მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


10-05-2023, 12:50

„დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

   მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განშორებისა და დამღუპველი ერესის წყვდიადში დანთქმის შემდეგ, დასავლეთის ეკლესიის მოსაგრენი და მათი მწერლები სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარდნენ. სწორი სულიერი შეხედულებისაგან ეტაპობრივი გადახვევა კარგად ჩანს გვიანდელი და თანამედროვე მოღვაწეების ცხოვრებაში.

   მოგეხსენებათ, აღმოსავლეთის წმიდა მამებს თავიანთი მკითხველი არა ხილვათა სიმაღლეებისაკენ, არამედ საკუთარი ცოდვების, დაცემის შეცნობისაკენ მიჰყავთ. სრულიად საპირისპირო სულისკვეთება შეინიშნება დასავლურ მისტიკაში.

   ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვმა დაწერა ნაშრომი „ეკლესიის მისტიკა და დასავლურ აღმსარებლობათა მისტიკა". წმიდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით, მან შესანიშნავად წარმოგვიჩინა დასავლური მისტიკის ხიბლისმიერი მდგომარეობა. მკითხველს ვთავაზობთ ნაშრომის ძირითად შინაარსს:

   „მისტიციზმი არასწორად წარმართული რელიგიურობის ავადმყოფული წარმონაქმნია. მისი გამოჩენა და არსებობა შესაძლებელი იყო მხოლოდ დასავლეთში, წმიდა ეკლესიისაგან მოწყვეტილ საზოგადოებებში, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში. მისტიციზმის მიმდევარნი კეთილ საქმეს - ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობას ეძებდნენ, მაგრამ არასწორი გზით მიდიოდნენ. რაც მთავარია, ისინი იმედოვნებდნენ, რომ საკუთარი ძალისხმევით სამართლიანად დაეუფლებოდნენ იმას, რასაც საღვთო მოწყალებისაგან ელიან ხოლმე და რასაც ღვთისაგან ბოძებულად აღიქვამენ. ამ თავდაჯერებული თვითშემოქმედებით აღიგზნებოდა წარმოსახვა, მას მოსდევდა საოცნებო მოლოდინი, რაც, როგორც მხურვალედ სასურველი, მალევე ხორციელდებოდა და ახდენილადაც ითვლებოდა. ღვაწლის მიზანიც მიღწეული იყო. ეს ყოველივე უაღრესად მიმზიდველი საღებავებით ფერადდებოდა და ლამაზ სახეებსა თუ საოცნებო ზეციურ სანახაობებში ვლინდებოდა. ასეთ ადამიანებს თავბრუს ახვევს დასავლეთის მოღვაწეთა ნაწერები. ისინი ესაუბრებიან გულისათვის ძვირფას საგნებზე, თუმცა მკითხველს მხოლოდ იზიდავენ და არაფერს აძლევენ.

   ქრისტეში ჭეშმარიტი ცხოვრება არის დაფარული, იდუმალი (მისტიური). პავლე მოციქული მას უწოდებს „ცხოვრებაი, დაფარული ქრისტეთურთ ღვთისა თანა (კოლ. 3.3); პეტრე მოციქული - „დაფარულ იგი გულის კაცი" (1 პეტ. 3.4). მაგრამ ამ ცხოვრების გამოვლინება მეტად უბრალოდ ხდება. არავინ უწყის, როგორ მოდის სულიწმიდა და როგორ აღძრავს ადამიანს სინანულისთვის. ამ შინაგანი გადატრიალების აღსრულების შემდეგ სულიწმიდა მორწმუნე გულს ვნებებთან მეტად მძიმე ბრძოლისათვის განაწყობს, წინამძღვრობს და ეხმარება კიდეც. ამ ბრძოლას, მეტნაკლებად ხანგრძლივსა და მტკივნეულს, ყველა განიცდის. მას მივყავართ გულის სიწმიდემდე, რომლის წყალობით მორწმუნე მუშაკი საღვთო ჭეშმარიტებათა უცხადესად წვდომისა და უტკბილეს შეგრძნებათა ღირსი ხდება. ზუსტად იმგვარადვე, როგორც ეს სახარებასა და მოციქულთა ნაწერებში არის განსაზღვრული. უტკბესი შეგრძნება ჩნდება უკვე ხანგრძლივი ჯაფისა და მრავალი გამოცდის ბოლოს, როგორც ჯილდოდ მიღებული გვირგვინი. მისტიკოსები კი მაინცდამაინც ამ სრულყოფილ უმაღლეს წერტილს ჯიქურ ჩააფრინდებიან და ხატოვნად, მაგრამ ყოველთვის ყალბ ფერებში ასახავენ ისე, როგორც მოჩანს მათ წარმოსახვით ოცნებებში. ჭეშმარიტების გამოთქმა შესაძლებელია მარტოოდენ გამოცდილებით, სულიერ სიკეთეთა საქმით შემოწმების შემდეგ. მისტიკოსები კი თავიანთი ოცნებებით იხერგავენ ნამდვილის „იქით" მიმავალ გზას. მამათა ნაწერებში, პირიქით, ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ამ უმაღლეს მდგომარეობაზე. ისინი ყველაზე ხშირად ეხებიან სინანულის ღვაწლს, ვნებებთან ბრძოლასა და მის სხვადასხვა გამოვლინებას...

   იშვიათია წმიდა მოსაგრე, რომელიც სულიერ ცხოვრებაზე წერს და ადამიანებს ხილვებისა თუ ჩვენებების შესახებ არ აფრთხილებს. წმ.სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: „...ლოცვის დროს მარტივი კანონია: არაფერი წარმოიდგინო, არამედ გონება გადაიტანო გულში, დააჯერო თავი, რომ ღმერთი ახლოს არის, გხედავს, გისმენს და ამ რწმენით შეუვრდები მას - სიდიადით საშინელსა და კეთილშემწყნარებლობით მახლობელს. მიუხედავად ამისა, ლოცვისას აი, რას სჩადიან ზოგიერთები: „ლოცვად მდგარნი ზეცად აღაპყრობენ თვალსა და გონებას, წარმოისახავენ საღვთო ნათელს, ზეციურ მადლს, წმიდა ანგელოზთა დასებს და წმიდათა სავანეებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რაზეც გამორჩეულად, ხატოვნად ამბობს წმიდა წერილი. გონებიდან გამოიხმობენ მათ და ლოცვისას წარმოსახვის ძალით ათვალიერებენ. ცდილობენ წარმოდგენებისა და წარმოსახვების სიმძაფრით შეძრან საკუთარი გრძნობა. ამას ზოგჯერ ახერხებენ კიდეც - ახელებენ გულს ღვთაებრივისადმი მისწრაფებით და გულაჩუყებულნი ქვითინებენ."

   ეს არასწორი დასაწყისი მხოლოდ უბედურებათა სათავეა. მას მოსდევს რაღაც ძალიან ცუდი და უაღრესად სახიფათო, რადგან წარმოსახვა გულთან არის დაკავშირებული. ზეციურ სავანეებში გონების ასეთი ფარფატი თუ ფრენა იოლად და უმალ ტოვებს მას - ხდება გრძნობათა გახელება. ვინც ამგვარად იქცევა, მაშინვე იწყებს ოცნებას თავის სრულყოფილებასა და საქმის წარმატებაზე. შემდეგ ქედმაღლობა უფრო მეტად აღაგზნებს წარმოსახვას და ისიც სწრაფად ხატავს ახალ სურათებს. მეოცნებე პიროვნება მიმზიდველი სახით ერთვება ოცნებებში - ღმერთთან, ანგელოზებთან და წმინდანებთან ახლოს. რაც უფრო ამნაირად ოცნებობს ადამიანი, მით უფრო მალე რწმუნდება, რომ უკვე ზეციური არსებაა, ზეცის მკვიდრთა მეგობარია, რომ ღირსია მათთან სიახლოვისა და განსაკუთრებული ხილვებისა...

   აღმოსავლეთის ეკლესიის ჩამოშორებისა და სულიწმიდის დაკარგვის შემდგომ დასავლეთის ეკლესიის მიერ უდიდეს წმინდანებად შერაცხილ მოსაგრეთა უმრავლესობა ჩემს მიერ გადმოცემული მეთოდოლოგიით ლოცულობდა და აღწევდა ხილვებს, რასაკვირველია, ცრუს! ეს მოჩვენებითი წმინდანები უსაშინელეს ხიბლში იყვნენ... ხიბლით შეპყრობილი ლათინი მოსაგრენი უჩვეულოდ ხორციელი, ვნებითი აღგზნების მიზეზით ყოველთვის შეშლილებივით იქცეოდნენ. ასეთ მდგომარეობაში იყო იეზუიტების ორდენის დამაარსებელი იგნატიო ლოილა. მისი წარმოსახვა, როგორც თავად ამტკიცებდა, იმდენად გახელებული და გავარჯიშებული იყო, რომ მარტოოდენ მონდომებითა და ოდნავი დაძაბვით, მის თვალწინ, მისივე სურვილით იშლებოდა ჯოჯოხეთი ან სამოთხე. ჯოჯოხეთისა და სამოთხის ხილვა მხოლოდ ადამიანური წარმოსახვით არ ხდება. საამისოდ ეს საკმარისი არ არის. ხილვა ხდებოდა დემონთა მოქმედებით.

   ცნობილია, რომ ღვთის ჭეშმარიტი წმინდანები ხილვების ღირსნი ხდებიან მხოლოდ ღვთის კეთილი ნებითა და საღვთო ქმედებით, არა ადამიანური ნებითა თუ პირადი ძალისხმევით. ხილვები ეძლევათ მოულოდნელად, უკიდურესად იშვიათად, განსაკუთრებული აუცილებლობის დროს, საოცარი საღვთო ზედამხედველობით და არა შემთხვევით. ერთიც: მოხიბლული მოღვაწისათვის უცხოა ჭეშმარიტი სიმდაბლის, ლოცვისა თუ ცრემლების კეთილსურნელი. პირიქით, იგი მუდამ ტრაბახობს საკუთარი სათნოებებით, პატივმოყვარეა და ყოველთვის უშიშრად ეძლევა უწმინდურ ვნებებს".1 (გაგრძელება...)





1 ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი. წიგნ. „წერილები კათოლიციზმის შესახებ".

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება