მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მიტროპოლიტი ი. ვლახოსი კრეტის კრებაზე „საკუთარი ღვთისმეტყველებით“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

მიტროპოლიტი ი. ვლახოსი კრეტის კრებაზე „საკუთარი ღვთისმეტყველებით“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


23-09-2022, 00:00

 

   დეკანოზი ი. რომანიდისის ნეოპროტესტანტული ხედვები და მიდგომები გაითავისა კიდევ ერთმა გამოჩენილმა ღვთისმეტყველმა, მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი). ის, რომანიდისის კვალდაკვალ, იმეორებს „ყოფიერებისა" და „რწმენის" ანალოგიების კრიტიკას.1

   კრეტის კრების მასალების განხილვისას მიტროპოლიტი ი. ვლახოსი აღნიშნავს, რომ კრების ერთ-ერთი დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" დამუშავებისას უნდა თქმულიყო ყოფიერების ანალოგიისა (analogia entis) და რწმენის ანალოგიის (analogia fidei) შესახებ. მისი აზრით, ეს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პაპიზმის ღვთისმეტყველებებს შორის ყველაზე საკვანძო განსხვავებას ასახავს.2

   სინამდვილეში ი. ვლახოსი, ი. რომანიდისის მსგავსად, იმეორებს კარლ ბარტის ანტიკათოლიკური პოლემიკის შინაარსს, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობოდა სერენე კეირკეგორის ათეისტურ სწავლებას „ღმერთზე, როგორც აბსოლუტურად სხვაზე" (Абсолютно другом).

   მიტროპოლიტი აქ „პარიზის სკოლის" (მოდერნისტების) ნაცად ხერხს მიმართავს: კათოლიციზმისაგან მართლმადიდებლობის დაცვის ეგიდით გვთავაზობს პროტესტანტულ-ათეისტურ თეორიებს, ვით მართლმადიდებლობას.

   იმავე წერილში ი. ვლახოსი ამბობს:

   „დოკუმენტების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ ისეთმა იერარქებმა და ღვთისმეტყველებმა, რომლებიც შეძლებენ სათანადო ტერმინოლოგიების შემოწმებას, რათა ტექსტი არ იქნეს ჩამოყალიბებული ნეოსქოლასტიკური, ესენციური და მეტაპატრისტული სულისკვეთების მიხედვით".3

   სქოლასტიკასთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია (იხ. წინა წერილები ამ თემაზე. კ.ჯ.). გაუგებარია, რატომ ებრძვის მიტროპოლიტი ესენციალიზმს* (თეორიაში უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას)? როგორ მოვიქცეთ, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველება თავიდან ბოლომდე მთლიანად ესენციურია, ანუ უცვლელი მახასიათებლების მქონეა? რისი შეცვლა სურს მიტროპოლიტს და რატომ აღელვებს ასე ძალიან სქოლასტური და ესენციური ღვთისმეტყველება? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი მოდერნისტული მიმართულების - „ნეომართლმადიდებლობის" გავრცელებაში სწორედ ამგვარი ღვთისმეტყველება უშლის ხელს?

   უნდა აღინიშნოს, რომ კრეტის კრებაზე (2016 წ.) შემოთავაზებული დოკუმენტების კრიტიკული შეფასება იყო მეტად სუსტი, ხან უადგილო, ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო.

   გამოიკვეთა ორი მიმართულება: ბერძენი ეკუმენისტები (ი. ზიზიულასი) და ბერძენი „ანტიეკუმენისტები" (ი. ვლახოსი).

   ბერძენმა „ანტიეკუმენისტებმა" პრობლემურად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ დოკუმენტში სხვა ქრისტიანულ კონფესიებს ეწოდა „ეკლესიები", ანუ ეკლესიად მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია უნდა მოხსენებულიყო.

   საკითხის ზედაპირული მიმოხილვა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ანტიეკუმენისტებმა სერიოზული იერიში მიიტანეს ეკუმენისტებზე. გულუბრყვილო მართლმადიდებლების თვალში ი. ვლახოსმა და მისმა თანამოაზრეებმა სანიმუშო მოშურნეობა და შემართება გამოავლინეს. მაგრამ ასეა ეს?!

   ბერძენი ეკუმენისტებისთვის ეს პოზიცია იოლად გასაბათილებელი აღმოჩნდა. მათ მარტივად მიუთითეს ეკლესიის ისტორიაში არსებულ ფაქტებზე, როდესაც წმინდა მამები (მაგალითად, წმ. ბასილი დიდი არიოზელებს, წმ. მარკოზ ეფესელი - ლათინებს) მოიხსენიებენ ეკლესიებად.

   აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეშიც დასავლეთის ერეტიკოსები „დასავლურ ეკლესიებად" მოიხსენიება.4

   ერთი სიტყვით, ანტიეკუმენისტების ეს არგუმენტი მეტად უსუსური, არადამაჯერებელი და ხელსაყრელი აღმოჩნდა ეკუმენისტებისთვის. მათ ეფექტურად „მიიღეს ოპონენტების ჩაწოდება" - უბრალოდ ეკლესიის ისტორია დაიმოწმეს და სრული კრახი განაცდევინეს ანტიეკუმენისტებს.

   ცხადია, ტერმინი „ეკლესია" ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, არის მართლმადიდებელი ეკლესია. ეკუმენისტების მსოფლხედვით „ეკლესიებში" ყველა ერეტიკული საზოგადოება მოიაზრება. კრეტის კრებაზე გაჟღერებული ფრაზები: „ქრისტიანული ერთობის აღდგენა", „დაკარგული ერთობის ძიება" და მისთანები ამის დამადასტურებელია.

   მაგრამ, თუკი მკვეთრად და პრინციპულად არ ითქვა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია არის მართლმადიდებელი ეკლესია, თუკი ერეტიკულ საკრებულოებს პირობითად უწოდებენ „ეკლესიებს"... მართალია, თავად მიტროპოლიტმა (ი. ვლახოსი) არ მოაწერა ამას ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში კრეტის კრების „დოგმად" იქცა, მაშინ რა შედეგს მიაღწიეს ანტიეკუმენისტებმა მარტოოდენ სიტყვების ტერმინოლოგიური თამაშით?! - მხოლოდ იმას, რომ ეკუმენიზმი დეკლარირებულ დონეზე იქნა აღიარებული „მართლმადიდებელი კრების" მიერ.

   სინამდვილეში, დაპირისპირებულმა მიტროპოლიტებმა (ი. ვლახოსმა და ი. ზიზიულასმა) საკუთარი საღვთისმეტყველო მოდერნიზმის მიმართულებათა დემონსტრირება მოახდინეს. საბოლოო ჯამში, ამ ორი დაპირისპირებული ჯგუფის მიერ ახალი მოდერნისტული კონცეფციები შემუშავდა, რომლის თანახმადაც სქოლასტური და ესენციური საღვთისმეტყველო მეთოდიკა „ნეომართლმადიდებლური თეზების" განვრცობის მიზნით ლათინურ ღვთისმეტყველებად გამოცხადდა (მიტრ. ი. ვლახოსი), ხოლო „ურთიერთობის ღვთისმეტყველება", „პერსონალიზმი"*, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლური ფილოსოფიის პროდუქტია - მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებად (მიტრ. ი. ზიზიულასი). მოჩვენებითი დაპირისპირება ორივეს სასარგებლოდ გათამაშდა - ორივემ საკუთარი არამართლმადიდებლური თეზები კრების დონეზე დააკანონა (ლეგიტიმური სახე მისცა):

   1) მიტროპოლიტმა ი. ვლახოსმა „ანალოგიების" დაუშვებლობა მიიჩნია ძირითად პრობლემად „ნეომართლმადიდებლური" მოდერნისტული მიმართულების დასამკვიდრებლად.

   2) მიტროპოლიტმა ი. ზიზიულასმა პერსონალიზმს, ე.წ. „ურთიერთობის ღვთისმეტყველებას" ჩაუყარა საფუძველი.

   არსებითად, კრეტის კრების დოკუმენტებთან დაკავშირებით, გარდა ცრუსწავლებათა განვითარების კადნიერი მცდელობისა, დანარჩენი თეზები დიდი ხანია გადააზრებული და გადაღეჭილია „აღმოსავლელი პაპისტების" მიერ.

   კონსტანტინოპოლის პატრიარქის (ბართლომე) მიერ კრეტის კრებაზე მიწვეული ორი „გამოჩენილი ღვთისმეტყველის" ი. ვლახოსისა და ი. ზიზიულასის საღვთისმეტყველო პაექრობა, სინამდვილეში ისეთივე ფარსია, როგორც პოლიტიკაში მმართველი პარტიის მიერ ფსევდოოპოზიციური პარტიის შექმნა, რათა ნამდვილი ოპოზიციური (ანუ ჭეშმარიტად მართლმადიდებლური) სიტყვა იქნეს იგნორირებული.

   არსებითად, მიტროპოლიტმა ი. ვლახოსმა (ფსევდოოპოზიციონერი) თავისი ნეომართლმადიდებლობით (მოჩვენებითი ბრძოლით ეკუმენისტების წინააღმდეგ) და თავისი „ავტორიტრეტით", „გაამართლა", ჟარგონის გამოყენებასაც არ მოვერიდებით „გააპრავა" კრეტის კრება, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის რეცეფცია (აღიარება) ვერ დაიმსახურა.

   თუკი იმასაც დავძენთ, რომ გამოსყიდვის დოგმატის, პირველქმნილი ცოდვის, უნათლავი ჩვილების ცხონების და ნეტარი ავგუსტინეს კრიტიკაში ი. ვლახოსი და ი. რომანიდისი აბსოლუტურად ერთი და იმავე ცრუსწავლებას აღიარებენ, სრული საფუძველი გვაქვს, ორივე ერთად ნეომართლმადიდებლობის მოდერნისტულ მიმართულებაში მოვიაზროთ.









1 И. Влахос. Православие и западное богословие.

2 Митр. И. Влахос. Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора.

3 იქვე. ი. ვლახოსი.

* სქოლასტურ ფილოსოფიაში წარმოქმნილი ტერმინი „ესენცია", „ესენციალიზმი" გამოიყენება იმ თეორიებთან, რომლებიც გარკვეული წარმომავლური მახასიათებლების, ერთობით, ირწმუნებიან მასში უცვლელი და მარადიული თვისებების არსებობას (Wikipedia.org).

4 Послание восточных патриархов. 1848 с.

* პერსონალიზმი - (ლათ. Persona, პიროვნება), თანამედროვე ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობა, რომელსაც ყოფიერების პირველსაწყისად პიროვნება მიაჩნია. ტერმინის ავტორი: ფ. შლირმაიერი. პარიზის სკოლის წარმომადგენლები: ვ. ლოსკი, კ. უერი, ი. ზიზიულასი და სხვა.








დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 



უკან დაბრუნება