მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტ ა. სუროჟელის ცრუმისიონერობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მიტროპოლიტ ა. სუროჟელის ცრუმისიონერობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-10-2022, 00:00

მიტროპოლიტ ა. სუროჟელის ცრუმისიონერობა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მოდერნისტებისთვის არ არსებობს ავტორიტეტი - მათთვის ურყევი ავტორიტეტია პირადი შეხედულება (თეოლოგუმენი). ცრუმისიონერული მოძრაობა, როგორც ერთ-ერთი მოდერნისტული მიმართულება, ამის შესანიშნავი ნიმუშია. ცრუმისიონერი თავისი მიზნის მისაღწევად ნებისმიერ მეთოდს და საშუალებას მიმართავს. თუ საქმეს დასჭირდა, არა მხოლოდ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, გარდამოცემას, არამედ წმინდა წერილსაც შერჩევითად, საკუთარი გემოვნებისამებრ გამოიყენებს.

   მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი (ბლუმი) თავის საღვთისმეტყველო კონცეფციაში უყოყმანოდ უარყოფდა ნებისმიერ მოსაზრებას, თუნდაც წმინდა წერილიდან მოხმობილს, თუკი ეს სწავლება მალამოსავით არ მოეფინებოდა მის გულს. იგი წმ. წერილის კითხვის დროს ამგვარ მეთოდს გვთავაზობდა: „სახარება უნდა ვიკითხოთ ერთგვარი თავისუფლების სულისკვეთებით, ე.ი. იმის მზაობით, რომ თქვა: ამის მიღება მე შემიძლია, ამის კი - არა. ამას ვიგებ, ამას - ვერ ვიგებ. არ უნდა ვეცადოთ ისეთი სურათი შევქმნათ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ძალიან ხშირად ადამიანები სახარების კითხვის დროს აღნიშნავენ მასში ყველაფერს, რაც ამხელს მათ, თითქოს მათი ცოდვილობა და არამართებულობა აშკარავდება, ვლინდება ამით. ვფიქრობ, ამისაგან არანაირი სარგებელი არ არსებობს, ეს გარემოება მხოლოდ უიმედობაში ჩაგვაგდებს. უცქერი შენს თავს და ფიქრობ: არც ისე მოსაწონად ვცხოვრობ - ეს უკვე ძალიან ცუდია. უცქერი სახარებისეულ სარკეს და თითქოს ღმერთი გეუბნება: ერთი შეხედე, როგორი სიმახინჯე ხარ! - მაშინ მართლა ვეღარაფერს დაეყრდნობი. ასე რომ, ჩემი რჩევაა: იკითხეთ სახარება და აღნიშნეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ გაერთიანებთ მასთან".1

   როგორც ვხედავთ, მსოფლიო მასშტაბის „მისიონერი" ა. სუროჟელი თვით წმინდა წერილის სწავლების საკუთარი სურვილისამებრ მიღებას (აღარაფერს ვამბობთ წმ. მამათა სწავლებაზე) ურჩევს ყველას. რისი მიღებაც შეგიძლია მიიღე და კმაყოფილი იყავი, ხოლო რაც გამხელს სახარებისეულ სწავლებაში, ნუ მიიღებ, „დანარჩენი" სხვისთვისაა დაწერილი, მისთვის არცაა ავტორიტეტული და უთუოდ მისაღები ჭეშმარიტება.

   ა. სუროჟელის მსგავს ცრუმისიონერებს ახასიათებთ ყველაფრისადმი „გულღიაობა", რაც მას საშუალებას აძლევს „თავისუფლად" მოისმინოს მოსაუბრის ერეტიკული სწავლება, მეტიც, ილოცოს კიდეც მათ სამლოცველოებში. მაგრამ ეს არა „გულღიაობაა", ესოდენ მომხიბვლელი ცრუმისიონერებში, არამედ ინდეფერენტიზმია, გულგრილობაა სარწმუნოებრივი სწავლებისადმი მაშინ, როდესაც უბრალოდ გვევალება ჭეშმარიტების დაცვა.

   ა. სუროჟელს აქვს მოგონება ინდოეთზე, სადაც ის მიტროპოლიტ იოანესთან (ვენდლანდი) იმყოფებოდა. ისინი რამდენიმე საათი აკვირდებოდნენ, როგორი გულისხმიერებით ლოცულობდნენ ინდუსები საკუთარ ტაძარში. ა. სუროჟელი იხსენებს:

   „... ეს წარმათულ სამყაროსაც ეხება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც სწამს ღმერთი, საბოლოო ჯამში სწამს მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც არსებობს. შესაძლოა, ადამიანი მას ვერ უგებს, მისი ხატება დამახინჯებული და ფანტასტიურია მისთვის, მაგრამ როდესაც ადამიანი დგას და ლოცულობს, მას უსმენს მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც არსებობს. მაგონდება, მეუფე იოანესთან (ვენდლანდი) დელიში შევედით წარმართულ ტაძარში ლოცვის მოსასმენად. ეს ყველა რელიგიას ეძღვნებოდა, ამიტომ იქ იყო განყოფილებები, რომლებშიც ყველა თავისებურად ლოცულობდა. ჩვენ ერთი განყოფილებიდან მეორეში გადავდიოდით, ვდგებოდით მუხლებზე და ვამბობდით იესოს ლოცვას. როდესაც გამოვედით, მეუფე იოანემ მითხრა: რა საოცარია! ყველა აქ მყოფი ადამიანი სხვადასხვანაირად ლოცულობს, მაგრამ ისინი ერთადერთი ღმერთისთვის ლოცულობენ, რომელიც არსებობს. ისინი უცქერიან სპილოს, მაიმუნს, ძროხას, იმიტომ რომ ეს მათთვის ერთგვარი ჩასაჭიდია, რომელიც საკუთარი თავისთვის შექმნეს, მაგრამ მათ მხოლოდ ის ღმერთი უსმენს, რომელიც არსებობს".2

   ისმის კითხვა: ნუთუ მიტროპოლიტისთვის უცნობია წმ. წერილის სიტყვები: „ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფს.), რომ წარმართულ „ტაძარში" ლოცვა კატეგორიულად მიუღებელია რჯულის კანონით და ხარისხის აყრას ექვემდებარება? მიაქციეთ ყურადღება: ისინი არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო შედიან იქ, არამედ „ყველა განყოფილებაში დგებიან მუხლებზე და იესოს ლოცვას ამბობენ მათთან ერთად". თურმე, კერპებისადმი (სპილო, მაიმუნი, ძროხა და ა.შ.), აღვლენილი ლოცვა, სინამდვილეში ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისადმი აღვლენილი ლოცვაა, კერპები კი ერთგვარი „ჩასაჭიდია" (აბა წმინდა ხატების წინ ხომ არ ილოცებენ?).

   მომდევნო განცხადებები კიდევ უფრო მძიმე გახლავთ (თუმცა ესეც საკმაოდ მძიმეა). მიტრ. ა. სუროჟელი პირდაპირ საუბრობს ქრისტეს გარეშე ცხონების შესახებ:

   „ღმერთი მთელ სამყაროში მოქმედებს, შესაძლოა მან მხოლოდ კათაკმეველები აცხოვნოს, თუ ღვთის ხმა აღწევს სხვებამდე და არა ჩვენამდე. ეს გარემოება გაცილებით უფრო მდიდრულია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ. თითქოს არსებობს რაღაც მადლმოსილი მეუფება, ხოლო დანარჩენი - უდაბნოა, ჩრდილოეთ პოლუსის მსგავსი.

   ჩნდება კითხვა: ე.ი. ქრისტეს გარეშეც შეიძლება ცხონება? მე ვიტყოდი - რომ გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ წარმართნი ხელმძღვანელობენ მოსეს მოცემული რჯულით, ქრისტიანები - ქრისტეს კანონებით მიდიან".3

   ა. სუროჟელი ორიგენიზმიდან ოსტატურად გადადის ეკუმენიზმის ტალღებში, როგორც ჩანს, ეს მას სულაც არ ანაღვლებს - ის ხომ „გულღიაობის" მასწავლებელია! ცხონება, მისი აზრით, არაქრისტიანებსაც გადაეცემა: „მაცხოვარი იტყვის: ამ ვენახიდან ნაყოფს ვეღარ ავიღებთ, ეს ვენახი კვდება; ის უნდა გამოხმეს და დაიწვას... მიმოიხედავს უფალი და მისცემს თავის ცხოველმყოფელ, ჭეშმარიტი ცხოვრების სიტყვას მათ, რომლებმაც არ იციან ის, რაც ჩვენი ღობის მიღმაა, მდიდრის კარიბჭესთან მცხოვრები ჩვენი ღატაკი ლაზარეს მსგავსად ისინი მოიტანენ ნაყოფს და განადიდებენ ღმერთს და იმასაც, რაც მან მათ მისცა. ყოველივე ამას არა კანონზომიერებად, არამედ მოულოდნელ სიხარულად, მიუწვდომელ წყალობად აღიქვამენ და მადლიერებით იცხოვრებენ, ღვთის სახელი განდიდდება ადამიანებს შორის. ღვთის სამსჯავრო, ღვთის სახლიდან დაიწყება".4

   როგორც ჩანს ა. სუროჟელისთვის ერთობ მაამებელია პროტესტანტული „ღვთისმეტყველება", მაგრამ მეტწილად რიტორიკულ ხელოვნებას დაესესხება ხოლმე. მსგავსი მეთოდიკისა და აზროვნების გარეშე ვერ გახდები მსოფლიო მასშტაბის (ყველა აღმსარებლობისათვის) მისაღები მისიონერი. უნდა ვაღიაროთ, რომ ა. სუროჟელმა ეს მოახერხა. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ: ცრუმისიონერებს შორის მას, უდავო და ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, ამიტომ მოდერნიზმის ამ მიმართულების (ცრუმისიონერიზმი) „საპატიო წარმომადგენელად" მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს ვასახელებთ.




1 Митр. А. Сурожский. О свободе и подвиге. О встрече. СПБ. С. 197.

2 Мисионерство церкви. // Континент. 2004. N 120. ციტ. Антимодернизм.ру. Наследия митр. А. Сурожского в надёжных руках .

3 А. Блюм. Митр. О встрече. СПБ. 1994. С. 76.

4 Антони (Блюм) митр. Проповеди и беседы. М. 1991. С. 41.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება