მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ვ. ლოსკი -„ორგანული თეორიის“ ფუძემდებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

ვ. ლოსკი -„ორგანული თეორიის“ ფუძემდებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


28-08-2022, 21:14

ვ. ლოსკი -„ორგანული თეორიის“ ფუძემდებელი - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   „გამოსყიდვის ორგანული თეორიის" არსი იმაში მდგომარეობს, რომ მაცხოვრის მიერ ჯვარზე გაღებული მსხვერპლი არაა „საკმარი" ცოდვისაგან ადამიანის გამოსახსნელად. ამიტომ გამოხსნა არის მათი აზრით ქრისტეს მთელი ცხოვრების - განკაცებიდან დაწყებული ამაღლებით დამთავრებული შედეგი, ნაყოფი. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქრისტეს ბუნებრივ კავშირზე თითოეულ ადამიანთან, მთელ კაცობრიობასთან. კონცეფციის ეს აქცენტი საცნაურს ხდის ქრისტეში კაცობრივის გაცილებით აღმატებულ მნიშვნელობას ღვთაებრივზე. ამის საფუძველზე კი ნელ-ნელა დოგმატების ცვლილებასაც ეძლევა გასაქანი.

   ვ. ლოსკი წერს: „როდესაც სიტყვა „გამოსყიდვას" ვიყენებთ ტერმინის მნიშვნელობის გააზრებისთვის, ამაში ვგულისხმობთ ქრისტეს მაცხოვნებელ ღვაწლს მთელი სისავსით (სიღრმით). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ იურიდიულ გამონათქვამს ხატოვანი ხასიათი აქვს: ქრისტეს მხსნელის საზომისამებრ ის მებრძოლიცაა, სიკვდილზე მოზეიმეც, ჭეშმარიტი მღვდელმსახური, ექიმი და ა.შ".1

   ამდენად, ვ. ლოსკის მიერ გამოსყიდვის დოგმატი (იურიდიული) ალეგორიად მიიჩნევა, ვით დანარჩენი სახარებისეული გამოხატულება. ეს შეგნებული ნაბიჯია საიმისოდ, რომ წინ წამოსწიოს „ორგანული გამოსყიდვის თეორია" და დააკნინოს „იურიდიული" (მართლმადიდებლური).

   აი, რას წერს ვ. ლოსკი: „წმინდა წერილსა და წმინდა მამათა სწავლებაში ჩვენ ვპოულობთ მრავალგვარ ფორმას, საშუალებას, ქრისტეს მიერ აღსრულებულს, რომელიც ჩვენი ცხონების, გადარჩენის გამომხატველია. მაგალითად, სახარებაში მწყემსი კეთილი სიტყვასიტყვით სახეა ქრისტეს ღვაწლისა: ძლიერი ადამიანი დამარცხებული უფრო ძლიერის მიერ არსებობს „მკურნალის", სნეული ბუნების სახე... და ბოლოს სახე, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება (წმინდა წერილში) და პავლე მოციქულის მიერ ძველი აღთქმიდანაა ნასესხები, რომელიც იურიდიული ურთიერთობის სფეროს მიეკუთვნება".2

   სხვაგვარად რომ ვთქვათ: იმის მიუხედავად, რომ ცოდვის იურიდიული მნიშვნელობა წმინდა წერილსა და წმ. გარდამოცემაში ძირეულია, ლოსკისთვის ის ძველი აღთქმის ცნობიერების „გადმონაშთია", რაც „ახალი ღვთისმეტყველებით", „დოგმატური განვითარების წყალობით" უნდა „დაიძლიოს". აქედანაა მოდერნისტული ფორმულა: „ცოდვა, პირველყოვლისა კაცობრივი ბუნების სნეულებაა", რაც სინამდვილეში საღვთისმეტყველო ანთროპოცენტრიზმის (ღვთისმეტყველების გაამსოფლიურების) გამოხატულებაა. ესაა „ახალი" „ორგანული თეორიის" პრინციპი.

   მართლმადიდებლობაში ცოდვა, პირველყოვლისა, უკანონობაა - შემოქმედის წინააღმდეგ ჩადენილი, რომელიც, ცხადია, აზიანებს შემცოდველის ბუნებას. მაგრამ მხოლოდ პირველის (ღვთის წინააღმდეგ დანაშაულის) გამო დაიშვება მეორე (ბუნების დაზიანება). ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი სინანულისკენ. დაზიანებული ბუნება ვერ აღდგება, (ვერ განიკურნება) პირველად მდგომარეობაში, სანამ ცოდვები არ იქნება გამოსყიდული გოლგოთაზე, სანამ არ შევინანებთ, და სანამ მისი „ვალი" (წმინდა წერილის იურიდიული ტერმინი) არ იქნება მიტევებული მსჯავრმდებელი უფლის მიერ. ამას ვკითხულობთ ჩვენ წმ. ბასილი დიდის ზიარების წინა საკითხავ ლოცვაში (ლოცვა 6): „უწყი უფალო, რამეთუ უღირსად მივიღებ უხრწნელსა ხორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა, და თანამდებ ვარ დასასჯელად თავისა ჩემისა, ვსჭამ და ვსვამ... საძლეველ ყოვლისა საოცრებისა და ბოროტისმოქმედებისა, და საქმისა საეშმაკოსა, საცნაურად ასოთა შინა ჩემთა მოქმედებულისა, კადნიერად და სიყვარულად და წარსამართებელად ცხოვრებისა, და უცდომელად აღმატებად სათნოებასა და სისრულედ და აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად საგზლად ცხოვრებისა საუკუნოისა, სიტყვისსაგებელ, კეთილმითვალულ საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად".

   მაგრამ თუკი ცოდვის არსი ამომწურავად და მარტოოდენ სნეულებაა (და არა დანაშაული), მაშინ რატომ ვსაჭიროებთ ღვთის წინაშე შენდობას, თხოვნას სნეულებისაგან განკურნებისთვის?!

   როგორც ვხედავთ, თავად ღვთაებრივი მართლმსაჯულება კარგავს ვ. ლოსკის ცნობიერებაში მკაცრ იურიდიულ ხასიათს (თუმცა იძულებულია აღიაროს მისი არსებობაც). „ქრისტე არ იქმს მართლმსაჯულებას, არამედ ავლენს მას, ავლენს იმას, რასაც ღმერთი ელის ქმნილებისაგან - კაცობრიობის სისავსეს. ქრისტე აღასრულებს იმ მოწოდებას, რომელსაც უღალატა ადამმა: იცხოვრო მხოლოდ ღმერთით. ასეთია მართლმსაჯულება ღვთისა. ძეს, ერთარსს მამისა, თავისი ღვთაებრივი ბუნებით, განკაცების შედეგად ეძლევა შესაძლებლობა აღასრულოს ეს მართლმსაჯულება..., შეუძლია უარი თქვას საკუთარ ნებაზე, რომელიც მიიღო თავის კაცობრივ ბუნებაში, და მთლიანად მისცა თავი თვისი ვიდრე სიკვდილამდე: „დაე, განდიდდეს მამა ძეში". ღვთის მართლმსაჯულება იმაშია, რომ ადამიანი აღარ იყოს განშორებული ღვთისაგან, რათა კაცობრიობა აღდგეს ქრისტეში, ჭეშმარიტ ადამში".3

   აქედანაა კრეტის (2016 წ.) კრების თეზა „ადამში მთელი კაცობრიობა".

   ამრიგად, XX საუკუნეში რელიგიურ-ფილოსოფიურ იდეოლოგიებზე დაყრდნობით დამკვიდრებული „გამოსყიდვის ორგანული თეორიის" მიერ განვითარებული „ერთიანი კაცობრიობის" თეზა, საერთო ყველა ადამიანისათვის, ვით „ახალ ადამში" მყოფთათვის, სულაც არ არის მართლმადიდებლური სწავლება.

   ვ. ლოსკისა (და სხვა მოდერნისტების) მიერ დასახული ამოცანა - ღმერთსა და ადამიანს შორის ახალი ურთიერთობის ფორმათა ძიება - მჭიდრო კავშირშია გერმანული იდეალიზმის (შელინგიზმის) იდეებთან. ვ. ლოსკის და მსგავსი თეოლოგების საყვარელი ახალი მეთოდის (წმ. მამების გადაკითხვა-გადაფასება) მეშვეობით მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მართლა აღმოჩნდა დატყვევებული დასავლური რელიგიურ-ფილოსოფიური ხედვებით. „იურიდიული", არსებითად მართლმადიდებლური გამოსყიდვის დოგმატის დაკნინებით, ვ. ლოსკიმ ფართო ასპარეზი გაუხსნა „ახალ საღვთისმეტყველო" ხედვებს, რაც სინამდვილეში მართლმადიდებლობის ღალატია. (გაგრძელება იქნება...)

   




1 В. Лосский. Искупление и обожение. §2. Боговидение.

2 იქვე, В. Лосский. Искупление и обожение. §2. Боговидение.

3 იქვე, В. Лосский. Искупление и обожение. §2. Боговидение. Pravosvalnie-ru.





დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

www.xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება