მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „მართლმადიდებლური სოციალიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„მართლმადიდებლური სოციალიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


17-11-2022, 00:01

„მართლმადიდებლური სოციალიზმი“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ქრისტიანული სოციალიზმის სპეკულაციური მექანიზმი კიდევ უფრო საფრთხისშემცველი ხდება, როდესაც ეს მოდერნისტული კონცეფცია „მართლმადიდებლური სოციალიზმის" ფორმას იძენს.

   ცხადია, ტერმინი „მართლმადიდებელი" „მართლმადიდებლური სოციალიზმის" იდეოლოგიაში გნოსტიკური მნიშვნელობისაა, ვინაიდან ამ პროექტს უფრო მეტად შეესატყვისება ტერმინები: „ნეოქილიაზმი" ან „ნეოპელაგიანობა"... სწორედ მსგავს ცრუსწავლებათა საფუძველზეა აგებული „მართლმადიდებლური სოციალიზმის" კონცეფცია.

   ამ იდეოლოგიის ძირითადი პრინციპი გახლავთ პროგრესი, ადამიანის თვითგანვითარებითა და თვითსრულყოფით შეპყრობილობა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ადამიანის მეთოდოლოგიურ, ხარისხობრივ „ზრდას". საუბარია „სინთეზზე", რომელიც თითქოს უნდა განხორციელდეს მართლმადიდებლობასა და სოციალიზმს შორის.

   ამრიგად, ტერმინი „მართლმადიდებლური სოციალიზმი" მოკლებულია ორთოდოქსულ შინაარსს, რაკი გაჯერებულია ქილიასტურ - პელაგიანური იდეებით - ე.ი. მისი ანთროპოლოგია და სოტერეოლოგია მეტწილად ერეტიკული ხასიათისაა. მარტივად რომ ვთქვათ, ცხონების საკითხი ადამიანში პირველქმნილი ცოდვის არარსებობაზე, მოჩვენებით სრულყოფილებაზე, ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობაზე და „ათასი წელი" კარგად ყოფნაზეა აგებული.

   როდესაც „მართლმადიდებლური სოციალიზმის" პელაგიანობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მოსაზრებას, თითქოს „მადლი ღვთისა ჩვენი დამსახურებისამებრ გვეძლევა" (პელაგი).

   „თითქოს ჩვენი დამსახურების გამო უნდა მოგვმადლოს ღმერთმა მადლი" (ნეტ. ავგუსტინე).

   „მართლმადიდებლური სოციალიზმის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ნ. სიომინი წერს:

   „კარგი სოციუმი მორალურ ადამიანს წარმოშობს, ხოლო გარყვნილი სოციუმი მას ცოდვაში შთანთქავს და სულიერად წარწყმედს. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15. 33)".1

   ძირითადი გზავნილი „სოციალ-მართლმადიდებლობისა" აქ იმაში მდგომარეობს, რომ ზნეობრივად მოწესრიგებულ საზოგადოებას შეუძლია ადამიანის გადარჩენა, თავისთავად ცხონებაც, ღვთის მადლის მოხვეჭასა და ქრისტიანულ ღვაწლზე აქ არ არის საუბარი. ამას ადასტურებს ნ. სიომინის შემდეგი სიტყვები: „როგორც ვხედავთ, საბჭოთა აღზრდამ საზოგადოებრივი საკუთრების პირობებში გამოიმუშავა ადამიანის ისეთი ტიპი, რომლის სოლიდარულობის დონე გაცილებით დიდია (მაღალია), ვიდრე დღევანდელი ადამიანისა, თითქოს ღიასი ეკლესიის ზეგავლენისთვის".2 ანუ: საბჭოთა აღზრდა და საკუთრების ფორმა უფრო ეფექტურია, ვიდრე ქრისტიანული სათნოებები - „ღია ზეგავლენა ეკლესიისა".

   „მართლმადიდებლურ სოციალიზმში" შესაძლებელია ღვთის მადლის მოხვეჭა, სიკეთის კეთება ეკლესიის შუამდგომლობის, ეკლესიის მონაწილეობის გარეშეც. ყოველ შემთხვევაში, საწყისი საამისო მარაგი ადამიანს სულიერ რესურსში - „სოციუმში" გააჩნია. სრულიად აშკარაა კლასიკური პელაგიანობა, (ნეო-პელაგიანობა) ახლებურად გააზრებული, სადაც ადამიანის ბუნებრივი მოქმედებებით შექმნილ საზოგადოებრივ წყობას შეუძლია ჩამოაყალიბოს „ზნეობრივი", „ბუნებრივად მადლმოსილი" ადამიანი - მოაწყვე „სამართლიანი სოციალური ცხოვრება" და ეგაა.

   შემდეგ ნ. სიომინი ამბობს:

   „უნდა ავაგოთ რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ღვთის სასუფეველის მსგავსი საზოგადოება, ხოლო მადლი მხოლოდ დაადასტურებს ამ გადაწყვეტილების მართებულობას. როდესაც მეუფება ჩამოვა დედამიწაზე, მას ორი ძირითადი ნიშანთვისება ექნება: 1) ღვთის რწმენა და 2) საერთო საკუთრება, ვით გარანტი ადამიანებს შორის სიყვარულისა".3

   „სიყვარულის გარანტად" აქ საკუთრების ფორმა და საზოგადოებრივი კეთილმოწყობა გვევლინება. ე.ი. ადამიანური საქმეები, „მართებული მოქმედება", რომელსაც „მადლი მხოლოდ დაადასტურებს". აქ კი კლასიკური ქილიაზმის (დედამიწაზე ღვთის ათასწლოვანი მეუფება) ერესი იჩენს თავს.

   მსგავსი ნეოქილიასტური და ნეოპელაგიანური შეხედულებები ლაიტმოტივად გასდევს მთელ ამ მსოფლმხედველობას, რომელსაც სინამდვილეში „სოციალ-პელაგიანობა" უნდა ეწოდოს.

   შემთხვევითი არ გახლავთ ის გარემოება, რომ წმ. გარდამოცემაში არ არსებობს ასეთი განხრა, რასაც „მართლმადიდებლური სოციალიზმი" ჰქვია. მაგრამ არა იმიტომ, რომ წმ. მამებმა, ვით ცივილიზაციას ჩამორჩენილმა ადამიანებმა ვერ მოიფიქრეს ის, არამედ იმიტომ, რომ წმ. გარდამოცემისათვის უცხოა ქილიასტური და პელაგიანური იდეები, განსაცდელებსაც (სიღარიბეს და ა.შ.) განსხვავებული შეფასება ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიაში. ანუ: ეკლესია შეგნებულად დისტანცირდა ამისაგან, ხოლო „მართლმადიდებლურმა სოციალიზმმა" პირიქით: მოდერნის ეპოქაში იპოვა თავისი ცრუშეხედულებების გასაქანი და მოდერნისტული მიმართულებით შეუდგა ეკლესიის რეფორმირებას, რაც არსებითად, გნოსტიკური სწავლებების რეაბილიტაცია გახლავთ.






1 Сиомин Н. О социализме и царстве Божием.

2 იქვე. სიომინთან.

3 იქვე. Н. Сиомин.






დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება