მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მოდერნიზმი, მთავარი გვედის ფოტო > „პარიზის სკოლა“ - მოდერნიზმის აკვანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„პარიზის სკოლა“ - მოდერნიზმის აკვანი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


28-12-2022, 09:00

 

   ე.წ. „პარიზის სკოლის" ღვთისმეტყველებასა და წარმომადგენლობაში ვგულისხმობთ იმ რუს (არა მხოლოდ) თეოლოგებს, ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს, რომლებიც ემიგრაციის შედეგად გადასახლდნენ ევროპაში. მათ პარიზში დააარსეს ღირსი სერგი რადონეჟელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რომელიც შემდგომ „პარიზის სკოლის" სახელწოდებით გახდა ცნობილი.

   სწორედ ამ „სკოლის" წარმომადგენლებმა გამართეს დიალოგი დასავლეთის სხვადასხვა რელიგიურ (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი) - ფილოსოფიურ (გერმანული იდეალიზმი) მიმდინარეობებთან, რასაც შედეგად მოჰყვა „სინთეზური ღვთისმეტყველება". ეს გახლავთ მართლმადიდებლობასთან ნაზავ ცრუსწავლებათა ერთობლიობა, რამაც მოგვიანებით სხვადასხვა მოდერნისტული მიმართულებების სახით იჩინა თავი.

   „პარიზის სკოლის" წარმომადგენლები უკიდურესი ავტონომიზმით გამოირჩევიან - აქ ცენტრალური ადგილი „საკუთარ" შემოქმედებას, სამყაროს შემოქმედებით აღქმას, გამოცდილებას უკავია. ამ თეოლოგთა რელიგიურ-ფილოსოფიური, „მეცნიერული მიდგომები", „საღვთისმეტყველო" ნაშრომების ანალიზი ცხადყოფს მათ ანტიეკლეიურობას, მოდერნისტულ-ეკუმენისტური, გნოსტიკური თუ ოკულტური მსოფლმხედველობების ნიშნებს.

   ამიტომ, ტერმინში „პარიზის ღვთისმეტყველება", „პარიზის სკოლა" უნდა მოვიაზროთ პიროვნებათა რთული კონგლომერატი, ერთგვარი გონივრულ-ფილოსოფიური აზროვნება, რაც ნელ-ნელა შორდება ეკლესიის წმინდა მამათა ღვთისმეტყველების პრინციპს.

   ეს, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსყიდვის დოგმატის დამახინჯებით (თუ მთლიანად უგულებელყოფით არა) გამოავლინეს. თავად დოგმატს „იურიდიზმი" უწოდეს, ხოლო ალტერნატიულ ვარიანტებად „ზნეობრივი" და „ორგანული" გამოსყიდვის დოგმატები, უფრო სწორად, ადოგმატიზმი შემოგვთავაზეს.

   სრულიად აშკარაა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების რევიზია, წმინდა წერილისა და წმინდა გარდამოცემის ახლებური ხედვა.

   „პარიზის სკოლის" მიერ 1997 წ. გამოცემულ „მართლმადიდებლურ კატეხიზმოში" ვკითხულობთ:

   „პირდაპირ უნდა ითქვას: მარადიული ჯოჯოხეთის იდეა, მარადიული ტანჯვა ერთისთვის, სხვისი ტანჯვისადმი გულგრილი მარადიული ნეტარება მეორესთვის, აღარ შეიძლება ქრისტიანულ ცნობიერებაში კვლავ დარჩეს ასეთი სახით, როგორადაც ოდესღაც აირჩია ჩვენმა კატეხიზმომ ოფიციალურ საღვთისმეტყველო წიგნებში. ეს მოძველებული გაგებაა. დიდი ხანია, მოვიდა დრო ბოლო მოეღოს გასული საუკუნეების ამ შემზარავ მტკიცებულებას. „შეშინების პედაგოგიკა" უკვე აღარაა ეფექტური, ის ხელშემშლელია ეკლესიაში მოსვლის მსურველთა უამრავი ერისათვის, რომლებიც ეძებენ სიყვარულის ღმერთს".1 აღნიშნული სწავლება პირდაპირ ექვემდებარება V მსოფლიო კრების მე-11 კანონის ანათემას.

   მთლიანობაში „პარიზის ღვთისმეტყველებას" უკიდურესი ორაზროვნება და ბუნდოვანება ახასიათებს. ორაზროვნება ამ „სკოლის" საფირმო ნიშანია, რაც ხელს აძლევს მათ „კლასიკური", „აკადემიური" მეთოდებით განავრცონ თავიანთი ცრუსწავლებები და მსოფლმხედველობა.

   ცხადია, „პარიზელები" მკითხველს მხოლოდ ერესს რომ უქადაგებდნენ, მაშინ მათი წიგნები უარყოფილი იქნებოდა მართლმადიდებელი საზოგადოების მიერ. მაგრამ ერეტიკული იდეები აქ, როგორც წესი, ოსტატურადაა შენიღბული წმინდა მამებისა და წერილის ტექსტების არაკორექტული გამოყენებით. ვგულისხმობთ შინაარსის მიზანიმართულ დამახინჯებას. კონტექსტიდან ამოვარდნილი ამონარიდის სათავისოდ წარმოჩენასა და ინტერპრეტირებას. როდესაც 10% სიცრუეზე 90% სიმართლე მოდის (უკეთეს შემთხვევაში), ამ ვითარებაში სიცრუე კარგად ვრცელდება. ანტიმოდერნიზმის ამოცანაა გამოავლინოს „სინთეზის" შედეგად „მართლმადიდებლობად" გასაღებული უკვე „100" ცრუსწავლება.

   საქმე ისაა, რომ მოდერნიზმის სენი, ზედაპირული შეფასებით, არ არის ერესი. ამიტომ მისი უტიფრობა იოლად გადაეცემა იმ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მისგან დამცავი იმუნიტეტი, როგორც მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) იტყოდა „გემო", „არომატი" მართლმადიდებლობისა.

   ამ ნიშნით, „პარიზის სკოლის" მოდერნისტულ-ეკუმენისტური „აპოლოგია", სულაც არ არის ღვთისმეტყველება, ღვთის სიტყვა, არამედ „ადამიანური შემოქმედების" ნაყოფია. სწორედ „ახალი მამების" (შმემანის, სუროჟელის, მეინდორფის, ვლახოსის, ზიზიულასის და ა.შ.) მიერ ჭეშმარიტი მამებისეული სწავლების ახლებურად შემოთავაზებულმა ვარიაციებმა წარმოშვა უამრავი მოდერნისტული მიმართულება. ამ დანაშაულში კი ლომის წილი სწორედ „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებსა და მათ სულიერ მემკვიდრეებს უდევთ. (გაგრძელება...)




1 "Православный катахизис 1997 г.”. Парижский Богословский Институт.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება