მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ქრისტიანული პერსონალიზმის“ საწყისები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ქრისტიანული პერსონალიზმის“ საწყისები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე28-11-2022, 10:20 |
„ქრისტიანული პერსონალიზმის" იდეა თანამედროვე დასავლურ ღვთისმეტყველებაში ფსევდოფილოსოფიის სამყაროდან შემოიჭრა. ესაა ვითარება, როდესაც ღვთისმეტყველების ადგილს ფილოსოფიური მოსაზრებები იკავებს, ე.ი. დოგმატური სწავლება ფარდობითად ცხადდება, ხოლო მის ადგილს პიროვნებების კერძო აზრი იკავებს. ეს მეთოდი „მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც შემოიჭრა, აქტუალური შეიქნა ინდივიდუალური მიდგომა ღვთისმეტყველებაში, ვით ხელოვნებისადმი, რომელმაც პოსტმოდერნისტულ ეპოქაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინა. პრინციპი - „მრწამს ისე, როგორც მსურს" - არა ქუჩიდან, არამედ ინტელექტუალური სამყაროდან მობრძანდა. ამ „ინტელექტუალურ სამყაროს" „პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი" ჰქვია. სწორედ „პარიზელების" ბაგეებიდან გახმიანდა „პიროვნული ღვთისმეტყველების", „ქრისტიანული პერსონალიზმის", „ინდივიდუალური მიდგომების", „ეგზესტენციალიზმის" და სხვა თეზები, რაც სრულიად უცხოა მამებისეული ღვთისმეტყველებისთვის. მსგავსი ინდივიდუალური მისწრაფებანი იზღუდება წმინდა დოგმატებით. ამდენად, ჩვენ ვეწინააღმდეგებით „ქრისტიანულ პერსონალიზმს", ვინაიდან მას ეკლესიაში შემოაქვს მიუღებელი ფილოსოფიური შეხედულებები. წესით ეს საკმარისი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის საიმისოდ, რომ უარი თქვას პერსონალიზმზე, მაგრამ ის „ბრენდული" სახითაა შემოთავაზებული, ვით ახალი სიტყვა ღვთისმეტყველებაში. ალბათ, ამიტომაც მასზე უკვე მრავალი ქრისტიანი წამოეგო. საქმე ისაა, რომ პერსონალისტებს არ ადარდებთ მათი ფსევდოფილოსოფიური აზრები რომ არ ემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, მეტიც: თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ შეიტანონ მასში ეკლესიისთვის უცხო შეხედულებები. ამიტომ პერსონალისტი, არსებითად, არცაა მართლმადიდებელი, ან პირობითად შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებელი, რადგან სარწმუნოების ღალატი მისთვის (მათთვის), პროგრესულობის, წინსვლის ნიშანია. კიდევ უფრო სიღრმისეულად თუ განვიხილავთ „ქრისტიანულ პერსონალიზმს", აღმოვაჩენთ, რომ „პიროვნების" ცნების განმარტება არ გააჩნიათ: გ. ფლორენსკი: „პიროვნების ცნების განმარტება შეუძლებელია". ს. ბულგაკოვი: „პიროვნების ცნება განუსაზღვრელია". ნ. ლოსკი: „ადამიანის პიროვნება ვერ განისაზღვრება ცნებით".1 როგორც ვხედავთ, მოდერნისტები გაურბიან პიროვნების რაციონალურ, ლოგიკურ განსაზღვრებას, არ საუბრობენ პიროვნებაზე ვით ცალკეულ ინდივიდზე. ისმის კითხვა: მაშინ რა საჭიროა საუბარი ისეთ ცნებაზე, რომლის განსაზღვრა შეუძლებელია?! ასეთი საუბარი პათოლოგიური შინაარსისა, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც საუბრობენ ამ „ენით", სულიერად დასნეულებულები არიან. ამას ადასტურებენ მოდერნისტები იმით, რომ წმ. მამების საეკლესიო სწავლების ნაცვლად უტუხად ახვევენ თავს ქრისტიანულ საზოგადოებას ცრუსწავლებას. „პიროვნების" ცნების განუსაზღვრელობა არ გახლავთ შემთხვევითობა, ეს სჭირდებათ მათ საიმისოდ, რომ განაცხადონ: „პიროვნება" ყალიბდება სხვადასხვა ურთიერთობებით. აქედანაა მიტროპოლიტ ი. ზიზიულასის „ურთიერთობის ღვთისმეტყველება". ე.ი. პიროვნება ყველაზე უკეთ ყალიბდება გნოსტიკურ კოლექტივში. კიდევ უფრო რომ განვმარტოთ: მორალური და ეთიკური თვითსრულყოფა, ჰარმონიულ პიროვნებად ჩამოყალიბება, აღზრდა სინკრიტიკულ საზოგადოებაში ხორციელდება. ამრიგად, პერსონალიზმში როგორც ფილოსოფიური, ისე ქრისტიანული თვალსაზრისით „პიროვნება" არა ინდივიდი, ღვთის მიერ ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი, არამედ ერთგვარი კრებსითი ცნებაა, ურთიერთობაა, კოლექტიურობაა... ახალი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის სრულიად დამოუკიდებელი არსებაა, მაგრამ არ (ვერ) რჩება მარტოობაში, მას ეშინია. ამიტომ ქმნის საკუთარ ილუზიურ, სოციალურ სამყაროს, ყალბ ურთიერთობებზე აგებულს, რომელშიც ვცხოვრობთ. პერსონალისტების აზრით, „პიროვნება", გონიერ არსებად სხვებთან სინერგიული ურთიერთობით ყალიბდება. ისმის კითხვა: რა ადგილი უკავია ამ მსოფლმხედველობაში ღმერთს? პერსონალისტების აზრით, ღვთის განგება ადამიანზე შეზღუდულია. ღმერთი თავად იზღუდავს თავს და ქმნილებას აძლევს არჩევანის გაკეთების უფლებას, ეს ერთგვარი საჩუქარია ღვთისა, ხოლო ადამიანისთვის ეს ბიძგია სიკეთის კეთებისა, თვითგანვითარებისა და სრულყოფისათვის. პიროვნება (ადამიანი) ერთგვარ ყოფიერების საწყისად მიიჩნევა ის ყოფიერების ონტოლოგიურ კატეგორიად გვევლინება დედამიწაზე (ი. ზიზიულასი). ე.ი. ადამიანი - შემოქმედებითი სუბიექტია, რომელიც კოლექტიური ძალისხმევით, ურთიერთობით სრულყოფილდება. ამრიგად, „პიროვნება" არ მოიაზრება მართლმადიდებლურ შუქჭრილში ვით ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ქმნილება, რომელიც საკუთარი ინდივიდუალური თვისებებითაა დაჯილდოებული ღვთისაგან. პერსონალისტების ლოზუნგია: პიროვნება არ იგივდება მის ბუნებასთან. მათი აზრით, ის (სუბიექტი) უნდა გაექცეს სინამდვილეს, რეალობას და შექმნას ილუზიური სამყარო „ბედნიერი საზოგადოებისა". პერსონალისტები „მეორე რეალობაში" ცხოვრობენ, მათ ჯანყი გამოუცხადეს ღვთის წესრიგს სამყაროში. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მათი აღმოჩენა, მხილება, მაგრამ მათი გაგება შეუძლებელია, ვინაიდან საუბრობენ იმ სნეულებების შესახებ, რომლითაც თავად არიან დასნეულებულნი. (გაგრძელება...)
1 Персонализм и его личность. Антимодернизм.ру.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |