მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სოფიოლოგიის საწყისები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

სოფიოლოგიის საწყისები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


24-10-2022, 11:21

 

   XX საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოდერნისტულ მიმართულებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია სოფიოლოგიას*. მისი ფესვები დაკავშირებულია ალექსანდრიაში პირველი საუკუნიდან არსებულ გნოსტიკურ სწავლებასთან, რომელიც აგებულია პლატონის ფილოსოფიურ კონცეფციაზე: „მატერია, ვით მკვდარ ქაოსზე აღორძინებული შემოქმედებითი საწყისი - სოფია".

   XIV-XVII ს-ებში სოფიოლოგიის იდეებს ავითარებდნენ დასავლელი ქრისტიანი მისტიკოსები: გ. სუზო, ი. ბემე, ე. სვედენბორგი და სხვა. მათ ნაშრომებში სოფია აბსტრაქტულ საწყისად, მაგრამ დამოუკიდებელ პირადაა წარმოდგენილი.

   რუსულ და ზოგადად მართლმადიდებლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სივრცეში სწავლება სოფიის (სოფიოლოგიის) შესახებ ვლადიმერ სოლოვიოვმა დაამკვიდრა. თავისი მოდერნისტულ-ფილოსოფიური შეხედულების ჩამოყალიბების პროცესში ის ეყრდნობოდა როგორც ბიბლიურ, ისე გნოსტიკურ ტექსტებს, მათ მისტიკურ გამოცდილებასა და ვიზიონირობას. შედეგად პიროვნული სულიერი ხედვისა და ინტუიციის საფუძველზე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში კიდევ ერთი მოდერნისტული მიმართულება შეიქმნა.

   ვ. სოლოვიოვი, ადამიანი - გაზრდილი გერმანულ ფილოსოფიაზე, გამოირჩეოდა ღრმა ერუდიციითა და აზროვნებით. მან განიზრახა შეექმნა ისეთი რელიგიურ-ფილოსოფიურ აზრთა წყობა, სისტემა, რომელიც იმ პერიოდში არსებულ მატერიალისტურ მსოფლმხედველობას დაუპირისპირდებოდა, საკადრის პასუხს გასცემდა. ცენტრალური ადგილი მის „შემოქმედებაში" უკავია ნაშრომებს: „კითხვა ღმერთკაცობრიობის შესახებ" („Чтение о богочеловечестве") და „ცხოვრების სულიერი საფუძვლები" („Духовные основы жизни"). თავად სოფიოლოგიის საწყისი თეზები ნაშრომში „მსოფლიო რელიგიის საწყისები" („Начало вселенской религии") და პოემაში „სამი პაემანი" („Три свидения") ჩამოაყალიბა. სწორედ მათშია ასახული ფილოსოფოსის პიროვნული „ხილვა სოფიისა".

   ვ. სოლოვიოვის დაწყებული საქმე (სოფიოლოგიის ჩამოყალიბება) შემდეგ მისმა მოწაფეებმა და თანამოაზრეებმა ს. ბულგაკოვმა, პ. ფლორენსკიმ, ნ. ბერდიაევმა და სხვებმა განაგრძეს. სოფიოლოგიის რუსული ვარიანტი სინამდვილეში გახლავთ გერმანული იდეალიზმისა და ადრეულ გნოსტიკურ სწავლებათა ქრისტიანობასთან მკრეხელური მიწებებით შეთხზული მსოფლმხედველობა, შინაარსობრივად არამართლმადიდებლური, არაკანონიკური, ერეტიკული სწავლება. ისიც „პარიზის სკოლის" პირმშოა, სასულიერო პირთა (ს. ბულგაკოვი, პ. ფლორენსკი) მართლმადიდებლურ ღვთიამეტყველებად წარმოჩენილი, რომელთა ფილოსოფიაც საფუძველშივე აცდენილია ქრისტიანულ დოგმატებსა და ერესის შემცველია. 

   სოფიოლოგია აღმოჩნდა ის ბჭე, რომლის მეშვეობითაც შემოიჭრა ოკულტურ-კოსმიური ცნებები ქრისტიანულ ფილოსოფიაში. (გაგრძელება...)





* სოფიოლოგია (ბერძნ. სიბრძნე, უზენაესი სიბრძნე) - სინკრიტიკული რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, რომელიც შეიცავს თეზას „ყოველთგაერთიანების დადებითობის" შესახებ. ესაა ხელოვნების გააზრება ვით მისტიკური „თავისუფალი თეურგიის" სულისკვეთებისა, რომელიც გარდაქმნის სამყაროს თავისი სულიერი სრულყოფილების გზაზე. კონხცეფცია მხატვრულად, შემოქმედებითად გამოხატავს „მარადიულ იდეებს", ხოლო მისტიური მზერა სოფიისკენ, ვით კოსმოსური შემოქმედებითი არსისკენაა მიმართული. წარმომადგენლები: ვლ. სოლოვიოვი, ს. ბულგაკოვი, პ. ფლორენსკი, ნ. ბერდიაევი.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება