მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჯოჯოხეთიდან მართლების აღმოყვანა „იურიდიზმად“ და კათოლიციზმად სახელდება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ჯოჯოხეთიდან მართლების აღმოყვანა „იურიდიზმად“ და კათოლიციზმად სახელდება - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


15-09-2022, 00:00

 

   გამოსყიდვის „იურიდიული" თეორიის კრიტიკოსები მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში კიდევ ერთი ერეტიკული შეხედულების დამკვიდრებას ცდილობენ: თითქოს ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის დოგმატის თანახმად, ავტომატურად მთელი კაცობრიობა გადარჩება (ცხონდება). საკითხის ძირითად თეზად გვევლინება სწავლება ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის ამოყვანის შესახებ.

   გამოსყიდვის „ორგანული" თეორიის მომხრენი მართლმადიდებლურ სწავლებას, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან მხოლოდ მესიის მომლოდინე ძველი აღთქმის მართლები აღმოიყვანა, წმ. იპოლიტე რომაელის ვერსიად მოიაზრებენ, ამბობენ, რომ ეს „იურიდიზმის" გამოვლინებაა და ა.შ. ხოლო მოდერნისტულ-ორიგენისტული ვერსია, რომ არა მარტო მართლები, არამედ მრავალი სხვა, მეტიც, ჯოჯოხეთის ყველა ტყვე აღმოიყვანა, მართლმადიდებლურ სწავლებად ასაღებენ. ერთი სიტყვით, წმ. მამების ერთსულოვან სწავლებას (რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ) კერძო აზრად სახელდებენ, ხოლო საკუთარ, სწორედ რომ კერძო, ერეტიკულ აზრებს ეკლესიის სწავლებად წარმოგვიდგენენ.

   განსაკუთრებული სპეკულაციის საგანი გახდა ღირსი იოანე დამასკელის სიტყვა:

   „როგორც დედამიწაზე მყოფთ უქადაგა მაცხოვარმა მშვიდობა, ტყვეთა ხსნა, ბრმათა აღხილვა და მორწმუნეთათვის გახდა მიზეზი მარადიული ცხონებისა, ხოლო ურწმუნოთათვის - ურწმუნოების მამხილებელი, იმისვე მსგავსად უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფთაც და ამგვარად, გახსნა რა ისინი, რომლებიც საუკუნითგან იყვნენ პყრობილნი. იგი (ქრისტე) უკუმოიქცა სიკვდილიდან ცხოვრებად, გაგვიკვლია რა გზა აღდგომისაკენ".1

   არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) ღირსი მამის ამ ამონარიდის განმარტებისას შენიშნავს, რომ ქადაგებაში არ იგულისხმება ის, რომ უფალმა იქ (ჯოჯოხეთში) გაუმხილა ადამიანებს ცხონების საიდუმლო, ზოგმა ირწმუნა, ზოგმა კი არა, არამედ იგულისხმება ის, რომ რომელთაც უკვე ამ ცხოვრებაში სწამდათ და ელოდნენ, მათ განეცხადათ მათი სასოება და ეხარათ აღსრულებული გამოხსნა. წმ. ეფრემ ასურის სიტყვით უფალი ჯოჯოხეთში „ქადაგებს: ეს მე ვარ" (თ. 3. გვ. 686).

   სწორედ ამაზე საუბრობს წმ. იოანე დამასკელიც: როგორც ამქვეყნად მყოფ მორწმუნეთათვის გახდა მაცხოვარი ცხონების მიზეზი, ხოლო ვინც არ ირწმუნა, მათთვის ურწმუნოების მამხილებელი, „ასევე და მსგავსად უქადაგა ჯოჯოხეთში მყოფთაც" - ე.ი. იქაც, ვინც ირწმუნა ამ ცხოვრებაში, მათ იქ ეუწყათ ტყვეობიდან გამოხსნა, მაგრამ მხოლოდ მათ, რომლებმაც წმ. ათანასე ალექსანდრიელის სიტყვით: „თავისი მადლით დაიცვა ისინი ხორცში ცხოვრების დროს სარწმუნოებასა და კეთილკრძალულებაში".2

   მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, რომ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი და მესიის მოლოდინში მყოფი ადამიანები აღმოიყვანა, მოდერნისტები ეჭვქვეშ აყენებენ და გამოსყიდვის „ორგანული" თეორიით დაბრმავებულნი სულაც არ ფიქრობენ რომ ეს მართლმადიდებლური სწავლებაა. უფრო მეტიც: ეკლესიის დოგმატური განსაზღვრება მათ თომა აქვინელის ანუ კათოლიკურ სწავლებად მიიჩნიეს. თომა აქვინელი ამ საკითხის შესახებ, შესაძლოა, მართებულად ფიქრობდა, მაგრამ აქ სულ სხვა ფსიქოლოგიური ფენომენი იკვეთება: მართლმადიდებლობა კათოლიციზმად, ხოლო პროტესტანტიზმი - მართლმადიდებლობად ცხადდება.

   მოდით, სხვა წმინდა მამების აზრიც მოვისმინოთ ამ საკითხზე, რათა მათი ერთსულოვანი სწავლებით დავადასტუროთ ჭეშმარიტება.

   წმ. რომის პაპის გრიგოლ დიოლოღოსის სიტყვა გამოთქმული წერილში ორი კონსტანტინოპოლელი კლირიკოსისადმი:

   „თქვენი წასვლის შემდეგ შევიტყვე, რომ თქვენი მოყვარეები ამბობდნენ, თითქოს ყოვლისშემძლე უფალი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, შთავიდა რა ჯოჯოხეთში, ყველანი, ვინც ის იქ ღმერთად აღიარა, აცხოვნა და გაათავისუფლა დამსახურებული სასჯელისაგან. მსურს თქვენი საძმო ამის შესახებ სხვაგვარად ფიქრობდეს, კერძოდ: ჯოჯოხეთში შთასულმა (უფალმა) მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, რომლებსაც სწამდათ კიდეც, რომ ის მოვიდოდა, ცხოვრობდნენ კიდეც მისი მცნებებისამებრ, ვინაიდან ცნობილია: უფლის განკაცების შემდეგ ვერავინ ცხონდება, თუკი არ იცხოვრებენ სარწმუნოებისამებრ, ისინიც კი, ვისაც სწამს მისი, როგორც წერია: „რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი, და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტება არა არს მის თანა" (1. იონ. 2, 4); „რამეთუ ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (იაკ. 2, 26).

   ამრიგად: თუკი ამჟამად მორწმუნე კეთილი საქმეების გარეშე ვერ ცხონდება, ხოლო ურწმუნო და ბრალეული ჯოჯოხეთში შთასული უფლის მიერ ცხონდება კეთილი საქმეების გარეშე, მაშინ მათი ხვედრი, ვისაც არ უხილავს უფალი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე მათი, რომლებიც დაიბადნენ (იშვნენ) უფლის განკაცების საიდუმლოს შემდეგ. თუ რაგვარი უგუნურებაა ამგვარი ფიქრი და საუბარი, ამას თავად უფალი ადასტურებს, როდესაც ეუბნება მოწაფეებს: „მრავალთა წინასწარმეტყველთა და მეფეთა უნდა ხილვაი, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა" (ლუკ. 10, 24). მაგრამ დიდხანს რომ არ დავაყოვნო თქვენი მოყვარეება ჩემი მსჯელობით, გირჩევთ წაიკითხოთ, თუ რას წერს ამ ერესის შესახებ ფილასტრი (Филастрий) თავის ნაშრომში. აი მისი სიტყვა: „არსებობენ ერეტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ უფალი შთავიდა რა ჯოჯოხეთში, იქ ყველას უქადაგა მის (უფლის) შესახებ მათი სიკვდილის შემდეგ. ხოლო ისინი, ვინც ის აღიარა, ცხონდნენ, როდესაც ეს ეწინააღმდეგება დავით წინასწარმეტყველის სიტყვას: „ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" (ფს. 6. 6) და მოციქულის სიტყვას: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოთ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ" (რომ. 2. 12). მის ამ სიტყვას ეთანხმება ნეტარი ავგუსტინეც თავის წიგნში ერესების შესახებ.

   ამრიგად, ვიმსჯელეთ რა ყოველივე ამის შესახებ, ნუ ირწმუნებთ ნურაფერს გარდა იმისა, რასაც ასწავლის ჭეშმარიტი კათოლიკე ეკლესიის სარწმუნოება.

   წმ. ირინეოს ლიონელი: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, იქაც იქადაგა თავისი მოსვლისა და მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევების შესახებ, ხოლო მისი ყველამ ირწმუნა, ვინც კი სასოებდა მას (ქრისტეს), ე.ი. თავისი მოსვლა ახარა მართლებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, რომლებიც ჩვენსავით ემსახურებოდნენ უფალს და მიუტევა მათ ცოდვები".3

   წმ. კირილე იერუსალიმელი:

   „იგი (ქრისტე) შთახდა ჯოჯოხეთს მართალთა განთავისუფლებისთვის... მაშინ შეკრბენ წმინდა წინასწარმეტყველები და მოსე სჯულისმდებელი, აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, სამუელი და ესაია, იოანე ნათლისმცემელი... გამოხსნილია ყველა მართალი, ვისაც სიკვდილი ეწია, რადგან ქადაგებულ მეფეს შეეფერებოდა გამხდარიყო კეთილმქადაგებელთა გამომხსნელი".4

   წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: „ქრისტემ ჯოჯოხეთში მყოფებთან შთასვლით, განურჩევლად ყოველი როდი აცხოვნა, არამედ მხოლოდ მორწმუნენი".5

   ნეტარი იერონიმე: „მაცხოვარი ჯოჯოხეთში შთახდა, რათა მასთან ერთად ძლევაშემოსილად აღეყვანა იქიდან ზეცად დატყვევებულ წმინდანთა სულები".6

   წმ. გრიგოლ დიოლოღოსი: „ჯოჯოხეთში ჩასულმა უფალმა თავისი მადლით მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც სწამდა, რომ იგი მოვიდოდა, ამასთან, მისი მცნებების თანახმად ცხოვრობდა".7

   წმ. გრიგოლ პალამა: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში, რათა განანათლოს იქ, წყვდიადში მყოფნი, სულით გააცოცხლოს მისდამი მორწმუნენი".8

   კიდევ მრავალი წმინდა სწავლების დამოწმება შეიძლება, მრავალი ციტირებული გვყავს ჩვენს ნაშრომში „ვინ ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან" (კ. ჯინჭარაძე). თუმცა, მიგვაჩნია, რომ ესეც საკმარისია აზრის დასადასტურებლად.

   არქიმანდრიტი რაფაელი შენიშნავს: ადამიანს სინანული და ცოდვათა მიტევების მიღება, დამსახურება მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს შეუძლია. გარდაცვალების შემდეგ სინანული აღარ არსებობს. ეს ასევე ეხება ძველი აღთქმის ადამიანებსაც. ჯოჯოხეთიდან მხოლოდ ის ადამიანები გამოვიდნენ, რომელთაც სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია და ელოდნენ მას. ცხოვრობდნენ კანონის მიხედვით, ხოლო წარმართებმა და სოდომიტებმა ჯოჯოხეთში ქრისტეს ქადაგების დროს ვერ შეიცნეს მასში მესია და მხსნელი სოფლისა, ვინაიდან არ ჰქონდათ სარწმუნოება და არ ცხოვრობდნენ ძველი აღთქმის კანონებით.

   გარდა ამისა, ჯოჯოხეთი და სამოთხე არა სასჯელისა და სილამაზის ადგილია, არამედ ადამიანის სულიერი მდგომარეობაა, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრების დროს განისაზღვრა მისი (ადამიანის) რწმენისა და მცნებებით ცხოვრებისამებრ.   

   ამრიგად, ქრისტემ ჯოჯოხეთში შთახდომის დროს მხოლოდ მართალთა სულები აღმოიყვანა. მართლებში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებმაც ქრისტეს შობამდე სწამდათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, მოელოდნენ მესიის მოსვლასა და გამოხსნას, იყვნენ  რა „ურჩნი" ძველი აღთქმის რჯულისა თუ ზეპირი გარდამოცემისადმი, ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს შეინანეს (წარღვნის დროს ნინეველები თუ სხვა).

   მოდერნისტებს სურთ ამ სწავლების „ორგანულ" ჭრილში გადატანა, რათა „კაცობრიობის მთელი მოდგმის ახალ ადამში" გაერთიანება რაიმენაირად გაამართლონ, შემდეგ, საყოველთაო აღდგომის სწავლების საფუძველზე ყველა კონფესია და რელიგია გააერთიანონ. მაგრამ ესეც ამაო მცდელობაა, მრავალგზის მხილებული მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ.






1 Преп. Еоанн Дамаскин. Точное изложение православной веры о соществии в ад.

2 У. Гр. Дьяченко. Уроках и примерах христианской веры. С. 347.

3 Свт. Ириней Лионский. Против Ересей. Кн. 4. Гл. 27. С. 391.

4 У. Г. Максимова. Вечны ли адские муки. Православие.ру.

5 Свт. Гр. Богослов. Творения. М. Ч. 4. Слово 45. С. 179.

6 Вера Православная. Блаж. Иероним. Учения.

7 იქვე, Вера Православная.

8 Гр. Палама. Свт. Гомилии. С. 161.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება