყო მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი. შესაძლოა ისინი ვერ თანხმდებიან იდეურად ერთმანეთში და აკრიტიკებენ კიდეც ურთიერთს, მაგრამ ერთი მოდერნისტული (მემარჯვენე) ფრთის მტკიცებულება და დასკვნა ვერ გამოდგება ეკლესიის სწავლების თვალსაზრისით მეორე (მემარცხენე) მოდერნისტული მხარისაგან დასაცავად, რატომ? იმიტომ რომ, ყველა მათგანი შენიღბულია „მართლმადიდებლობით" და ყველა მათგანს (მოდერნისტულ მიმართულებას) სათანადო შეფასება უნდა მიეცეს ეკლესიის სისავსის მიერ.

   მართლაც, თუკი მოდერნისტულ ცრუსწავლებებს საყოველთაო ხასიათის პრობლემად ვსახავთ, მაშინ მისი განსჯა მხოლოდ უმაღლეს კანონიკურ ორგანოს - მსოფლიო კრებას ხელეწიფება. მაგრამ როგორ? საკითხავი ეს უთუოდ არის, რადგან თავად „წმინდა და დიდი კრების" პრეტენზიის მქონე კრებამ (კრეტა 2016 წ.), დოკუმენტის სახით თავად შემოგვთავაზა მოდერნისტულ-ეკუმენისტური განსაზღვრებები.

   ასე რომ, მოდერნიზმი გლობალური პრობლემაა და მას, ადრე თუ გვიან, სათანადო გლობალური პასუხიც უნდა გაეცეს. სანამ ეს მოხდება, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ეკლესიის წევრი პასუხს აგებს ეკლესიის წინაშე, რომელიც ეკლესიის ჭეშმარიტების დაცვას გულისხმობს.

   არსებითად, მოდერნიზმი უკვე დამარცხებულია მართლმადიდებლური აღმსარებლობის წინაშე, იმიტომ რომ, რასაც წმინდა მამებისეულ სწავლებას, „კონსესუს პატრუმს" ვუწოდებთ, ეკლესიის სისავსის მიერ სულიწმინდით დადასტურებული დოგმატური ჭეშმარიტებაა, რომელიც ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმშია დაცული. ჩვენი ამოცანა და მოვალეობაა ამ განცხადებულ ჭეშმარიტებაში ყოფნა და განღმრთობა.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება