მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტი ი. ვლახოსი: ნათლისღებით არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მიტროპოლიტი ი. ვლახოსი: ნათლისღებით არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე16-12-2022, 09:13 |
ეკლესიის ისტორიიდან ცნობილია, რომ ძველად პელაგიანელები უარყოფდნენ პირველქმნილი ცოდვისაგან განთავისუფლების აუცილებლობას ნათლისღების საიდუმლოთი. ახალ დროებაში ამ ერეტიკულმა აზრმა თავდაპირველად პროტესტანტულ დენომენაციებში იჩინა თავი. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავებით, მაგალითად, ლუთერანების აზრით, ნათლისღება არ გვათავისუფლებს პირველქმნილი ცოდვისაგან, არამედ მხოლოდ ცოდვის გამო სასჯელისაგან. ადამიანს გულის სიღრმეში თავი გამართლებულად რომ მიაჩნია, არსებითად იმავე დაცემულ მდგომარეობაში რჩება, რომლითაც დაიბადა, მხოლოდ ეგაა, რომ ეს ცოდვისმიერობა ბრალად აღარ ეთვლება. ამრიგად, პირველქმნილი ცოდვა არ აღიხოცება გამართლებით, რომელიც მიენიჭათ ნათლისღებით.1 არსებითად, ეს არა ცოდვისაგან განთავისუფლება, არამედ ერთგვარი ამინისტიაა ცოდვის გამო. სამწუხაროდ, მსგავსი თეზები „მართლმადიდებლური" ტერმინებით და წმინდა მამათა არამართებული ინტერპრეტირების გზით მოდერნისტების მიერ ჩვენს ეკლესიაშიც შემოიჭრა. კიდევ უფრო სახიფათო ხდება ეს სწავლება, როდესაც მას „ავტორიტეტული", „კონსერვატულად" მოაზროვნე იერის ღვთისმეტყველები ქადაგებენ. როცა ეცნობი ამ საკითხის შესახებ წმ. მამებისა და კრებების ავტორიტეტულ განსაზღვრებებს, სრულ დოგმატურ თანხმობაში რომ არიან ერთმანეთთან, შეუძლებელია არ გაოგნდე მოდერნისტების მიერ შემოთავაზებული „ღვთისმეტყველებით". ელადის ეკლესიის გამოჩენილი მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თავის ნაშრომში „Смерть младенцев" შემდეგ სწავლებას ავრცელებს: „ჩვილი იმთავითვე არ დასნეულებულა და არ საჭიროებს მკურნალობასა და განწმენდას, ცხოვრობს ბუნების თანახმად. ამდენად, როგორც გამოუწვრთნელს ბოროტებაში, სულის ვერანაირი სნეულება ვერ დააბრკოლებს, რომ იგემოს ნათელი და შეუერთდეს მას... მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, დასავლურისაგან განსხვავებით, არ ასწავლის, რომ ადამიანს თითქოს მემკვიდრეობით ერგო პირველქმნილი ცოდვა. ამიტომ ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი დაბადებისთანავე ფლობს წმინდა გონებას... რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა: რა ხდება ნათლისღების დროს? თუკი ჩვილი ფლობს წმინდა გონებას, აღასრულებს გონივრულ ლოცვას... მაშინ რატომ ვნათლავთ? პასუხი შემდეგშია: წმინდა ნათლისღების დროს ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის ბრალისაგან, არამედ ქრისტეს სხეულს, ეკლესია მივეკუთვნებით, რითაც სიკვდილზე გამარჯვების შესაძლებლობას ვიძენთ, ამგვარად აღვიქვამთ ჩვილების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის წევრები".2 ი. ვლახოსის „მართლმადიდებლობად" გასაღებულ სწავლებად ვიგებთ: 1) ჩვილი დაბადებისთანავე (ნათლისღების გარეშე) დაუბრკოლებლად შეუერთდება ღვთაებრივ ნათელს. 2) მისი (ჩვილის) გონებაც არ დასნეულებულა პირველქმნილი ცოდვით, შესაბამისად ისიც წმინდაა და შინაგანი ლოცვაც კი შეუძლია. 3) ნათლისღების დროს, ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვისაგან, არამედ უბრალოდ ქრისტეს ეკლესიის წევრები ვხდებით. ჩვენ არაერთგზის მივუთითეთ ჩვენს წერილებში ამ საკითხისადმი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილება. (კართაგენის კრება. 418 წ. 110 კანონი); მს. კრებები VI. (2 კანონი); VII – (1 კანონი). ამასვე ადასტურებს აღნიშნული კანონების განმმარტებლებიც: ზონარ (VII); ბალსამონი (VII), არისტონი (VII); ამასვე ვკითხულობთ „აღმოსავლეთის ეკლესიის აღმსარებლობაში" და „აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეში". ამჯერად წმ. მამათა სწავლებას მოვუსმინოთ: წმ. გრიგოლ დიოლოღოსი: „ზეციური სიწმინდის საიდუმლოთი ადამიანი ყველა, როგორც პირველქმნილი, ისე პირადი ცოდვებისაგან თავისუფლდება".3 ნეტარი ავგუსტინე: „ახალშობილი ჩვილით დაწყებული ღრმა მოხუცებულობით დამთავრებული არავინ უნდა დარჩეს ნათლისღების გარეშე, ვინაიდან არავინ რჩება, ვინც ნათლისღების დროს „არ კვდება ცოდვისათვის"; ჩვილები მხოლოდ პირველქმნილი ცოდვის, ხოლო ზრდასრულნი კი ყველა ჩადენილი ცოდვის გამო, რომლებმაც ცოდვები ცუდი ცხოვრების გამო შეიძინეს".4 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „ღვთაებრივი ნათლისღებით ჩვენ ვიღებთ ცოდვათა მიტევებას და ვთავისუფლდებით პირველქმნილი წყევისაგან და განვიწმინდებით სულიწმინდის გარდამოსვლით".5 ღირსი მაქსიმე აღმსარებელი: „წინაპრების ცოდვისაგან წმინდა ნათლისღების მეშვეობით ვთავისუფლდებით; ხოლო ცოდვებისაგან, რომლითაც გავკადნიერდით ნათლისღების შემდეგ, სინანულის გზით ვთავისუფლდებით".6 ღირსი იოანე დამასკელი: „გვმართებს ვიცოდეთ, რომ ნათლისღების მეშვეობით ჩვენ ჩამოვირეცხავთ საფარველს, ანუ ცოდვას, რომელიც დაბადებიდანვე გაგვაჩნდა, და გვეძლევა სულიერი იზრაელისა და ღვთის ერის სახელწოდება".7 იმავე შინაარსის სწავლება აქვს წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს, წმ. ტიხონ ზადონელს, წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს და მრვალა სხვა, უფრო სწორად, ყველა წმინდა მამას. სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ი. ვლახოსი ვერ აცნობიერებს რა მძიმე პასუხისმგებლობა აწევს იმის გამო, რასაც მართლმადიდებლურ სწავლებად წარმოაჩენს, სინამდვილეში კი ტიპიური პელაგიანობაა. (გაგრძელება...)
1 Прот. И. Малиновский. § 143. Очерк православного догматического богословия. Ч. II. Крешение. 2 Митр. И. Влахос. Смерт младенцев. www.azbuka.ru. 3 Moral XV. 51. In Evang. 20.2. ციტ. Освобождается ли крещеный в тоинстве от первородного греха. 4 Блаж. Августин. Энхиридион. Гл. 43. 5 Сар. 3.45. ციტ. Освобождается ли крещеный в тоинстве от первородного греха. 6 Св. Максим. Исповедник. Творения. Слово о подвижнеческой жизни. 44. Кн. 1. С. 75. 7 Св. Иоанн Дамаскин. О Вере. Гл. X (83).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |