მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ქარიზმატული აღორძინება“ - დეკანოზი კონტანტინე ჯინჭარაძე

„ქარიზმატული აღორძინება“ - დეკანოზი კონტანტინე ჯინჭარაძე


19-11-2022, 08:03

„ქარიზმატული აღორძინება“ - დეკანოზი კონტანტინე ჯინჭარაძე

 

   მოდერნისტულ მიმართულებათა განხილვამ დაგვანახა, რომ ძირითადი ცდომილების სათავე ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) არასწორი სწავლებაა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ საფრთხის შემცველია მოდერნიზმის ისეთი გამოვლინება, როგორიც „ცრუმისტიციზმია", როცა არა მხოლოდ თეორიული (თეოლოგიური), არამედ პრაქტიკული (ასკეტური) მიდგომები ყალბი სულიერებითაა განპირობებული. მას მართლმადიდებლურ სწავლებასა და ცხოვრებაში სულიერი ხიბლი ეწოდება.

   „ცრუმისტიციზმის" მცდარი პრაქტიკა ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (XII-XIII) გამოვლინდა ლათინი ბერების მოღვაწეობაში - მათი ლოცვითი მდგომარეობა ყოველთვის ექსტაზური იყო და უცნაური განხურვებით გამოირჩეოდა. ეს კარგად ჩანს ლათინთა „წმინდანების" ფრანცისკ ასიზელისა და ეგნატე ლოილას მაგალითზე. ამის შესახებ მომდევნო თავებში ვისაუბრებთ.

   ამჯერად მკითხველის ყურადღება გვსურს გავამახვილოთ XX საუკუნის დასაწყისის იმ „სულიერ" მოვლენაზე, „ქარიზმატული აღორძინება" რომ ჰქვია.

   მისი („ქარიზმატული აღორძინების") წიაღსვლები ორმოცდაათიანელების სექტიდან იღებს სათავეს. მისი „სული" იმთავითვე აითვისეს კათოლიკური და პროტესტანტული დენომინაციების მოდერნისტულ-წრეებმა. ამის შემდეგ კი „ქარიზმატული აღორძინება" „მართლმადიდებელი" მოდერნისტების სულისკვეთებაც ხდება.

   ცხადია, ამ „სულს" არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან, მაგრამ მისი დამკვიდრების მცდელობაც ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლების სახელებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ნ. ბერდიაევი „წინასწარმატყველებდა" ახალი ქრისტიანული ეპოქის დადგომას, სადაც ადგილი არ აქვს „ისტორიული მართლმადიდებლობის მონაზვნურ, ასკეტურ სულისკვეთებას". ეს „კონსერვატიული ქრისტიანობა, რომელიც ადამიანის მთელ სულიერ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ სინანულისა და ცხონებისაკენ მიმართავს", მოდერნისტების აზრით, ჯერ კიდევ არასრულყოფილია და უნდა „გამდიდრდეს" ახალი „სულიერი" ფენომენების კომპლექსებით (ერთობლივი ლოცვითი პრაქტიკით).

   ამრიგად, „ქარიზმატული აღორძინება" მიმზიდველი ხდება როგორც დასავლური რელიგიების, ისე „მართლმადიდებელი" ეკუმენისტებისთვისაც. „ქარიზმატიკოსი" ლუთერანი პასტორი კლარენს ფინსაანსი წერდა: „ბევრს უკვირს, რომ სულიწმინდა შეიძლება ისტორიული ეკლესიის სხვადასხვა განშტოებასაც ეწვიოს. ამით სწორედ ის მტკიცდება, რომ ღმერთი ყოველგვარი სარწმუნოების სიმბოლოებზე მაღლა დგას და მასზე მონოპოლიას არც ერთი აღმსარებლობა არ ფლობს".1

   1972 წლიდან „ქარიზმატული აღორძინების" მოძრაობა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც აღწევს. ამის შესახებ იტყობინება ხსენებული მოძრაობის წარმომადგენელი მღვდელი ევსევი სტეფანუსი.

   „ქარიზმატული აღორძინების", როგორც „კონფესიათაშორის ერთობის" წარმომადგენლებს, მიაჩნიათ, რომ ღმერთთან უშუალო კავშირი სწორედ ამგვარი „ქარიზმატულობით" ხორციელდება. აქედან ჩანს, რომ „ქარიზმატული აღორძინება" მხოლოდ ზეემოციური და პროტესტანტული აღორძინების გამოვლინება როდია, არამედ მართლაც რაღაც „სულის" მოქმედებაა, რომლის წინაშეც „ლოცულობენ" და რომელიც „სასწაულებსაც" (ენებზე ლაპარაკს) იქმს.

   მაგრამ უფალმა იესო ქრისტემ დააარსა ეკლესია, როგორც ერთადერთი შუამდგომელი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ღმრთის მადლი ენიჭებათ. ნუთუ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს ეკლესია რაღაც „ახალმა" გამოცხადებამ" შეცვალა, რომელიც ეკლესიაზე მაღლა დგას და შეუძლია ღმრთის მადლის გადაცემა ეკლესიის მიღმაც?

   მართლმადიდებელმა ქრისტიანმა (თუ ის მართლმა ორთოდოქსია) იცის, რომ სულიწმინდის ნიჭები არ ეძლევა ეკლესიის მიღმა მყოფთ. „ქარიზმატიკოსები" კი გვიკიჟინებენ, რომ ეკუმენისტურ შაბაშებში „ახალი სულის" გამოვლინებაა: ყოველი ქრისტიანი „განახლებას განიცდის" თავისი რელიგიური ტრადიციის შიგნით და ამასთან უცნაურად, „მაგიური გზით" ერთიანდება სხვა კონფესიების მორწმუნეებთან, რომლებიც ასევე „განახლდებიან" თავიანთ აღმსარებლობებში მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელნი შეიცავენ სხვადასხვა ერესებსა და ცდომილებებს.

   ცრუმისტიციზმის ამ მოდერნისტულ-ეკუმენისტურ შეკრებებზე იქმნება ექსტაზური და ილუზიური განცდა „თავისუფლებისა" და „სიყვარულისა", თითქოს მოხსნილია ყოველგვარი ბარიერი და ყოველგვარი აკრძალვა, ვისაც როგორც უნდა, ისე ლოცულობს, შეიძლება წაუცეკვოს, ან „ენებზე ამეტყველდეს" და ამაზე ამბობენ, რომ „ჩვენ შორისო სულიწმიდა მკვიდრობსო".

   ნეტარი ავგუსტინე შენიშნავს:

   „ადრეულ საუკუნეებში სულიწმიდა გარდამოდიოდა მორწმუნეებზე და ისინი იმ ენებზე ლაპარაკობდნენ, რომლებიც არ ესწავლათ - სული აძლევდა მათ მეტყველების უნარს. ეს ნიშანი დროით იყო განპირობებული: იგი (სულიწმიდის გარდამოსვლის უნარი) ყველა ენაზე სულიწმიდის ნიშნად უნდა ქცეულიყო და ნათელეღო. უფლის სახარება ყველა ენაზე და დედამიწის ყველა კუთხეში უნდა ექადაგათ. ეს იყო სასწაული და მან ჩაიარა. და რაო, ახლა დაველოდოთ, რომ ვისაც ხელს დაასხამენ, ენებზე ლაპარაკს დაიწყებს? ან იქნებ, ამ ბავშვებს ხელს რომ დავასხამთ, ყოველმა ჩვენგანმა ის უნდა იფიქროს, ისინი ენებზე ამეტყველდებიანო? როდესაც დაინახავ, რომ ასე არ ხდება, ნუთუ ჩვენ შორის მოიძებნება ვინმე, იმდენად მზაკვარი, თქვას, მათ არ მიუღიათ სულიწმიდაო?".2

   როგორც ვხედავთ, გამოჩნდა უამრავი „მზაკვარი" მათ შორის „მართლმადიდებელი" ქრისტიანებიც, რომლებიც ამბობენ: „როგორც იქნა „ქარიზმატულმა სულმა" მართლმადიდებელ ეკლესიაში შემოაღწია და აწი ჩვენთანაც დამკვიდრდება სული წმიდა" (ნუ იყოფინ!).

   ასეთ ატმოსფეროში საღად მოაზროვნე მართლმადიდებელი ქრისტიანი აღმოაჩენს, რომ საერთოდ იგნორირებულია სინანულის განცდა, ღმრთის შიშისაგან შობილი მოწიწება, ასკეტური ღვაწლი და მისთ. შესაბამისად აღმოაჩენს, რომ „ქარიზმატული აღორძინება" ხიბლისმიერი მდგომარეობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. (გაგრძელება...)




1 ლ. ქრისტენსენი. „ენებზე ლაპარაკი". წიგნ. „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია". ს. როუზი. გვ. 178.

2 ნეტ. ავგუსტინე. ჰომილიები იოანეს სახარებაზე. VI. 10.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება