მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „გამოსყიდვის ორგანული თეორია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
„გამოსყიდვის ორგანული თეორია“ - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე27-08-2022, 00:00 |
XX ს-ის დამდეგს ე.წ. „პარიზის სკოლის" წარმომადგენლებმა „ახალი" საღვთისმეტყველო მოძრაობა წამოიწყეს. მათი აზრით, გამოსყიდვის ტრადიციული, მამებისეული დოგმატი ნაკლულევანი იყო, მთელი სისავსით არ თუ ვერ გამოხატავდა საკითხის შინაარსს, არსს. ამიტომ მას „გამოსყიდვის იურიდიული თეორია" შეარქვეს. ცოტათი ადრე, XIX ს-ში, თ. დოსტოევსკისა და ა. ხომიაკოვის მიერ საფუძველჩაყრილი, შემდგომ მიტროპოლიტ ა. ხრაპოვიცკის მიერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული „გამოსყიდვის ზნეობრივი თეორია", იგივე „ზნეობრივი მონიზმიც" დაიწუნეს პარიზელებმა, მასშიც იპოვეს „ნაკულევანება", თუმცა „იურიდიული თეორიის" საკრიტიკოდ რომ გამოიყურებოდნენ, ეს ზუსტად გათვალეს. საბოლოოდ „ახალმა მამებმა" გადაწყვიტეს თავად შეევსოთ „შემჩნეული ნაკლოვანებები" და „დაბრუნებოდნენ წმ. მამათა" გზას. ამ იდეით შეპყრობილი თეოლოგები - ვ. ლოსკი, გ. ფლოროვსკი, ქ. იანარისი, ი. რომანიდისი, ა. შმემანი, ი. მეინდორფი და სხვები შეუდგნენ პატრისტიკის, წმ. მამათა სწავლების გადაკითხვას და მასში „იურიდიულის" სანაცვლო-საპირწონე „ორგანული" თეორიის აღმოჩენა-დანახვას, მეტიც - მტკიცებას. ნიშანდობლივია, რომ საკვანძო ტერმინი „გამოსყიდვის ორგანული თეორია" პირველად ვ. ლოსკიმ გამოიყენა. ცხადია, საბოლოო სახით ეს თეორია მოგვიანებით ჩამოყალიბდა, თუმცა ბიძგი ამ თეზას სწორედ მან (ვ. ლოსკი) მისცა და საფუძველიც მან ჩაუყარა. იქედან მოყოლებული თეოლოგიურ წრეებში მართლმადიდებლური სოტერეოლოგიური სწავლება გამოსყიდვის შესახებ სამ თეორიად დაიყო: 1) „იურიდიული" (სინამდვილეში მამებისეული), 2) „ზნეობრივი" და 3) „ორგანული". მოდერნისტების მიერ „მართლმადიდებლურად" სწორედ „ორგანული" თეორიაა მიჩნეული. „ზნეობრივი" იმდენადაა მათთვის ყურადსაღები, რამდენადაც აკრიტიკებს „იურიდიულს", ხოლო „იურიდიული" თითქოს „დასავლურია", „სქოლასტური" პროექტია, „ლათინური ტყვეობის" შედეგია მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. მოდერნისტების აზრით, ტერმინი „ორგანული" (органическое) კარგად გამოხატავს ისეთი ცნებების შინაარსს, როგორიცაა „ცოდვა" და „ცხონება". თითქოს მამებისეულ ღვთისმეტყველებაში ცოდვა და ცხონება არა იურიდიული, არამედ ორგანული, ანუ ბუნების (ბუნებითი) კატეგორიებით განიხილება. ე.ი. ცოდვა, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, არაა დანაშაული ან შეურაცხყოფა ღვთისა (იურიდიული ცნებისამებრ), არც რაღაც უზნეო საქციელია (ზნეობრივი თეორიისამებრ). ცოდვა, პირველყოვლისა, ადამიანური ბუნების სნეულებაა. ამიტომ ცხონებაც სნეულებისაგან განთავისუფლებად, კურნებად, ფერისცვალებად, საბოლოოდ კაცობრივი ბუნების განღმრთობად მოიაზრება.1 (გაგრძელება იქნება...)
1 О. Давиденков. Догматическое богословие. 43 раздел. IV. 2. M. 2013. С. 442.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე www.xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |