მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ევქარისტიული საიდუმლო ა. შმემანის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ევქარისტიული საიდუმლო ა. შმემანის კონცეფციაში - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-10-2022, 00:00

 

   ყველასათვის ცნობილია, როგორი ძლიერი ზეგავლენა იქონია ეკლესიის ამქვეყნიური მდგომარეობის თვალსაზრისით კონსტანტინე დიდის მიერ IV ს-ში ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. ეს გარეგნული აქტი ეკლესიის შინაგან ცხოვრებაზეც აისახა. ისმის კითხვა: მოხდა კი ამ დროს რაიმე რღვევა ძველი საღვთისმსახურო ტრადიციისა თუ მისი განვითარება მოხდა? ფაქტია: ერთია - მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მეორე - ა. შმემანისა (თუ სხვა მოდერნისტების) მოსაზრებები.

   ა. შმემანისათვის კონსტანტინე დიდის ეპოქა ლიტურგიკული გადაგვარების ეპოქაა: „ლიტურგიკული კეთილმსახურება, რაოდენ სათნოდაც არ უნდა წარმოჩნდეს ახალ ფორმებში, ღრმა გადაგვარებაა. ჩვენი აზრით, ნიშნავს ძირეულ ცვლილებას, რომელიც ეკლესიის საღვთისმსახურო ცხოვრებაში კონსტანტინეს ეპოქამ გამოიწვია... ეკლესიის თავისუფლებამ კონსტანტინეს დროს შექმნა ახალი რელიგიურობა, ახალი კოეფიციენტი, ახალი ლიტურგიკული კეთილმსახურება".1

   იგრძნობა, რომ ამგვარი ტერმინებით აპელირება ა. შმემანისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ტერმინების რაღაც უფრო თანამედროვე, უფრო კრეატიულით შეცვლა. ა. შმემანის აზრით, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, დამკვიდრებული ევქარისტიული საიდუმლო, განმწმენდელი, მადლმოსილი ძალა ღვთისმსახურებისა უცხო იყო ძველი ეკლესიისთვის და ეს „მისტერიალიზმი" კონსტანტინე დიდმა დაამკვიდრა. მისთვის ევქარისტიის საიდუმლოს არ ჰქონდა ის მნიშვნელობა, როგორიც მოგვიანებით „მისტერიულად" ჩამოყალიბდა. შმემანი დასავლელი თეოლოგის დანიელუს სწავლებაზე დაყრდნობით ამბობს: „წმინდა წერილში სიტყვა „საიდუმლო" (mysterion), პავლე მოციქულის სიტყვით, ყოველთვის ქრისტეს მთლიან მოღვაწეობას, მთლიანად ცხონებას ნიშნავდა.2

   მაგრამ ავტორი ამაოდ ცდილობს ევქარისტიული საიდუმლოს „ორგანული თეორიის" ჭრილში გადაყვანას, ვინაიდან მოციქულების მოღვაწეობა მთლიანად იყო საიდუმოლოებრივი (მისტიკური, ლოცვითი, განმწმენდითი ელემენტებით მოცული): „და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ გაჰნმართლდით სახელითა უფლისა იესუსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისათა" (1 კორ. 6. 11). ევქარისტიის საიდუმლოს (ქრისტეს სისხლითა და ხორცით ზიარება) ნუთუ რამე პრაგმატული, სიმბოლური, ამქვეყნიური მნიშვნელობა გააჩნია? თავად პავლე მოციქული კითხვითი ტონით მიმართავს კორინთელებს: „სასუმელი ესე კურთხევისაი, რომელ ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაი სისხლთა ქრისტესთა არს? პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაი ხორცთა ქრისტესთა არსა?" (1 კორ. 10. 16). კიდევ მრავალი სხვა ამონარიდის მითითება შეიძლება: (1 ტიმ. 4. 4-4); (1 კორ. 2. 7) ამ თვალსაზრისით.

   ევქარისტიის საიდუმლოს განმარტებას ა. შმემანის ნაშრომში („შესავალნი ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში") დიდი ადგილი უკავია. ის ხშირად იმეორებს აზრს, რომ „ადრეულ ეკლესიაში ევქარისტიას სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდაო", რომ ევქარისტია იყო „მორწმუნე საკრებულოს ეკლესიოლოგიური ერთიანობის გამოხატულება", რომ ის იყო „სასიხარულო ტრაპეზი" და ა.შ. ერთი სიტყვით, მთელი ტექსტის შინაარსი მიმართულია არა ქრისტეს ჯვარცმის მსხვერპლისკენ (რაც ცენტრალური აზრია ლიტურგიაში), არამედ მომავლის, ესქატოლოგიისკენ. მისი აზრით, IV საუკუნიდან ევქარისტიული შინაარსი შეიცვალა და მას „განმწმენდელი და ინდივიდუალური" („Осветительно – Индивидуалное") შინაარსი მიეცა. ამის მიზეზი თურმე ყოფილა ორი ერთმანეთს გადადებული ფენა: თავიდან მისტერიული, შემდეგ - მონაზვნურ-ასკეტური.3

   ა. შმემანის საპირისპირო სწავლებას ვხედავთ პავლე მოციქულის კორინთელებისადმი მიძღვნილ მეათე და მეთერთმეტე თავებში. (1 კორ. 10. 11).

   ა. შმემანს სურს განავითაროს „დროსმიღმიური" ევქარისტიის იდეის არსებობა ადრეულ ეკლესიაში. მისთვის ქრისტეს მსხვერპლის გამოხატულება ევქარისტიაში ტრადიციის დარღვევაა: „ადრეულ ევქარისტიაში არ არსებობს ქრისტეს ცხოვრებისა და მისი მსხვერპლის რიტუალური გამოხატვა. ეს თემა მოგვიანებით გაჩნდა, გარკვეული ღვთისმეტყველების ზეგავლენით. (ცხადია, გულისხმობს „გამოსყიდვის იურიდიულ თეორიას")... ქრისტეს მოგონების, მისი მეუფების, მისი მონაწილეობის აქტუალიზაცია, გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, ადრეული ეკლესია მისტერიულ რელიგიურობას და ღვთისმსახურებაში კულტის მისტერიას საფუძველშივე ეწინააღმდეგება".4

   ა. შმემანის კატეგორიეული ტონის მიუხედავად, ეს შეხედულება ეწინააღმდეგება მოციქულის სწავლებას: „თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი" (1 კორ. 11. 27)". "სასყიდლით გამოსყიდულ ხართ, ნუ იქნებით მონა კაცთა". ე.ი. უფლის მეორედ მოსვლამდე ევქარისტიის საიდუმლოში თანაზიარებით მორწმუნენი ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის მოგონებით „ქრისტეს სხეულის" წევრები ვხდებით. მაცხოვარი ხომ თავად ადგენს ამ წესს საიდუმლო სერობის ჟამს.

   ამრიგად, ა. შმემანის ღვთისმსახურების ცენტრში არა თავად პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდასახვა (გარდაქმნა), არამედ ახალი ხედვაა: „საიდუმლო საკრებულოსი", „სიტყვის საიდუმლო" (ე.ი. წმ. წერილის კითხვა, ქადაგება), ხოლო ზიარება ჩვეულებრივი „სასიხარულო ტრაპეზია". ევქარისტია თურმე არა ღვთისმსახურება, არამედ კოლექტიური მოქმედებაა საკუთარი თავისადმი მიმართული. ე.ი. მისტიკური კოლექტივიზმის იდეა მორწმუნე თემის ყოველდღიური ცხოვრება ხდება, ხოლო ლიტურგია მეტ-ნაკლებად სასარგებლო საშუალებაა თემის, კრებულის აღზრდისა და შეკვრისთვის.

   შემდეგ ა. შმემანი წერს: „ქრისტეს ცხოვრების ლიტურგიკულ წეს-განგებაში „მისტერიული" - საიდუმლოებრივი განმარტება, ევქარისტიის ეკლესიოლოგიური აღქმის სიმბოლურით ჩანაცვლებას ნიშნავს. ამგვარი გადაგვარება ევქარისტიაში ახალი ნაწილის გაჩენამ განაპირობა. ეს ნაწილია კვეთა, მთლიანად სიმბოლური, რომელიც ევქარისტიის დუბლირების გამოხატულებაა. (სიმბოლური მსხვერპლი პურის გაჭრისა და ღვინის ბარძიმში ჩასხმა და ა.შ.)... ევქარისტიული პურისა და ღვინის გარდასახვა ვით ინდივიდუალური, განმწმენდელი აქტი მაზიარებლის არა ეკლესიოლოგიური სტატუსის, არამედ პირადი კეთილკრძალულებისკენაა მიმართული. ზიარების ამგვარი პრაქტიკა ნამდვილად „რევოლუციურია".5

   საინტერესოა, რისკენ უნდა იყოს მიმართული მღვდლის ყურადღება კვეთის დროს, თუ არა მაცხოვრის ჯვარცმისაკენ? კურთხევანში ეს აზრი მესიის ტანჯვის შესახევ ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებითაა გადმოცემული. ამ ნიშნით, ლიტურგიის კვეთის ნაწილი სულაც არ იმეორებს მართალთა ლიტურგიას. მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული შინაარსი შემდეგია: კვეთა - ჯვარცმასა და მაცხოვრის სიკვდილს, ხოლო მართალთა ლიტურგიაზე ჯვრიდან გარდამოხსნას და სხეულის საფლავში დადებას და ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლას განასახიერებს. ეს არაა უბრალო სიმბოლიკა და გამოხატულება, არამედ ცოცხალი კავშირია ღმერთთან.

   რაც შეეხება ერისკაცთა ზიარების ძველი წესის ახლანდელით შეცვლას, ესაა ერთი ფორმის მეორეთი შეცვლა, რითაც საიდუმლოს არსი არ იცვლება, ხოლო პურისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდასახვის (გარდაქმნის) „რევოლუციად" მიჩნევა მძიმე ცოდვაა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.

   ა. შმემანის აზრით, მორწმუნეთა სასულიერო პირებად (კლიროსად) და უბრალო მორწმუნეებად დაყოფა კონსტანტინეს ეპოქაში მოხდა, რაც „მისტერიული ცნობიერების გარღვევით" იყო განპირობებული. თავად იდეა, სასულიერო პირების, ვით საიდუმლოს შემსრულებლებისა, ბიზანტიურ პერიოდში გაჩნდა. ადრეული ეკლესია „ღვთის ერის შეგნებით", „სამეუფეო მღვდლობის" პრინციპით ხელმძღვანელობდა და არ იყენებდა საიდუმლოს რჩეულთათვის განდობის პრინციპს, არც ეკლესიაში შესვლის, არც, მით უფრო სხვადასხვა იერარქიულ დონეზე დაყენების დროს.6

   აქ აშკარად იერარქიის სწავლების შესახებ პროტესტანტულ განმარტებასთან გვაქვს საქმე. ფაქტია: ეკლესიაში მოციქულების დროიდან დაარსდა დიაკვნად, ხუცესად და ეპისკოპოსად ხელდასხმა. საქმე მოციქულთასა და პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ამის არაერთი მაგალითია მითითებული. მისი აზრით, ეს დაყოფა მორწმუნეებისა საკურთხევლის კანკელით გამოყოფით გაძლიერდა.7 მაგრამ, უნდა ვიცოდეთ: საკურთხეველი ეკლესიაში მარტოოდენ ლიტურგიაზე უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენება. დანარჩენი ღვთისმსახურება, წეს-განგების მიხედვით, ტაძრის შუა ნაწილში აღესრულება. ლიტურგიაზე ეპისკოპოსი საკურთხეველში „მცირე შესვლის" დროს შედის ევქარისტიული საიდუმლოს აღსრულებისათვის. საერთოდ, სამღვდელო კურთხევანში მითითებული ყველა „საიდუმლოება" (ევქარისტიისა და ქიროტონიის გარდა) საკურთხევლის მიღმა სრულდება. ასე რომ, ეს პროვოკაციული მიდგომაა - აქაოდა სასულიერო პირები შეადგენენ რაღაც კასტას, რომლებიც არად აგდებენ უბრალო მორწმუნე ხალხს.

   სინამდვილეში, წმინდა ეკლესიამ ევქარისტიის საიდუმლო აარიდა წარმართ საზოგადოებას, რომელიც ჯერ კატახიზაციას გადიოდა. ამას მოწმობს წმ. კირილე იერუსალიმელის „კატახიზატორული სიტყვა", წმ. ბასილი დიდის სწავლებაც. (О Св. Духе. Гл. 27).

   მიგვაჩნია, რომ აღარაა საჭირო ა. შმემანის მრავალი სხვა, მართლმადიდებელი ტრადიციისთვის უცხო შეხედულებების დამოწმება. ისედაც გასაგებია, თუ ვინ იმყოფება „დასავლურ ტყვეობაში", ვინ დაამახინჯა მართლმადიდებლური ღვთისმსახურება და ვინ იცავს მას „მართლმადიდებელი" მოდერნისტებისაგან!

   





1 А. Шмеман. „Введение в литургическое богословие". Стр. 113. ციტ. М. Помазански. Литургическое богословие о А. Шмемана. Экуменика на фоне православной литургики.

2 იქვე. შმემანთან. გვ. 198.

3 იქვე. შმემანთან. გვ. 120.

4 იქვე. შმემანთან. გვ. 127.

5 იქვე. შმემანთან. გვ. 147.

6 იქვე. შმემანთან. გვ. 146.

7 იქვე. შმემანთან. გვ. 149.








დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება