მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > აღმოსავლური და დასავლური სქოლასტიკა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

აღმოსავლური და დასავლური სქოლასტიკა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


7-09-2022, 00:00

 

   თანამედროვე მოდერნისტთა „ახალი ღვთისმეტყველების" ძირითადი ამოცანაა ეკლესიის დოგმატური აზროვნების, ლოგიკის, სულისკვეთების, მეთოდოლოგიის, სისტემურობის უგულებელყოფა. ისინი გაურბიან ეკლესიის მტკიცე კანონიკურ განსაზღვრებებს, მიიჩნევენ, რომ ის „იურიდიზმი" და „მკვდარი სქოლასტიკაა". სწორედ ასეთი მიდგომით სურთ ფსევდოორთოდოქსული სისტემის შექმნა, სადაც ჭეშმარიტება მარადიულობის საზომი კი არ არის, არამედ ისტორიული ატრიბუტი. საამისოდ სჭირდებათ ასევე სქოლასტიკის* კომპრომიტირება. მოდერნისტები ცდილობენ სქოლასტიკა დაუპირისპირონ პატრისტიკას (წმ. მამათა სწავლებას) და ბოლო საუკუნეების მართლმადიდებლური სწავლება კათოლიკური თეოლოგიის გადმოღებაში დაადანაშაულონ. ამასთან, უგულებელყონ ის ფაქტი, რომ სქოლასტიკა არა ახალი სწავლება, არამედ მეთოდია, რაც სარწმუნოებრივი დოგმატების უკეთ ათვისებაში ეხმარება ადამიანის გონებას. თუკი სარწმუნოება ღმერთთან ურთიერთობის უნარია, სქოლასტიკა სარწმუნოების გააზრების საშუალებაა.

   თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სქოლასტიკა სულაც არ იღებს სათავეს დასავლური ღვთისმეტყველებიდან, მეტიც: სულაც არ უარყოფს მსოფლიო კრებებსა და მამებისეულ ტრადიციას, როგორც ამას მოდერნისტები ამბობენ.

   სქოლასტიკის საბაზისო სათავეები სწორედ ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშია საძიებელი. არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) სამართლიანი შენიშვნით „ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში სქოლასტიკა შეიქმნა ბიზანტიაში, წმ. მამათა რიგი ეპიგონებისა და კომენტატორების მიერ. სქოლასტიკის ელემენტები შეგვიძლია ვიპოვოთ ღირსი იოანე დამასკელის „მართლმადიდებლობის ზუსტ გადმოცემაში", რომელიც რამდენიმეჯერ ითარგმნა ბერძნულიდან ლათინურ ენაზე და წარმოადგენს თომა აქვინელის „ჯამური თეოლოგიის" (Суммы Теологии) - დასავლური თეოლოგიის მწვერვალის ერთ-ერთ წყაროს".1

   მოდერნისტები შეგნებულად უვლიან გვერდს იმ უდავო ფაქტს, რომ არსებობს მართლმადიდებლური (აღმოსავლური) და კათოლიკურ-პროტესტანტული (დასავლური) სქოლასტიკა, რომ მათ შორის უზარმაზარი შინაარსობრივი განსხვავებაა. აღმოსავლურ სქოლასტიკაში ძირითადად იგულისხმება საუკუნეების მანძილზე დაგროვილი მასალების სისტემაში მოყვანა, სქემის ჩამოყალიბება, საღვთისმეტყველო თეზების უკეთ გააზრება აღქმისა და დამახსოვრებისთვის. აღმოსავლური სქოლასტიკა (დასავლურისაგან განსხვავებით) უფრო ფრთხილად, კორექტულად იყენებდა ფილოსოფიურ ენას. მისი (აღმოსავლური სქოლასტიკის) ძირითადი მიზანი იყო შეეჯამებინა და განსაზღვრული სქემებით მოეწოდებინა ქრისტიანობის ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება. ამდენად, სქოლასტიკა, სულაც არ ემიჯნება პატროლოგიას, როგორც ამას მოდერნისტები წარმოგვიჩენენ. ეს ღვთისმეტყველების ერთგვარი ჯებირია, რათა მართლმადიდებლურმა საღვთისმეტყველო ცოდნამ გაუძლოს რაციონალისტური კრიტიკისა და სეკულარიზაციის შესაძლო საფრთხეებს.

   მართალია, ბოლო საუკუნეებში მართლმადიდებელი ეკლესია დაესესხა დასავლურ სქოლასტიკას, მაგრამ მართლმადიდებელმა თეოლოგებმა აიღეს, შეისისხლხორცეს, შეიტკბეს მხოლოდ ის ფასეული, (სისტემური ღვთისმეტყველება), რაც ყოველთვის ეკუთვნოდა ეკლესიას. არსებითად, ეს იმის დაბრუნებაა, რაც დასავლეთმა წაიღო მართლმადიდებლობისაგან.2

   ისმის კითხვა: რატომ დასჭირდა მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას ლოგიკის, დიალექტური მსჯელობის, სილოგიზმების გამოყენება?!

   ამის პასუხსაც არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) მსჯელობაში ვპოულობთ.

   „საქმე ისაა, რომ კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე კარგავდა სულიერებას. პატრისტიკისთვის მნიშვნელოვანი იყო ცოცხალი, მისტიკური და ლიტურგიკული გამოცდილება, რასაც წმინდა მამებთან „ჭვრეტა" ეწოდება და რომელსაც რწმენა უზენაეს ხარისხში აჰყავს. მაგრამ როდესაც ღვთისმეტყველება ადამიანთა გულებში ადგილს ვეღარ იმკვიდრებდა, როგორც „მაშველ რგოლს", მოკავშირედ გონებას უხმო. დადგა ალტერნატივა: ან ანალიტიკური სისტემა ან შეხედულებათა ქაოსი და ფართო ველი თეოლოგიური მანიპულაციებისთვის.

   ანტისქოლასტიკოსებს არ სურთ გაიგონ, რომ სქოლასტიკა სულაც არ არის ყოველმხრივ ნეგატიური მოვლენა. მისი გამოუყენებლობით გაცილებით უარესი შედეგი დადგებოდა".3

   იმ ბრალდებით, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საუკუნეთა მანძილზე კათოლიციზმის ტყვეობაში იყო, მოდერნისტებს ძალუძთ ჩააგდონ ეკლესია დოგმატურ და საღვთისმეტყველო ქაოსში. შემდეგ კი ინდივიდუალურ, პერსონალურ მოდერნისტულ მიმართულებებს შემოგვთავაზებენ. როგორც ვხედავთ, ასეც მოხდა და სწორედ ამ ვითარების მოკრძალებული ანალიზი დავისახეთ მიზნად.

   მოდერნისტები გაიძახიან: სქოლასტ ღვთისმეტყველთა ნაწილი არისტოტელეს, ნაწილი პლატონის ფილოსოფიას ეყრდნობა.

   აღმოსავლეთის ეკლესიის წმინდა მამების თავიანთ თხზულებებში, დიახ, იყენებდნენ პლატონის და არისტოტელეს ტერმინოლოგიურ ენას, მაგრამ როგორც არქიმანდრიტი რაფაელი განმარტავს, იმიტომ, რომ ზუსტად, ზედმიწევნით გადმოეცათ ზოგიერთი მეტაფიზიკური ჭეშმარიტებანი. მაგრამ ანტიკური ტერმინოლოგიის გამოყენებით ქრისტიანული ღვთისმეტყველება პლატონიზმად არ გარდაქმნილა.

   ღირსმა იოანე დამასკელმა თავის წიგნში „ფილოსოფიური თავნი" არისტოტელესეული ტერმინოლოგია და კატეგორიები გამოიყენა, მაგრამ არა სიტყვასიტყვით, არამედ მათი გაანალიზებით, ქრისტიანული თეოლოგიისათვის შესატყვისი შინაარსის მინიჭებით. ამ გზით, ტერმინების გაეკლესიურობაც მოხდა.

   დასავლური სქოლასტიკა ნამდვილად შეერწყა არისტოტელიზმს, მაგრამ მოდერნისტები აღმოსავლურ და დასავლურ სქოლასტიკას ერთ ჭრილში განიხილავენ. მათთვის ორივე სახის სქოლასტიკაა პრობლემური. არადა ფაქტია, ცხადია ორი სრულიად განსხვავებული არსის სქოლასტიკა:

   1) აღმოსავლურის ქვეტექსტია: „მე ვიცი, იმიტომ რომ მრწამს და თავად ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების დასაცავად".

   2) დასავლურის ქვეტექსტია: „მრწამს, იმიტომ რომ ვიცი და ცოდნას ვიყენებ სარწმუნოების კრიტერიუმად".

   ამრიგად, სქოლასტიკასთან ბრძოლაში მოდერნისტები მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ გრძნობებზე თამაშობენ. აქაოდა, დავაღწიოთ თავი დასავლური ღვთისმეტყველების ტყვეობასო და მისთ.

   ისმის კითხვა: თუკი წმინდა მამათა სწავლებაში დადებითი შინაარსით გამოყენებულია სქოლასტური საღვთისმეტყველო მეთოდი, რატომ არის ეს „მართლმადიდებელი" მოდერნისტებისთვის ესოდენ მიუღებელი?!





* სქოლასტიკა - (ბერძ. - სქოლა) - ეს სახელი დაუმკვიდრდა „შუასაუკუნეების ფილოსოფიის" მიმართულებას, რომელიც უპირატესად ისწავლებოდა სკოლაში. იმ დროს ფილოსოფია ღვთისმეტყველების „მსახური" იყო და ამიტომ არ იკვლევდა ბუნებას და გარემომცველ სინამდვილეს, არამედ ცდილობდა ეკლესიის ზოგადი დოგმატებიდან კონკრეტული დასკვნები გამოეტანა და ადამიანის ქცევის წესები განესაზღვრა. აქედან - ცხოვრებისაგან მოწყვეტილს, ასოკირკიტს, გამოწვლილვას, ფაქტებისა და პრაქტიკის გარეშე, ზოგადი ცნებებითა და დასკვნებით ოპერირებას „სქოლასტიკა" ეწოდება. წარმომადგენლები: ალბერტ ბოლშტედტელი, თომა აქვინელი, დუნს სკოტი და რაიმუნდ ლული (XIII ს.).

1 Арх. Рафаил (Карелин). Почему модернисты ненавидет схоластику. Karelin-r.ru.

2 არქ. რაფაელის წერილებიდან: „Православие и схоластика"; „Почему модернисты ненавидят схоластику". Karelin–r.ru.

3 Арх. Рафаил (Карелин). „Православие и схоластика". Karelin-r.ru.

 
 
 
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 
www.xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება