მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პელაგიანობის არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
პელაგიანობის არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე14-12-2022, 15:49 |
ქრისტიანულ ეპოქაში თეზა, რომ ადამიანი პირველქმნილი ცოდვით არ იყო ვნებული, ერეტიკოსებს შორის გნოსტიკური სწავლებებიდან განვითარდა. კონცეფტუალურად ეს ცრუსწავლება მეხუთე საუკუნეში ჩამოყალიბდა ვინმე პელაგი ბრიტანელი ერისკაცის მიერ, რომელიც ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა. სწორედ მან დოგმატური განსაზღვრების დონეზე გალიაშქრა პირველქმნილი ცოდვის არსის მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგ. ის ასწავლიდა, რომ ადამის ცოდვას თვით მისი ბუნებისთვისაც კი არავითარი ზიანი არ მიუყენებია და, მით უმეტეს, იგი ვერავითარ მავნე გავლენას ვერ მოახდენდა შთამომავალთა ბუნებაზე. მისი აზრით, ყველა ადამიანი იბადება ისეთივე უბრალო და უბიწო, როგორიც ადამი იყო შექმნისას და ისინი ამ მდგომარეობაში იმყოფებიან მანამდე, სანამ მათში შემეცნება და თავისუფლება არ განვითარდება, ე.ი. როცა მათში უკვე იარსებებს შეცოდების შესაძლებლობა. პელაგის აზრით, პირველ მშობელთა ცოდვას ადამის შთამომავლობისათვის მხოლოდ ცუდი მაგალითის ძალა აქვს; (ეს გარემოება გვახსენებს მოდერნისტების „ზნეობრივი" და „ორგანული" გამოსყიდვების თეზებს, რომლებიც საფუძველს სწორედ პელაგიანობიდან იღებენ, ამიტომაც სამართლიანად ვუწოდებთ მათ „ნეოპელაგიანელებს") ადამიანები კი სცოდავენ პირადი თავისუფლების გამო, რომელიც მათში იმდენად ძლიერია, რომ თუკი იგი მტკიცედ და გულწრფელად გადაწყვეტს - ცოდვა არ ჩაიდინოს, შეუძლია აბსოლუტურად უცოდველი გახდეს (შემდეგ პაპიზმში და პროტესტანტიზმში განვითარებული თეზა). თუმცა, უცოდველი ადამიანიც ვერ დაიხსნიდა თავს სიკვდილისაგან, რადგან, პელაგიანთა სწავლებით, ყოველი ადამიანი ბუნებით არის მოკვდავი და არა ადამის ცოდვით დაცემის გამო.1 რაკი ცოდვა ადამიანის ბუნებაში არ არსებობს, შედეგად, არ შეიძლება ადამის ცოდვა ყველაზე მემკვიდრეობით ვრცელდებოდეს. ამდენად, ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდვის გარეშე იბადება, როგორებიც იყვნენ ადამი და ევა დაცემამდე. პელაგიანობამ უძლიერესი ზეგავლენა მოახდინა მთელი დასავლეთის (და მოდერნისტული აღმოსავლეთის „ნეომართლმადიდებლობის") მომდევნო აზროვნებაზე. ამ მოსაზრების თანახმად, ცხონების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა ღვთის მადლსა და შეწევნას, არამედ ადამიანის ძალისხმევას ენიჭება. პირველქმნილი ცოდვის მცდარ კონცეფციას მოჰყვა სხვა მრავალი ცრუშეხედულებაც, კერძოდ: არ არის აუცილებელი ჩვილების ნათლისღება. იმიტომ რომ, ისინი ისედაც წმინდა არიან; ნათლისღების შედეგად ადამიანი სულაც არ თავისუფლდება პირვემქნილი ცოდვისაგან, არამედ უბრალოდ ეკლესიის წევრი ხდება (ი. ვლახოსი) და ა.შ. პელაგიანთა ცრუ სწავლება მრავალი თხზულებით ამხილა ნეტარმა ავგუსტინემ.2 ნეტარმა სწორად შენიშნა ის, რაც მაშინ პელაგიანელებისთვის, დღეს კი ყველა „მასტის" მოდერნისტის დაბრკოლების საგნად იქცა: ცოდვისმიერი დაცემა კაცობრივი ბუნებისა მემკვიდრეობითია და ამიტომ მიდრეკილება ცოდვისაკენ ადრულ ასაკშივე მჟღავნდება, შესაბამისად, ჩვილებიც საჭიროებენ ნათლისღებას: „ერთი ცოდვის გამო, რომელიც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა სოფლად და ყველა ადამიანზე გადავიდა, ჩვილებიც კი ინათლებიან. ვინაიდან შეგვიძლია განვასხვავოთ მრავალი ცოდვა, თუკი მათ დავყოფთ ცალკეულ ნაწილებად. იქ აღმოვაჩენთ ამპარტავნობას, სიწმინდის შეურაცხყოფას, მრუშობას, ქურდობას...3 პელაგიური ერესის წინააღმდეგ ნეტ. ავგუსტინესა და სხვა წმინდა მამების პოლემიკურ ღვთისმეტყველებას მოჰყვა კრებსითი გადაწყვეტილებაც. პელაგიანობა კართაგენის ავტორიტეტულ ადგილობრივ (418 წ.) და ეფესოს მსოფლიო (431 წ.) კრებებზე, შემდეგ ყველა მსოფლიო კრების მიერ ერეტიკულ სწავლებად იქნა შერაცხილი და დაგმობილი. კართაგენის კრებამ განსაზღვრა: „ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამისმიერი ცოდვისა და იქიდან წარმავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებულ უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის მიერ ნათქვამი, რომ - „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, იმიტომ რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5, 12). [ეს უნდა გავიგოთ ასე], როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან (ადამისაგან)".4 (გაგრძელება...)
1 საღვთისმეტყველო ლექსიკონი - ცნობარი. პელაგიანობა. გ. რუხაძე. გვ. 187. 2 პელაგისთან პოლემიკაში ნეტ. ავგუსტინემაც დაუშვა შეცდომა. მაგალითად, ის ზელოგიკურად მიიჩნევდა, რომ ადამიანის ბუნება იმდენად ღრმად არის დაზიანებული, რომ მასში არავითარი მიდრეკილება სიკეთისკენ აღარ დარჩა და მარტო საღმრთო მადლი აღასრულებს ჩვენს ხსნას. 3 Блаж. Августин. Творения. СПБ. 1998. Т2. Энхиридион Лаврентию. С. 31. 4 რჯულის კანონი. კართაგენის კრება 110. გვ. 124.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |