მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. რომანიდისის „ანტიიურიდიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ი. რომანიდისის „ანტიიურიდიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


29-11-2024, 00:38

 

   დეკანოზ ი. რომანიდისის ნაშრომს „წინაპრების ცოდვა" („Грех предков") მოდერნისტების (მაგ. ქ. იანარისი) აზრით, უდიდესი მბნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის „ათავისუფლებს მართლმადიდებლურ ცნობიერებას პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან, დასავლური ინტელექტუალიზმისა და საღვთისმეტყველო იურიდიზმისაგან."

   ისინი (მოდერნისტები) მიიჩვენენ, რომ სწორედ ამ ნიადაგზე (პირველქმნილი ცოდვის არსის გაბათილებით) იწყება ანთროპოლოგიური პოლემიკა „იურიდიზმის" მომხრე მართლმადიდებლებთან.

   მაგრამ ისმის კითხვა: თუკი პირველქმნილი ცოდვის სწავლება ჯერ დასავლეთის, შემდეგ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში „იურიდიზმით" იყო დასნეულებული, ნუთუ ეს ვერ შეამჩნიეს ანტილათინური პოლემიკით გამორჩეულმა წმ. მამებმა (წმ. ფოტიმ, წმ. მარკოზ ეფესელმა, წმ. გრიგოლ პალამამ და სხვა მამებმა)? კიდევ უფრო მოგვიანებით აღმოსავლეთის პატრიარქებმა თავიანთ მრავლისმთქმელ ეპისტოლეში (1848) და სხვა „სიმბოლურ წიგნებში" (აღმსარებლობებში) ნუთუ არ იქნებოდა ამაზე მინიშნება? პირიქით, სწორედ მათ მიერ დადასტურდა კართაგენის ადგილობრივ კრებაზე მიღებული დოგმატური განსაზღვრება პირველქმნილი ცოდვისა და უნათლავი ჩვილების ხვედრის შესახებ. აქ უცნაური მოვლენის მომსწრენი გავხდით: „ის, რაც არ გამოუცხადა ღმერთმა წმინდა მამებს, განუცხადა ი. რომანიდისს (და სხვა მოდერნისტებს). ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, როგორია ეკლესიის სწავლება პირველქმნილი ცოდვის შესახებ. 

   წმ. გრიგოლ პალამა წერს: „თუკი ვინმე გაბედავს და იტყვის, რომ ეს სწავლება უცნობი იყო მათთვის, ვინც ჭეშმარიტი ღვთისმეტყველებით ცხოვრობდა, მაშინ უარვყოფთ მათ, ვით უდიდეს ღვთისმგმობებს".1

   მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველი იკვეხნის წმ. გრიგოლ პალამას შემოქმედების ცოდნას (რომანიდისი, ვლახოსი და სხვა). სინამდვილეში მათი დამოკიდებულება ერთობ შერჩევითია. აღნიშნულ ნაშრომში („Грех предков") ი. რომანიდისი უარგუმენტოდ, დაუდასტურებულად ამბობს: „ცოდვა არის უბრალოდ სნეულება და არა კანონდარღვევა (რჯულის დარღვევა)", რაც კადნიერი უარყოფაა წმინდა წერილის სიტყვების: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაი, მან უშჯულოებაიცა ქმნეს და ცოდვა იგი არს უშჯულოება" (1 იონ. 3, 4).

   ამგვარი თეზები კარს ფართოდ უღებს „მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას" (რის მხილველნიც გავხდით ი. რომანიდისის მოწაფის მიტროპოლიტი იეროთეოსის (ვლახოსი) „ფსიქოთერაპიის" დემონსტრირებით - აქ „ფსიქოთერაპიით" („კურნებით") საფუძვლიანად იჩრდილება სინანულის მნიშვნელობა. ი. რომანიდისის სიტყვებში კარგად ჩანს ეს: „ბერძენი მამები, ცხონების საკითხს განიხილავდნენ ბიბლიურ პერსპექტივაში და ცხონებას მოიაზრებდნენ, ვით კურნებას ადამიანური ბუნებისა სიკვდილისაგან, რომელიც დაზიანებული იყო სატანის მიერ".2

   ი. რომანიდისი ისეთ სურათს ხატავს, თითქოს ადამიანის ბრალეულობა პირველქმნილ ცოდვაში არ არსებობდეს და ზედმეტ, გაუთავებელ „წუწუნს" ცოდვის გამო, მისი კურნება სჯობდეს. სინამდვილეში, ეს „ევას ფილოსოფიაა" – „გველმა მაცდუნა, მე რა შუაში ვარ". ისიც არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ „ადამში ყველამ შევცოდეთ" და რომ „ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის გარეშე" ვერავინ ცხონდებოდა.

   აი, რას ამბობს წმ. ბასილი დიდი ადამის დაცემის შესახებ:

   „შესცოდა რა ადამმა ცუდი ნებელობის გამოვლინებით, ცოდვის მიზეზით მოკვდა კიდეც „რამეთუ საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს" (რომ. 6. 23). რამდენადაც განეშორა ცხოვრებას, იმდენადაც მიუახლოვდა სიკვდილს იმიტომ, რომ ღმერთი ცხოვრებაა, ხოლო ცხოვრების წართმევა - სიკვდილი. ამრიგად, ღვთისაგან განშორებით საკუთარ თავს გამოუტანა სიკვდილის განაჩენი წერილისამებრ: „რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ" (ფს. 72. 27).3

   ი. რომანიდისი განაგრძობს: „დასავლეთში ცხონება არ ნიშნავს პირველ რიგში სიკვდილისაგან, არამედ ღვთაებრივი მრისხანებისაგან გადარჩენას".4

   აქედანაც ჩანს, რომ მოდერნისტი ღვთისმეტყველი სოტერეოლოგიურ სწავლებას აშკარად წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის უგულებელყოფით აყალიბებს. წმ. წერილი პირდაპირ ბრძანებს: „რაოდენ უკუე უფროის აწ, განმართლებულ რაი ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან" (რომ. 5. 9). აბსოლუტურად ყველა წმინდა მამა დასძენს, რომ ქრისტეს მსხვერპლის მეშვეობით გადაურჩა საღმრთო მრისხანებას. სწორედ ამ სწავლებას უწოდებს რომანიდისი (სხვა მოდერნისტებიც) „დასავლურ დოქტრინას", „იურიდიზმს" და მისთ. სწორედ რომანიდისმა განახორციელა ბერძნულ ღვთისმეტყველებაში „გრანდიოზული ძვრა", რათა მართლმადიდებლური სწავლება „დასავლურ წარმომავლობად" წარმოეჩინა, ხოლო საკუთარი ნეოპელაგიური სწავლება მართლმადიდებლობად გამოაცხადა. 

   ი. რომანიდისი მკითხველს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება რაღაც მომენტში გაუგებარია: როდის გაწყვიტა კავშირი მოციქულებრივ და წმ. მამებისეულ სწავლებასთან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განმარტებისას, როგორებიცაა პირველქმნილი ცოდვა და გამოსყიდვა. ი. რომანიდისის აზრით, ეს „მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემაა", ამ დროს თავად იგი წარმოადგენს საფრთხეს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის. მსგავსი შინაარსის სწავლებაა სხვა გამოჩენილ თეოლოგებთან: იანარასი, ვლახოსი, მეტალინოსი, კალომირისი და სხვა.

   მაგრამ „ბედის ირონია" იმაშია, რომ ამ ცრუსწავლებაში (ანტიიურიდიზმში) ბერძენი თეოლოგები არ არიან ორიგინალურები. გაცილებით ადრე ამ საკითხებზე რუსი თეოლოგები (ხომიაკოვი, სოლოვიოვი, ბერდიაევი, ხრაპოვიცკი) ალაპარაკდნენ, რომლებმაც ორიგინალურობა გერმანელი იდეალისტების ოსტატურ „გამართლმადიდებლობაში" გამოიჩინეს.

   ბერძნების დიდი მონდომების მიუხედავად, მოდერნისტულ ღვთისმეტყველებას ტონს აშკარად რუსი მოდერნისტები აძლევენ. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ი. რომანიდისის მასწავლებელი დეკანოზი გ. ფლოროვსკი იყო. საერთოდ, რუსული ემიგრაციული, მოდერნისტული, ე.წ. „პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის" იდეოლოგები მძლავრად შემოუძღვნენ მოდერნიზმს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

   მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს: რუსეთის ეკლესიაში, მართალია, არა კრებსითად, მაგრამ ინდივიდუალური აღმსარებლური ღვაწლით, ამხილეს მოდერნიზმი (მიტროპოლიტები: თეოფანე პოლტაველი, სერაფიმე სობოლევი, ამბერკი ტაუშევი; დეკანოზები: მ. პომაზანსკი, ს. როუზი და სხვა მრავალი). სამწუხაროდ, მსგავსი კრიტიკული შეფასებები არ აღმოაჩნდა ბერძნულ საღვთისმეტყველო სკოლებს.

   ამას სათანადო შედეგებიც მოჰყვა: მაგალითად, პირიის საღვთისმეტყველო სკოლამ 2014 წ. 14 აპრილს პაპიზმის სამხილებელი ეპისტოლე გამოაქვეყნა, სადაც პაპისტური ცდომილებების სათვალავში (23 პუნქტი) ეწერა: „ღვთაებრივი სამართლიანობის დაკმაყოფილებით გამოწვეული პირველქმნილი ცოდვისა და იურიდიზმის სწავლება ჭარბობს პაპიზმში".5

   როგორც აღვნიშნეთ, წმ. მამებისთვის, მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცნობია მსგავსი სწავლება. მაგრამ ბერძნებს ბოლო საუკუნეებში არავინ რომანიდისზე „აღმატებული" არ ჰყავთ. ისაა მათი დედაც, მამაც, ალფაც, ომეგა - როგორც მოდერნისტებისთვის, ისე, სამწუხაროდ, კონსერვატორებისთვისაც.






1 Св. Григорий Палама. О святом духе. Краснодар. 2006. С. 172.

2 И. Романидис. Грех Предков.

3 Св. Василий Великий, Творения. М. 1993. Ч. 4. О том что Бог не виновник зла. С. 154.

4 იქვე. რომანიდისთან.

5 Пирийская Митрополия. Центр патристических иследований. 2014. 14. 03.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება