მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „ნეომართლმადიდებლობის“ არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

„ნეომართლმადიდებლობის“ არსი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


17-09-2022, 00:04

 

   მოდერნისტულ საღვთისმეტყველო მიმართულებათა განხილვისას გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ „ჩვენი" მოდერნისტების მიერ მართლმადიდებლური ტერმინებით შეფუთული შეხედულებები სინამდვილეში სულ სხვა კონფესიებითაა შთაგონებულ-ნასაზრდოები.

   ამჯერად XX საუკუნის დამდეგს პროტესტანტულ გარემოში განვითარებული თეორიის შესახებ ვისაუბრებთ, რომელსაც ნეომართლმადიდებლობა (Неоправославие, Neoorthodoxia) ეწოდება. როგორც აღვნიშნეთ, „ნეომართლმადიდებლობა" არ გახლავთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ასოცირებული შეხედულება (როგორც თავის დროზე პროტესტანტულ სივრცეში გავრცელებული ეკუმენიზმი). მაგრამ მისი იდეებით რატომღაც დაინტერესდნენ ისეთი მართლმადიდებელი მოდერნისტები, როგორებიც არიან დეკანოზი ი. რომანიდისი და მისი მოწაფე მიტროპოლიტი ი. ვლახოსი.

   „ნეომართლმადიდებლობა" არ არის ერთიანი საღვთისმეტყველო სისტემა. ის XX საუკუნის დასაწყისში გამოვლინდა პროტესტანტულ გარემოში, როგორც ლიბერალური, ასევე სქოლასტური მიდგომების წინააღმდეგ მიმართული მიმდინარეობა.

   მოძრაობის ფუძემდებლად პროტესტანტი თეოლოგი კარლ ბარტი გვევლინება. მან 1919 წ. გამოაქვეყნა საკუთარი ხედვები და მალე გერმანელი და შვეიცარიელი პასტორებიც მიიზიდა. შემდეგ მოძრაობა ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

   „ნეომართლმადიდებლობა" ერთი შეხედვით მართლმადიდებლური ტერმინია, თუმცა სულ სხვა მიზნით და მიზეზით ჩამოყალიბდა: უნდა უარეყოთ, უკუეგდოთ ტრადიციული პროტესტანტული ფორმულირებები და ქადაგებები და „ახალ", „ბრენდ" ორთოდოქსიას მიჰყოლოდნენ. სიტყვა „მართლმადიდებლობა" (ორთოდოქსია) ერთგვარი მინიშნებაა, სურვილია, დაუბრუნდნენ პირველი სახის პროტესტანტულ რეფორმაციას, მეტიც, ადრეულ საუკუნეთა ეკლესიას. მათ ეს XX საუკუნეში ჭეშმარიტების დამოწმების საშუალებად გამოიყენეს. რაც შეეხება ზედსართავს „ნეო" - მას წმ. წერილის ზუსტი შინაარსის ახალი ფილოსოფიური პრინციპებით გადმოცემა უნდა გამოეხატა. ეს ორთოდოქსიასთან შეხამებით, მძლავრად დაამოწმებდა ღვთის განგებას ახალ სამყაროში.1

   მოძრაობის ძირითადი მეთოდი დიალექტიკურ და პარადოქსულ თეოლოგიას ეყრდნობოდა ბერძნული ფილოსოფიის (კერძოდ სოკრატეს) შეხედულებებზე აგებულს.

   კ. ბარტმა, თავის მხრივ, დიალექტიკური ხედვა სერენა კიერკეგორის წერილების საფუძველზე განავითარა. ს. კიერკეგორის აზრით, არსებული საღვთისმეტყველო მიმართულებები სათანადოდ ვერ გამოხატავდა ჭეშმარიტებას. ამიტომ ღვთისმეტყველება უნდა ყოფილიყო პარადოქსული. ეს მოითხოვდა მორწმუნეთაგან თეზისა და ანტითეზის დაპირისპირებას და ამ გზით ჭეშმარიტი სარწმუნოების გამოვლენას.

   ნეომართლმადიდებლებმა დაიკავეს ასეთი პოზიცია: ტრადიციულმა ღვთისმეტყველებამ დაკარგა ჭეშმარიტების აღქმის უნარი. ამიტომ რაციონალური, ლოგიკური, თანმიმდევრული განმარტებების საპირისპიროდ, რომელიც სქოლასტიკად და იურიდიულ გამოვლინებად მიიჩნიეს, ახალი დინამიკით უნდა ჩამოეყალიბებინათ რწმენის ნამდვილი სწავლება.

   ერთ-ერთი პარადოქსი „ნეომართლმადიდებლებისთვის" იყო იდეა, რომ ღმერთი აბსოლუტურად ტრანსცენდენტურია (მიღმაა) ქმნილებასთან მიმართებით და თავისუფალი ადამიანი თავად განაგებს ცხოვრებას. მათი აზრით, დიალექტიკური და პარადოქსული მეთოდოლოგიის გამოყენებით დაიცავდნენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ცალკეული დოგმატური შემუშავებისაგან, რითაც მხარს უჭერენ ეკუმენისტურ მოძრაობას.

   ყურადსაღებია მათი დამოკიდებულება წმინდა წერილის მიმართ, რაც შემდეგ ი. რომანიდისსა და სხვა მოდერნისტებსაც „წაადგათ". კ. ბარტი წერს: „ბიბლია არის სიტყვა ღვთისა იმდენად, რამდენადაც ღმერთი დართავს ნებას, იყოს მისი სიტყვა" (К. Барт. Церковная догматика. I/2. 123). ცხადია, ეს ხედვა კონსერვატული პროტესტანტების მიერ აღიქმებოდა ვით წმინდა წერილის უცდომელობის უარყოფა. 

   სამწუხაროდ, ი. რომანიდისის შეხედულებებშიც იმავე შინაარსის აზრებს აღმოვაჩენთ.








1 Нео-православие – История. Расширенная информация.



დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება