მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ევოლუციონიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ევოლუციონიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
მართლმადიდებლობა და ევოლუციონიზმი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე11-11-2022, 09:59 |
„ქრისტიანული ევოლუციონიზმის" განხილვისას იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს არსებითი განსხვავება „მართლმადიდებლურ ტრადიციასა" და „აკადემიურ ტრადიციას" შორის. როგორც წესი, მათ შორის გადაკვეთის წერტილები ნაკლებად შეინიშნება, ვინაიდან ე.წ. „მართლმადიდებლური აკადემიური ღვთისმეტყველება" მრავალ საკითხში არაორთოდოქსული და მოდერნისტულია. „აკადემიური ტრადიციის" მომხრენი მამებისეული სულისკვეთებით არ უდგებიან ევოლუციის თეორიას, რაკი ფსევდომეცნიერულ და ფსევდოფილოსოფიურ სწავლებებს ეფუძნებიან. ასეთია, მაგალითად, შეხედულება, თითქოს სამყარო მარადიულია, რომ იგი თავისით წარმოიშვა, შეიქმნა წინარეარსებული მატერიისაგან რაღაც შეზღუდული „ღმერთ-გამფორმებლის" (დემურგის) მიერ და სხვა ამის მსგავსი. წმ. იოანე დამასკელი, VIII საუკუნის მამა, რომლის შეხედულებები აჯამებს ქრისტიანობის პირველი საუკუნეების მამათა ნააზრევს, გარკვევით ამბობს, რომ სამოთხის (ედემის ბაღის) ალეგორიული განმარტება ადრეული მწვალებლობის ნაწილია და ეკლესიას არ ეკუთვნის.1 ყველა წმინდა მამა, ვინც საფუძვლიანად განიხილა სამყაროს შექმნის საკითხი (წმ. იოანე ოქროპირი, ღირსი ეფრემ ასური, წმ. ბასილი დიდი, წმ. ამბროსი მედიოლანელი და სხვ.) ჯერდება საღვთოს გამოცხადების ცოცხალ გაგებას, ვით უტყუარ ღვთის სიტყვას. „მართლმადიდებელი ევოლუციონისტებისთვის" ეს ასე არ არის, მეტიც - ისინი ეწინააღმდეგებიან კიდეც ბიბლიურ სწავლებას. მაგალითად, ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი პანაიტის ტრემოელასი ამბობს: „უფრო მშვენიერი და ღვთაებრივი და უფრო ჰარმონიულად შეხამებული ჩვეულებრივ საღვთო წესრიგთან, რასაც ყოველდღე ვხედავთ ბუნებაში გამოხატულს, აღმოჩნდა სხვადასხვა ფორმათა ევოლუციური გზით შექმნა; თვით ღმერთი ამ დროს პირველი და უზენაესი მიზეზია იმ მეორეხარისხოვან მიზეზებთან შედარებით, რომლებიც უშუალოდ იწვევენ სახეობათა მრავალფეროვნების განვითარებას".2 ასეთია ძირითადად ყველა „ქრისტიან ევოლუციონისტ-მოდერნისტთა" შეხედულება. ისმის კითხვა: მაშინ რა შექმნა ღმერთმა? ევოლუციური პროცესი, რომელსაც ათეისტებიც აღიარებენ? წმ. მამები ერთმანეთს ეთანხმებიან ამ საკითხის განხილვისას. წმ. მაკარი დიდი, ეგვიპტელი შესაქმის 3.24 მუხლის შესახებ წერს: „როგორც ვიცით, სამოთხე დაცული იყო და ქერუბიმს ნაბრძანები ჰქონდა, ცეცხლოვანი მახვილით გადაეღობა ადამიანისთვის მისი შესასვლელი. გვწამს, რომ ეს სინამდვილეში ზუსტად ასე იყო, ხილულად, როგორც წერილ არს, და ამასთან ერთად, ყოველივე ამის საიდუმლოდ აღსრულებას ვხედავთ თითოეულ სულშიც".3 ღირსი ეფრემ ასური „შესაქმის განმარტებანში" ამგვარად გვმოძღვრავს: „არავინ იფიქროს, თითქოსდა ექვსი დღის განმავლობაში ქმნადობა იგავი იყოს; დაუშვებელია თქმაც იმისა, რომ ამ აღწერაში მხოლოდ დასახელებებია, რომლებიც ან არაფერს ნიშნავს, ან რაღაც სხვა მნიშვნელობა აქვს. პირიქით, უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ ზეცა და მიწა იგულისხმება და არა სხვა რამე - ზეცისა და მიწის სახელით. ეს ეხება ასევე ყველაფერს, რაც შექმნილია და მოწყობილი ზეცისა და მიწის შექმნის დროს; ეს არ არის უბრალოდ სახელწოდებები. ამ სახელების ძალას შეესაბამება თვით არსი შექმნილი ბუნებისა".4 წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „შესაძლოა, ისინი, ვისაც საკუთარი სიბრძნით საუბარი უყვართ, არც იმას დაუშვებენ, რომ მდინარეები მართლაც მდინარეებია, წყლები - ნამდვილად წყლები, არამედ ჩააგონებენ მსმენელებს, რომ ისინი რაღაც სხვა რამეს წარმოადგენენ. მაგრამ ჩვენ არ შევისმენთ ამ ადამიანთა ნაუბარს, დავახშობთ მათთვის ყურთასმენას, ვერწმუნებით საღმრთო წმინდა წრილს და მივყვებით იმას, რაც იქ წერილ არს, ვეცდებით ჯანსაღი დოგმატები დავიმარხოთ საკუთარ სულში".5 წმ. ამბროსი მედიოლანელიც წერს: „მოსე უბნობდა სიტყვათა ღმრთისათა უმაღლესითა არა ხილვითა ან თუ სიზმარში, არამედ პირდაპირ".6 ერთხელ წმ. ფილარეტ მოსკოველს წმ. ბიბლიის ტექსტით დაეჭვებულმა ჰკითხა: როგორ მოხდა, რომ ვეშაპმა შთანთქა იონაო? წმინდანმა უპასუხა: წმ. წერილში რომ ეწეროს: იონამ შთანთქა ვეშაპიო, იმასაც ვირწმუნებდი. ევოლუციონისტ-მოდერნისტები მიიჩნევენ, რომ სამყაროს შექმნის საკითხი არის ევოლუციური და ის ევოლუციური თეორიის სახეობის - „კოსმოგონიის"* მეშვეობით უნდა განიხილებოდეს. მაგრამ წმ. მამებისთვის ეს უძველესი სპეკულაციებია სამყაროს შექმნის შესახებ. ერთი რამ ყველა ობიექტურმა თვალსაზრისმა უნდა აღიაროს: ევოლუციონისტური კოსმოგონია, თუკი მას არა აქვს პრეტენზია იყოს ღმერთის მიერ შექმნილი, ისეთივე სპეკულაციურია, როგორც სამყაროს შექმნის ნებისმიერი სხვა თეორია. მოდერნისტ-ევოლუციონისტები აკრიტიკებენ მღვდელმონაზონ სერაფიმეს (როუზი) იმის გამო, რომ ის დაესესხა პროტესტანტულ სწავლებას „კრეაციონიზმს".* სინამდვილეში „კრეაციონიზმი" - სწავლება სამყაროს ღვთის მიერ შექმნის შესახებ ყოველთვის არსებობდა და მართლმადიდებლური სწავლების განუყოფელი ნაწილია. ის კი მართალია, რომ კრეაციონიზმის მოძრაობას XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ფუნდამენტალისტი პროტესტანტები დაუპირისპირდნენ მეცნიერებს, რომლებმაც წინ წამოსწიეს ევოლუციის თეორია, რომ თითქოს ყველაფერი ცოცხალი პრიმიტუილი ორგანიზმისაგან წარმოიშვა და ნელ-ნელა დროთა განმავლობაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა. პროტესტანტი კრეაციონისტები ფიქრობდნენ, რომ ცოცხალი ორგანიზმი ერთი ფორმიდან მეორედ ვერ გარდაიქცეოდა. ამასვე ვამბობთ მართლმადიდებლებიც. მაგრამ მოდერნისტები აქ თავიანთ ჩვეულ მეთოდს მიმართავენ: მართლმადიდებლურ სწავლებას სამყაროს შექმნის შესახებ (კრეაციონიზმი, რომელიც ფუნდამენტალისტმა პროტესტანტებმაც აღიარეს) „პროტესტანტულის" იარლიყი უნდა მიაკერონ, ხოლო ტ. შარდენის, ტრამბელასისა თუ ა. კურაევის მოდერნისტულ ბოდვებს მართლმადიდებლური უწოდონ. ამრიგად, „მართლმადიდებლური კრეაციონიზმი" შესაძლებელია იმის დამადასტურებელ ტერმინად გამოდგეს, რომ ღმერთმა სამყარო ადამიანის „შუამავლობისა" და ევოლუციური თეორიის გარეშე შექმნა. (გაგრძელება...)
1 ს. როუზი. წიგნი შესაქმისა. როგორ უნდა წავიკითხოთ შესაქმე. გვ. 10. 2 იქვე. ს. როუზთან. გვ. 309. 3 იქვე. ს. როუზთან. გვ. 23. 4 ეფრემ ასური. შესაქმის წიგნის განმარტება. თ.1. ნაწ. 6. გვ. 211. 5 წმ. იოანე ოქროპირი. საუბრები შესაქმის წიგნზე. XIII. ტ. 4. ნაწ. 4. გვ. 107. 6 ს. როუზი. წიგნი შესაქმისა. გვ. 29. * კოსმოგონია - მოძღვრება სამყაროს წარმოშობის ან შექმნის შესახებ. ჰესიოდეს დროიდან ის გვევლინებოდა მრავალი ფილოსოფიური ტრაქტატის სიუჟეტად. თანამედროვე ეპოქაში კი კოსმოგონია წარმოადგენს მეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის სამყაროს ყველა ასტრონომიული ობიექტის წარმოშობასა და განვითარებას. wikipedia. * კრეაციონიზმი - რელიგიური რწმენა, რომ სამყარო და სიცოცხლე შეიქმნა ისე, როგორც გადმოცემულია წმინდა წერილში შესაქმის წიგნის თანახმად. ღმერთმა სამყარო შექმნა არაფრისაგან. დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |