მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რეფორმაციის დიდი სიცრუე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რეფორმაციის დიდი სიცრუე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


18-10-2022, 00:01

 

   ყოველი ეპოქა საკუთარ დიდ სიცრუეს წარმოშობს, რომლის ირგვლივ ინერციით ერთიანდება დანარჩენი სახის ბოროტება და ცრუსწავლება. მასშტაბური სიცრუის გამოვლინება ყველა ეპოქაში შეინიშნება. ძველ დროში ასეთი დიდი სიცრუე იყო წარმართობა კერპთაყვანისცემით, იერარქიულობითა და თანმიმდევრობით. პირველ საუკუნეებში დიდ სიცრუეს წარმოადგენდა გნოსტიციზმი თავისი ნაირფეროვნებით, სადაც ქრისტეს სწავლება წარმართობისა და იუდაიზმის ნაზავი გახლდათ. ამ გამოწვევებს ეკლესიამ დროული პასუხი გასცა და IV საუკუნეში ქრისტიანობამ წარმართობასა და გნოსტიციზმზე გამარჯვება იზეიმა.

   დღეს დიდი სიცრუე მოდერნიზმის სახით მოგვევლინა, რომელსაც, გარკვეული მიზეზების გამო, (რევოლუციები, რეპრესიები, ომები...) კრებსითი გადაწყვეტილება არ (ვერ) მოჰყოლია. ისმის კითხვა: რატომ არ არის პასუხი? იმიტომ რომ, პასუხი ღმერთთან, მის სწავლებაში (წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემაში) უნდა ვეძიოთ. ამას კი თანამედროვე ქრისტიანი არ აკეთებს. არ აკეთებს იმიტომ, რომ ამ დიდ სიცრუეში მართლმადიდებელი ქრისტიანების (დიდი ნაწილის) ნება და აზროვნებაა ჩათრეული.

   მოვიყვანოთ მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს დიდი სიცრუე მასებზე. XVI ს-ის დამდეგს დასავლეთ ევროპაში წმ. წერილსა და წმ. გარდამოცემას შორის არსებული ბალანსი რეფორმაციამ მოარყია. პროტესტანტიზმში ადამიანმა თავისი გონების, ინტელექტის განდიდებით ღმერთის ადგილის დაკავება განიზრახა. ადამიანის გონებრივ მონაცემებს რეფორმაციამ გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე რწმენასა და წმ. გარდამოცემას.

   ადამიანის გონების „გაღმერთებამ", მისი ყოვლისშემძლეობის რწმენამ, რეფორმაციის შედეგად რელიგიის კრიტიკამდე მიიყვანა პროტესტანტიზმი.

   შედეგად, წმ. გარდამოცემის უარყოფამ და წმ. წერილის სიტყვასიტყვითმა, ზედაპირულმა რწმენამ პროტესტანტიზმს (საკუთარი) რელიგიური პოზიცია ჩამოუყალიბა. ეს აფეთქება (დიდი სიცრუე) მართლმადიდებლობისაგან საკმაოდ შორს მოხდა, მაგრამ რადგან ის დიდი სიცრუეა, მან ბევრი მართლმადიდებელის აზროვნება და საღვთისმეტყველო ხედვა დაამახინჯა.

   პროტესტანტიზმის ლოზუნგია: „მხოლოდ წმ. წერილი!" ჩავეკითხებით: და მაინც რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტანტიზმმა ის საკუთარ რელიგიურ ნიშად, პოზიციად, სიმბოლოდ აირჩია.

   დიდი სიცრუე იმაში მდგომარეობს, რომ პროტესტანტებს სულაც არ სწამთ მარტოოდენ წმ. წერილი საკუთარი თეოლოგების ინტერპრეტირების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ აყვავდებოდა მათ წიაღში „ბიბლიური კრიტიკის" მოდერნისტული მიმართულება. ეს რომ სიცრუეა (თან დიდი), ადასტურებს ლუთერისა და კალვინის ტომეულები, ანდა მათი გამოჩენილი თეოლოგის კარლ ბარტის დოგმატიკა, რომელიც, სხვათა შორის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი, ვრცელი ნაშრომი გახლავთ. ამ ფაქტის ცოდნის შემდეგ ღიმილსღა იწვევს მათი მტკიცებულება, რომ პროტესტანტები (ურიცხვი განშტოებით) თურმე მხოლოდ წმიდა წერილით ხელმძღვანელობენ.

   მართლმადიდებელი ეკლესია წმ. წერილისა და წმ. გარდამოცემის მეშვეობით ადასტურებს საკუთარ უცდომელობას.

   წმინდა (საღმრთო წერილი, სახარება) უცდომელი კრიტერიუმია, რადგან ის სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი. მაგრამ წმინდა წერილი არ უნდა გაიმიჯნოს ეკლესიისაგან, როგორც ამას რეფორმატორები აკეთებენ. ნეტარი ავგუსტინე წერს: „მე არ ვირწმუნებდი სახარებას, რომ არ ებიძგა მისკენ ეკლესიის ჭეშმარიტებას. ეკლესიის ჭეშმარიტებაში ყოფნა აუცილებელი პირობაა სახარების მართებული განმარტებისთვის".1

   წმინდა წერილის უტყუარი განმმარტებელი წმინდა გარდამოცემა გახლავთ. წმინდა გარდამოცემაა მრწამსი, მსოფლიო და იმ ადგილობრივ კრებათა დადგენილებები და წმინდა მამათა თხზულებები, რომლებიც მოიწონა ეკლესიის სისავსემ და რომელსაც წმინდა წერილის თანაბარი ავტორიტეტი მიანიჭა.

   რეფორმატორების ეს დიდი სიცრუე - მხოლოდ წმ. წერილი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შეუმჩნეველი, ნაკლებად მნიშვნელოვანი რჩება. თანამედროვე ქრისტიანს ურჩევნია შეუმჩნეველი დატოვოს ის, ვიდრე ადეკვატური პასუხი გასცეს მას. დიდი სიცრუე სწორედ ის ბოროტებაა, რომელიც ჩრდილს აყენებს მართალ სწავლებას. როგორ? კომპრომისების მეშვეობით. მისი რეაგირების გარეშე, უპასუხოდ დატოვება, მასთან დათმობაზე წასვლას ნიშნავს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანს (დიდ ნაწილს) აღარ ძალუძს, საკუთარ თავში ვერ ჰპოულობს ამ გამოწვევასთან გამკლავების ძალას, თითქოს ეს პროცესები მათი სინდისის შეწუხების საგანი აღარ იყოს. (გაგრძელება...)





1 ციტ. წიგნ. „ნათელი სოფლისა". არქ. კირილე კოსტოპულოსი. ეკლესია და გარდამოცემა. გვ. 85.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება