მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ი. რომანიდისი ნეტარი ავგუსტინეს წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ი. რომანიდისი ნეტარი ავგუსტინეს წინააღმდეგ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე21-09-2022, 00:00 |
დეკანოზმა ი. რომანიდისმა და მის კვალდაკვალ მიტროპოლიტმა ი. ვლახოსმა სრულად გაითავისეს „ნეომართლმადიდებლური თეორიის" იდეები. მათ სქოლასტიკის, ნეტარი ავგუსტინეს და ბოლოს თვით წმ. წერილის უცდომელი ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლური ზეგავლენებისაგან მართლმადიდებლობის დაცვის სურვილით ოსტატურად შენიღბეს. 1) დეკანოზ ი. რომანიდისის წერილს „Analogia of being and analogia of faith", ეყრდნობა მიტროპოლიტი ი. ვლახოსი თავის ნაშრომში „Границы и условия для успешного проведения святого и великого всеправославного собора", ორივეს საკუთარი ნეომართლმადიდებლური მიმართულების ჩამოყალიბება აქვთ დასახული მიზნად. ი. რომანიდისი დასავლური, სქოლასტური ტრადიციის გაკრიტიკების მიზნით ორი თეორიის: „ყოფიერების ანალოგიისა" (analogia entis) და „რწმენის ანალოგიის" (analogia fidei) გათავისებას იწუნებს. ამასთან, ამ „ანალოგიებებისადმი" მიმხრობა ნეტარ ავგუსტინესაც დააბრალა: „ავგუსტინე მომხრე იყო ყოფიერების ანალოგიის", მაგრამ ამასთან რწმენის ანალოგიაც გვხვდება. ეს იწვევს ბუნდოვანებას, ვინაიდან ფილოსოფიური მეთოდები გამოიყენება ეკლესიის დოგმატებისა და წმინდა წერილის კვლევის დროს".1 შემდეგ რომანიდისი ამბობს, რომ „ქმნილებასა და ღმერთს შორის არ არის მსგავსება, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არ არის ანალოგიაც, ე.ი. კორელაცია ანუ შეფარდება, ურთიერთდამოკიდებულება ანუ - ქმნილების მეშვეობით ჩვენ ვერ შევიცნობთ ღვთაებრივს".2 ჯერ ერთი, ი. რომანიდისი აღნიშნულ წერილში არსად მიუთითებს, რომ ნეტარი ავგუსტინე იყენებდეს ან ერთ, ან მეორე ტერმინს. ვეძებეთ და ვერც წმინდანის შემოქმედებაში ვიპოვეთ ყოფიერებისა თუ რწმენის ანალოგია. თუმცა, თუკი გადავხედავთ წმინდა მამათა აპოლოგეტურ ნაშრომებს, მათ შორის ნეტარი ავგუსტინესას, დავინახავთ ანალოგიებს, წმინდა სამების რაიმე სახის განმარტებისათვის მოხმობილთ. მაგალითად, განსაკუთრებით ცნობილი ანალოგიაა: მზე, ნათელი, სითბო. (დიონისე ალექსანდრიელი).3 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც იყენებდა მზის ანალოგიას.4 წმ. ბასილი დიდი წმ. სამების დოგმატის განმარტებისას იყენებდა ცისარტყელას.5 ანალოგიას ღმერთსა და ადამიანს გონებას შორის ვპოულობთ წმ. გრიგოლ ნოსელის შემოქმედებაში.6 წმინდა სამების არსის განმარტებისთვის ნეტარი ავგუსტინეც მიმართავს ანალოგიებს.7 როგორც ვხედავთ, ანალოგიის გამოყენების მეთოდი არ არის უცხო წმინდა მამებისთვის. ცხადია, ყველა იაზრებდა იმ ფაქტს, რომ ღმერთი არ არის ხილული, გონებასაწვდომი, ყოფიერი არსება, მაგრამ ის არც ისეთი ტრანსცენდენტურია (მიღმურია) ადამიანისათვის, როგორც ამას ნეომართლმადიდებლები წარმოაჩენენ. 2) ი. რომანიდისი განაგრძობს ნეტარი ავგუსტინეს ბრალდებას. ამჯერად პლატონური და ნეოპლატონური ტრადიციის არგუმენტების გამოყენებაში ადანაშაულებს მას: „ზემოაღწერილი პლატონური აღქმა ღვთისა გაითავისა ავგუსტინემ და მთელმა დასავლურმა ტრადიციამ, რომლის სწავლება არქიტიპების შესახებ ბრალდებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ".8 ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებასა და შემოქმედებას, იცის, რომ ნეტარმა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით საკმაოდ რთული გზა გაიარა. თავის შესანიშნავ ნაშრომში „აღსარება" წმინდანი დეტალურად აღწერს მის თავს დატრიალებულ განსაცდელებს: მანიქეველობით, პლატონიზმითა თუ სხვა გატაცებების შესახებ. როგორც თავად აღნიშნავს სხვა ნაშრომში (О граде Божьем VIII. 8) „მისთვის პლატონური ფილოსოფიური სისტემა იყო საბოლოო ეტაპი ქრისტიანული ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე. ის მიიჩნევდა, რომ პლატონის ფილოსოფიური სისტემა პიკია ფილოსოფიისა და ყველაზე ახლოსაა ქრისტიანობასთან, თუმცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ჩამოყალიბების შემდეგ სულაც არ აკლებს კრიტიკას როგორც პლატონის, ისე მისი მიმდევრების სწავლებას: „მე არასდროს გადავალ ქრისტეს ავტორიტეტისაგან, ვინაიდან ვერსად ვპოვე ვერაფერი მასზე ძლიერი. გონებრივი კვლევის თვალსაზრისით, რაც არ ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას, პლატონისტებთან ვპოვე".9 სხვა აპოლოგეტურ ნაშრომშიც (Об истинной религии) ნეტარი ავგუსტინე დასძენს: „ჭეშმარიტი სარწმუნოება - ქრისტიანობაა, რომელმაც ადამიანები იმაში დაარწმუნა, რაშიც პლატონის აზრით ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებულნი".10 იქვე ამბობს: „ფილოსოფია მთლიანად მიჯაჭვულია მგრძნობელობითს და იმსახურებს უგულებელყოფას".11 ამრიგად, სპეკულაცია იმით, რომ ნეტარმა ავგუსტინემ გადაუხვია მართლმადიდებლურ გზას და ღვთისმეტყველება მთლიანად ფილოსოფიით ჩაანაცვლა, სიცრუე და ცილისწამებაა. ადრეც აღვნიშნეთ: წმ. მამებისთვის არ იყო უცხო ფილოსოფიური სისტემები და საჭიროების შემთხვევაში სისტემური ღვთისმეტყველებისათვის იყენებდნენ მათ მეთოდოლოგიას (მაგ. ი. დამასკელი, „ფილოსოფიური თავნი"). მაგრამ ნეტარი ავგუსტინეს კრიტიკა მაშ სულ სხვა რამის გამო სჭირდებათ. 3) „ყოფიერებისა" და „რწმენის" ანალოგიების კრიტიკა ი. რომანიდისს საიმისოდ სჭირდება რომ განავითაროს საკუთარი „ნეომართლმადიდებლური" მიმართულება, რაც არსებითად, კარლ ბარტის ანუ პროტესტანტული საწყისების თეოლოგიაა. ამას ადასტურებს იმავე წერილში ბიბლიის ავტორიტეტის პროტესტანტული კრიტიციზმისთვის დამახასიათებელი გზით დაკნინება. ი. რომანიდისი წერს: „მართლმადიდებელ სარწმუნოებაში არ არსებობს რწმენისა და ყოფიერების ანალოგია. ამ მიზეზით წმ. წერილის შინაარსი ღმერთთან მიმართებით ცვალებადი მნიშვნელობისაა. ისინი უარყოფენ განღმრთობით გამოცდილებას. წმ. წერილი არის გზამკვლევი ღმრთისაკენ, მაგრამ ღვთის ამ აღწერას არ გააჩნია რეალური მსგავსება ღმერთთან. ის საუბრობს ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ეს არ არის თავად ჭეშმარიტება, არამედ გზამკვლევია ჭეშმარიტებისაკენ, რომელიც არის ქრისტე, იმიტომ რომ წმ. წერილის სიტყვები უბრალო სიმბოლოებია, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. განათლებისა და განღმრთობის გარეშე წმ. წერილი (ბიბლია) ვერ განიმარტება მართებულად".12 მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, უცდომელი კრიტრიუმის ნუსხაში წმინდა წერილს პირველი ადგილი უკავია. ყოვლად დაუშვებელია წმ. წერილზე თქვა, რომ ის „ღმერთთან მიმართებით ცვალებადი მნიშვნელობისაა’, რომ „ამ აღწერას არ გააჩნია რეალური მსგავსება ღმერთთან", რომ მისი სიტყვები „უბრალო სიმბოლოებია" და ა.შ. ეს პროტესტანტულ ჭრილში ნათქვამს უფრო ჰგავს, ვიდრე მართლმადიდებლობას. გასაგებია, რომ წმინდა წერილი განმარტებას საჭიროებს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წმ. მამებისეული სწავლების და არა მარტოოდენ „პირადი გამოცდილების" და გაურკვეველი „განღმრთობის" საფუძველზე. ამრიგად, დეკანოზი ი. რომანიდისი ცდილობს „პროტესტანტული ნეომართლმადიდებლობა" მართლმადიდებლობად წარმოაჩინოს. ეს დიდი ხნის ნაცადი ხერხია: დააბრალე „კათოლიციზმის", „ფილოსოფიის", „სქოლასტიკის" „ტყვეობაში" ყოფნა, ამ დროს განავითარო პროტესტანტული თეზა ისე, თითქოს „ნეომართლმადიდებლობა" იყოს მართლმადიდებლობა.
1 romandidis. I Analogia of being and analogia of faith. 2 იქვე რომანიდისთან. 3 Фрагменты сохранившиеся у св. Афанасия великого De sententia Dionycii. 4 Симфония по творениям святителя Григория Богослова. 5 Св. Василий Великий. Письмо 30. 6 Св. Григорий Нисский. Большое огласительное слово. 7 Блаж. Аврелий Августин. О символе веры. 8 ი. რომანიდისი. იქვე. 9 Блаж. Августин. О граде Божьем. VIII. 8. 10 Блаж. Августин. Об истинной вере. II. Гл. III. 11 იქვე. Гл. IV. 12 Romanidis. იქვე. Analogia of being and analogia of faith.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |