მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > დედაეკლესიაში დაბრუნების ხარისხები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
დედაეკლესიაში დაბრუნების ხარისხები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე21-12-2022, 09:45 |
დედაეკლესიის მიღმა მყოფ კონფესიებთან დამოკიდებულება რთული ეკლესიოლოგიური პრობლემაა. მართლმადიდებელი ეკლესია, მწვალებლობებიდან და განხეთქილებიდან ეკლესიაში დაბრუნების სამ გზას იცნობს (წმ. ბასილი დიდი): 1) ცდომილებისაგან განდგომა და სარწმუნოების აღიარება; 2) ცდომილებისაგან გამდგომა, სარწმუნოების აღიარება და მირონცხება; 3) ნათლისღება. რაც შეეხება საღვთისმეტყველო მხარეს: მწვალებლებისა და განხეთქილებაში მყოფთა მიღების ორი ტრადიცია არსებობდა. პირველის თანახმად, ეკლესიის გარეთ შესრულებული არც ერთი საიდუმლო ნამდვილი არ არის. ამიტომ ეკლესიის წიაღში მოსული მწვალებლების გადანათვლა აუცილებელია. მეორე ტრადიციის მიხედვით, ზოგიერთი მწვალებელი შესაძლებელია ეკლესიაში გადანათვლის გარეშეც იქნას მიღებული. პირველი ტრადიცია მოციქულ პავლეს სიტყვებს ეფუძნება: „ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება" (ეფ. 45). შესაბამისად, ერთია ეკლესიაც, სადაც საიდუმლოებები ჭეშმარიტად აღესრულება. ამ აზრმა გამოხატულება მოციქულთა 46-ე, 47-ე, 50-ე და 66-ე კანონში ჰპოვა. წმ. ნიკოდიმოსი წერს, რომ მოციქულთა 46-ე კანონი საფუძვლად დაედო კართაგენის იმ კრებას (258 წ.), რომელიც წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს ჩატარდა და რომელიც ცნობილი იყო პრინციპით: „ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის", ეს ტრადიცია შემდგომ პირველი მსოფლიო კრების მე-18 და მე-19 კანონებშიც აისახა და გრძელდება. მეორე ტრადიციას ის კანონები გამოხატავს, რომლითაც ნებადართულია ეკლესიაში გადანათვლის გარეშე არა განხეთქილებაში მყოფთა, არამედ მწვალებელთა მიღება. პირველ რიგში ესაა მეორე მსოფლიო კრების მე-7, მე-8 და კართაგენის 57-ე კანონი. ამ თვალსაზრისით ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა წმ. ბასილი დიდის კანონიკურმა კრებულმა შეიძინა, ბიზანტიელი წმიდა მამა ძველი დროის წმინდა მამათა, პირველ რიგში კვიპრიანე კართაგენელის მოსაზრებას იზიარებდა, რომელიც ჩამოყალიბებულია იკონიელი ეპისკოპოსის წმ. ამფილოქისადმი მიმართულ კანონიკურ ეპისტოლეში (1. 47). ამით მან პირადი წვლილი შეიტანა ერეტიკოსთა ნათლისღების საღვთისმეტყველო არგუმენტაციის გამოკვეთა-ნათელყოფაში. წმ. ბასილი დიდის კანონების საფუძველზე განისაზღვრა მე-6 (2 კანონი) და მე-7 (1 კანონი) მსოფლიო კრებების კანონები, სადაც მსოფლიო ავტორიტეტულ კრებებსა და წმინდა მამების სწავლებებს შორის შესაბამისობაზე ნათქვამია: „აგრეთვე კვიპრიანესი, აფრიკის ქვეყნის მთავარეპისკოპოსისა და მოწამისა და მასთან ერთად შეკრებილთა მიერ დადგენილი კანონები". ამავდროულად, წმ. ბასილი დიდის კანონებში მოცემულია მეორე პრინციპიც, რომლის შესახებაც თავშივე მოგახსენეთ. ამრიგად, ერთი შეხედვით, შეუსაბამობაა მოციქულთა კანონების (46-ე, 47-ე) და მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონებს, თავად წმ. ბასილი დიდის კანონებს შორის. წინააღმდეგობის დაძლევა შეძლეს კალივადებად წოდებულმა წმინდა ნიკოდიმოსმა (მთაწმინდელი) და წმინდა ათანასემ. მათი აზრით, ამ ორ ტრადიციას შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არის, თუკი მხედველობაში მივიღებთ, რომ ეკლესიაში არსებობს ორი კანონიკური პრაქტიკა: ე.წ. აკრივია და იკონომია - ე.ი. „სიზუსტე, სიმკაცრე" და „მიზანშეწონილობა, დროებითი შემსუბუქება". წმ. ნიკოდიმოსი წერს, რომ მეორე მსოფლიო კრებამ „აღნიშნული კანონი ნაწილობრივ დაიცვა", რადგან მოქმედებდა „შემსუბუქების" პრინციპით. იკონომია, გამოყენებულ იქნა კონკრეტული ისტორიული გარემოებების შესაბამისად: იმ დროს არიანელები ბევრნი იყვნენ, დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და რომ ისინი „მართლმადიდებლობისაკენ მოეზიდათ, მოხერხებულად გამოესწორებინათ".1 ამრიგად, ერეტიკოსთა გადანათვლასთან დაკავშირებით კანონების ურთიერთშეუსაბამობა მხოლოდ მოჩვენებითია. კანონები ადგენენ ორ საზღვარს, რომელთა შორისაც მოქმედებს ცოცხალი პრაქტიკა. ის კი ყოველთვის კონკრეტული მდგომარეობათა და სამოძღვრო მიზანშეწონილობით არის განპირობებული. წმინდა მამების აზრით, „აკრივია ეკლესიის პრაქტიკაა, გამომდინარეობს მისი თვითშეგნებიდან, რომლის მიხედვითაც, ეკლესიის მიღმა არც ჭეშმარიტი საიდუმლოებები არსებობს და არც ცხონება". წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიხედვით, „იკონომია, რომელსაც ხანდახან იყენებდა ზოგიერთი წმიდა მამა, არ უნდა მივიღოთ არც კანონად და არც ნიმუშად", ანუ: უპირატესობა ყოველთვის აკრივიას უნდა მიენიჭოს.2 ამ ნიშნით განსაკუთრებული ყურადღება ლათინებისადმი (კათოლიკები) დამოკიდებულებას უნდა მიექცეს. კათოლიკები მწვალებლები რომ არიან, ამას წმინდა მამები და ავტორიტეტული კრებები ადასტურებენ. ისინი არა მარტო განხეთქილებაში იმყოფებიან (ან თვითნებურ თავყრილობაში, კიდეშეკრებლობაში რომ შესაძლებელი შეიქნეს მათი მარტოოდენ სინანულით მიღება), არამედ მწვალებლობაშიც (არა ერთში) არიან, თან ახალ-ახალ ერესებს უმატებენ თავიანთ „საგანძურს". ამიტომაც კალივადები (მთაწმინდელი წმინდა მამები) მათ მიმართ აკრივიის გამოყენებას ანუ გადანათვლას ანიჭებდნენ უპირატესობას. წმ. ათანასე პარიოსი წერს, რომ „ლათინები ევნომიანელებზე უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგან ეს უკანასკნელნი შთაფვლით ინათლებიან. ამიტომო, ამბობს იგი, ლათინებიდან მობრუნებულები აუცილებლად და უპირობოდ უნდა მოინათლონ". „ლათინთა ნათლობა ყალბია და ამიტომ მიუღებელია, როგორც აკრივიით, ასევე იკონომიით", წერს წმ. ნიკოდიმოსი. იგივე არგუმენტი მოყვანილია აღმოსავლეთის პატრიარქების ოროსში (კონსტანტინეს კირილემ V, ალექსანდრიის პატრიარქმა მათემ და იერუსალიმის პატრიარქმა პორფირიმ მოაწერეს ხელი) (1755 წ.), სადაც ვკითხულობთ: „მათგან (მწვალებლებისაგან) მოსულებს ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს". თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კათოლიკები ვატიკანის II კრების შემდეგ კიდევ უფრო დაშორდნენ მართლმადიდებლურ სწავლებას, იკონომიის პრაქტიკა მათ მიმართ აბსოლუტურად უადგილოა. ყოველივე ამის მიუხედავად, მოდერნისტი ღვთისმეტყველები პერგამელი მიტროპოლიტის ი. ზიზიულასის მეთაურობით თავს გვახვევენ „ნათლისღების ღვთისმეტყველების" თეორიას, ვით ეკლესიის სწავლებას, თითქოს ჩვენსა და არამართლმადიდებელ კონფესიებს, სექტებს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობდეს, თითქოს „ერთიანი ნათლისღებით", ყველა დოგმატური პრობლემა „მყისიერად" გვარდებოდეს. მათ კონფესიაში არათუ „აკრივია-იკონომიაზე", არამედ საერთოდ სინანულზეც არ არის საუბარი. ეს ჩვენ, მართლმადიდებლებმა უნდა „შევინანოთ" მათ (ერეტიკოსების) მიმართ, საუკუნეები „უსიყვარულობას" რომ ვიჩენდით, აბა...!
1 ს. გოვორუნი. ლათინთა ნათლობის თაობაზე. 2006. 2 იქვე. ს. გოვორუნთან.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |