მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ლიტურგიკული განმაახლებლობის“ ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ლიტურგიკული განმაახლებლობის“ ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-09-2022, 00:00

„ლიტურგიკული განმაახლებლობის“ ისტორია - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „ლიტურგიკული განმაახლებლობა" არის XIX-XX საუკუნეთა იდეოლოგიზირებული რეფორმატორული მოძრაობა და სწორედ ის გვევლინება ახალი დროების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად. ლათინური (ისე როგორც პროტესტანტული) სამყაროს რეაქციული ცვლილება მეტნაკლებად გასაგებიცაა - ისინი ხომ სერიოზულ საღვთისმსახურო კრიზისს განიცდიან, ამიტომ ასეთი შედეგი აუცილებლობასავით დადგა. ვატიკანი ცდილობდა თავისი იდეოლოგიური ადგილი ეპოვა ამ მოძრაობაში, ამიტომ ჩამოაყალიბა ისეთი იდეოლოგიური სისტემა, რომელიც მოჩვენებითად წარმოაჩენდა ლიბერალიზმის, მარქსიზმისა თუ ფაშიზმისაგან განსხვავებულ პოზიციას, მაგრამ ამავდროულად სეკულარული სამყაროს ფერხულში იყო და განაგრძობდა მოდერნისტული მიმართულებების პროპაგანდას.

   XX საუკუნის დასაწყისში „ლიტურგიკულ განმაახლებლობას" საფუძვლები გერმანულ აბატში ჩაეყარა. პირველი წარმომადგენლები ი. გერვეგენი და ო. კაზელი მარია ლაქსის მონასტრიდან იყვნენ. „ლიტურგიკული აღორძინების" ცენტრიც სწორედ იქ დაარსდა. 1914 წლიდან „ლიტურგიკული მოძრაობის" მობილიზებისათვის „ლიტურგიკული კვირეულები", თემატური გამოცემები და ღონისძიებები იმართებოდა.

   მარია ლაქსის მონასტრის ბერი ო. კაზელი მთლიანი მოძრაობის ხელმძღვანელი ხდება. შედეგად, მოძრაობასაც „კაზელიზმი" ეწოდა. კაზელის ლიტურგიკული შეხედულებები როგორც კათოლიკურ (ვატიკანის II კრება), ისე „მართლმადიდებლურ" ლიტურგიკაშიც აისახა. ა. შმემანის „ლიტურგიკული ღვთისმეტყველების" ძირითადი მიმართულება სწორედ „კაზელიზმიდან" არის გადმოღებული. (ამას თავად ა. შმემანის ნაშრომში წყაროების მითითებისას ვიგებთ).

   კაზელის ნოვატორობა იმაში მდგომარეობს, რომ მან ლიტურგიკული საიდუმლოს ცნება წარმართულ მისტიფიცირებამდე დაიყვანა.1 მის ხედვებში ლიტურგიკული საიდუმლოს არსი თემის, საკრებულოს ერთობლივ რიტუალურ მოქმედებაშია, სადაც მყისიერად იესო ქრისტეს მაცხოვნებელი მოქმედება „აქტუალიზდება". სხვაგვარად რომ ვთქვათ, მღვდელმსახურების დროს არა მხოლოდ მადლს იძენს მორწმუნე, არამედ მთლიანად კრებული ერთობლივი ცხონების ღირსი ხდება.

   კაზელის სწავლებისთვის დამახასიათებელი იყო ანტიიურიდიზმთან, სქოლასტიკასთან, ტრადიციულ ქრისტიანულ ხედვებთან ბრძოლა.

   „ლიტურგიკული განმაახლებლობის" კიდევ ერთი გმოჩენილი წარმომადგენელი ლამბერ ბოდუენი იყო. მისი გამოჩენისთანავე „ლიტურგიკულმა განმაახლებლობამ" ეკუმენისტური მიმართულება შეიძინა და სხვადასხვა კონფესიების ლიტურგიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარება-გაერთიანება დაისახა მიზნად.

   ა. შმემანისთვის ეს მოძრაობა მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა.

   „ლიტურგიკული კვირეულის" ფარგლებში კათოლიკებისა და პროტესტანტების გვერდიგვერდ „პარიზის სკოლის" „მართლმადიდებელი მოდერნისტებიც" „იღრმავებდნენ" ლიტურგიკულ ცოდნას. კ. კერნის, ს. ბულგაკოვის, ნ. აფანასიევის კვალდაკვალ ა. შმემანიც ჩაერთო მოძრაობაში. თავის ჩანაწერებში (1957 წ.) იგი „ლიტურგიკულ კვირეულს" უმნიშვნელოვანეს მოვლენად წარმოაჩენს. მისი აზრით, „კვირეული" უნიკალური შესაძლებლობაა სპეციალისტებისთვის, რათა შეხვედრებითა თუ პრობლემებზე საუბრებით გადალახონ გაყოფილი კონფესიური ჯიბირები.2

   აღნიშნული თანამშრომლობა მოგვიანებით თანამსახურებაში უნდა გადაზრდილიყო.

   XX ს. ბოლოს ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში მნიშვნელოვანი ეკუმენისტური გარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ: „თეზეს" ეკუმენისტური მოძრაობის ფარგლებში შემუშავდა „ეკუმენისტური მსოფლიო საბჭოს (ე.მ.ს.) მემორანდუმი (1982 წ.) სახელწოდებით „ნათლისღება", ევქარისტია და მსახურება", რომელიც „ლიმის დოკუმენტის" („Лимский документ") სახელწოდებითაა ცნობილი.

   „ლიმის დოკუმენტი" გახლდათ საერთო როგორც კათოლიკებისა და მართლმადიდებელი ეკუმენისტებისათვის, ისე ე.მ.ს.- ის დანარჩენი (300) დენომინაციისთვის. აღნიშნული დოკუმენტი „დიდი ეკუმენისტური გაერთიანების იმედებს" უსახავდა მათ. მის ჩამოყალიბებაში ხომ „ურთიერთობის ღვთისმეტყველების" - მოდერნისტული მიმართულების ფუძემდებელი მიტროპოლიტი ი. ზიზიულასი მონაწილეობდა, რომლის ხედვებზე ზეგავლენა სწორედ ა. შმემანის შეხედულებებმა იქონია.

   ამას მოჰყვა ახალი ტალღა რეფორმებისა, რომელმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიაციას.

   რეფორმის ფარგლებში დაისახა: ღვთისმსახურების ხანგრძლივობის შემცირება, ღვთისმახურების თანამედროვე ენაზე ჩატარება, ახალი ლიტურგიკული მსახურებების (იაკობის, მარკოზის და ა.შ.) შემოღება. (გაგრძელება..)

   




1 ვრცლად ამის შესახებ რ. ვერშილოს ნაშრომში. Движение литургического обновления. www.antimodernizm.ru.

2 იქვე. რ. ვერშილოსთან.







დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება