მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის ვერსიების თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის ვერსიების თაობაზე - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


11-09-2022, 00:00

 

   ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლის საკითხს ქრისტიანი ავტორები მეორე საუკუნიდან განიხილავდნენ. ადრეული ხანის ქრისტიან მწერლებში გამოვყოფდით წმ. პოლიკარპე სმირნელს, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილს, წმ. იუსტინე ფილოსოფოსს, მელიტონ სარდიელს, კლიმენტი ალექსანდრიელს, ორიგენეს, ტერტულიანეს და სხვა ავტორებს. მათ თხზულებებში ძირითადად ქრისტეს მიერ ძველი აღთქმის მართალთა აღდგინების თემა განიხილებოდა, მაგრამ მელიტონ სარდიელის (190 წ.) საღვთისმეტყველო ნაშრომებში ერეტიკულმა სწავლებამ იჩინა თავი. კერძოდ: ავტორის აზრით, ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ყველა ცოდვილის სული ამოიყვანა. მოგვიანებით ამას მოჰყვა ორიგენეს საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასიის) ცრუსწავლება. ორივე სწავლება მოგვიანებით ანათემას გადასცა მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ. ეს გადაწყვეტილება შემდეგ მეექვსე და მეშვიდე მსოფლიო კრებებმა დაადასტურეს.

   ბოლო დროს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შემოიჭრა ნეოორიგენისტული ტენდენციები მთელი კაცობრიობის გამართლების (ცხონების) თაობაზე. საკითხის ძირითად თეზად გვევლინება სწავლება ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან ყველა ადამიანის ამოყვანის შესახებ.

   ერთი შეხედვით, ამ მოსაზრების მომხრენი არ აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა ცხონების შესაძლებლობას, მაგრამ მათ შეთხზეს ორიგენიზმთან ნაჯვარი რამდენიმე ვერსია ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლისა. ვერსიების ავტორები, როგორც წესი, რუსეთსა (მიტრ. ილარიონი (ალფეევი), პროფ. ა. ოსიპოვი*, ა. ზაიცევი, და სხვა) და საბერძნეთში (მიტრ. იოანე ზიზიულასი, პროფ. ი. კარმირისი, პროფ. ნ. ვასილიადისი) მოღვაწეობენ. პროფ. ნ. ვასილიადისის თემატური წიგნის ”სიკვდილის საიდუმლოების” ქვეთავში ”ქრისტეს ჯოჯოხეთად შთასვლა” (თავი VII, გვ. 127-128), წმინდა წერილის უხვი ციტირების მიუხედავად, აბსოლუტურად ჩამოუყალიბებელია აღნიშნული სწავლება. ცხადია, მათი მიმდევრები საქართველოშიც მოიძებნებიან, რომლებიც ხმამაღლა გაიძახიან: ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ეს ვერსიებია:

   პირველ ვერსიას მოდერნისტებმა წმ. იპოლიტე რომაელის ვერსია უწოდეს, რომლის თანახმადაც ”მხოლოდ მართლმორწმუნენი ცხონდებიან”. ამ ვერსიაზე ამბობენ, რომ ის ”ყველაზე ნაკლებად მისაღებია”, რომ ეს ”თომა აქვინელის, ანუ კათოლიკების” ვერსიაა.

   მეორე ვერსიის თანახმად, ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ”ყველა ადამიანის სული ამოიყვანა”. ამ ვერსიის გამყარებისთვის ისეთ ორთოდოქს წმინდანებს მოიშველიებენ, როგორებიცაა: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ირინეოს ლიონელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი და აღმოსავლეთის ეკლესიის სხვა მამები.

   მესამე ვერსიის თანახმად, ქრისტემ ჯოჯოხეთში ქადაგებისას ყველა იმ ადამიანის სული ამოიყვანა (განურჩევლად აღმსარებლობისა და მსოფლმხედველობისა), ”ვისაც სურს ქრისტეს სწავლების მიღება”, ”ვისაც სურვილი ექნება”, ”ვინც გაითავისა ეს ქადაგება”, ”ყველას მიეცა ეს შანსი”, (საუბარია ჯოჯოხეთში მყოფ ადამიანებზე), - ”ისინი დაიმკვიდრებენ სასუფეველს”.

   მეოთხე ვერსიის თანახმად, უფალი არაერთგზის (როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია), არამედ მრავალგზის ჩადის ჯოჯოხეთში, რათა ყველა გარდაცვლილის სულს შეეგებოს და უქადაგოს. ეს სულები, უშუალოდ ქრისტესაგან შთაგონებულნი, იქ იღებენ მართლმადიდებლობას და ამოდიან ჯოჯოხეთიდან.

   ბოლო ვერსიის თანახმად, ქრისტე და მისი მოწაფეები ჯოჯოხეთში ”ნათლავენ” კერპთაყვანისმცემლებსა და ერეტიკოსებს.

   თავიანთი ვერსიების გასამყარებლად ლიბერალები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ:

   1) უპირველესად, ისინი ცდილობენ წმინდა წერილში იპოვონ რაიმე ხელმოსაჭიდი მუხლი, რომ როგორმე მოარგონ ის თავიანთ ცრუსწავლებას.

   2) მათი თავდასხმის შემდეგი ობიექტი წმინდა გარდამოცემაა. როდესაც სასურველი არგუმენტი მსოფლიო კრებების, ავტორიტეტული ადგილობრივი კრებებისა და ეკლესიის სიმბოლურ წიგნებში ვერ იპოვეს, სწორედ წმინდა მამათა ნაშრომებში შეუდგნენ ძიებას. იქაც რომ ვერაფერი დასაყრდენი ვერ აღმოაჩინეს (გარდა წმ. იუსტინე ფილოსოფოსის და გრიგოლ ნოსელის* კერძო აზრისა), შეუდგნენ წმ. მამათა ნაწერების გაყალბებას, მონტაჟს (კონტექსტიდან აზრის ამოგლეჯას), შინაარსის დამახინჯებულ თარგმნას და ა.შ.

   3) წმინდა მამათა საგანძურშიც რომ ვერ იპოვეს დასაყრდენი, ეკლესიის მიერ არაკანონიზირებულ (კლიმენტი ალექსანდრიელი) და ერესში ჩავარდნილ (ტერტულიანე, ორიგინე) ავტორებს მიმართეს, რომელთა სწავლებაც ნაწილობრივ ან მთლიანადაა უარყოფილი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

   ორიგენიზმი მეხუთე მსოფლიო კრებამ შეაჩვენა. კლიმენტი ალექსანდრიელის ნაშრომებში შეინიშნება ქება-დიდება პლატონისა, რომელსაც შუასაუკუნეების ღვთისმეტყველებმა ყველა ერესის მამა უწოდეს. გარდა ამისა, პლატონის კოსმოლოგია სისტემატურად იხრებოდა ხან პანთეიზმის, ხან დუალიზმისკენ. ამდენად, კლიმენტი ალექსანდრიელის გამონათქვამებსაც სიფრთხილითა და კრიტიკით უნდა მოვეკიდოთ. იგივე ითქმის ტერტულიანეზეც, თუმცა ამ საკითხს იგი მართებულად უყურებდა.

   XIX საუკუნის ავტორიტეტული ღვთისმეტყველი მიტროპოლიტი მაკარი მოსკოველი მათ შესახებ წერს: ”ზოგიერთი ძველი ავტორის აზრი, თითქოს ქრისტემ ჯოჯოხეთიდან არა მარტო ძველი აღთქმის მართლები, არამედ მრავალი სხვაც, მეტიც, ჯოჯოხეთის ყველა ტყვე აღმოიყვანა, მარჩიელობად, ვარაუდად, კერძო აზრად უნდა მივიჩნიოთ”.1

   მოდერნისტთა მხრიდან აქტუალურია აპოკრიფული სახარებების (”პეტრეს სახარება”, ”ბართლომეს სახარება”, ”ნიკოდიმოსის სახარება”, ”ისაიას ამაღლება” და მისთ.) ციტირება, რაც ეკლესიაში ასევე არ წარმოადგენს სწავლა-მოძღვრებით ავტორიტეტს და არაა მიჩნეული მთლიანად მისაღებ სწავლებად.

   მათთვის გადაულახავი დილემაა ასევე ეკლესიის სისავსის, წმინდა მამათა ერთსულოვანი (ლათ. – consensus patrum) გადაწყვეტილება. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ წმინდა მამათა ნაშრომებში იპოვონ განსხვავებული მოსაზრებები, ძირეულ საკითხებში შეუთანხმებლობა, დაპირისპირებაც კი, რათა წმინდა მამათა სწავლება არ წარმოჩნდეს ვითარცა ერთიანი უცდომელი მოძღვრება. საამისოდ ცალკეული წმინდა მამის კერძო აზრს ეკლესიის სწავლებად ასაღებენ. ამდენად, მოდერნისტები ლამობენ წმინდანის კერძო აზრი ეკლესიის სწავლებად წარმოგვიდგინონ, ხოლო ეკლესიის სისავსის გამოვლინება - კერძო აზრად.

   კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წმინდა წერილისა და წმინდა მამათა თხზულებების განხილვისას, არის შემდეგი: წმინდანთა თხზულებებსა და ჰიმნოგრაფიაში გამოიყენება სამეტყველო ტერმინი (საშუალება) - სინექდოხი, რომლის თანახმადაც ტექსტის ნაწილი წარმოდგენილია ვით მთლიანობა, ხოლო მთლიანი შინაარსი ნაწილობრივ გამოიხატება. მაგალითად: პავლე მოციქული იყენებს სინექდოხს, როდესაც ამბობს ”მთელი ისრაელი გადარჩება”, სხვა ადგილას კი წერს, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი ისრაელისა გადარჩება”. წმინდა მამები განმარტავენ, რომ ისრაელი ნიშნავს ”ღვთის მხილველს” ანუ სულიერი თვალსაზრისით მას, ვისაც ჭეშმარიტი რწმენა გააჩნია. ამიტომ გადარჩება ის ნაწილი ისრაელისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე.2

   როგორც ჩანს, იმავე მეთოდს იყენებს წმ. იოანე ოქროპირიც სააღდგომო ქადაგებაში, როდესაც წმინდანი ამბობს, რომ ”ჯოჯოხეთი განქარდა, შეიმუსრა, მოიკლა და მისთ”. თუ ჩვენ სიტყვასიტყვით მივიღებთ წმ. ოქროპირის სიტყვებს, მაშინ ლოგიკურად ორიგენიზმამდეც მივალთ. (ნუ იყოფინ!).

   ამავე დროს ჩნდება სამართლიანი კითხვა: სად გაქრა ჯოჯოხეთი? სად არიან სატანა და დემონები? სად არიან შეუნანებელი ცოდვილები? და ბოლოს, რას უპირებენ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებას, რომელშიც არაორაზროვნადაა ნახსენები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგაც მარადიული სატანჯველის არსებობა?

   ჩვენ შეძლებისამებრ განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და დავრწმუნდით, რომ ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან განურჩევლად ყველას აღმოყვანის აზრი ერთადერთ წმინდანს - მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს ჰქონდა.   




* პროფ. ა. ოსიპოვის აღნიშნული სწავლება არამართლმადიდებლურად სცნო რუსეთის ეკლესიის ბიბლიურ - საღვთისმეტყველო კომისიამ. რეზოლუციის ნომერი: ПК – 01/416. 31.03.2016.

* წმ. გრიგოლ ნოსელის საკითხი ძირეულად განვიხილეთ ჩვენს გამოცემაში – ”ჭეშმარიტი სარწმუნოება” ქვეთავში ”წმ. მამათა დისკრეტიზაციის შესახებ”.

1 მიტრ. მაკარი (Православно – догматическое богословие). გვ. 134.

2 მოსაზრებას დავესესხეთ არქ. რაფაელის (კარელინი) სტატიას. О современном неогностицизме.




დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება