მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნათლისღების ღვთისმეტყველების“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ნათლისღების ღვთისმეტყველების“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


20-12-2022, 09:31

„ნათლისღების ღვთისმეტყველების“ თეორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მართლმადიდებელ ქრისტიანებს ღრმად გვწამს, რომ დედაეკლესიის მიღმა არ არის ცხონება, რომ „უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იონ. 3. 5). რომ „ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4. 5). წყლისა და სულისაგან შობა არის ნათლისღება - პირველი ქრისტიანული საიდუმლო. ჩვენ ასევე ღრმად გვწამს, რომ ნათლისღების საიდუმლოს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში აქვს მაცხოვნებელი ძალა, ვინაიდან მხოლოდ ეკლესიის წიაღში არის უცვლელად დაცული ქრისტეს სწავლება.

   მოდერნისტმა ღვთისმეტყველებმა ე.წ. „ბალამანდის უნიაზე" „ნათლისღების ღვთისმეტყველების" თეორია შემოიღეს. ბალამანდის დოკუმენტის თანახმად, მართლმადიდებელი და პაპისტური ეკლესია ერთად შეადგენენ ერთ ეკლესიას და თანაბრად პასუხისმგებელნი არიან საღვთო გადმოცემის ზუსტ დაცვაზე. „ნათლისღების ღვთისმეტყველება" სრულიად უარყოფს წმ. წერილისა და წმ. მამათა სწავლებას ნათლისღების შესახებ. აი რას ვკითხულობთ მოცემული შეთანხმების ტექსტში „საერთო ნათლისღებაზე": „ორივე მხარეს (რომაელ-კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს) შეგნებული აქვთ, რომ სიმდიდრე, რომელიც ქრისტემ დაუტოვა თავის ეკლესიას, - სამოციქულო რწმენის აღსარება, იმავე საიდუმლოებებში მონაწილეობა, ...არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ერთი რომელიმე ეკლესიის კუთვნილებად. აქედან სრული სიცხადით გამომდინარეობს ის, რომ ყოველგვარი გადანათვლა სრულიად დაუშვებელია". პატრიარქმა ბართლომემ პრაქტიკულად აღიარა ეს მწვალებლობა პაპ იოანე-პავლე III-სთან ერთად დამტკიცებულ „ერთობლივ დეკლარაციაში" (29.06.1995), რომელშიც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ჩვენს მორწმუნეებს, კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს, განამტკიცონ ძმური სული, რომელიც ერთი ნათლისღებიდან გამომდინარეობს".

   არანაკლებ შემაშფოთებელია პერგამელი მიტროპოლიტის ი. ზიზიულასის განცხადებაც, რომელიც „მართლმადიდებლების" მხრიდან ერთ-ერთ მთავარ „აპოლოგეტად" გვევლინება: „ნათლისღება ეკლესიაში ქმნის გარკვეულ საზღვრებს. ნათლისღება, მართლმადიდებლური იქნება ის თუ არა, მაინც განსაზღვრავს ეკლესიის საზღვრებს, რომელიც მოიცავს როგორც მართლმადიდებელთ, ასევე არამართლმადიდებელთ. ერთი მხრივ, არსებობს ეკლესიის ნათლისღებითი საზღვრები და ეს ნიშნავს, რომ „ნათლისღების გარეშე ეკლესია არ არსებობს". მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ „იქ, სადაც არსებობს ნათლისღება, განხეთქილების მიუხედევად, მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ეკლესიაზე".1

   როგორც ვხედავთ, მოდერნისტ-ეკუმენისტების აზრით, ეკლესიის მიღმა შესრულებული მწვალებლების „ნათლობა" კანონიკურია. ამ თეზის თანახმად, უკვე ნათლობა ადგენს ეკლესიის საზღვრებს და არა ეკლესია - ნათლობის კანონს. ე.ი. ქრისტიანი, რომელ კონფესიაშიც არ უნდა მოინათლოს, ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება, ამიტომ ბალამანდის დოკუმენტში მართლმადიდებლების მიერ არამართლმადიდებელთა მონათვლა უკვე აკრძალულია.

   ბალამანდში დაწყებულმა პროცესებმა „ლიმის დეკლარაციაში" (შამბეზი 1982 წ.) ჰპოვა განვითარება. ლიმის დოკუმენტმა „Вера и церковное устроиство" ერეტიკული თეზების კასკადი შემოგვთავაზა, რომელიც კრეტის 2016 წლის „წმინდა და მსოფლიო კრებაზე" დადებითად იქნა შეფასებული.

   §6 დოკუმენტში ვკითხულობთ: „ჩვენი საერთო ნათლისღება, რომელიც ქრისტიანებს სარწმუნოებით გვაერთიანებს, ჩვენი ერთიანობის საფუძველია. ცალკეულ ეკლესიათა ნათლისღების პრაქტიკის განსხვავებულობა სხვა არაფერია, თუ არა მონაწილეობა ერთიან ნათლისღებაში. ნათლისღების ერთიანობის აღდგენა ეკუმენისტური მოძრაობის ძირითადი ამოცანაა" (გვ. 20-21).

   ნუ დაგვავიწყდება: როდესაც ეკუმენისტური მსოფლიო საბჭო - ე.მ.ს. საუბრობს „ეკლესიების" შესახებ, გულისხმობს 345 ე.მ.ს. - ების წევრ დენომინაციას. თურმე „ნათლისღება" გვაერთიანებს მათთან რწმენაში.

   §13 ვკითხულობთ: „ნათლისღება - განუმეორებელი აქტია. უნდა განვერიდოთ ნებისმიერ პრაქტიკას, რომელიც შეიძლება იყოს გააზრებული ვით „გადანათვლა"... თავი შეიკავეთ ნებისმიერი მსგავსი პრაქტიკისაგან, რაც ეჭვს აჩენს სხვა ეკლესიათა განუმეორებელი ნათლისღების საიდუმლოს საკრალური მთლიანობის მიმართ" (გვ. 26). ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეჭვის ქვეშ არ უნდა დააყენოს ერეტიკოსებისა და სექტანტების „საკრალური მთლიანობა".

   მსგავსი პათოსი შეინიშნება მე-15 და სხვა პარაგრაფებში.

   რა შეიძლება ითქვას? ნუთუ „ნათლისღება" არ არის უშუალო კავშირში სარწმუნოების აღიარებასთან? წმინდა მამების ერთხმად გვასწავლიან, რომ ჭეშმარიტი ნათლისღების შესრულების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ჭეშმარიტი რწმენა. წმ. ათანასე დიდი წერს: „მაცხოვარმა უბრალოდ ნათლობა კი არ დაავალა მოციქულებს, არამედ უთხრა, ჯერ „ასწავლეთო", და შემდეგ უკვე მონათლეთო მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათ. 28. 19), რათა სწავლებისაგან აღმოცენდეს მართალი რწმენა, ხოლო რწმენა შეერწყას ნათლისღების საიდუმლოს და სხვა მწვალებლობებიც, რომლებიც მხოლოდ სახელსღა წარმოსთქვამენ, მაგრამ არასწორად ბრძანებენ, რადგან მართალი სარწმუნოება არ გააჩნიათ, უსარგებლოს ხდიან მათ მიერ მოწოდებულ წყალს, რომელიც მოკლებულია მადლს, რის გამოც მათგან სხურებულნი უფრო უკეთურებით იბილწებიან, ვიდრე განიბანებიან".2

   კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი „ნათლისღების ღვთისმეტყველების" უმართებულო პრაქტიკის შეფასებისას. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ღვთისმეტყველი აკრიტიკებს ი. ზიზიულასის „ნათლისღების ღვთისმეტყველებას" (მაგ. ი. ვლახოსი), მაგრამ ამავე დროს, თავადაც საფუძველშივე ამახინჯებს ნათლისღების სწავლებას, რაკიღა მიიჩნევს, რომ „ნათლისღებით არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან". ხშირად მსგავს „კრიტიკოსთა" სწავლება „მართლმადიდებლობის მტკიცე დაცვის" გამოვლინებად წარმოჩინდება. რეალურად კი ეს არის უკიდურესობის მეორე მხარე. 

   შეუძლებელია არ უარყო ორივე (ი. ზიზიულასის და ი. ვლახოსის) ცდომილება, თუ გვსურს არ ავცდეთ ორთოდოქსულ სწავლებას ნათლისღების შესახებ. მათი „ღვთისმეტყველება" კი უნდა განიხილებოდეს ვით „მემარჯვენე", გნებავთ „კონსერვატული" მოდერნიზმი და „მემარცხენე" „ლიბერალური" მოდერნიზმი.

   მოდერნისტ ღვთისმეტყველებს შორის ხშირად ვაწყდებით მსგავს პოლემიკას, დაპირისპირებას, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გამოსყიდვის დოგმატის, პირველქმნილი ცოდვის არსის შესახებ მათ ერთიანი მოდერნისტული ხედვები აქვთ. (გაგრძელება...)





1 http://allexell.livejournal.com/65001.htlm. Митр. И. Зизиулас. "Крешальное богословие”.

2 Св. Афанасий Великий. Послание на ариан. Сл. 3. С. 42. PG. 26.237 В.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება