მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ა. სუროჟელის „პირადი გამოცდილების“ აპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ა. სუროჟელის „პირადი გამოცდილების“ აპოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


1-12-2022, 17:37

 

   ტერმინი „პირადი გამოცდილება" ერთი შეხედვით, არაფერი ცუდისა და საგანგაშოს მაუწყებელი არ უნდა იყოს, მეტიც: მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანძური სწორედ მდიდარი სულიერი გამოცდილებაა, რასაც ჩვენ ასკეზს, წმ. გარდამოცემას ვუწოდებთ. მაგრამ წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება არ მიიღება თვითნებური აზროვნებითა და ცხოვრების წესით, არამედ ესაა მადლომოსილი ნიჭი სულიწმიდისა გარდამოსული ეკლესიის ერთგულ შვილებზე (წმინდანებზე).

   მაგრამ, თუკი პიროვნება განმაახლებელ-მოდერნისტებისთვის დამახასიათებელი მეთოდიკით პრინციპულად გაიძახის: „არა თეორია (დოგმატი), არამედ გამოცდილებაო (პირადი შეხედულება, განცდა), იბადება საფუძვლიანი კითხვა: „რა იგულისხმება „პირად გამოცდილებაში"?"

   არამართებული „პირადი გამოცდილების" აპოლოგეტებად ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლები მოგვევლინენ. მათ შეხედულებებში ეს ფრაზა საღვთისმეტყველო თეზის სახეს იძენს. ისეთი გამოჩენილი მოდერნისტების ნაშრომებში, როგორებიც არიან მიტროპოლიტი ა. სუროჟელი, არქიმანდრიტი კ. კერნი, დეკანოზები: ი. რომანიდისი, ა. შმემანი და სხვა, „პირად გამოცდილებას" სულ სხვა მნიშვნელობა ენიჭება.

   მოვუხმოთ მაგალითებს:

   მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის აზრით, სარწმუნოების ჭეშმარიტებანი არ უნდა მივიჩნიოთ მსოფლმხედველობად, სარწმუნოებრივ შეხედულებად: „არ არსებობს რწმენა, რომელიც დაფუძნებული და მიმართულია მსოფლმხედველობასა და შეხედულებაზე".1

   აქედან ის აზრი გამომდინარეობს, რომ თურმე ქრისტიანული (მართლმადიდებლური) სარწმუნოება არ არის დაფუძნებული მართლმადიდებლურ „მსოფლმხედველობაზე", ჭეშმარიტ „შეხედულებაზე" (სწავლებაზე). ეს აზრი მიტროპოლიტს საიმისოდ სჭირდება, რომ თქვას: ღმერთზე არაფრის ცოდნა არ შეიძლება. საკუთარი აზრის დასამტკიცებლად ა. სუროჟელი არა წმ. მამათა საგანძურს, არამედ იუდეველ ფილოსოფოს მაიმონიდს და მათ (იუდეველთა) მკრეხელურ სწავლებას მიმართავს:

   „ჩვენი გამოცდილება ღმერთის შესახებ ყოველგვარი გამოხატულების მიღმაა. ებრაელ მწერალ მაიმონიდს შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ჭაბუკი დადგა ლოცვად და თქვა: „უფალო, შენ დიადი, დიდებული, ყველგანმყოფი ხარ". მოძღვარმა ის შეაჩერა და უთხრა: ნუ მკრეხელობ; ყოველთვის, როდესაც სიტყვა ღმერთს ახალ ზედსართავს უმატებ, ამით მას უფრო მეტად აკნინებ; შენ თითქოს შემოსაზღვრავ მის არსებას და ჩვენი ენის ტყვედ აქცევ მას".2

   მიტროპოლიტი ა. სუროჟელი თავის შემოქმედებაში ხშირად მიმართავს ამ მეთოდს, როდესაც პატრისტიკა უეცრად იმდენად მწირი და მაგალითებს მოკლებული ხდება, რომ „პარიზის სკოლის" წარმომადგენელი ხან იუდეველ ფილოსოფოსებს, ხან ხასიდებს3 იშველიებს თავისი „ქრისტიანული" აზრის დასადასტურებლად.

   საქმე ისაა, რომ მის მიერ მითითებული მაგალითები გარეგნულადაც კი არ ჰგავს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასა და წმინდა მამათა სწავლებას. წმ. დიონისე არეოპაგელი საუკუნეების წინ თავის წიგნში „О Божественных Именах" უცხადესად ამხელდა ა. სუროჟელისა და მაიმონდის მსგავსთა სწავლების უმართებულობას. თავად წიგნის დასახელება მეტყველებს ამაზე. ცხადია, ღმერთი თავისი მიუწვდომელი ღვთაებრივი ბუნებით, არსით შეუძლებელია სახელით გამოხატო. ღვთის სახელები (იაჰხვე, საბაოთი და სხვა) მისი თვისებებისა და ქმედებების გამომხატველია. მაგრამ ეს გარემოება არანაირად არ აკნინებს და არ ზღუდავს მის ღვთაებრიობას, არამედ პირიქით - ღმერთის სიდიადის კეთილმორწმუნეობით გამომხატველია. წმ. დიონისე არეოპაგელი წერს: „წმიდა წერილში ყველა ღვთის საკადრისი, ღვთის საფერი ღვთაებრივი სახელწოდებით განიდიდება არა ნაწილობრივი, არამედ მთლიანი, ყოვლისმომცველი სრული ღვთაება. ყველა ეს სახელი განუყრელად, განუცალკავებლად და მთლიანად მიესადაგება ღვთის ყოვლადსრულ ბუნებას".4

   იუდეველი მორალისტის სწავლება, არსებითად, მართლმადიდებლური სწავლების წინააღმდეგაა მიმართული. ა. სუროჟელი თავისი „ჟესტით" ცდილობს ქრისტიანული ღვთისმეტყველების საპირისპირო სწავლების დადებით მაგალითად წარმოჩენას. სინამდვილეში ის სჩადის დანაშაულს მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ - ღმერთზე „ჭეშმარიტ სწავლებად" მაიმონიდის სიტყვას სთავაზობს ქრისტიანებს.

   როგორც ჩანს, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, ვინაიდან, მისი აზრით, ღმერთზე ჭეშმარიტების ცოდნა შეუძლებელია. რატომ? იმიტომ რომ, ის (ჭეშმარიტება) „პირადულია": „სახარება არა რაღაცის, არამედ ვიღაცის მიხედვით განსაზღვრავს ჭეშმარიტებას. ქრისტე ამბობს: „მე ვარ ჭეშმარიტება" (იონ. 14. 6), ამით უფალი სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას, რაც უნდა იყოს, გამოხატო ის სიტყვებით ან გამოხატულებით, და იგი იწოდებოდეს საბოლოო ან სრულ ჭეშმარიტებად, ვინაიდან სრული ჭეშმარიტება პირადულია და არასოდეს საგნობრივი, „ნივთი თავისთავად".5

   საინტერესოა, რისი თქმა სურს აქ მიტროპოლიტს? როგორც ჩანს, მისთვის მიუღებელია, სახარებას მოციქულები ან წმინდა მამები სიტყვით რომ „გამოხატავდნენ" (განმარტავდნენ). ეს მისთვის ვერ იქნება „საბოლოო და სრული ჭეშმარიტება", ვინაიდან „სრული ჭეშმარიტება პირადულია", ე.ი. როგორც თავად სურს და არა ისე, როგორც ამას ეკლესიის მამები ასწავლიან.

   მიტრ. ა. სუროჟელი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლები ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ვფლობთ ჭეშმარიტებას: „როდესაც მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ ვფლობთ სრულ ჭეშმარიტებას, საბოლოო ჯამში, რაღაც სიცრუეს ვამბობთ. ქრისტეა ჭეშმარიტება; ღმერთია ჭეშმარიტება; რისი თქმაც შეგვიძლია მასზე, ეს მხოლოდ მიახლოებაა ჭეშმარიტებასთან: შესაძლოა კარგი, შესაძლოა ფარდობითიც".6

   როგორც ვხედავთ, მიტრ. ა. სუროჟელი ყველგან ცდილობს გაექცეს კონკრეტიკას: თურმე „არ შეიძლება სრული ჭეშმარიტების ცოდნა", ე.ი. მართლმადიდებლობა „ნაწილობრივი ჭეშმარიტების" მატარებელია, დანარჩენი „ნაწილი" სხვა კონფესიებსა და რელიგიებს აქვთ „გადანაწილებული". საინტერესოა, მისი სწავლებით, ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება სრული ჭეშმარიტებაა, თუ ნაწილობრივი? ეს შეკითხვა არაა შემთხვევით დასმული. თავის ნაშრომში „может ли ещё молиться современный человек” (Клин. 1999) საშინელი ფორმულირება გვესმის: „ქრისტე ბოლომდე სოლიდარულია ღმერთთან, როდესაც ის მიმართავს ადამიანს". მართლაც! მაშინ ქრისტე ვინაა? ჩვენ ვიცით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ამდენად ის არ შეიძლება სოლიდარული იყოს ღმერთთან, ე.ი. საკუთარ თავთან.

   ასეთი განცხადებების შემდეგ რაღა უნდა ითქვას მისი დოგმატური შეხედულებების შესახებ. როგორც ნებისმიერი ადოგმატისტი, მას შეუძლია აღიაროს ნებისმიერი შეხედულება და გაამართლოს ის, იმიტომ რომ, ის „პირადი გამოცდილებაა"! აბა, რა გვეგონა ჩვენ?! (გაგრძელება...)





1 Антони (Блум). Митр. Проповеди и Беседы. М. Либрис. 1991. С. 86.

2 А. (Блум). Митр. Беседы о вере и Церкви. СПБ.1. 1991. С. 94.

3 Арх. Рафаил (Карелин). Кто ищет наставления у хасидов.

4 Св. Дионисий Ареопагет. О Божественных именах.

5 А. (Блум). Митр. Беседы о вере и Церкви. М. 1991. С. 84.

6 იქვე. გვ. 84.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება