მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რატომ ებრძვიან „ნეომართლმადიდებლები“ ნეტარ ავგუსტინეს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

რატომ ებრძვიან „ნეომართლმადიდებლები“ ნეტარ ავგუსტინეს - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


19-09-2022, 11:37

 

   ახალი დროების განმაახლებლური საღვთისმეტყველო პროცესებისა და მიმართულებების განხილვისას, შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს უარყოფითი დამოკიდებულება ნეტარი ავგუსტინეს მიმართ. წმინდანის საღვთისმეტყველო სწავლების კრიტიკა, თვით ნეტარებასა და მართლმადიდებლობაში ეჭვის შეტანა ნეომართლმადიდებელთა (თუ სხვა მოდერნისტთა) ერთგვარი ხელწერა გახდა.

   „დასავლურ ზეგავლენასა" და „სქოლასტიკასთან" ბრძოლის ეგიდით ავგუსტინესეული სისტემური ღვთისმეტყველების „ნეიტრალიზაციაა" დაგეგმილი. პრობლემის ქვაკუთხედი განმაახლებელ-მოდერნისტებისთვის კვლავინდებურად „იურიდიულ-სქოლასტურად" წოდებული გამოსყიდვის მართლმადიდებლური დოგმატია.

   „ნეომართლმადიდებლების" (და სხვა მოდერნისტების მიმართულების) აზრით, ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებამ ვერ გადალახა მარადიული ჯოჯოხეთის, ტანჯვის შიშის თეორია, რაც მკაცრად იურიდიული ხასიათისაა და რითაც კნინდება ადამიანური ელემენტების გათვალისწინება. ანუ: ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებაში დოგმატურ-კანონიკური (იურიდიული, სისტემური, ლოგიკური) ცნობიერების სიჭარბე, ადამიანურის (ორგანულის) მინიმალიზმამდე დაყვანა ჰუმანისტურად მოაზროვნე ნეომართლმადიდებლებსთვის გადაულახავ დილემად იქცა.

   საქმე ისაა, რომ ნეტარი ავგუსტინეს „გამოსყიდვის იურიდიული თეორია" განმაახლებლებს არ აძლევს „ამოსუნთქვის" საშუალებას, პიროვნებას არ აძლევს „თავისუფალი შემოქმედების" განვითარების და ავტომატურად ცხონების გზას.

   „პარიზის სკოლის" ერთ-ერთი წარმომადგენელი ტრუბეცკი წერს: „ქრისტეს კაცობრივ ბუნებასთან შეერთება ქრისტიანული სწავლების არსია, ის არა ერთ-ერთი საშუალება, არამედ თავად ჩვენი ხსნაა. თავად საკითხის ამგვარად დაყენება ავგუსტინეს მიერ ქრისტიანული ძირეული პრინციპებისაგან გადახრის ნიშანია. კაცობრივი ელემენტების დაკნინება გამოიხატა გამოსყიდვის იურიდიულ თეორიაშიც, რომელიც აითვისა ავგუსტინემ" (Трубецкий).

   ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს განკაცება ავტომატურად ყველა ადამიანის ხსნაა, განკაცებასა და ხსნას შუა ტოლობის ნიშანია დასმული. ეს კი იგივე ორიგენისტული პრინციპების აღორძინებაა. დიდი ალბათობით, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არა ნეომართლმადიდებლების მხრიდან ძირითადი ღმერთკაცობრივი დოგმატების, ანუ ავგუსტინიზმისაგან „განთავისუფლება".

   ნეომართლმადიდებლური მიმართულების „პარიზის სკოლის" გამოჩენილი წარმომადგენელი, დეკანოზი ი. რომანიდისი ნეტარ ავგუსტინეს „მართლმადიდებლობის ანტაგონისტად", „ჰიპოპოტამად", „ფილოსოფიურ-ლოგიკური თეორიის სპეკულიანტად" მოიხსენიებს.1

   მიტროპოლიტი ი. ვლახოსი (რომანიდისი მოწაფე) ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველებას კათოლიკურის საწყის ეტაპად მიიჩნევს.2

   ეს სია შეგვიძლია გავაგრძელოთ და შევავსოთ როგორც ძველი, ისე ახალი მოდერნისტების გვარებით.

   მაგრამ თუკი გადავხედავთ მსოფლიო კრებებისა და ზოგადად მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას წმინდანისადმი, მყისიერად მოეფინება ნათელი ფსევდოავტორიტეტთა (რომანიდისი, ვლახოსი, მეინდორფი და ა.შ.) უსამართლო მიდგომას ნეტარი ავგუსტინეს მიმართ.

   1) ნეტარი ავგუსტინეს გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეფესოს III მსოფლიო კრებამ ავგუსტინესეული ანტიპელაგიანური პოლემიკა (ანუ მისი ანთროპოლოგია და სოტერეოლოგია) საერთო-საეკლესიო სწავლებად აღიარა.3

   2) დასავლეთში ჩატარებული კრებების (პირველ რიგში, კართაგენის კრების - 419 წ.) რეცეფცია III მსოფლიო კრების მიერ.

   3) ამის კვალდაკვალ, ქალკედონში, სხვა წმინდა მამათა გვერდით გაისმის იპონიის ეპისკოპოსის ნეტარი ავგუსტინეს სწავლება (ეპისტოლე ვოლუზიანისადმი), მისივე იოანე მახარებელის სახარების სარწმუნოებრივი განსაზღვრება-განმარტებები.4

   სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმ. ავგუსტინეს ქრისტოლოგია და ტრიოდოლოგია მსოფლიო კრებების მიერ აღიარებულია, ვით ორთოდოქსული.

   4) V მსოფლიო კრებამ ნეტარი ავგუსტინე ეკლესიის თორმეტი უდიდესი მასწავლებლის რიცხვში მოიხსენია: „წმინდა მამის და ღვთის ეკლესიის მასწავლებლების კვალდაკვალ: ათანასეს, ილარის, ბასილის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ამბროსის, ავგუსტინეს, თეოფილეს, იოანე კონსტანტინოპოლელის, კირილეს, ლევის, პროკლეს ვაღიარებთ, ყოველივეს, რაც მათ გადმოგვცეს მართალი სარწმუნოების, ერესების მხილების შესახებ".5

   5) ნეტარი ავგუსტინეს მაქსიმალური ავტორიტეტი ასევე დეკლარირებულია VI მსოფლიო კრების განჩინებაშიც. აქაც დიდი მამების გვერდითაა მოხსენიებული მისი სახელი.6

   6) ბოლოს, VII მსოფლიო კრებამ დანარჩენი მსოფლიო კრებების კვალდაკვალ, განადიდა იპონიის ეპისკოპოსის სახელი და „ნეტარი ავგუსტინე" უწოდა მას.

   როგორც ვხედავთ, ფაქტია, ნეტარი ავგუსტინეს ღვთისმეტყველების რეცეფცია მსოფლიო კრებების მიერ.

   იმის მიუხედავად, რომ წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა, მიტროპოლიტმა მაკარიმ (ბულგაკოვი) და სხვა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველებმა აღადგინეს ნეტარი ავგუსტინეს ავტორიტეტი, მეოცე საუკუნეში „პარიზის სკოლის" ნეომართლმადიდებლებმა კვლავ მიიტანეს მასზე იერიში.

   არსებითად, სწორედ გამოსყიდვის დოგმატის დამცველისა და მედროშის ნეტარი ავგუსტინეს დისკრედიტირების მცდელობამ გამოიწვია საღვთისმეტყველო აზრის სისტემური კრიზისი.




1 И. Ромаеидис. О первородном грехе. Azbuka.ru.

2 И. Влахос. Смерть и первородный грех. Azbuka.ru.

3 Деяния вселенских соборов. 2008. СПБ. Т2. С. 72.

4 იქვე, გვ. 42.

5 იქვე, ტ. 7. გვ. 85.

6 იქვე, გვ. 86.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება