მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ცრუმისტიციზმის“ საცდური ეკლესიის წიაღში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„ცრუმისტიციზმის“ საცდური ეკლესიის წიაღში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე24-11-2022, 20:40 |
„მე არ გამომიგზავნია წინასწარმეტყველნი, თავად გამოიქცნენ: არაფერი მითქვამს მათთვის, თავისით წინასწარმეტყველებენ" (იეს. 23. 21)
ადამიანი ყოველდღიურ ყოფით პირობებში მრავალი, ხშირად მტანჯველი, დილემის წინაშე დგას. როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ ვითარებაში, როგორ გადავწყვიტოთ ესა თუ ის კონკრეტული საკითხი? სულიერი ცხოვრების დაწყებისთანავე კიდევ მრავალ პრობლემას ვაწყდებით, რომლის გადაჭრა ჩვენს დროში არცთუ იოლი საქმეა. როგორ გავარკვიოთ, ღვთისგანაა ესა თუ ის აზრი, თუ ეშმაკის ხრიკია? საერთოდ, როგორ შევაფასოთ ესა თუ ის სულიერი მოვლენა, რომელსაც ვამჩნევთ ჩვენ თავში ან გარესამყაროში: ბუნებრივია, ღვთაებრივია თუ დემონური ხასიათისაა? ეკლესიური ცხოვრების დამწყები ადამიანი ნელ-ნელა იხვეჭს სულიწმიდის მადლს თავისი მოღვაწეობით. მასში როგორც გარეგნული, ისე შინაგანი ცვლილებები შეინიშნება. თუ ადამიანი მოსვლისთანავე იწყებს ფიქრს, რომ რამდენიმე წელიწადში, მაგალითად, შიო მღვიმელს მიემსგავსოს ღვაწლში, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ადამიანი ხიბლშია. ეკლესიაში არ შეიძლება მიზნად დაისახო სასწაულების, სხვა ხილული ნიჭების მოთხოვნა. სადაც მსგავსი სასწაულების ძიება იწყება, იქ ცხადი და აშკარაა ცნობისმოყვარეობის ვნება. საქმე ამგვარადაა: თანამედროვე ქრისტიანი ხშირად სულიერ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ნათლად ვერ წვდება დროის სულს, თავის რეალურ სულიერ მდგომარეობას, იმას, თუ რამდენად დაშორებულნი ვართ წმიდა მამათა ცხოვრება. ამგვარ შეგონებას არაერთი წმიდა მამისა და თანამედროვე ღვთისმეტყველის კრებულებში ვპოულობთ, აი, რას წერს ამის შესახებ მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი): „მართლმადიდებლური წიგნები სულიერი ცხოვრების შესახებ სულ უფრო მისაწვდომი ხდება. სულ უფრო მეტი ადამიანი მსჯელობს ისიხაზმზე, იესოს ლოცვაზე, ასკეტურ ცხოვრებაზე, ამაღლებულ ლოცვით მდგომარეობაზე, წმიდა მამათაგან ისეთ გამორჩეულ პიროვნებებზე, როგორებიც არიან: სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგოლ პალამა ან გრიგოლ სინელი. ძალიან კარგია წარმოდგენა გვქონდეს მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტად ამაღლებულ მხარეზე, პატივი მივაგოთ იმ უდიდეს წმინდანებს, რომლებიც ნამდვილად ცხოვრობდნენ სულიერი ცხოვრებით; მაგრამ, თუ ჩვენ არ გვექნება ძალზე რეალისტური და ძალზე თავმდაბალი შეგნება იმისა, თუ რამდენად შორს ვართ ისიხასტების ცხოვრებისაგან, რამდენად მცირედ მომზადებულნი ვართ, რომ ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ მათ, ჩვენი ინტერესი იქნება კიდევ ერთი გამოხატულება ჩვენივე ეგოცენტრული (ხელოვნური) სამყაროსი... უნდა ღრმად გავაცნობიეროთ ჩვენი დრო, თუ რაოდენ ცოტა ვიცით მართლმადიდებლობის შესახებ, რაოდენ ცუდად ვგრძნობთ მას და შორს ვართ არა მარტო წმინდა სიძველეებისაგან, არამედ იმ უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც ცხოვრობდნენ 100 წლის, თუნდაც ერთი თაობის წინ და რაოდენ უნდა ვეცადოთ დღეს, რომ გადავრჩეთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები".1 ამრიგად, სულიერ ცხოვრებას, რომელიც ღვთის განგებით გვხვდა წილად, უდიდესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ძველი დროის წმიდა მამები პირდაპირ აუწყებდნენ თავიანთ მორჩილებს ღვთის ნებას. დღეს ადამიანმა თავად უნდა ეძებოს ღვთის ნება წმინდა წერილში. ეს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვას მოითხოვს. მაშინ სულიერი წარმატება სწრაფად მოიპოვებოდა, დღეს კი ერთობ რთულია. ასეთია ღვთის ნება თანამედროვე ქრისტიანებზე. უნდა ითქვას ერთიც: სულიერი მოძღვრობა (სტარცობა) ქარიზმატული ნიჭია, რომელიც მოძღვარს სულიწმიდის მიერ მიეცემა. ღვთის მადლი ფარულად მოქმედებს მოძღვარში, როდესაც იგი უპასუხებს შეკითხვებს, ანუ: რჩევა გადაეცემა ადამიანს არა გონების, აზროვნების შედეგად, არამედ ზეგარდამო. ყოველივე ამის მოპოვება დამოკიდებულია მოძღვრის სულიერ სიწმინდესა და სრულყოფილებაზე. ახალბედა მოძღვარს, ღვაწლს რომ შეუდგა, მართებს ზემოთქმულის გათვალისწინება. სხვაგვარად მისი სულიერი მდგომარეობა მეტად რთული აღმოჩნდება. წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „იმ მამებმა, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ძველი დროის წმიდა მამათა ფუნქციას და არა აქვთ შესაფერისი სულიერი შესაძლებლობა, დაე უწყოდენ - ცრუა მათი განზრახვა, აზრები და შეხედულებები. მათი აზრების წყობა, ცოდნა ეშმაკის ხიბლია, რომელიც შესაბამის ნაყოფს გამოიღებს მოწაფეში. მათი არასწორი დამოკიდებულება მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება შეუმჩნეველი მორჩილს ან გამოუცდელს, დამწყებს. თუ ეს დამწყები რამდენადმე გონიერია და წმიდა მამათა თხზულებების კითხვასა და მათ ცხოვრებაზე ფიქრშია გამეცადინებული, თავის დროზე ამ ურთიერთობას ნათელი მოეფინება და სამწუხარო განშორების მიზეზი გახდება".2 ამ თვალსაზრისით ყურადსაღები მაგალითებია წმ. მამათა თხზულებებში. განსაკუთრებული უბრალოებით გამოირჩევა, რასაც ბერი პაისის „სულიერ ბრძოლაში" ვკითხულობთ: „თუ ადამიანი თავს ეგოისტურად აიძულებს იღვაწოს და სურს რომელიმე წმინდანს გაუტოლდეს, რათა ამით სხვათა აღტაცება დაიმსახუროს - ეს უკვე ხიბლის დასაწყისია... მაშინ, როდესაც საკუთარ „მშრალ" მოღვაწეობას განიხილავს ადამიანი და დაასკვნის, რომ სულიერად წარმატებულია, ის ამპარტავნობს: „მე ასეთი და ასეთი სულიერი ღვაწლი ვიტვირთე, ის ძმა კი ამაში მოიკოჭლებს, მე უკვე მივაღწიე ამა და ამ წმინდანის დონეს, იმ წმინდანს კი გადავამეტე". და ის კიდევ უფრო გულმოდგინედ მარხულობს და მეტ მღვიძარებაშია, მაგრამ მისი ყოველი შრომა ამაოდ იხარჯება, იმიტომ რომ, ყოველივე ამას ის ვნებების მოსაკვეთად კი არ აღასრულებს, რომ ეგოისტური კმაყოფილების განსაცდელად".3 ცრუ „წმინდანობის" საცთურს წმინდა მამები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მოვლენად მიიჩნევენ. ამ დროს მოძღვარი, ბერი ან მონაზონი ესწრაფვის მრევლის სასწაულებითა და ნიშნებით განმტკიცებას. ასეთ ადამიანს თავი განსაკუთრებული მლოცველი ჰგონია. მას უჩნდება „კურნების", მჭვრეტელობის კადნიერი პრეტენზია, თითქოსდა სხვათა აზრებს სწვდება, მომავალს წინასწარმეტყველებს, ან ანგელოზებსა და რომელიმე წმინდანს ესაუბრება და ა.შ. მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, ადამიანს ხიბლში აგდებს. ეს ყველაფერი შეიძლება საშინელი შედეგებითაც დასრულდეს: (ჭკუაშეშლილობა, ეშმაკისეულობა ან თვითმკვლელობა). ამრიგად, არ შეიძლება ვენდოთ სასწაულებისა და ხილვების სურვილს, ზუსტად უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი და ცრუ, ეშმაკური სასწაული. ზოგიერთმა მღვდელმსახურმა შესაძლოა, საიდუმლოს აღსრულების დროს აღსრულებული სასწაული პირად ღირსებად აღიქვას. მაგალითად: პური და ღვინო მაცხოვრის წმიდა ხორცად და სისხლად გარდაიქმნება, წყალი იკურთხება და არ ფუჭდება, მონათლული ადამიანი ღვთის განგებით ეკლესიის წევრი ხდება, აღსარების საიდუმლოში სხვისი ცოდვების მიტევება ხორციელდება და ა.შ. სულიერ ხიბლში ჩავარდნილი მოძღვარი საკუთარ თავს იმას მიაწერს, რაც ნუგეშინისმცემელ სულს ეკუთვნის, რაც ყველა საიდუმლოსა და მღვდელმოქმედებაში ვლინდება, მღვდლის პირადი ნიჭიერების მიუხედავად. სიამაყით დაბრმავებული მღვდელი თავის პირად სულიერ მიღწევად, საკუთარი ასკეტური ღვაწლისა და ლოცვითი ძალის ნაყოფად მიიჩნევს ამას. მსგავსი შეცდომა უფრო მეტად ფსიქოლოგიის, განწყობილებებისა და შეგრძნებების სფეროში ვლინდება, ვიდრე განსჯად თეორიულში. მღვდელს შესანიშნავად ესმის, რომ მაკურთხეველი ძალა სულიწმიდას ეკუთვნის, მაგრამ ღვთის სულის მაკურთხეველი ძალის მეტ გამოვლინებას, სხეულთა კურნებასა და მჭვრეტელობას ის საკუთარ მე-ს, პირად ღირსებებს მიაწერს.4 ამრიგად, უნდა განვასხვავოთ ხელდასხმის შედეგად მიღებული სულიწმიდის ნიჭი საკუთარი მოძღვრობის (შემდგომში ბერობის, სტარცობის) განსაკუთრებული ქარიზმატული ნიჭისაგან, რომელიც არ მიეცემა ადამიანს ხელდასხმისას. სულიერი მოძღვრობა როგორც წესი, ვნებებისა და აზრებისაგან გულისა და გონების ხანგრძლივი განწმენდის, მძიმე მოღვაწეობის შემდეგ ღვთის განგებით ეძლევა ღვთის რჩეულ ჭურჭლებს. მათ ღვთისაგან ეძლევათ ადამიანთა ფარული სულიერი ვნებების ხედვის ნიჭი. ამის შემდეგ ძალუძთ მათ მიუთითონ სულის გამოსწორების გზებზე. ასეთი ადამიანები განსაკუთრებული მადლმოსილებით ხდებიან სტარცები, ბერები. მათ ცხოვრებაში ნამდვილად მრავალი სასწაული (უკურნებელი სენის განკურნებები და მისთ.) და მჭვრეტელობის ნიჭი შეინიშნება. ხოლო ცრუ „სტარეცი", ბერი არ დარდობს თავისი რჩევა-დარიგების სიავკარგეზე. მას მხოლოდ ერთი სურს: მოიპოვოს გამოცდილი, წმიდა, გონიერი, მჭვრეტელი მოძღვრის სახელი. მშვინვიერი, მოხიბლული მოძღვარი, ყოველთვის ცდილობს ეფექტი მოახდინოს საზოგადოებაში, მაგრამ იგი ვერ იაზრებს, თუ რამდენად დიდი სულიერი ზიანის მოტანა შეუძლია მის დაუფიქრებელ რჩევას. სწორედ ასეთების გასაგონად თქვა მაცხოვარმა: „ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი." ჩვენ დროში ერთობ მოხშირდა დამახინჯებული წარმოდგენა ჭეშმარიტი მოძღვრის ფენომენზე. მას აშკარად ეგზალტირების ელემენტებიც სდევს თან. ჭეშმარიტი მოძღვრის დანიშნულება, თვისებები, დამოკიდებულება, სულიერი ხელმძღვანელობის უნარი სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ქრისტიანების ერთი ნაწილის მიერ. ზედმეტი, გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება „მჭვრეტელი", „სასწაულთმოქმედი", „მკურნალი" მამებისა და დედების ძიებას. მავანთა აზრით, ასეთი მოძღვარი არ შეიძლება შეცდეს. ამიტომ მის ლოცვაში სასწაულთქმედების ნიჭს ხედავენ. ხშირად იქ, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით შეუძლებელი არაფერი ხდება, სურთ დაინახონ უცნაური და ზებუნებრივი. დასანანია, ცრუ მოძღვრის კულტი სწორედ ხალხში, მასებში ყალიბდება. ვით იუდეველები ეძიებდნენ სასწაულებს ზეცით, ასევე თანამედროვე ფსევდოქრისტიანები, მისანთა და მარჩიელთა სანაცვლოდ თვით ეკლესიის წიაღში ეძებენ თავიანთი ვნებების დაკმაყოფილების საშუალებას, თითქოსდა ცხოვრება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ რამდენჯერ დაესწრებიან სასწაულთმოქმედთა „სეანსებს". ამ ტრაგიკულ გაუცნობიერებლობას ხელს უწყობენ მოძღვრის გარემოცვაში მყოფი ეგზალტირებული და სენტიმენტალური რელიგიური პირები. ისინი არიან მეტწილად ქალბატონები, რომლებიც „აღმერთებენ" თავიანთ მოძღვარს. ზემოხსენებულ სულიერ სენს - სტარცების, ბერების ძიების ვნებას ძლიერ აღვივებს შესაბამისი სულისკვეთებისა და შინაარსის ლიტერატურა. მკითხველს მიეწოდება წიგნები სხვადასხვა მოძღვარსა და მონაზონზე (შესაძლოა სასულიერო ხარისხის არმქონე პირებზე), სადაც წმიდა მამებისა და ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლება იქადაგება. ვერასგზით დავმალავთ ამის მიზეზს. ე.წ. „სასწაულთმოქმედთა" ძიების ვნებას იწვევს მორწმუნეთა სულმოკლეობა. იმის ნაცვლად, რომ მორწმუნე ადამიანმა სისტემატურად იკითხოს მართლმადიდებლური ლიტერატურა, იგი შემოიფარგლება ზერელე და საეჭვო ბროშურებით. ზოგჯერ ასეთი გამოცემების შინაარსი ლამის „გამოცხადების" ტექსტს გაუტოლონ, არადა ყურადღებით, გულისყურით რომ კითხულობდეს ქრისტიანი წმიდა მამათა ცხოვრებას, არ გამოეპარებოდა შემდეგი ფაქტი: ყველა წმიდა მამა გაურბოდა ქება-დიდების ყოველგვარი ხილული ნიშნების გამოვლენას. სწორედ ასეთია წმიდა წერილის სულისკვეთებაც. ახლა კი პირიქითაა - დღევანდელი „სასწაულთმოქმედი" მამებისა და დედების ქცევაში სახელის განთქმის, საკუთარი რეკლამის ნიშნები იკვეთება. ამრიგად, „წმინდანობის" საცდური, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ყველაზე საშიში განსაცდელია მოძღვრისთვისაც და მისი თაყვანისმცემლებისთვისაც. საშიშია, რადგან ამას ხიბლის მდგომარეობამდე მიჰყავს ადამიანი. უფრო სახიფათო ის გახლავთ, რომ ცრუ სტარცობა ერთგვარ ჰიპნოზს იწვევს. ცრუ იდეა სულიერ სიბრმავეში ამყოფებს ადამიანს, ცრუ აზრით მოცულ გონებას კი არანაირი არგუმენტი, მტკიცებულება, წმიდა მამათა სწავლების მოხმობაც კი არ შველის. ცრუ ბერებიც და მათი მიმდევრებიც ბოლოს ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, ანდა, წმიდა მამათა აზრით, თვითმკვლელობით ასრულებენ თავიანთ „მოღვაწეობას". მთავარი უთუოდ უნდა ითქვას: რა არის ამ სულიერი სენის მიზეზი? წმიდა მამათა ერთსულოვანი სწავლების თანახმად ამ სენს ხიბლი ჰქვია. ვიდრე ხიბლზე ვისაუბრებდეთ, შევუდგებოდეთ, ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. აღნიშნული სულისკვეთების ლიტერატურაში ხშირად იშველიებენ XX საუკუნის მოღვაწეთა ციტატებს; მათში სხვადასხვა მოვლენას უწინასწარმეტყველებდნენ გარკვეულ პირებს, მაგალითად, ესა და ეს პიროვნება იცოცხლებს მეორედ მოსვლამდე და მისთანანი. ეკლესიის ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც წმიდა მამა ზოგიერთ საკითხში ცდებოდა, მაგრამ ეს შეხედულება კერძო აზრად რჩებოდა და ეკლესია მას არ იზიარებდა. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება XX საუკუნის მოღვაწეებს და წმინდანებს. მათი შეხედულებები ძირითადად ზეპირი ფორმით გადმოიცემოდა, როგორც წესი, მეორე ან მესამე პირის მიერ და შემდეგ იწერებოდა. ეს ეჭვქვეშ აყენებს ამ „წინასწარმეტყველებების" ნამდვილობას. კიდევ: ხშირად რთულია გავიგოთ, რა კონტექსტში იყო ნათქვამი ესა თუ ის ციტატა. შემოთავაზებულია ამონარიდი, მაგრამ არ ჩანს მთლიანი სურათი, ფონი, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობდა ავტორი? რა ფორმით გამოხატა აზრი, იქნება ალეგორიაა ეს ან ხუმრობა? საინტერესოა, როგორი სულისკვეთების ადამიანები წერდნენ ამ მოღვაწეთა ნაამბობებს? იქნება ეგზალტირებულნი, მოხიბლულნი იყვნენ ისინი და არ ჰქონდათ სწორი მართლმადიდებლური, წმინდა მამებისეული დამოკიდებულება? ან რატომ უნდა ვინტერესდებოდეთ იმით, რაც წმიდა წერილში აკრძალულია? წმიდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებდა: „მრავალი ცდილობდა ბოლოჟამის გამოცნობას. ამბობდნენ: „ეს-ესაა დასრულდება ზაფხული", მაგრამ ვერასდროს გამოიცნეს. მაცხოვარმა თქვა, რომ არავინ იცის ქვეყნის აღსასრულის დრო. ამიტომ არ ღირს მკითხაობა და სხვათა ნამკითხავების გამო დამწუხრება. უფლის მეორედ მოსვლა რომ იქნება, ცხადია; ისიც ცხადია, რომ ბოლო ჟამის მრავალი ნიშან-თვისების მიუხედავად, იგი მოულოდნელი იქნება. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ მაცხოვრის გამუდმებული ლოდინი და მზადება მიგებებისათვის და არა მარჩიელობა მეორედ მოსვლაზე".5 ამავე შინაარსისაა არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) კითხვა-მიგებებაც: „პირადად ჩემთვის აპოკალიფსიც საკმარისია, რომელშიც მომავალი ისტორიის კონტურებია მითითებული. ის (აპოკალიფსი) არ მიგვანიშნებს კონკრეტულ თარიღებსა და გეოგრაფიულ მდგომარეობებზე. მე უფრო მეტად მაინტერესებს რა ხდება ადამიანის სულში, იმიტომ რომ სწორედ ამაზე და არა გარეგნულ სიტუაციაზეა დამოკიდებული მარადიული ცხოვრება ან სიკვდილი".6 სასწაულთმოქმედების საცდურის შესახებ სათქმელი გვსურს კიდევ ერთხელ დავამოწმოთ წმიდა მამათა და თანამედროვე ღვთისმეტყველთა შეფასებებით. ისინი გვაუწყებენ, რომ მიუხედავად ჩვენი დროის სულიერი სიდუხჭირისა, მაინც მოიპოვებიან არა მოხიბლული, არამედ ჭეშმარიტი მოძღვრები; ისინი ჩვენს სულიერ დონეს დააკმაყოფილებენ.
1 ს.როუზი. „სამეუფეო გზა". თბ. 1998 წ. გვ. 27. 2 Аскетические опысы. Св. Игнатий (Брианчанинов). ტ. II. 1998. Сретинский Мон. 3 ბერი პაისი „სულიერი ბრძოლა". გვ. 201. 4 "სამოძღვრო ღვთისმეტყველება". გელათის სასულიერო აკადემია. ნაწილი I. ქუთაისი. 2007 წ. გვ. 160. 5 დ. ჯინჭარაძე. „შეიცანი ჟამი". გვ. 1. თბ. 2006 წ. 6 არქ. რაფაელი კარელინი. „Море житейское". М. 2008. გვ. 249.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |