მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვ. სოლოვიოვის სოფიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ვ. სოლოვიოვის სოფიოლოგია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე25-10-2022, 00:00 |
თანამედროვე სოფიოლოგია რუსულ ფილოსოფიურ ნიადაგზე ჩამოყალიბდა, ფუძემდებლად კი ვ. სოლოვიოვია მიჩნეული. მისი ძირითადი კონცეფცია სამ მცნებაზეა აგებული: სოფია, საყოველთაო გაერთიანება (всеединство) და ადამიანის სრულყოფილება. ვ. სოლოვიოვისთვის სოფია, პირველყოვლისა იდეალური, სრულყოფილი კაცობრიობაა. სწორედ კაცობრიობა არის ყოფიერების ცენტრი, ხოლო სოფია - მსოფლიო სული. ვ. სოლოვიოვის ფილოსოფიას ასევე უწოდებენ „საყოველთაო გაერთიანების" თეორიას. მასში ორი ცენტრი გამოიყოფა: პირველი ცენტრი - თავად აბსოლუტია, უზენაესი ერთობა. ასევე ყველაფერი, რაც ღმერთში ერთიანდება. მეორე ცენტრი - მსოფლიო ღვთაება - სოფია, მარადიული მდედრითობა (женнственность), მსოფლიო სული, იდეალური კაცობრიობა, მსოფლიოს ყოველი სულის გაერთიანება. ამ კონცეფციის თანახმად გამოდის, რომ აბსოლუტი - ჭეშმარიტი ღმერთი სოფიის, კაცობრიობის გარეშე არასრულყოფილი და სისავსეს მოკლებულია. ვ. სოლოვიოვის აზრით, უფალ იესო ქრისტეს ღმერთკაცობა არის ოდესღაც არსებული ღმერთკაცობრივი სამყაროს პირველსაწყისების აღდგენა. ის ამბობს, რომ ადამიანი არის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი ღვთაებრივ და მატერიალურ ბუნებებს შორის, რომ ადამიანი სამი ელემენტისაგან შედგება: ღვთაებრივი, მატერიალური და ამ კავშირის შედეგად სახელდობრ ადამიანური.1 როგორც ვხედავთ, ვ. სოლოვიოვის სწავლებით სულიერი (სრულყოფილი) ადამიანის ცნება წარმოდგენილია ვით ღმერთკაცობრივი პიროვნება, რომელიც ითავსებს ორ ბუნებასა და ორ ნებას. ის ძე ღვთისას ღმერთკაცობრივ დოგმატს მთელ კაცობრიობას, ყველა ადამიანს უსადაგებს. თავად სამყაროც, სოლოვიოვის აზრით, ღვთაებრივი წარმომავლობისაა. მისი ღვთაებრივი საწყისები „მსოფლიო სულის", ღვთაებრივი მატერიის, მარადიული ღვთაებრივი სხეულის, მარადიული სამყაროს სულის სახით გამოვლინდა. ყოველივე ამას სოლოვიოვის კონცეფციაში „სოფია" ეწოდება. მსოფლიო სული თვითდამკვიდრების წყალობით გამოეყო ღმერთს. სამყაროში ბოროტებაც იმაში მდგომარეობს, რომ ის ღვთისაგან გამოყოფისკენ მიისწრაფვის.2 ამრიგად, ბოროტებას ფორმალური ხასიათი აქვს, ის არის ღვთის საპირისპირო მოძრაობა, ხოლო სიკეთე, პირიქით, ღვთისაკენ მოძრაობა. ვინაიდან უზენაესი, მსოფლიო სულის არსი კაცობრიობის სახით გამოვლინდა, კვლავ უნდა მოხდეს ღმრთისა და სამყაროს გაერთიანება. შედეგად, მსოფლიო სული კაცობრიობაში განხორციელდება უფალ იესო ქრისტეს ღმერთკაცის მეშვეობით. ღვთაებრივი საწყისი, ლოგოსი, თავის მხრივ, თავად ცდილობს შეუერეთდეს მსოფლიო სულს. ამგვარად ხორციელდება ორი საწყისის: ღვთაებრივისა და კაცობრივის შერწყმა.3 დასკვნა: ღმერთი განკაცდა, ლოგოსი შეუერთდა სოფიას, ამით გაიხსნა გზა მსოფლიო ღმერთკაცობრიობისკენ. როგორც ვხედავთ, ვ. სოლოვიოვის სწავლება გაჯერებულია ფილოსოფიურ-გნოსტიკური შეხედულებებით. შესაძლოა, სადღაც სამეცნიერო-ფილოსოფიურ სიმპოზიუმზე ეს შეხედულებები ინტერესს იწვევდეს, მაგრამ მისი ადგილი არაა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. სოლოვიოვთან კაცობრიობა ერთიანდება თავის ღვთაებრივ საწყისებთან, ქრისტეს მეშვეობით „ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში".4 ასე რომ, ქრისტე - „თავია კაცობრიობისა", კაცობრიობა - „მისი სხეულია", ეკლესია - „მთელი კაცობრიობა". ამ იდეების განვითარებას ჩვენ ვპოულობთ სხვა მოდერნისტულ მიმართულებებშიც (შმემანი, ზიზიულასი). ვ. სოლოვიოვის ერთ-ერთი ძირითადი თეზაა სასუფეველის შექმნა დედამიწაზე, იგივე ქილიაზმი (ათასწლეული მეუფება დედამიწაზე). ის წერს: „ქრისტიანული მოღვაწეობის მიზანია ეკლესიის აღსრულება ადამიანებში, ან ღვთის სასუფეველის დადგომა დედამიწაზე. ეს მიზანი ჯერ არ არის მიღწეული, ვინაიდან ღვთის სასუფეველი დედამიწაზე ჯერ არ დამდგარა და ღმერთი მეტწილად ადამიანებზე მეფობს, ვიდრე ადამიანებში".5 ცხადია, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით სოლოვიოვის ამ მოდერნისტულ ხედვებს. კერძოდ: I) ეკლესიის არსის დამახინჯებას. II) ბოროტების არსის განმარტებას. III) ადამიანის პირადი ცხონების იდეის დაკნინებას. 1) ეკლესიის ცნების დამახინჯება. თუკი ეკლესია არის მთელი სამყარო, მთელი კაცობრიობა, მაშინ მართლმადიდებელი ეკლესია არა ღმერთკაცობრივი სხეულია ქრისტესი, არამედ რაღაც ორგანიზებული ჯგუფი ან საზოგადოებაა, რომელიც „მსოფლიო ეკლესიის" ერთ-ერთი (სხვა მრავლად არსებულის გვერდით) შემადგენელი ნაწილია. ამ ნიშნით, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული დანიშნულება დასრულებული გამოდის. სხვა აღმსარებლობებში არსებული „თავისუფალი" შემოქმედებითი ძალებიც ასევე მსოფლიო ეკლესიის ნაწილებია. 2) შეგუება ბოროტებასთან. ის თურმე უბრალოდ ღვთის საპირისპირო მოქმედებაა. მართალია, ვ. სოლოვიოვი აღიარებს, რომ „მსოფლიო ბოროტებასა ზედა დგას", მაგრამ თუკი ეკლესია „ყველაფერს" მოიცავს, შესაბამისად მოიცავს ბოროტებასაც, რომელიც სამყაროსა და კაცობრიობაში იმყოფება. ცხადია, ეკლესიის მტრები, თავად ანტიქრისტეც, რადგან ისინი სამყაროში არიან, ასევე საყოველთაო გაერთიანებული (всеединство) „ეკლესიის" შემადგენელი ნაწილია. ამრიგად, ბოროტება არის სიკეთის მეორე მხარე, გადახვევა ღვთისაგან, მაგრამ ის არც თუ ისე საშიშია, ის უბრალოდ უნდა მოაბრუნო სიკეთისკენ. 3) ადამიანის პირადი ცხონების უგულებელყოფა. ვ. სოლოვიოვის აზრით, ადამიანი ქრისტეში ცხონებას არა ინდივიდუალურად, არამედ კაცობრიობასთან ერთად აღწევს. მისი (ადამიანის) პირადი ხვედრი (ბედი) კაცობრიობასა და სამყაროზეა დამოკიდებული. შეგიძლია ევედრო ღმერთს, მაგრამ ჩვენს ხელთ არაა ჩვენი გადარჩენის შესაძლებლობა, არამედ ყვცელაფერი მსოფლიო ბუნების გარდაქმნაზეა დამოკიდებული. ამიტომ: „რელიგია არც ერთ ჩვენთაგანს არ ეუბნება პირადად: განიდიდე ღმერთთან ერთად, არამედ გადაარჩინე კაცობრიობა, ააღორძინე სამყარო".6 ვ. სოლოვიოვის სწავლებაში, გვერდზე რჩება ეკლესიის სწავლება პირადი ჯვრის ტვირთვის, ღვაწლის შესახებ. ამიტომ ქრისტიანობის ძირეული სწავლების ასეთ დამახინჯებას მოჰყვა მთელი ქრისტიანული არსის უგულებელყოფა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვ. სოლოვიოვის იდეოლოგიურმა საწყისებმა ხელ-ფეხი გაუხსნა უამრავ ცრუსწავლებას, მოდერნისტულ მიმართულებას, ეკუმენიზმს, როგორც გვირგვინს ერესებისა. (გაგრძელება...)
1 Халкидонский собор. Догмат в исмолкновении Вл. Соловиева. М. Помазански. Антимодернизм.ру. 2 იქვე. М. Помазански. 3 В. Соловьев. Чтение о Богочеловечестве. С. 10. 4 იქვე. Чтение. 11. 12. 5 В. Соловьев. Духовные основы жизни. Ч. 11. Гл. 2. 6 В. Соловьев. Духовные основы жизни. Ч. 1. Гл. 3.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |