მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ა. ოსიპოვი - „ორგანული თეორიის“ პროპაგანდისტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
ა. ოსიპოვი - „ორგანული თეორიის“ პროპაგანდისტი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე31-08-2022, 08:51 |
გამომსყიდველი მსხვერპლის მნიშვნელობას მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში (ქრისტოლოგიაში, ეკლესიოლოგიასა და სოტერეოლოგიაში) ცენტრალური ადგილი უკავია. მრავალი თეოლოგისთვის გადაულახავ დილემად იქცა გამოსყიდვის დოგმატი. „ორგანული თეორიის" მომხრენი იჯერებენ, რომ ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს განურჩევლად ყველა ადამიანი მიჰყავს გადარჩენამდე. საამისო არგუმენტი ასეთია: „მაცხოვარმა ნებაყოფლობით მიიღო ჩვენი პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ბუნება", „ქრისტემ თავისი ბუნება მიწიერი ცხოვრების დროს სრულყო" და მისთ. საქმე ისაა, რომ „ორგანული თეორია" ეწინააღმდეგება მამებისეულ ტრადიციას და უამრავ პრობლემას ქმნის სოტერეოლოგიაში. თუკი ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ქრისტემ მიიღო პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული კაცობრივი ბუნება, ეს ნიშნავს, რომ ცხონდება ყველა, ვინც ატარებს ამ დაზიანებულ ბუნებას. შედეგად, არაფერია საჭირო ცხონებისათვის (არც ეკლესია, არც საიდუმლოებები, არც სარწმუნოება) გარდა ამგვარი პირველქმნილი ცოდვით დაცემული, დაზიანებული ბუნებისა. ეს იგივე ორიგენიზმია - საყოველთაო ცხონების აპოკატასტური ერესი. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოდერნისტი, „გამოსყიდვის ორგანული თეორიის" პროპაგანდისტი, პროფესორი ა. ოსიპოვი წერს: „ღმერთმა სიტყვამ ნებაყოფლობით მიიღო ეს ჩვენი დაზიანებული ბუნება, ანუ დაზიანებული პირველქმნილი ცოდვით".1 ამავე სტატიაში ა. ოსიპოვი ცდილობს თავად გამოსყიდვის ცნების პროფანაციას და მიდის იქამდე, რომ პავლე მოციქულს სიტყვიერ პრაგმატიკას მიაწერს, სახელდობრ: „მოციქული სიტყვას „გამოსყიდვას" იუდეველებისა და წარმართებისადმი იყენებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ჩვეული იყო მათ ცხოვრებაში როგორც „გამოსყიდვა, „სყიდვა"." აქ უპრიანია ვიკითხოთ: წმინდა მამებიც იუდეველები იყვნენ, ამ ტერმინს რომ იყენებდნენ საღვთისმეტყველო ნაშრომებში? მოდით, თავად წმინდა მამებს მოვუსმინოთ, მაგრამ მანამდე ა. ოსიპოვისა და არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) მოკლე პოლემიკური ამონარიდი გვინდა შემოგთავაზოთ. „რა არის ჩემსა და ოსიპოვს შორის პოლემიკის არსი? ბ-ნი ოსიპოვი წერს, რომ ქრისტემ მიიღო არა წმინდა, არამედ პირველქმნილი ცოდვით მოწყლული, დაცემული ბუნება ადამიანისა. მე მივდევ წმინდა მამათა სწავლებას, რომ ქრისტემ მიიღო წმინდა, სრულყოფილი ბუნება, რომელსაც არ ჰქონდა პირველქმნილი ცოდვა. ბ-ნი ოსიპოვი ასწავლის, რომ ქრისტემ თავისი ბუნება მიწიერი ცხოვრების დროს სრულყო, განსაკუთრებით ჯვარზე ვნების დროს. მე კი მწამს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ყოველთვის სუფთა და სრულყოფილი იყო. და მან თავის თავზე აიღო არა პირველქმნილი ცოდვა, არამედ პირველქმნილი ცოდვის შედეგები. ბ-ნი ოსიპოვი ამტკიცებს, რომ ქრისტეს არ გამოვუსყიდივართ და თავად სიტყვა „გამოსყიდვა" არის კათოლიკური წარმოდგენა. მე ვამტკიცებს, რომ ისტორიის მთელი ღერძი ადამის დაცემასა და ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის - გოლგოთის მსხვერპლს შორის გადის".2 ახლა ვნახოთ, ამ ორი პოლემისტიდან ვის მხარესაა წმ. მამათა სწავლება: წმინდა ათანასე დიდმა არაერთხელ გამოთქვა აზრი, რომ „მაცხოვარმა ხორცში იცხოვრა დედამიწაზე და ის (ხორცი) ცოდვისათვის მიუწვდომლად წარმოაჩინა, რომელიც ადამს შექმნისთანავე უცოდველი ჰქონდა", რომ „პირველი ადამის ხილული სხეული მიიღო".3 წმ. ბასილი დიდი ამბობს: „ადამის ცოდვამდელი ბუნება, მდგომარეობა ახლოს იყო მაცხოვრის აღწერილ მდგომარეობასთან... უფალი ადამის ჯერ კიდევ უდანაშაულო და დაუზიანებელ მდგომარეობას მიემსგავსა".4 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ „ქრისტემ მიიღო თავდაპირველადვე თავისუფალი ადამი, რომელიც ჯერ არ იყო მოცული ცოდვით... არ უგემია ნაყოფი და სიკვდილი".5 წმ. იოანე ოქროპირი: „ქრისტემ ქალწულის მუცლისაგან მიიღო წმინდა, უვნებო სხეული, იმგვარი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისათვის მიუწვდომელი გახლდათ და აღადგინა საკუთარი ქმნილება".6 წმ. იოანე დამასკელი: „ვაღიარებთ, რომ უფალმა მიიღო ყველა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებულობა, რადგან მიიღო მან მთლიანი ადამიანი და ყოველივე ადამიანისეული, გარდა ცოდვისა. ბუნებისეული და უყვედრელი ის ვნებულებანია, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაც ადამიანურ ყოფაში შემოვიდა. ასეთებია: შიმშილი, წყურვილი, დაშვრომა, ჯაფა, ცრემლი, ხრწნადობა, სიკვდილისაგან გარიდება, შიში, ურვა (რისგან არის ოფლი, სისხლის კოლტები), ბუნების უძლურების გამო ანგელოზთაგან შემწეობა და სხვა ამგვარი, რაც ბუნებითად არის ყველა ადამიანში, ამრიგად, ყოველივე მიიღო ქრისტემ, რომ ყოველივე განეკურნა".7 „მცნებების გარდასვლას" მოჰყვა ბუნებისეული და უყვედრელი ვნებების აქტუალიზაცია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობდა დაცემამდელი ადამიანის შესაძლებლობაში. წმ. მამის თანახმად, ხრწნადობა, ვით უყვედრელი ვნება, მაცხოვრის სხეულისთვის იყო დამახასიათებელი. ე.ი. ის (ქრისტე) ინებებდა რა, კაცობრივ ბუნებას მიუშვებდა ბუნებითი უყვედრელი ვნებების მისაღებად. ამავე დროს, ხრწნადობას (ვით ბიოლიგიური ხრწნა) მაცხოვრის სხეული ვერ დაექვემდებარებოდა. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად ჩვენ ვისაუბრეთ ნაშრომში „გამომსყიდველი მსხვერპლის რაობისათვის".8 წმ. სვიმონ ახალ ღვთისმეტყველის სიტყვით დავასრულებთ: „აუცილებელი იყო უხრწნელი ძე ღვთისა, საკუთარი ხრწნადი ხორცის მეშვეობით, მიცემულიყო მსხვერპლად, რათა მართლები ხრწნილებისაგან გამოესყიდა, ვინაიდან თვითნებურად იბრუნებდნენ უხრწნელობას, საიდანაც ადამი დაეცა".9 გამოსყიდვის საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი ხომ იმაში მდგომარეობს, რომ უდანაშაულომ სასჯელი ნებაყოფლობით იტვირთა.
1 А. Осипов. Смысл Христовой жертвы. 2 არქ. რაფაელი (კარელინი). მიიღო თუ არა ქრისტემ პირველქმნილი ცოდვა. კ. ჯინჭარაძე. გამომსყიდველი მსხვერპლის რაობისათვის. გვ. 5. 3 Св. Афанасий Великий. Против Аполинария. Творения. Т. 3. М. 4994. С. 934. 4 Св. Василии Великий. Толкование на пророка Исаию. Творения. Т. 2. С. 228. 5 Св. Григорий Богослов. Похвала девству. Т. 2. С. 136. 6 Св. Иоанн Златоуст. На Благовещание богородицы и против нечестивого ария. Творения. Т. 11 (2). С. 975. 7 Прп. И. Дамаскин. Первое похвальное слово на успеные богородицы. Христологические и полемические трактаты. М. 1997. С. 276. 8 www.xareba.net. გამოცემები. რუბრიკა. 9 Св. Свимеон Н. Богослов. Творения. Т. 1. Слово 37. С. 311.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |