მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ა. შმემანის „პირადი გამოცდილება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ა. შმემანის „პირადი გამოცდილება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


2-12-2022, 16:18

ა. შმემანის „პირადი გამოცდილება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „ქრისტიანული ფენომენალიზმის" (პირადი გამოცდილების) თვალსაზრისით ა. სუროჟელსა და სხვა მოდერნისტებზე არანაკლებ შემაშფოთებელია დეკანოზ ა. შმემანის ხედვები. მისი აზრით, „რწმენა, თავისი ბუნებითა და არსით, არის რაღაც ღრმად პიროვნული და ის მხოლოდ პირად გამოცდილებაში ცხოვრობს სინამდვილით. მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკლესიის ესა თუ ის სწავლება, ესა თუ ის, როგორც ვამბობთ, დოგმატი, ანუ რაღაც ჭეშმარიტების მტკიცება გახდება ჩემი რწმენა და ჩემი გამოცდილება, შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მთავარი არსი, მხოლოდ მაშინ არის ეს რწმენა ცოცხალი... ქრისტიანული რწმენა, თავისი სიღრმით არის პირადი შეხვედრა ქრისტესთან, საბოლოოდ, ეს არის არა ქრისტეს რომელიმე სწავლებისა ან დოგმატის მიღება, არამედ თავად ქრისტე".1

   რა ხშირად გვესმის დღეს უკვე ჩვენი თანამემამულე „გამოჩენილი" სასულიერო პირებისაგან მსგავსი სიტყვები: „არანაირი დოგმატური სწავლება, არამედ მხოლოდ პირადი ურთიერთობა ქრისტესთან".

   სწორედ მოდერნიზმში უპირისპირდება ერთმანეთს „პირადი გამოცდილება" და სახარებისეული სწავლება, დოგმატები.

   ა. შმემანისთვის რწმენას არ გააჩნია საფუძვლები: „ყველაფერი, რასაც ამტკიცებენ ქრისტიანები, ვით თავიანთი რწმენის არსს, ნამდვილად არ ექვემდებარება მტკიცებულებას".2 იქვე ამბობს: „მორწმუნეს არა აქვს დამაჯერებელი, ასე ვთქვათ „ობიექტური" მტკიცებულება ურწმუნოს წინააღმდეგ".3 შემდეგ: „თავად ქრისტე არაფერს ამტკიცებდა, არამედ მხოლოდ მოუწოდებდა ადამიანებს, მიეღოთ ის, რაც არ უხილავთ, არ მოუსმენიათ, არ მიუღიათ".4

   მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: „ამენ, ამენ გეტყვი შენ, რამეთუ რომელი ვიცით, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ" (იონ. 3. 11).

   ა. შმემანისთვის (ისევე როგორც დანარჩენი მოდერნისტებისთვის) სახარება ისტორიული ფაქტორების მოწმობის ტექსტია, რომელშიც მოთხრობილია მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობა და ჯვარზე სიკვდილი. მოდერნიზმში სახარება არა ჭეშმარიტი ღვთის სიტყვის სწავლებად, არამედ ადამიანთა რწმენაზე საუბრის ტექსტად მოიაზრება, თან ისეთ რწმენაზე, რომელიც არ ფლობს თავისი ჭეშმარიტების მტკიცებულებას. ეს ტიპიური კათოლიკური მოდერნიზმის ზუსტი კოპირებაა.

   „ქრისტე არაფერს ამტიკიცებდა" - ამბობს შმემანი (მოდერნისტები), მაგრამ წმინდა წერილში მრავალი ადგილი მოწმობს საპირისპიროს.

   მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო რომელმან შეურაცხყოს და არა შეიწყნაროს სიტყვანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყვასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა" (იონ. 12. 48). „გარქუ თქუენ, და არა გრწამს: საქმეთა რომელთა ვიქმ სახელითა მამისა ჩემისაითა, ესენი წამებენ ჩემთვის" (იონ. 10. 25).

   მსგავსი შეგონებები გვესმის საქმე მოციქულთაშიც (საქმ. 1-8).

   ა. შმემანის მსოფლმხედველობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ „პირად გამოცდილებას" უაპელაციოდ განსაზღვრავს ვით პირად, სუბიექტურ, ადოგმატურ სწავლებას. რწმენა კი საპირისპირო სიტყვებით არის განსაზღვრული: უსახო, ობიექტური და დოგმატური. მხოლოდ ეს განსაზღვრება კმარა საიმისოდ, რომ დავინახოთ შმემანის ღვთისმეტყველების საფრთხე.

   აშკარად იგრძნობა დოგმატების, ჭეშმარიტი მტკიცებულების აბუჩად აგდების ტონი. მისთვის ეს „რაღაც დოგმატებია".

   ანტითეორეტიზმი და ფენომენალიზმი ა. შმემანის მსოფლმხედველობაში უკიდურეს ზღვარს აღწევს: თითქოს დოგმატი სალანძღავი სიტყვა იყოს, ამიტომ ჭეშმარიტი ორიენტირის გამომხატველ ტერმინებს ფრჩხილებში სვამს: დოგმატს „შეუხებელს", „წმიდა წმიდათა" და ა.შ.5 ირონიულად მოიხსენებს, რითაც ნათლად გვიჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. (გაგრძელება...)






Мировозрение А. Шмемана. Р. Вершило. Antimodern.ru.

2 Шмеман А. Воскресные беседы. Paris. 1989. C. 12.

3 იქვე.

4 იქვე.

5 იქვე.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება