მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ევოლუციონიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ევოლუციის თეორიის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ევოლუციის თეორიის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-11-2022, 08:43

ევოლუციის თეორიის ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   მოდერნისტულ მიმართულებათა შორის ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს „ქრისტიანული ევოლუციონიზმის" თეორია. XIX საუკუნეში გაბატონებულმა აზრმა, რომ სამყაროში ყველაფერი ევოლუციონირებს, გასაქანი ქრისტიანულ სამყაროშიც ჰპოვა. 1830 წ. ცნობილმა გეოლოგმა ჩარლზ ლაილმა ძლიერი ბიძგი მისცა ევოლუციის იდეას, როდესაც უნიფორმიზმის თეორია წარმოადგინა. ამ თეორიის მიხედვით, ყოველივე, რასაც დღეს დედამიწაზე ვხედავთ, კატასტროფის - უეცარი მსოფლიო წარღვნის ან რაიმე მსგავსის შედეგი კი არ არის, არამედ უფრო იმ ფაქტით აიხსნება, რომ დღეს მოქმედი პროცესები ყოველთვის ასეთი იყო, დასაწყისამდეც ამ ქვეყნისა, სადამდეც კი შეგვიძლია გამოვიკვლიოთ წარსული. „დღემდე არცერთი სხვა მიზეზი არ მოქმედებდა გარდა დღეს მოქმედისა და ისინი არასდროს მოქმედებდნენ დღევანდელისაგან განსხვავებული ენერგიის სხვა ძალით" - ამბობდა ჩარლზ ლაილი.

   მოგვიანებით, 1871 წელს ჩ. დარვინი შეპყრობილი იყო იდეით, ეპოვა მექანიზმი, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა ევოლუციის თეორიას. მან გამოაქვეყნა წიგნი „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა". ამ ნაშრომში იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანი წარმოიშვა ბანჯგვლიანი, კუდიანი, ოთხფეხა მაიმუნისაგან.

   ევოლუციურ თეორიას უნდა დაედასტურებინა, რომ ადამიანი უმდაბლეს ქმნილებათა შთამომავალია, რომ იგი მათგან „განვითარდა", რომ ადამიანს როგორღაც „აქვს ნაწილი" მდაბლად ქმნილებათა ცხოვრებაში; პირველი ადამიანის „მამა", როგორც ჩანს, არაადამუანური ქმნილება, უმაღლესი მაიმუნების ახლო ნათესავი გახლდათ. ევოლუციური თვალსაზრისის მთელი არსი ის არის, რომ ადამიანი და ნებისმიერი ცოცხალი არსება, დღეს ცნობილი ბუნების კანონებით, უფრო პრიმიტიული ორგანიზმიდან განვითარდა.

   დარვინი ექსპერიმენტს ატარებდა, მაგრამ ერთი სახეობის სხვა სახეობად გადაქცევის შესაძლებლობა არ დადასტურდა. მან ვერ დაანგრია ბიბლიური მარადიულობის ბარიერი.

   საქმე ისაა, რომ არსებობს მკაფიო განსხვავება ევოლუციასა და სახეობათა წარმოქმნას შორის. მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) შენიშნავს: „სახეობათა წარმოქმნა ისეთი პროცესია, რომლის დროსაც ადამიანები იღებენ სოიოს სხვადასხვა ჰიბრიდებს, კატების სხვადასხვა ჯიშებს და ა.შ... მსგავსად ამისა, არსებობს ძაღლების სხვადასხვა ჯიშები, მცენარეთა სახეობანი და თვით ადამიანთა „რასები", რომლებიც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან (ადამიანთა სხვადასხვა ტიპები), მაგრამ ყველანი ერთი წინაპრისაგან წარმოიშვნენ. ამიტომ სახეობათა საკითხი არ უნდა აგვერიოს ევოლუციაში".1

   ამრიგად, დავრინის ევოლუციური თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა. აშკარა მტკიცებულებანი მას არ გააჩნია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ერთი სახეობა მეორეში გადასულიყოს, ძაღლი კატად ქცეულიყოს. შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ სახესხვაობებზე, მაგრამ არა თვისობრივად ახალ სახეობებზე.

   დარვინის თეორიის თანახმად, ევოლუციას განაპირობებს სამი პრინციპი: გარემოსთან შემგუებლობა, სახეობებს შორის ბრძოლა და გამრავლების უნარი. სიმართლე კი ის არის, რომ ამ თვისებებით უფრო მეტად ხასიათდებიან არა უმაღლესი, არამედ ყველაზე დაბალი არსებები. ყველაზე ადვილად გარემოს სწორედ ისინი ეგუებიან.

   მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესო არის შემდეგი: დარვინის თეორიაზე დაყრდნობით ტერმინ „ევოლუციის" ფართო გაგებამ მავანს მეტისმეტად და ხელოვნურად დააჩქარებინა სამყაროში მიმდინარე გარდაქმნები და განვითარების პროცესები.

   ევოლუციური სწავლების მიხედვით, კაცობრიობა, როგორც ბიოლოგიური სახეობა და ადამიანი, როგორც მისი კერძო წევრი, პროგრესირებს. ეს უნდა აისახებოდეს ფილოსოფიის, ხელოვნებისა და თვით ღვთისმეტყველების თანდათანობით განვითარებაზე.

   ამ ნიშნით პროცესებმა შეუქცევადი სახე მიიღო. ფ. გალტონმა დაიწყო ადამის გონებრივი კოეფიციენტის შეფასება, რომლის თანახმადაც, გენეტიკური პროცესიდან უნდა გაეძევებინათ ის, ვინც ათბალიანი სისტემის ქვედა საფეხურზე აღმოჩნდებოდა. გალტონის კანონების განხორციელება კაცობრიობას საშუალებას აძლევს გააკონტროლოს ადამიანის ევოლუცია და გამოყვანის ზერასა.

   არსებობს მყარი კავშირები ევოლუციის თეორიასა და გერმანელ რეიხს შორის. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ფიურერისთვის სწორედ დარვინი იყო პირველწყარო. მისი იდეები ევოლუციური მოძღვრებითაა ნასაზრდოები. ამის ნათელი დასტურია ჰიტლერის ბრძანება: „რასის ყველა დამბინძურებელი" განწირული იქნეს „სტერილიზაციისთვის".

   ევოლუციის განვითარების შემდგომ ეტაპზე ევოლუციონისტები კიდევ უფრო „სრულყოფენ" თავიანთ თეორიას და ამბობენ: „ჩვენ ტრანსფორმაციის დასაწყისში ვიმყოფებით, რაც უმაღლესი რასის გამოჩენით დასრულდება. ჩვენ დროში ევოლუცია ფიზიოლოგიისა და ანატომიის სიბრტყეში კი არ გრძელდება, არამედ სულიერ და მარადიულ დონეზე. ჩვენ ევოლუციის ახალი ფაზის ზღურბლზე ვართ".2

   ასე რომ, ევოლუციონისტები თავიანთ მომავალს „ზეადამიანის" ან „უმაღლესი რასის" წარმოქმნაში ხედავენ, სადაც, ცხადია, მართლმადიდებლური სწავლება ქვეყნის შექმნასა და ღვთის მიერ დადგენილი წესრიგის შესახებ ყოვლად მიუღებელი ხდება. (გაგრძელება...)





1 ს. როუზი. წიგნი შესაქმისა. ევოლუციური მოდელის მოკლე კრიტიკა. თბ. 2008. გვ. 243.

2 იქვე. ს. როუზი. წიგნი შესაქმისა. გვ. 311.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

www.xareba.net - ის რედაქცია



უკან დაბრუნება