მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ს. ბულგაკოვისა და პ. ფლორენსკის სოფიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ს. ბულგაკოვისა და პ. ფლორენსკის სოფიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-10-2022, 19:54

ს. ბულგაკოვისა და პ. ფლორენსკის სოფიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ვ. სოლოვიოვის რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებები მარტოოდენ მის კერძო აზრად რომ დარჩენილიყო, არ იქნებოდა არც საინტერესო, არც საფრთხის შემცველი. სამწუხაროდ, მისი ზეგავლენა ჯერ რუსულ რელიგიურ-ფილოსოფიურ აზროვნებაზე, შემდეგ მთლიანად მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ეს გნოსტიკური სწავლებები შემოიჭრა ეკლესიურ აზროვნებაში და ძლიერ აისახა მის მიმდევრებზე. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ვ. სოლოვიოვის სოფიოლოგიამ მოიცვა ღვთისმეტყველთა მთელი პლეადა, სადაც ცენტრალური ადგილი „პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის" გამოჩენილ პიროვნებებს, დეკანოზებს ს. ბულგაკოვსა და პ. ფლორენსკის ეკუთვნით.

   ს. ბულგაკოვი და პ. ფლორენსკი ახალგაზრდობიდანვე დაემოწაფენ ვ. სოლოვიოვს. ისინი მთელი ენთუზიაზმით მიეცნენ ვ. სოლოვიოვის იდეების შესწავლას და მნიშვნელოვნად „გაამდიდრეს" მისი თეზები, მეტიც: სოფიოლოგიური სისტემა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ს. ბულგაკოვი და პ. ფლორენსკი კიდევ უფრო კადნიერად შეუდგნენ სოფიოლოგიის დამკვიდრებას ღვთისმეტყველებაში. შეიძლება ითქვას, ფილოსოფია დომინირებს მათ ღვთისმეტყველებაში. მაგრამ თავად საკუთარ ნაშრომებს „მართლმადიდებლურ დოგმატურ ღვთისმეტყველებას" უწოდებდნენ.

   ს. ბულგაკოვის შემოქმედების დეტალური ანალიზი ლ. ზანდერის ნაშრომში „ს. ბულგაკოვის მსოფლმხედველობა" აღმოვაჩინეთ.1 ავტორი შენიშნავს, რომ ს. ბულგაკოვის ღვთისმეტყველებაში ქრისტოლოგია უკანა პლანზეა გადაწეული. მისი აზრით, შენიშნავს ლ. ზანდერი, „ქრისტოცენტრიზმი ღვთისმეტყველებაში საფრთხის შემცველია და ის თურმე ემუქრება მთელ თანამედროვე საღვთისმეტყველო აზროვნებას. ამიტომ, თავისი სწავლებით სისტემაში აქცენტი სამების დოგმატზე გადაიტანა და ყველა საღვთისმეტყველო საკითხი, იმთავითვე ორიენტირებული ქრისტოლოგიაზე, ახლებურად გადააფასა. შედეგად, დოგმატიკა არსებითად არ იცვლებოდა, მაგრამ მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ეს იყო ერთგვარი რეფორმა დოგმატიკისა, რომელშიც შინაარსი იყო დაცული, ხოლო დოგმატის აღქმა განახლებული ფორმით იქნა შემთავაზებული, რაც შეუმჩნეველი რჩებოდა".2

   დავამატებთ: დღესაც რჩება შეუმჩნეველი მრავალი მართლმადიდებლი ქრისტიანისთვის.

   ვ. სოლოვიოვის მსგავსად ს. ბულგაკოვმაც (პ. ფლორენსკიმ, აგრეთვე) მისტიურად აღიქვეს სოფიის ფენომენი, მჭვრეტელობითაც განიხილეს ის. მაგრამ ს. ბულგაკოვი კიდევ უფრო შორს წავიდა. თუკი ვ. სოლოვიოვისთვის სოფია იყო მსოფლიო სული, ს. ბულგაკოვისთვის ის „ცხოვრების ონტოლოგიური საწყისია, როგორც ღვთისთვის, ისე სამყაროსათვის".3 მარტივად რომ ვთქვათ, ის (სოფია) საწყისის საწყისია. ს. ბულგაკოვი განასხვავებდა ღვთაებრივ სოფიას ქმნილი სოფიისაგან, ჰიპოსტატურს - არაჰიპოსტატურისაგან, ანუ სოფიის ორი ჩამოყალიბებული ვარიანტი შემოგვთავაზა.

   ს. ბულგაკოვი მდედრითობას, ქალურობას (женственность) შიდა ღვთაებრივ ცხოვრებას მიაკუთვნებდა. ბიბლიის სიტყვებიდან „შექმნა კაცი თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1. 27) ბულგაკოვს გამოაქვს აზრი, რომ ღმერთში მამრობითი და მდედრობითი საწყისები არსებობს. ის სვამს კითხვას:

   „რატომ გვაქვს არა სამი, არამედ ორი ჰიპოსტასი, მამრობითი და მდედრობითი?" თავადვე განმარტავს: „იმიტომ ხომ არა, რომ მამის ჰიპოსტასი ტრანსცენდენტური რჩება ქმნილებისათვის, თუმც ის შემოქმედია უპირატესი. მამა გვიცხადებს თავის თავს ვით ღვთაებრივი სოფია, ასევე არსებობს ქმნილი სოფია, ქმნილებაში მეორე და მესამე ჰიპოსტასების მეშვეობით განცხადებულია ორი ჰიპოსტასი. ამას ხომ არ შეესაბამება ის, რომ ერთი ადამიანი ხსნის კაცობრიობის არსს, ჰქონდეს არა სამი, არამედ ორი მსგავსება: მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? შესაბამისად, ეს ორი ხატება შეესატყვისება მეორე და მესამე ჰიპოსტასს. ამრიგად, ჩვენ მივდივართ უთუო დასკვნამდე, რომ მამრობითი ჰიპოსტასი არსებობს ლოგოსის ჰიპოსტასის მსგავსად, ხოლო მდედრობითი სულიწმინდის ჰიპოსტასის მსგავსად".4

   ს. ბულგაკოვის მიერ შემოთავაზებული საღვთისმეტყველო თეზები, სადაც ქრისტოცენტრული საღვთისმეტყველო საკითხები მიზანმიმართულადაა გადატანილი წმ. სამების შიდა ცხოვრებაში, ერთხმად აიტაცეს „პარიზის სკოლის" თეოლოგებმა. ამ სწავლების საფუძველზე მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა შექმნა საკუთარი მოდერნისტული კონცეფცია „ურთიერთობის ღვთისმეტყველება". მასზე მომდევნო თავებში ვისაუბრებთ. მაგრამ ს. ბულგაკოვსა და პ. ფლორენსკის მორიგი მკრეხელური სწავლება სოფიის, ვით „მეოთხე ჰიპოსტასის" შესახებ (ს. ბულგაკოვი - „Философия Хозяиства"; პ. ფლორენსკი - „Столп и утверждение истины") უკვე აღარ აპატიეს „პარიზელებმა" და მკაცრად გააკრიტიკეს.

   მოგვიანებით (1924 წ.) ს. ბულგაკოვი უკვე წმ. გრიგოლ პალამას ეყრდნობა და ამბობს, რომ „სოფია არ არის ჰიპოსტასი, მაგრამ არის ჰიპოსტასური პრინციპი, ჰიპოსტასურობა (ипостасность), ბუნება ჰიპოსტირდება პიროვნებაში. ღვთაებრივი ბუნება სამპიროვანია, კაცობრივი ბუნება კი - კაცობრიობის პირთა სიმრავლეშია. ხოლო სოფია შუამავალის, კონფიგურანტის როლს ასრულებს".5

   როგორც ვხედავთ, ვ. სოლოვიოვის შემდეგ მისი მოწაფეების (ს. ბულგაკოვი, პ. ფლორენსკი) და მიმდევრების (მოდერნისტების) მეშვეობით მთლიანად მახინჯდება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობიერება: ქრისტოლოგია, წმ. სამების დოგმატი, ანთროპოლოგია, სოტერეოლოგია. ეს კი დღეს საკმაოდ „ტრენდული" და მოდური გახდა. ფილოსოფიური გნოსტიციზმი უზენაეს ღვთისმეტყველებად მიიჩნევა, ხოლო მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება „სასკოლო ღვთისმეტყველებად", „იურიდიზმად", „სქოლასტიკად" სახელდება.





1 Л. Зандер. Бог и мир. Мировозрение С. Булгакова. Т2. С. 22. ციტ. М. Помазански. Халкидонский догмат в истолковании Вл. Соловьева.

2 იქვე. Л. Зандер. Бог и мир. Мировозрение С. Булгакова. Т2.

3 იქვე. Т1. С. 195.

4 С. Булгаков. Невеста Агнца. Л. Зандера. Т1. С. 333.

5 იქვე. Невеста Агнца.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება