მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ეკლესიის გამოცოცხლება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ეკლესიის გამოცოცხლება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


13-10-2022, 00:00

„ეკლესიის გამოცოცხლება“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   ამა სოფელს მორგებული მისიონერები მართლმადიდებელ ეკლესიაში XX ს.-ში გამოჩნდნენ, როდესაც დაიბადა ლოზუნგი: „გამოვაცოცხლოთ ეკლესია".

   ეს დაახლოებით ისეთივე მოვლენაა, როგორიც რევოლუციონერები პოლიტიკურ სფეროში. საეკლესიო სფეროსაც მოევლინენ „სულიერი ბოლშევიკები", რომლებიც ეკლესიას კაცობრივ დაწესებულებად მიიჩნევენ, ამიტომ მათ ლექსიკაში წინა პლანზეა ტერმინი „ეკლესიის გამოცოცხლება", რომელიც თურმე ბიზანტიზმის პერიოდში „ჩარჩა".

   ახალმოწამე მიხეილი (ნოვოსელოვი) ცრუმისიონერების შესახებ წერდა: „მათი მოსაზრებებიდან და საქმეებიდან ვგებულობთ, რომ საჭიროა მხოლოდ ადამიანური ენერგია, ერთის მხრივ და რიგი ცვლილებებისა საეკლესიო ორგანიზაციაში, მეორე მხრივ, რათა „დადამბლავებული" სხეული ეკლესიისა გაცოცხლდეს და იწყოს სწორად ფუნქციონირება. მათთვის ეკლესიის გამოცოცხლების წყარო საეკლესიო მოღვაწეები არიან - საჭიროა მხოლოდ ჭკვიანური შერჩევა ენერგიული მოღვაწეებისა, რომ გამოაცოცხლო, შეაგულიანო და აამოქმედო უსიცოცხლო ორგანიზაცია, რომელსაც ეკლესია ეწოდება".1

   მარტოოდენ ენერგიული და ნიჭიერი მქადაგებლები რომ არ ყოფნის ამ საქმეს და საჭიროა სათანადო სულიერი განწყობილება მ. ნოვოსელოვმა თავად განმარტა: „რომ ვილაპარაკოთ მრევლის ან ზოგადად საეკლესიო საზოგადოების გამოცოცხლებაზე, საჭიროა თავდაპირველად მკაფიო პასუხი გაეცეს კითხვას: რა არის ცხოვრება ქრისტიანული თვალსაზრისით? ნამდვილი ცხოვრება არის მარადიული ცხოვრება, ის კი უფალ იესო ქრისტეშია, რომელსაც წმინდა წერილში მარადიული „ცხოვრება" ეწოდება. (იხ. იონ. 11. 25). ამდენად, საეკლესიო გამოცოცხლება არის გამოცოცხლება ქრისტეში".2

   საეკლესიო გამოცოცხლება ორი მნიშვნელოვანი ასპექტისაგან შედგება:

   1) ეს არის ღრმა წვდომა სულიერი სიმაღლეებისა, რომლებსაც ძე ღვთისას მეშვეობით ეზიარება მორწმუნე „საღმრთოსა მის ზიარ ბუნებისა" (2 პეტრ. 1.4) ყოფნაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრების მიზანი განღმრთოებაა. ვიდრე ქრისტიანი ამას არ გააცნობიერებს, მანამდე მის რელიგიურ და საეკლესიო ცხოვრებაში ყველაფერი გაურკვეველი, აბსურდული, არასწორი, ყალბი და უმიზნო იქნება.

   2) განღმრთობა, ქრისტეში ყოფნა, იესოს ლოცვაში ხიბლისაგან არიდება შეუძლებელია გამოსყიდვის არსის მართებული გააზრების გარეშე. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა ქვეყნად, რომ ჩვენი ტყვეობისაგან (ე.ი. ადამის ცოდვისაგან) და უბოროტესი ხიბლისაგან გამოეხსნა ადამიანი".3

   მაგრამ ცრუმისიონერები, მოდერნისტები არ აღიარებენ ადამის ცოდვის მემკვიდრეობას, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ არც ამ ცოდვის „ტყვეობისაგან და ხიბლისაგან" ამგვარი გამოხსნა არ სჭირდებათ. სწორედ ისინი გვევლინებიან „იესოს ლოცვის მასწავლებლებად". არადა წმინდა მამები ხაზგასმით ამბობენ: „ჩვენ ყველანი ვიბადებით ცოდვილებად ადამის გამო".4; „ადამის ცოდვის, ამ აშკარა ბოროტების შედეგად, ამ შხამნარევი საკვებით შემოსულმა ცოდვამ, ვით გონივრულმა ძალამ, სატანის თვისებამ, დათესა ყოველგვარი ბოროტება: ის ფარულად მოქმედებს ადამიანის შინაგან აზრებსა და გონებაზე... ვინც ვერ იაზრებს ადამიანის ამ შინაგან ცოდვისმიერ მდგომარეობას, მას არ ძალუძს მართებულად ებრძოლოს ცოდვას".5

   როგორც ვხედავთ, მართებული ღვაწლისა და, მით უფრო, იესოს ლოცვის ხიბლსმოკლებული მდგომარეობისთვის საჭიროა:

   1) ადამის ცოდვის კვალის აღიარება საკუთარ თავში.

   2) რომ ამის (ადამის ცოდვის) შედეგად ეშმაკი „ფარულად მოქმედებს ადამიანის შინაგან აზრებსა და გონებაზე".

   3) ვინც ვერ იაზრებს ამ ცოდვისმიერ მდგომარეობას, „მას არ შეუძლია ცოდვასთან მართებული ბრძოლა".

   ჩვენი ცრუმისიონერები თან უარყოფენ ადამის ცოდვის კვალს თავის ცხოვრებაში: „ადამმა სცოდა, მე რა შუაში ვარო" - და თან იესოს ლოცვის „უმწიკვლო შემსრულებლებად და მასწავლებლებად" სურთ თავის წარმოჩენა. ვერ იაზრებენ, რომ არამართლმადიდებლური სწავლების (გამოსყიდვის დოგმატის დამახინჯება) შეუნანებლობით საკუთარ „აზრებსა და გონებას" დაუცველ მდგომარეობაში ტოვებენ, რის შედეგადაც ცოდვასთან (ხიბლთან) მართებული ბრძოლა შეუძლებელი ან არასწორი ფორმით ხდება.

   მრავალი წმინდა მამის სწავლების თანახმად, დაცემის პირველქმნილი ცოდვის შედეგად, ადამიანის სულის საოცარი ჰარმონია დაირღვა. გული და გონება ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველგვარი ცოდვილი მოსაზრება (მით უფრო არამართლმადიდებლური სწავლება) და ყველა ბუნებრივი აზრი თუ განცდა, ერთობ ცბიერად შეინიღბა მოჩვენებითი სიმართლით, ანდა „ავტორიტეტულ პიროვნებათა" „მნიშვნელობის" საფარქვეშ.

   წმ. მამათა სწავლების თანახმად, „ლოცვის მასწავლებლებად არ უნდა ავირჩიოთ ისეთი მოძღვრები, რომლებიც ამა სოფელმა ავტორიტეტებად და წმინდანებად აღიარა და რომლებიც სინამდვილეში ან ღრმა ხიბლში, ან ღრმა უვიცობაში იმყოფებიან"6, ხოლო ხიბლისაგან თავის დასაღწევ საშუალებად არა ხიბლის წინააღმდეგ არსებულ მართლმადიდებლურ სწავლებას, არამედ ცალკეულ მაგალითს მიმართავენ. მაგალითად, მტრის სიყვარულს: თუკი გაგაჩნია მტრის სიყვარული, ე.ი. ნიშანია, რომ თავისუფალი ხარ ხიბლისაგან. თუმცა სწავლების თანახმად, ხიბლის სხვადასხვა ფორმები არსებობს, შესაბამისად - ხიბლისაგან დაღწევის სხვადასხვა საშუალებაც. (იხ. წ. ეგნატე ბრიანჩანინოვი. О прелести. Аскетические опыты).

   ამრიგად, მისიონერი, რომელიც შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად არ წარმოადგენს მართლმადიდებლი ეკლესიის რეალურ სახეს, სწავლებას, ასკეზს, სულიერ სიღრმეს, ის არ და ვერ იქნება ნათელი და მარილი სოფლისა.

   არადა ისინი, ერთი შეხედვით, ყველაფერს აკეთებენ ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლებისთვის, მრევლის მოსაზიდად აწყობენ შეხვედრებს, ტელე-ხიდებს, სუფრებს..., მაგრამ მათი საუბრები „ქარიზმატული" ხასიათისაა, აგებულია ემოციაზე, ორატორული ნიჭის ეფექტურ გამოყენებაზე, ოსტატურ პოპულიზმზე იმგვარად, რომ სწავლებისა და სულიერი ცხოვრების სიღრმეებში ჩახედვის გარეშე შეუძლებელი ხდება ცრუმისიონერის ჭეშმარიტი მქადაგებელისაგან განსხვავება. (გაგრძელება...)




1 М. Новоселов. Письма к друзьям. М. 1999.

2 იქვე. ნოვოსელოვთან.

3 Св. Игнатий Брянчанинов. Аскетические опыты. О прелести.

4 Св. Афанасий Великий. Против Аполинария. Кн. 2. Творения. Т.3. с. 36

5 Св. Макарий Великий. Беседа. 15. Духовные Беседы. Ст. 135.

6 Св. И. Брянчанинов. Аскетические опыты. Т. 4. О иисусовой молитве.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება