მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ამასოფლის მისტიციზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ამასოფლის მისტიციზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე26-12-2022, 12:26 |
XX ს-ის ცნობილმა მორალისტმა ერიხ ფოგელენმა „ამასოფლის მისტიციზმის" ცნება შემოიღო. ეს ფენომენი ნათელს ჰფენს მოდერნიზმის არსს: ჭეშმარიტი სარწმუნოების იდეოლოგიით ჩანაცვლებას. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა შეუთავსებელია იდეოლოგიასთან და მტრულადაა მისდამი განწყობილი. საქმე ისაა, რომ ქრისტიანობის მიზანი არ არის ამქვეყნიური კეთილდღეობის მოპოვება. მისი მიზანი ისტორიულ საზღვრებს მიღმაა, ღვთისაგან შექმნილი მარადიული ნეტარების დამკვიდრებაშია. როდესაც ადამიანი და მასთან ერთად საზოგადოება კარგავს ამ რწმენას, მას რჩება მარტოოდენ მისწრაფება და შემართება, რადგან მიზანს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების ფარგლებში ხედავს. ამიტომ მხოლოდ ამქვეყნიურს აღმერთებს, თავად სამყაროს არაბუნებრიობასა და სასწაულებრიობაზე აქვს ყურადღება გამახვილებული და არა თვით ღვთის სასუფეველსა და მარადიულობაზე, სადაც, მაგალითად, „ღმერთკაცი ღმერთკაცობრიობას ნიშნავს" (ვ. სოლოვიოვი). სწორედ ეს გახლავთ მოდერნიზმის „ამსოფლიური მისტიციზმი". თავისებური მისტიკურობით გამოირჩევა მოდერნისტების გნოსტიკური „რწმენა", აქ მხოლოდ ადამიანისთვის არის ადგილი. „სულიერება", „რელიგიურობა", „სარწმუნოება" მხოლოდ ამქვეყნიური შინაარსისაა: „სრული ადამიანი, ღვთისა და სამყაროს მსახურებით განწმენდილი და კურთხეულია, ის მთელი სისავსით ღვთის ტაძარი უნდა გახდეს" (ა. შმემანი. 1983 წ. დღიურები). ასე რომ, მოდერნიზმი გულისხმობს, მოერგო საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმის რევოლუციურ ცვლილებებს. მისი საბოლოო მიზანია შეაგუოს საზოგადოება იმ აზრს, რომ „სასუფეველი ღვთისა დედამიწაზეა". მოდერნიზმის მსოფლმხედველობაში ჭეშმარიტება უნივერსალური ამქვეყნიური რწმენითაა ჩანაცვლებული. აშკარაა პროფანაცია: მიწიერი ცხადდება სულიერად და მისტიკურად, ხოლო სულიერი - ამქვეყნიურად. ხდება შეურწყმელის შერწყმა, რაკი ამქვეყნიური და მარადიული ერთ მასად წარმოჩნდება და ცნება „წმინდა" ამქვეყნიური გაგებით იფარგლება. შედეგად, „ამასოფლის მისტიციზმი" ადამიანს აბრუებს მიწიერით. იგი ქმნის „მეორე რეალობას", „პარალელურ ეკლესიას". სინამდვილეში ეს არის უტოპიური, დემონური სამყარო, რომელიც გაკერპებულმა ადამიანმა შექმნა „ავტონომიური შემოქმედებით". ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის რეალური სამყარო, ვინაიდან ღმერთთან კავშირი დაკარგულია, ეს არ არის ღვთის წესრიგი, ვინაიდან მათ აღიზიანებთ ის, ვით „იურიდიზმით" შეზღუდულობა. ამ ნიშნით, მოდერნიზმი წარმოგვიდგება ვით ტოტალურად „მაგიური" სამყარო, ხოლო ადამიანი უმაღლეს „ქურუმად" მოჩანს ამ სამყაროში. ამიტომ „ამასოფლის მისტიციზმის" მიხედვით მოდერნისტებს შეუძლიათ ბევრი ილაპარაკონ „ღვთისმეტყველებაზე", დროის მისტიკურობაზე, მაგრამ ვერ ისაუბრებენ მარადიულობაზე (მათთან ეს მხოლოდ ფრაზებია, სხვა შინაარსით მოცული). მოდერნიზმისთვის (მოდერნისტებისთვის) არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) აზრით, „მთელი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება სახარებისეული სწავლების გვიანდელი დანართია მხოლოდ, ძირითადი და უმთავრესი კი სიკეთე, სიყვარული და მოწყალებაა, ხოლო დანარჩენს საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა. ჩნდება იმის რეალური საშიშროება, რომ მთელ მსოფლიოში აპირებენ შექმნან ახალი მოდერნისტული ქრისტიანობა. მასში თავად ქრისტე წარმოდგენილი იქნება არა როგორც მხსნელი სოფლისა, არამედ როგორც ზნეობის მასწავლებელი, ვინც გოლგოთის მსხვერპლით ადამიანის ცოდვები კი არ გამოისყიდა, არამედ მხოლოდ თავდადების მაგალითი გვიჩვენა. ამ გზით სურთ მოაცალონ ქრისტიანობას თავისი ისტორიული ფესვები, გაანადგურონ მისი მისტიკური სიღრმე, მეტიც: მთავარი მიზანი - ღმერთთან ურთიერთობის ნაცვლად დასახონ სხვა - ადამიანებისათვის მსახურების, სინამდვილეში - ადამიანთა ვნებების მსახურების მიზანი".1 „ამასოფლის მისტიციზმმა" მოწყვიტა ადამიანი ერთადერთ სულიერ დასაყრდენს - ღმერთს. მას არ შეუძლია ირწმუნოს ისეთი ღმერთი, რომელიც ზღუდავს მის „შემოქმედებით" უნარებს. ამიტომ მოდერნისტი იძულებულია ითამაშოს მართლმორწმუნე ადამიანის როლი. ამ თვალსაზრისით ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან: გრძნობენ აუცილებლობას, რომ დამალონ და ამავდროულად განაცხადონ თავიანთი სწავლება. ერთი მხრივ, მათ უნდათ შენიღბონ თავიანთი ცრუსწავლება, რათა ეკლესიის კანონებით არ ამხილონ, თუმცა ამოძრავებთ სურვილი, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები. მოდერნიზმს, როგორც ნებისმიერ იდეოლოგიას, აქვს ორი მხარე: 1) ის ვალდებულებას გრძნობს, იქადაგოს ურწმუნოება, საკუთარი განმაახლებლური შეხედულება. 2) ამავე დროს, შენიღბოს, დამალოს ის, პირველ ეტაპზე მხოლოდ „თავისიანებს" გაუმხილოს, გაუზიაროს და დაელოდოს ხელსაყრელ ვითარებას სრული უფლებამოსილების დასაუფლებლად. ასე რომ, მოდერნისტები არ ფიქრობენ მართლმადიდებლურად, ფანატიკოსებად მიიჩნევენ დოგმატური განსაზღვრებებით აპელირებას, მაგრამ ეკლესიის მხრიდან სამართლიანი მხილების თავიდან აცილების მიზნით მალავენ ნამდვილ სახეს და ფარულად ლამობენ საკუთარი ცრუ შეხედულებების დამკვიდრებას. ამის გამოაშკარავება კი ყველა ანტიმოდერნისტის მოვალეობაა. (გაგრძელება...)
1 ციტ. „მართლმადიდებლობა და მოდერნიზმი". 2006 წ. გვ. 53.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |